ცხელი ხაზი 272 22 22
17:17 05/07/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

დედაქალაქის მასშტაბით "სინათლის ქალაქი" ახალ მხატვრულ მინათებებს ამონტაჟებს. მინათებები უკვე დამონტაჟებულია მეტეხის, გალაქტიონისა და მშრალ ხიდებზე, აგრეთვე, ბარათაშვილის ხიდის პანდუსზე. განათებულ ობიექტებს შორისაა, ასევე, თავისუფლების მოედანზე არსებული წმინდა გიორგის მონუმენტი, გულუას ქუჩა, მშრალ ხიდთან არსებული გამოფენის ტერიტორია. განათდა, აგრეთვე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული რამდენიმე კლდე.

განათებული ობიექტები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და "სინათლის ქალაქის" დირექტორმა ვასილ ხორავამ დაათვალიერეს.  ისინი მეტეხის, გალაქტიონის, ბარათაშვილისა და მშრალ ხიდებზე  იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც რიყეზე საბაგიროს ახლადგანათებული შენობა დაათვალიერეს. 

დავით ნარმანიას თქმით, "სინათლის ქალაქის" მხატვრული მინათების სამსახურმა ინტენსიურად იმუშავა ქალაქში სხვადასხვა ობიექტის მინათებაზე, რის შედეგადაც ღამის თბილისი უფრო მეტად მიმზიდველი გახდა არა მხოლოდ თბილისელებისთვის, არამედ დედაქალაქის სტუმრებისთვისაც.

"სინათლის ქალაქის" დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, ყოველდღიურად ქალაქში სულ უფრო მეტი ობიექტი განათდება. "სინათლის ქალაქი" თბილისში არსებული სხვადასხვა ობიექტების განათებას კვლავაც აქტიურად გაარგძელებს, რათა ღამის თბილისი დედაქალაქელებისთვის და მისი სტუმრებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს", - განაცხადა მან.

ამ დროისთვის დედაქალაქში 330 ობიექტია განათებული და კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება. მათ შორის, განათდება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე არსებული ხიდი და კახეთის გზატკეცილზე არსებული გზაგამტარი.

სიახლე
5 ივლისი 2015  
 
 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხანდაზმულ ანა გაგუას, კუთვნილი 1000 ლარის ნაცვლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ჰერმესის“ სარიტუალო მომსახურება შესთავაზა, რაც სრული სიცრუეა.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს აქვს „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამა, რომელიც ხანდაზმულთათვის 1000 ლარის ოდენობის ფულადი დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

საქალაქო სამსახურში მართლაც შევიდა ალექსანდრე კუტუბიძის განცხადება ანა გაგუას 1000 ლარით უზრუნველყოფის შესახებ. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტების გამო, სამსახურის თანამშრომელი ტელეფონით ესაუბრა განმცხადებელს და სთხოვა თანხის გადასარიცხად კონკრეტული საბუთის წარმოდგენა. საბუთის წარდგენის შემდეგ დაიწყო შესაბამისი პროცედურები და განმცხადებელსაც ეცნობა, რომ პარასკევს, 3 ივლისს, ანა გაგუას თანხა მას ანგარიშზე ჩაერიცხებოდა.

მიუხედავად ამისა, 2 ივლისს გვიან ღამით სოციალურ ქსელში ანა მამრიკაშვილის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახმა მიიღო შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება : - „თქვენი მოთხოვნა № 12 ....... დაკმაყოფილდა. სარიტუალო მომსახურებას გაგიწევთ შპს „ჰერმესი“ უსასყიდლოდ. საგარანტიო წერილის მისაღებად გთხოვთ მობრძანდეთ მერიაში“.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, სადაც ოჯახს დაფინანსების თაობაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი, ხანდაზმულთათვის თანხის ჩარიცხვის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის პრაქტიკა არ აქვს. თანამშრომელი პირადად ესაუბრება განმცხადებელს და ასეთი სახით აცნობებს თანხის გადარიცხვის შესახებ.

რაც შეეხება შპს „ჰერმესის“ მიერ SMS შეტყობინების გაგზავნას, კომპანიას ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება არც ერთი მომხმარებლისთვის გაუგზავნია. ზოგადად, „ჰერმესი“ მოქალაქეს აცნობებს მხოლოდ მისი განცხადების დარეგისტრირების შესახებ. მაგალითად - „HERMESI - თქვენი განაცხადი დარეგისტრირდა: HM-------- ნომრით”.

მოგვიანებით აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელმაც აღიარა, რომ იხუმრა, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლები ნეგატიურად გამოეხმაურნენ. სამწუხაროა, რომ მოქალაქეების ნაწილი საკუთარი უპასუხისმგებლობით ხელს უწყობს როგორც საჯარო უწყებების, ისე ისეთი საჭირო პროგრამების დისკრედიტაციას, როგორიც „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამაა. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში აღარ განმეორდება და მოქალაქეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ.

 

სიახლე
3 ივლისი 2015  
 
 

დედაქალაქის მასშტაბით "სინათლის ქალაქი" ახალ მხატვრულ მინათებებს ამონტაჟებს. მინათებები უკვე დამონტაჟებულია მეტეხის, გალაქტიონისა და მშრალ ხიდებზე, აგრეთვე, ბარათაშვილის ხიდის პანდუსზე. განათებულ ობიექტებს შორისაა, ასევე, თავისუფლების მოედანზე არსებული წმინდა გიორგის მონუმენტი, გულუას ქუჩა, მშრალ ხიდთან არსებული გამოფენის ტერიტორია. განათდა, აგრეთვე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული რამდენიმე კლდე.

განათებული ობიექტები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და "სინათლის ქალაქის" დირექტორმა ვასილ ხორავამ დაათვალიერეს.  ისინი მეტეხის, გალაქტიონის, ბარათაშვილისა და მშრალ ხიდებზე  იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც რიყეზე საბაგიროს ახლადგანათებული შენობა დაათვალიერეს. 

დავით ნარმანიას თქმით, "სინათლის ქალაქის" მხატვრული მინათების სამსახურმა ინტენსიურად იმუშავა ქალაქში სხვადასხვა ობიექტის მინათებაზე, რის შედეგადაც ღამის თბილისი უფრო მეტად მიმზიდველი გახდა არა მხოლოდ თბილისელებისთვის, არამედ დედაქალაქის სტუმრებისთვისაც.

"სინათლის ქალაქის" დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, ყოველდღიურად ქალაქში სულ უფრო მეტი ობიექტი განათდება. "სინათლის ქალაქი" თბილისში არსებული სხვადასხვა ობიექტების განათებას კვლავაც აქტიურად გაარგძელებს, რათა ღამის თბილისი დედაქალაქელებისთვის და მისი სტუმრებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს", - განაცხადა მან.

ამ დროისთვის დედაქალაქში 330 ობიექტია განათებული და კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება. მათ შორის, განათდება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე არსებული ხიდი და კახეთის გზატკეცილზე არსებული გზაგამტარი.

სიახლე
5 ივლისი 2015  
 
 

თბილისის საკრებულოს კომისიების სხდომაზე დეპუტატებმა 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესს მხარი დაუჭირეს. საკითხი საკრებულოში თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა. 

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დაზარალებულები ორ კატეგორიად იყოფა. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიას - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. 

მერის მოადგილის განცხადებით, წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს და დაზარალებულებს აქვთ სრული თავისუფლება, ერთ-ერთი მათგანი აირჩიონ. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა. მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება.

ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყვნებლივ გამოისყიდის. 

გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახები სულადობის მიხედვით საოჯახო პაკეტისთვის განკუთვნილ თანხასაც მიიღებენ. კერძოდ, 1 და 2-წევრიანი ოჯახი - 8 000 ლარს, 3 და 4-წევრიანი ოჯახი - 8 700 ლარს, 5 და 6-წევრიანი ოჯახი - 9 400, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახი - 10 500 ლარს. 

საკრებულოს წევრები 13 ივნისს სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესზე ხვალ საკრებულოს სხდომაზე  იმსჯელებენ. მისი დამტკიცების შემდეგ კი ზარალის ანაზღაურება დაიწყება.

 

 

სიახლე
4 ივლისი 2015  
 
 

2015 წლის განმავლობაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს არქეოლოგიური პროექტების მიღებას.

დაინტერესებულმა პირებმა პროექტები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 8 ივლისის 18:00 საათისა.

პროექტები ერთ დახურულ კონვერტში, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ქართულ ენაზე უნდა იყოს  წარმოდგენილი.

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი პროექტები შემდეგი ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტაციას უნდა შეიცავდეს:

  1. განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში დასაბუთებული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობა, სამუშაოების სახეობებისა და მოცულობის მითითებით. განმარტებით ბარათში უნდა მიეთითოს:

1.1  განსახორციელებელი სამუშაოს არგუმენტირებული დასაბუთება და ძირითადი პრიორიტეტების გამოყოფა;

1.2  არქეოლოგიური ობიექტის ზუსტი დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

1.3  არქეოლოგიური ობიექტის  ადგილმდებარეობის დასახელება და ზუსტი მისამართი;

1.4  სამუშაოებისა და არქეოლოგიური ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, თუკი პროექტი მხოლოდ ობიექტის რომელიმე ფრაგმენტის შესწავლას ან რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ამ ფრაგმენტზე განსახორციელებელი სამუშაოების მთლიანი ობიექტის შესწავლის, რეაბილიტაციისა და განვითარების ერთიან კონცეფციასთან (კონსერვაციის გეგმის არსებობის შემთხვევაში, კონსერვაციის გეგმასთან) შესაბამისობა;

1.5  დასკვნა ობიექტზე განსახორციელებელ სამუშაოთა მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

  1. შესასწავლი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1500 და 1:500) GPS კოორდინატებით;
  2. შესასწავლი ტერიტორიისა და მასზე არსებული ობიექტების ფიქსაციის, მათ შორის, ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები, შესაბამისი ანალიზები, წინასწარი დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში - დაზვერვითი სამუშაოების შედეგები;
  3. შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით; კერძოდ: სამუზეუმო და საარქივო მასალების (არსებობის შემთხვევაში - ისტორიული რუკები და გენერალური გეგმები, ისტორიული საკადასტრო და ნაგებობების გეგმები, არქივებში დაცული საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა, კოსმოსური და აეროფოტომასალები) მოძიება, შესასწავლ ტერიტორიაზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი;
  4. შესასწავლი ტერიტორიის მიწის ნაკვეთის საკადასტრო  აზომვითი ნახაზი და ნახაზი ორთოფოტოზე;
  5. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  6. სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით, ხანგრძლივი (მრავალწლიანი) ექსპედიციის შემთხვევაში - სამუშაოების შუალედური და საერთო ხანგრძლივობის მითითებით;
  7. პროექტის განხორციელების სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით. პროექტი დაფინანსდება არაუმეტეს  ხარჯთაღრიცხვით წარმოდგენილი ღირებულებისა.
  8. ინფორმაცია არქეოლოგიური სამუშაოების სფეროში პროექტის წარმომდგენის (იურიდიული პირის) გამოცდილების შესახებ, შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალის სახით.
  9. ინფორმაცია (CV-სახით) სამუშაოებში მონაწილე ყველა არქეოლოგის კვალიფიკაციის შესახებ.  მონაწილეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა გააჩნდეს;
  10. შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) ერთ ლოკაციაზე საკონკურსოდ მხოლოდ ერთი პროექტი უნდა იყოს წარმოდგენილი; 
  11. შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) კონკრეტულ ლოკაციას საბჭო განსაზღვრავს.

 

წარმოდგენილი პროექტები განხილვისა და შეფასებისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს გადაეცემა, რომელიც მათ პრიორიტეტების მიხედვით შეარჩევს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო 2015 წლის 9 ივნისს დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა.

 

არქეოლოგიური საბჭოს მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო თავის საქმიანობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად წარმართავს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მერიის ცხელ ხაზზე: 032 2 72 22 22

 

სიახლე
1 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ბიძინა გიორგობიანთან ერთად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის ტერიტორია დაათვალიერა. ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია გამწვანების სამუშაოები და აქ რამდენიმე ათეული ათასი ძირი ნერგია დარგული.                   

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ზოოპარკის პროექტი მზად არის და მოსამზადებელი სამუშაოები ტერიტორიაზე შემოდგომაზე, სამშენებლო პროცესი კი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.  

"ტერიტორია, სადაც ვიმყოფებით, განკუთვნილია თბილისის ახალი ზოოპარკისთვის. აქ გასული წლის შემოდგომაზე ჩვენ 38 000 ხე დავრგეთ და დღეს მოვედით, რათა ვნახოთ მათი მდგომარეობა. აქ ნარგავების ყოველდღიური მოვლა-პატრონობა ხდება. ტერიტორია არის დროებით შემოღობილი. მომავალი ზოოპარკის ტერიტორიაზე გავაკეთეთ ძაღლსაშენი, აქვე არის ცხენების თავლა. ეს ტერიტორია იქნება ძალიან ლამაზად გამწვანებული და ზოოპარკი გაცილებით დიდი ტერიტორიაზე მოეწყობა. პროექტი, რომლის კონცეფციაც მზად არის, კონკრეტული მუშა ნახაზების მომზადებას საჭიროებს. ჩვენი ამოცანაა, ცხოველები რაც გადარჩა, გვყავდეს უსაფრთხოდ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე, სამშენებლო პროცესი კი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

დღესვე თბილისის მერმა დენდროლოგიური პარკიც მოინახულა, სადაც გასული წლის შემოდგომაზე და მიმდინარე წლის გაზაფხულზე 44 000 ხე დაირგო. 

 

 

სიახლე
4 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს დილიდან მდინარე მტკვარზე გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე პარალელურ რეჟიმში მუშაობს 30 ერთეული მძიმე ტექნიკა. მდინარიდან ამოტანილია 13 ივნისის სტიქიის შედეგად ვერეს ხეობიდან ჩატანილი ნაშალი მასალა და ხის მორები.

სამძებრო სამუშაოების გამარტივების მიზნით, გუშინ ღამის 12 საათიდან ორთაჭალჰესის ფარები გაიხსნა, რამაც მტკვრის დონის ცვლილება გამოიწვია. მტკვრის დონის დაწევის შემდეგ დღესვე მაშველებმა მდინარიდან რამდენიმე ცხოველის ლეში ამოიტანეს.

გაწმენდითი და სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობას დილიდან თბილისის მერი დავით ნარმანია აკვირდებოდა. დედაქალაქის მერმა მეტეხის საგვირაბო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ხიდების ქვეშ მდინარე მტკვრის დონის დაწევის შემდეგ ნაპოვნი რკინის კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი დაათვალიერა.

„ინტენსიურად მიმდინარეობს მდინარე მტკვრის კალაპოტის გასუფთავება, სტიქიის  დროს მდინარემ სხვადასხვა სახის ნაშალი მასალა ჩამოიტანა. მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახური და თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები. სამუშაოები კოორდინირებულია ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებთან და ვფიქრობთ, რომ დღის განმავლობაში ამ სამუშაოების ძირითად ნაწილს დავასრულებთ და გათავისუფლდება მდინარე მტკვრის კალაპოტი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სიახლე
30 ივნისი 2015  
 
 

თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი საცხოვრებელი კომპლექს,  „მეტრა პარკის“ გახსნას დაესწრო. „მეტრა პარკი“ 20 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს. აქედან, 18 სახლი უკვე აშენებულია. მოწყობილია გარე საკომუნიკაციო ქსელები. კომპლექსი ასევე  მოიცავს რეკრეაციულ და საზოგადოებრივ სივრცეებს.  

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი აერთიანებს საშუალო სიმაღლის შენობებსა და  რეკრეაციული სივრცეებს. ვიცე-მერის ინფორცმაციით „მეტრა პარკში“, კომპანიის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულ ერთ-ერთ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.    

„მეტრა პარკის“ მშენებლობა სრულად 2016 წელს დასრულდება. 

სიახლე
3 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცის ზაარბრიუკენში ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ნინა ხატისკაცი ზაარბრიუკენის მერს შარლოტა ბრიტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

ზაარბრიუკენის მერმა მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს თბილისს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. თბილისის მერის მოადგილემ შარლოტა ბრიტსი შემოდგომაზე ”თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქში მოიწვია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები: რიმა ბერაძე და კობა კობალაძე.
თბილისისა და გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის დაძმობილების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26-ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, ზაარბრიუკენში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართება.

სიახლე
28 ივნისი 2015  
 
 

თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საკრებულოს წევრებთან - რიმა ბერაძესთან და ნუგზარ მალაღურაძესთან ერთად, მედიას 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი წარუდგინა.  

დოკუმენტის მიხედვით, დაზარალებული პირებისაგან, რომლებიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი, მოხდება განსახლების ზონაში საცხოვრებელი სახლებისა და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა, ხოლო შუალედურ პერიოდში - მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მეთოდოლოგიით მოხდება, ქონების საბაზრო ღირებულებას კი   სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სტიქიამდე არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით დაადგენს. 

ვიცე-მერის ინფორმაციით, შემუშავებული წესის მიხედვით, დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი შეთავაზების მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. 

„იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ სურს ამ შეთავაზებით სარგებლობა, მას შეუძლია, მიმართოს მუნიციპალიტეტს, რომ დღესვე მოხდეს მისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა. ორივე შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, თუ მიწის ნაკვეთი მოხვედრილია სტიქიის ზონაში, მუნიციპალიტეტი გამოისყიდის უძრავ ქონებას იმ საბაზრო ღირებულებით, რაც იყო სტიქიამდე“, - განაცხადა ვიცე-მერმა. 

გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, ვისაც სრულად დაეტბორა სახლი და გაუნადგურდა მოძრავი ქონების საოჯახო პაკეტი, მის შესაძენად სულადობის მიხედვით 800-დან 10 500 ლარამდე მიიღებენ. 

სტიქიის დროს დაზარალებული ის ოჯახები, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ქონება, დახმარებას გარკვეული პრიორიტეტების მიხედვით მიიღებენ. პირველ ეტაპზე დახმარება გადაეცემა: დაზარალებულ ოჯახს, რომლის არცერთ წევრს არ გააჩნია საცხოვრებლად უსაფრთხო სხვა უძრავი ქონება; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა; მრავალშვილიან დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი ჰყავთ; დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის ორსული ან მეძუძური დედა; დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი; დაზარალებულ ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრი არის ომის ვეტერანი.

13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი თბილისის საკრებულოს წევრებთან თანამშრომლობითა და სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან უშუალო კონსულტაციის შედეგად შემუშავდა. 

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ზარალის ანაზღაურება მას შემდეგ დაიწყება, რაც საკრებულო აღნიშნულ წესს დაამტკიცებს. 

 

 

სიახლე
3 ივლისი 2015  
 
 

13 ივნისს, წყნეთის ქუჩაზე სტიქიის დროს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დაზიანებულ კოლექტორსა და მდინარე ვერეს იმ ნაწილთან, სადაც კანალიზაციის კოლექტორის დროებით ჩაშვება მოხდა, მოხალისეებს შეხება არ ჰქონიათ.
მდინარე ვერეს შერეული საკანალიზაციო წყალი არ მიემართებოდა იმ ტერიტორიისკენ, სადაც მოხალისეები გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ჩართული. მიუხედავად ამისა, როგორც თბილისის მერიის, ისე ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მხრიდან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული იმისათვის, რომ სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეების ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო.
იმის გამო, რომ წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რომელშიც ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას და იყო საფრთხე, რომ დაზიანებული კოლექტორიდან წყალი სწორედ ამ ტერიტორიისკენ მიემართებოდა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წყლის ნაკადი დროებით მდინარე ვერესკენ მიემართა.
აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სისტემატიურ კომუნიკაციაში იყვნენ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან". მოხდა შეთანხმება, რომ კომპანია ამ ტერიტორიაზე დროებით მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება.
რაც შეეხება კოლექტორის საბოლოო აღდგენას, ის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

 

სიახლე
23 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა, თბილისის უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა  გამართა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა, თვითმმართველობების წარმომადგენლებს 2015 წლის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

შეხვედრაზე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებს 13 ივნისს სტიქიის დროს მოხალისეობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო პროექტებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. „ერთმანეთთან დიალოგით უნდა მოვახდინოთ იდეების გაცვლა, ჩვენ ვართ ღია იმისთვის, რომ კომუნიკაცია მეტად ეფექტური იყოს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

როგორც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ აღნიშნა, მსგავს შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება და მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროექტებში სტუდენტების აქტიური ჩართულობა.  

სიახლე
3 ივლისი 2015  
 
 

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ მიმდინარე წლის 24 ივნისიდან ჩაატარებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპს.
ტესტების პროფესიული ნაწილი მომზადებულია სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის“ 2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანებით განსაზღვრული თემატიკის მიხედვით, ხოლო ზოგადი უნარების ნაწილში გამოყენებული იქნება 10 ლოგიკური და 5 მათემატიკური დავალება.

ტესტირება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი, თბილისი, მერაბ კოსტავას გამზირი N68 ბ.

კონკურსანტებს ტესტირების დრო ეცნობებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. საგამოცდო ტესტის ნიმუშის სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.tcj.gov.ge

სიახლე
19 ივნისი 2015  
 
 

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში რვა სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორისაა თემქის მე-9 და მე-10 კვარტალში მდებარე მოედნები. განახლებული სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ გახსნეს.  

„2014 წლის აგვისტოდან დღემდე, ნაძალადევის რაიონში 12 სპორტული მოედანი განვაახლეთ, აქედან სამი სტადიონი თემქაზე გაკეთდა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოედნების რეაბილიტაცია. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის, აუცილებელია კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა და ამ მხრივ, მოსახლეობას გვერდში ვუდგავართ“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

„წლების მანძილზე მოსახლეობა ითხოვდა, რომ აქ ყოფილიყო პატარა სივრცე, სადაც ბავშვები გაერთობოდნენ და თანამედროვე, სრულიად განსხვავებული მასალით მოხდა ამ ორი სტადიონის როგორც დაპროექტება ისე მშენებლობა. დღეს უკვე აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ბავშვებს აქვთ საშუალება ჯანმრთელ ცხოვრებას მიჰყონ ხელი“ - განაცხადა საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვალა ხელოვნური, მწვანე საფარი, განახლდა მოედნების კარები და საკალათბურთო ფარები; არსებული ლითონის კონსტრუქცია შეიცვალა ახალი თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციით. რვა სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 323 204 ლარი გამოიყო. 

სიახლე
3 ივლისი 2015  
 
 

ქალაქ თბილისის მერიის სახელით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დედაქალაქის მერია მოსახლეობას ღამით ქალაქში გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

თბილისის მერიას აღნიშნული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ინფორმაციის წყარო ერთ-ერთი facebook-გვერდია. აღნიშნული გვერდი არ არის ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალური გვერდი და ამ გვერდის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ქალაქ თბილისის მერიის პოზიციას არ ასახავს.

სამწუხაროდ, მედია-საშუალებების ნაწილმა აღნიშნულ facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად გაავრცელა, რის გამოც საზოგადოება შეცდომაში შევიდა.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაამოწმონ. გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლონ მერიის ოფიციალური ვებ-გვერდით - www.tbilisi.gov.ge ან facebook-ის ოფიციალური გვერდით - Tbilisi City Hall.

 

 

სიახლე
17 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია 1991-2015 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.  

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრისა და ფონდ „ღია საზოგადოება- საქართველოს“ ერთობლივად მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია 1991-2015 წლებში განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები. დოკუმენტის პირველ ნაწილში საუბარია საქართველოში 1991-2012 წლებში თვითმმართველობის სისტემის განვითარების ტენდენციებზე. ასევე,  შეფასებულია დეცენტრალიზაციის განვითარების პროცესი. ანგარიშის მეორე ნაწილი კი ეხება რეფორმების მზადების ეტაპს, 2013 წლის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მომზადებისა და მიღების პოლიტიკურ პროცესს, 2014 წელს ახალი ორგანული კანონის მიღების შემდგომ რეფორმის მიმდინარეობას და არსებულ პრობლემებს, შეფასებულია ამ სფეროში არსებული ვითარება 2015 წლის იანვრის მდგომარეობით და რეფორმების განვითარების პერსპექტივები.  

თბილისის მერის თქმით, საქართველოში თვითმმართველობის სისტემა დღეს  ევროპულ მოდელს უახლოვდება. ნარმანიას განცხადებით, გარანტირებულია თვითმმართველობის დამოუკიდებლობა,  ადგილობრივი ხელისუფლება რეალურად არის  ხალხთან. ნარმანიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა თვითმმართველობებში მერებისა და გამგებლების არჩევა.  

„ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს თვითმმართველობის რეფორმა. მუშაობის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ წარსულში დაშვებული შეცდომები და გავიზიაროთ  წარმატებული მაგალითები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ანგარიში 2013 წელს დაწყებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის“ ფარგლებში მომზადდა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭრას, თვითმმართველობის სფეროში არსებული სიტუაციის ანალიზს და რეფორმის პროცესის მონიტორინგს, რეფორმის შესახებ საზოგადოებისა და მედიის ინფორმირებულობას.  

სიახლე
2 ივლისი 2015  
 
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, ვისაც სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების სურვილი აქვს, კერძოდ კი, სურთ, მათ გადასცენ საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა ტექნიკა, ავეჯი და სხვა, დაუკავშირდნენ თბილისის მერიის ადმინისტრაციას.

საკონტაქტო პირი: ლიკა ბურდული - 551 51 58 34; ელ.ფოსტა:li.burduli@gmail.com 

სიახლე
15 ივნისი 2015  
 
იხილეთ მეტი