ცხელი ხაზი 272 22 22
12:11 05/05/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

ქალაქის გამწვანების პროექტის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და გამგეობის თანამშრომლებმა ხუდადოვის ქუჩაზე კიპარისის ნერგები დარგეს.
„თბილისის გამწვანების აქციაში აქტიურად ვართ ჩართულები. ხუდადოვის ქუჩის ამ მონაკვეთზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ნაგავსაყრელი იყო. თებერვალში „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით ხევი დასუფთავდა და შემდეგ გადაწყდა კიდეც მისი გამწვანება,“ -განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
გამწვანების აქციის ფარგლებში, ხუდადოვის ქუჩაზე 120 კიპაროსი დაირგო.

სიახლე
5 მაისი 2015  
 
 

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია კრაკოვის მერს იაცეკ მაიხოვსკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქალაქს შორის არსებული ურთიერთობები და სამამოვლო თანამშრომლობის გეგმები. აღინიშნა, რომ თბილისი და კრაკოვი 2009 წლიდან დაძბობილებული ქალაქებია და პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა.
დავით ნარმანიას თქმით, აუცილებელია კრაკოვის თვითმმართველი ორგანოს საქმიანობის გაზიარება. „პოლონური თვითმმართველობა საფუძვლად დაედო საქართველოში ერთი წლის წინ შემუშავებულ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, ვინაიდან, პოლონეთის თვითმმართველობა თავისი არსით ძალიან ახლოსაა ქართულ თვითმმართველობასთან. ჩვენ ვეცდებით გავაღრმავოთ ურთიერთობები როგორც კრაკოვთან, ისე პოლონეთის სხვა ქალაქებთან და გავიზიაროთ მათი გამოცდილება“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
კრაკოვის მერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში კრაკოვში დაგეგმილია ქართული კულტურის დღეები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ფოლკლორული ანსამბლები, მხატვრები და ფოტოხელოვანები.
შეხვედრის ბოლოს ორი ქალაქის მერმა ხელი მოაწერა თბილისსა და კრაკოვს შორის პარტნიორობის განახლების შესახებ ხელშეკრულებას.
დავით ნარმანიამ კრაკოვის მერი თბილისში მოიწვია. 

სიახლე
4 მაისი 2015  
 
 

საბურთალოს რაიონის გამგეობაში საზოგადოებრივი საბჭოს მოქალაქე წევრთა შესარჩევი კომისიის სხდომა გაიმართა. 17 წევრისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ, რომელშიც არასამთავრობო, მედია და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, რაიონის ორი მაჟორიტარი დეპუტატი და გამგეობის თანამშრომლები შედიან, საზოგადოებრივი საბჭოების წევრობის კანდიდატებს მეორე ტურში გადასასვლელად კენჭი უყარა.

გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის წევრებმა იხელმძღვანელეს კანდიდატთა სამოტივაციო წერილებითა და უბნებიდან საბჭოს წევრთა წარმომადგენლობითობის პრინციპით.

კომისიის გადაწყვეტილებით, შერჩეულ წევრებთან გასაუბრება 2015 წლის 7 მაისს მოხდება.

საზოგადოებრივი საბჭოების პროექტი საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის მიერ არის ინიცირებული და ის თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ საბურთალოზე განხორციელდება, მისი ეფექტურობის შემთხვევაში კი საზოგადოებრივი საბჭოები თბილისის ყველა რაიონის გამგეობაში დაინერგება.

საბჭოში სულ 21 წევრი შევა, რომელთაგან 10 იქნება შესაბამის ტერიტორიული მართვის ერთეულში რეგისტრირებული მოქალაქე, 2 ბიზნესის, 2 მედიის, 2 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი და უშუალოდ გამგეობის მიერ შერჩეული 5 პირი. საბოლოოდ, შეიქმნება სამი საზოგადოებრივი საბჭო საბურთალოს რაიონის სამ ტერიტორიულ ერთეულში:

• დიღომი, ვაშლიჯვარი

• ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს ქუჩა

• კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ქუჩა

საზოგადოებრივი საბჭო იქნება მოქალაქეთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც საშუალებას აძლევს რაიონის მცხოვრებ მოქალაქეებს ჩაერთონ მათი უბნის, ქუჩის, ქალაქის მართვაში, გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რაიონისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში.

პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების- ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" და "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ ერთობლივად ხორციელდება.

 

სიახლე
4 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრაკოვში ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის - ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით ხორციელდება. კონგრესს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონგრესის მიზანია, ევროპის თვითმმართველობებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილებები, ინოვაციები და სიახლეები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის როლზე თვითმმართველობათა განვითარების პროცესში და პერსპექტივებზე, რომელსაც ევროპის კავშირი ადგილობრივ თვითმმართველობებს ფინანსური და ინსტიტუციური განვითარების მხრივ ანიჭებს.
კონგრესზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ თბილისისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და იმ რეფორმებზე, რომელიც დედაქალაქის მომავალი განვითარებისთვის იგეგმება.
თბილისის მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისის ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ ქალაქად გარდაქმნაზე. მისი თქმით, ენერგოეფექტურობა და ეკოლოგია თბილისის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. "მდგრადი საქალაქო ენერგეტიკის" თაობაზე ევროპულ ქალაქთა მერების კოვენანტის შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ, რათა შეთანხმების მონაწილე სხვა ქალაქების მსგავსად, 2020 წლისთვის 20%-ით შევამციროთ ქალაქში სათბური აირის გაფრქვევა. კოვენანტის ფარგლებში ამჟამად ხორციელდება ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა. ვგეგმავთ ასევე ავტოტრანსპორტის პარკის განახლებას ეკოლოგიური მუნიციპალური ტრანსპორტით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, პირველი რიგის ამოცანებია კეთილმოწყობილი გზები, გამართული კომუნიკაციები, ხარისხიანი ურგენტული სამედიცინო დახმარება, მავნე გარემოს ზემოქმედების შემცირება, სისუფთავე და წესრიგი. მისივე თქმით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე.
თავის გამოსვლაში დავით ნარმანიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტზე "თბილისი - მომავლის ქალაქი". "თბილისი საერთაშორისო პროექტ "Morgenstadt City Challange"-ში ჩაერთვება. "მომავლის ქალაქი" - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გერმანულ მხარესთან ერთად განახორციელებს.  პროექტის ფარგლებში თბილისის ახალი ურბანული განვითარების პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი პირველი "მომავლის ქალაქი" იქნება რეგიონში", - განაცხადა თბილისის მერმა.
ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესს ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები - დავით უთმელიძე, სოსო მანჯავიძე და შალვა ოგბაიძე.

 

 

 

სიახლე
4 მაისი 2015  
 
 

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-3 კორპუსისა და ქურდიანის ქუჩა N 19-ის  ტერიტორიაზე შიდა კვარტალურ გზებზე ასფალტის საფარი იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს  დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა,  გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად დაათვალიერა. 
სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში სულ მიწის ზედაპირი 1700 კვ მეტრი ფართობის  გზის მონაკვეთზე მოიჭრა, მოეწყო ბორდიურები და  5 სანტიმეტრიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 54 900 ლარია.
დიდუბის რაიონის გამგეობის დაფინანსებით 4 მისამართზე უკვე დაიგო  600 კვ მეტრი მოცულობის ასფალტო ბეტონის საფარი, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან  21 853 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-14 კორპუსთან ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.
შიდა კვარტალური გზების მოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს „საგზაო კომპანია“ ახორციელებს.
 
 

სიახლე
2 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი თბილისის საგუნდო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალის დახურვას და დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. საზეიმო დახურვაში მონაწილეობა მიიღო  ფესტივალში მონაწილე ყველა საგუნდო კოლექტივმა.  ბოლო ნომრად,  ტრადიციულად,  გუნდებმა ერთად შეასრულეს ქართველი და უცხოელი  კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობდა პოლონეთის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის კამერული გუნდი, რომელმაც მსმენელს განსხვავებული და საინტერესო პროგრამა შესთავაზა.
ფესტივალი, რომელიც 22 აპრილს დაიწყო  უკვე მეხუთე წელია დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის საფესტივალო ცხოვრებაში, ისე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. ტრადიციულად ფესტივალში  მონაწილეობდნენ  აკადემიური და საბავშვო საგუნდო კოლექტივები საქართველოს მასშტაბით, ასევე პროფესიული გუნდები უცხოეთიდან.

სიახლე
4 მაისი 2015  
 
 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები თბილისის გამწვანების აქციაში - „მე ვამწვანებ ქალაქს“ - ჩაერთნენ. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელებთან ერთად, დიდ დიღომში კიპარისის ნერგები დარგეს. აქციაში, ასევე, მონაწილეობდა საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.
აღნიშნული აქციის მიზანი შშმ ბავშვების საზოგადოებაში მაქსიმალური ინტეგრაცია, მათი მოტივაციის გაზრდა და თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების დემონსტრაცია იყო. თბილისის მერიამ ამ კატეგორიის ბავშვებს ქალაქისთვის სასიკეთო საქმეში მონაწილეობის საშუალება მისცა და ე.წ. სიცოცხლის ხეების დარგვის აქციაში ჩართვით მათ ერთი პოზიტიური დღე აჩუქა.
„აისის“, „ანიკას“, „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“, „პირველი ნაბიჯისა“ და „მშობლების თანადგომას“ აღსაზრდელებმა დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მოსახლეობას თუნდაც ერთი ხის დარგვისკენ მოუწოდეს და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს აქციაში მათი მონაწილეობა მაგალითი გახდეს შშმ პირებისთვის და საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობაში დარწმუნდეს.
„თბილისის მერია განაგრძობს გამწვანების ღონისძიებებს თბილისის ყველა უბანში და მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ჩართული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ბავშვებს აუხსნეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ დარგულ თითოეულ ნერგს თბილისისა და მათი ჯანმრთელობისთვის. მისი თქმით, მსგავსი მნიშვნელობის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
„მერიასთან ერთად დავრგეთ ხეები, რაც ძალზე სასიხარულოა და ამაღლებულ განწყობას ქმნის თითოეულ ჩვენგანში. ძალიან პოზიტიური დღე იყო და რაც უფრო ბევრი იქნება ასეთი დღეები ჩვენი ბავშვებისთვის, უკეთესია, რადგან მათ ძალიან უყვართ ქველმოქმედება და სიკეთის კეთება“, - განაცხადა ასოციაცია „ანიკას“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ სეფერთელაძემ.

სიახლე
30 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა. დედაქალაქის მერი მონაწილეობას მიიღებს კრაკოვში დაგეგმილ ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესში, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის - ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით ტარდება. კონგრესს სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან. კონგრესზე დავით ნარმანია სიტყვით გამოვა. თბილისის მერი თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს დედაქალაქის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრებს.

ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია ასევე შეხვდება კრაკოვის მერს იაჩეკ მაიხროვსკის, რომელთანაც პარტნიორობის გაგრძელების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. კრაკოვსა და თბილისს შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას 2009 წელს მოეწერა ხელი.
თბილისის მერთან ერთად პოლონეთში გაემგზავრნენ საკრებულოს წევრები: დავით უთმელიძე და სოსო მანჯავიძე.

სიახლე
3 მაისი 2015  
 
 

მთაწმინდის რაიონში, წავკისში, რუსთაველის ქუჩაზე 5700 კვადრატული მეტრის ფართობზე ასფალტის საფარი იგება. სამუშოებისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 140 000 ლარია გამოყოფილი. რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.  სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. “ბლექ სი გრუპი”  აწარმოებს,  აპრილის ბოლომდე დასრულდება.
გარდა ამისა,  მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილებამ,  გზის საფარი წავკისი-შინდისი-ტაბახმელას მუნიიპალიტეტში სამ ქუჩაზე 2 770 კვ მეტრის ფართობზე დააგო, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან  54 000 ლარი გამოიყო. 

სიახლე
27 აპრილი 2015  
 
 

”ქოლგა თბილისი ფოტო 2015” დაჯილდოების ცერემონიით და სასტუმრო "რუმსის" ეზოში განთავსებული გრანდიოზული ექსპოზიციით გაიხსნა. 
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იქ მაქაცარია დაესწრნენ. თბილისის მერის მოადგილემ დააჯილდოვა გამარჯვებული ნომინაციაში "რეპორტაჟი" - ვალერი მელნიკოვი, პროექტით "უკრაინის შავი დღეები", რომელიც გადმოსცემს ომს, როგორც ყოველი მოქალაქის პირად ტრაგედიას.
ფოტო-კონკურსი წელს უკვე მე-14-ე წელია, რაც იმართება და მისი მთავარი მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია დააკავშიროს საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. 
”ქოლგა თბილისი ფოტო 2015”-ის ფარგლებში, თბილისი უმასპინძლებს ფოტოკონკურსის საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას და 7 მაისის ჩათვლით მოეწყობა, როგორც  საერთაშორისო ისე ადგილობრივი გამოფენები.  

გამოფენებზე დასწრება თავისუფალია. პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.kolga.ge

სიახლე
2 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად მეწარმეობის მსურველ ქალებს  სასწავლო პროგრამის "დაიწყე შენი ბიზნესი" ფარგლებში გადაამზადებს.
სასწავლო პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც უკვე აქვს  ბიზნეს იდეა და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს. ტრენინგკურსი მეწარმეობის მსურველებს საკუთარი ბიზნეს იდეის  მიხედვით ბიზნესგეგმის შედგენასა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაში დაეხმარება.
ტრენინგი 28-30 აპრილს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში (ბელიაშვილის ქ.#8) ჩატარდება. მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ  სერტიფიკატებს მიიღებენ. 

ტრენინგკურსი "დაიწყე შენი ბიზნესი"  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე  ბიზნესის  განვითარებას. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია შვედეთის მეწარმეთა კონფედერაციის მიერ და ორიენტირებულია მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეების მოთხოვნებზე.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ  ანკეტა  და შემოიტანონ ქ.თბილისის მერიაში (შარტავას ქ.# 7).

იხილეთ ანკეტა 

სიახლე
22 აპრილი 2015  
 
 

დიდი დიღმის მიმდებარე 17 ქუჩასა და სოფელ დიღომში გარე-განათების 160 ახალი საყრდენი ბოძი და 760-მდე სანათი წერტილი  დამონტაჟდა. ჩატარებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, ადმინისტრაციის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა და „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა ვასილ ხორავამ დაათვალიერეს.
დავით ნარმანიას თქმით, დიდი დიღმის ახალ დასახლებასა და სოფელ დიღომში გარე-განათების დაყენების თხოვნით თბილისის მერიას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის დავალებით გარე განათების ქსელი „სინათლის ქალაქმა“ დაამონტაჟა.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, გარე-განათების ქსელი 21 კილომეტრიან მონაკვეთზე გაკეთდა. მისივე თქმით, ამით დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გარე-განათების ქსელის განვითარების მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.

 

 

 

სიახლე
2 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია „თბილისი მოლში“ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეცხრე საერთაშორისო ოლიმპიადის გახსნას დაესწრო. ოლიმპიადა 1-დან 3 მაისის ჩათვლით იმართება და მასში 100-ზე მეტი პროექტი და 300 -მდე გამომგონებელია წარმოდგენილი.
თბილისის მერმა ოლიმპიადის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს თვითრეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს.
„ოლიმპიადა დაეხმარება მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, საკუთარი ინოვაციური გამოგონებები გააცნონ ფართო საზოგადოებას, განავითარონ კრეატიული ბიზნეს-იდეები და დაამყარონ კავშირები თანატოლებთან. სულითა და გულით ვუსურვებ წარმატებას ოლიმპიადის ყველა მონაწილეს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  
ორი დღის განმავლობაში ჟიური დეტალურად გაეცნობა ახალგაზრდების გამოგონებებს და კვლევის შედეგებს. საუკეთესო პროექტების ავტორები 3 მაისს გამოვლინდებიან. თითოეულ სექციაში გამარჯვებულს სხვადასხვა პრიზი და ოქროს, ვერცხლი ან ბრინჯაოს მედალი გადაეცემათ.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სიახლე
1 მაისი 2015  
 
 

მახათას მთაზე, მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღი გაშენდება.
ნერგების დარგვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სანერგე ორმოების ამოღების პროცესს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანებისა საქალაქო სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი გაეცნო.
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 000 ძირი ზეთისხილი დაირგვება. ნერგების დარგვის ინიციატივა თბილისის მერიას, ფონდ „ივერიისას“ და საპატრიარქოს ეკუთვნის.
ზეთისხილის ნერგების დარგვის პროცესი ერთ კვირაში დაიწყება და მაისის ბოლოს დასრულდება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
 

თბილისის ბოტანიკურ ბაღს სტატუსის მინიჭებიდან 170 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დაესწრნენ.
ვიზიტორთა სახლში, რომელიც დღეს თბილისის მერმა გახსნა, დეკორატიული მცენარეებისა და ყვავილების ფესტივალი გაიმართა, სადაც ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთებიდან საქართველოს იშვიათი ენდემური და წითელი ნუსხის მცენარეები და 54 ჯიშის იასამანი იყო წარმოდგენილი. იქვე გამოიფინა თბილისის ბოტანიკური ბაღის თემაზე გადაღებული პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრები. თბილისის მერმა ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობასთან ერთად ბაღის ტერიტორიაზე მდებარე სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, ბოტანიკური ბაღი გაზაფხულიდან უფრო მეტ ტურისტს, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით მოემსახურება.  “ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ვიზიტორთა ახალი ცენტრი, რათა გაზაფხულიდან უფრო მეტ ტურისტს მოვემსახუროთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  თბილისის მერი მოუწოდებს ტურისტებს, აუცილებლად ეწვიონ ბოტანიკურ ბაღს.
დღესვე, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე „საქართველოს (თბილისის) ბოტანიკური ბაღის წარსული, აწმყო და მომავალი“. გარდა ამისა, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საპატრიარქოსთან არსებულ დეკორატიული მებაღეობის კოლეჯთან.
ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციის მიზნით,  მთელი დღის განმავლობაში მცირე ექსკურსიები მოეწყობა. ვიზიტორებს  სირინგარიუმის (იასამნების საკოლექციო ნაკვეთი) დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.
170 წლის წინ, 1845 წლის 1 მაისს მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით,  იმდროინდელ „სააფთიაქო ბაღს“ ოფიციალურად მიენიჭა „ბოტანიკური ბაღის“ სტატუსი.

 

 

სიახლე
1 მაისი 2015  
 
 

თბილისს ახალი - ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი შეემატა. თავისუფალი თეატრის  მიმდებარე ტერიტორიაზე, მსახიობისა და პოეტის სახელობის ახალი სკვერის გახსნას თბილისის მერი  დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ნიკო გომელაურის ოჯახის წევრები და ახლობლები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, თავისუფალი თეატრის მსახიობები და ნიკო გომელაურის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
ახალ სკვერში ნიკო გომელაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენაც გაიმართა. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ნიკო გომელაურის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ საქმეში.
„ნიკო გომელაური სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, მაშინ, როდესაც შემოქმედებითი სიმწიფის ასაკში შედიოდა. ასაკის მიუხედავად, მან ღრმა კვალი დატოვა ქართულ კულტურაში, ადამიანთა გულებში, დამსახურებულად მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა როგორც ხელოვანმა, მოქალაქემ და  მეგობარმა. ამდენად, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნდა ნიკო გომელაურის სახელის უკვდავყოფა დედაქალაქში, იმ ადგილას, სადაც იგი მოღვაწეობდა - თავისუფალ თეატრთან, რომელიც, ალბათ, ყველაზე უკეთ და სრულად გამოხატავდა ამ ადამიანის სულისკვეთებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკო გომელაურმა ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი სკვერი შესძინა, რომელიც თბილისელების საყვარელ  ადგილად იქცევა.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ნიკო გომელაურის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები  თბილისის განვითარების ფონდმა  2014 წლის ზაფხულში დაიწყო და 2015 წლის აპრილის დასაწყისში დაასრულა. პროექტის ავტორია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე.  მსახიობის მონუმენტი მოქანდაკე როკო ირემაშვილის ავტორობით დაიდგა.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, სკვერის ტერიტორია მოპირკეთდა მაღალი ხარისხის ბაზალტის ფილებით,  ირგვლივ ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, კიბეებზე დამაგრდა რკინის მოაჯირები, დაიდგა სკამები, სკვერში ასევე დამონტაჟდა სანათები და  გაკეთდა თეატრის აფიშის დაფა. პროექტის მეორე ეტაპზე ნიკო გომელაურის ლექსები ლითონის ასოებით დაიწერა და  სკვერის საფეხმავლო მონაკვეთზე, სკამებსა  და კედელზე განთავსდა. 

სიახლე
15 აპრილი 2015  
 
იხილეთ მეტი