ცხელი ხაზი 272 22 22
15:27 03/06/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

დედაქალაქის მთავრობამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც თბილისში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო წელი მიმდინარე წლის 30 ივნისს დასრულდება.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზევე გადაწყდა, რომ მშობელთა მაღალი მომართვიანობის გამო, განისაზღვროს იმ საბავშვო ბაგა-ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც სასწავლო პროცესს 31 ივლისამდე გააგრძელებენ. მიუხედავად სააღმზრდელო წლის დასრულებისა, 25-მდე საბავშვო ბაგა-ბაღი სასწავლო-სააღმზრედელო პროცესს 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გააგრძელებს, ხოლო შესაბამისი ბაღების ჩამონათვალს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უახლოეს დღეებში განსაზღვრავს.
რაც შეეხება ახალი 2015-2016 სააღმზრდელო წლის დაწყების მოსამზადებელ ღონისძიებებს, ბავშვების რეგისტრაცია ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი კატეგორიის  ბავშვები:          

  1. 100 000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები;
  2. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მიწერილობის საფუძველზე;
  3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
  4. იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა  შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით. 

ბაგა-ბაღების სააგენტო, ასევე, განსაზღვრავს ზაფხულის პერიოდში ბაგა-ბაღების არდადეგების  ხანგრძლიობას და  ახალი 2015-2016 სააღმზრედელო წლის დაწყების თარიღს, რომელიც დამატებით გამოცხადდება.

 

 

სიახლე
3 ივნისი 2015  
 
 

თბილისი 21 ივნისს იოგას საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით დღეს სიანფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საქართველოსა და სომხეთში ინდოეთის ელჩი, გაეროს ელჩი საქართველოში და იოგას ცენტ „ანანდას“  წარმომადგენლები დაესწრნენ.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, 21 ივნისს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, რიყის პარკში იოგას საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება, ჩატარდება მასტერ-კლასები, სემინარები და გამოფენები.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცადებით, დედაქალაქის მერია ყველა იმ ღონისძიებას დაუჭერს მხარს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„საქართველოში იოგით ბევრი ადამიანია დაკავებული. ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, ამიტომ თბილისის მერია ყველა მსგავსი ღონისძიების მხარდამჭერი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
„ინდოეთს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ პირველად მიეცა შესაძლებლობა იოგას შესახებ ინფორმაცია მსოფლიოში გაავრცელოს. იოგა,  ეს არის უძვირფასესი საჩუქარი,  რაც კაცობრიობას დაუტოვა ინდოეთის კულტურამ და ტრადიციამ“, -  განაცხადა საქართველოსა და სომხეთში ინდოეთის ელჩმა  სურეშ  ბაბუმ.
საქართველოსთან ერთად ამ დღეს მსოფლიოს 50 ქვეყანაში აღნიშნავენ, რადგან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ის გაეროს მიერ აღიარებული დღეების ჩამონათვალში შევიდა.
„თქვენ იცით, რომ გაეროს ერთ-ერთი ძირითადი მანდატი მთელს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა. მშვიდობა კი მეტწილად უკავშირდება იოგას, რადგან მშვიდობა არის არა მარტო ჩვენს გარეთ,  პირველ რიგში მშვიდობა უნდა იყოს ჩვენს შიგნით და იოგა სწორედ ამის ერთ-ერთი გზაა“, - განაცხადა გაეროს ელჩმა  საქართველოში ნილ სკოტმა.
21 ივნისს იოგას საერთაშორისო დღის ორგანიზატორები და მხარდამჭერები თბილისის მერია,  საქართველოსა და სომხეთში ინდოეთის საელჩო,  საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და იოგას ცენტრი „ანანდაა“. რიყის პარკში დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 

სიახლე
2 ივნისი 2015  
 
 

დედაქალაქის მერიაში 520 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მიიღო. კომისიამ, ასევე დაადგინა კონკურსის ეტაპები, შეფასების ფორმები, პირობები და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული განცხადებების გადარჩევა კონკურსანტებისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. განცხადების წარდგენა კონკურსანტებს 3 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.
კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტები გაივლიან ტესტირებას. ტესტირების ეტაპზე აუცილებელ ქულათა მინიმალური ზღვრული ოდენობა კონკურსანტის მიერ გაცემული სწორი პასუხების 75%-ით, ანუ 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორი პასუხის ოდენობით განისაზღვრა.
მესამე ეტაპზე მოხდება მეორე ეტაპზე გასულ კონკურსანტებთან გასაუბრება. გასაუბრების ეტაპზე მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვრა სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრთა მიერ ინდივიდუალურ საშუალო არითმეტიკულ შეფასებათა საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით - ჯამში არანაკლებ 3 ქულით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს შესაბამის ვებ-გვერდზე - www.hr.gov.ge.  

 

 

სიახლე
3 ივნისი 2015  
 
 

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის „თბილის-2015“-ის ფარგლებში დიღმის ჭალებში მშენებარე ტანვარჯიშის დარბაზში სატესტო შეჯიბრება „საქართველოს ღია ჩემპიონატი ტანვარჯიშში“ გაიმართა. 28 მაისს ტანვარჯიშის სატესტო ტურნირს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ესწრებოდნენ. შეჯიბრებაში რუსეთის, ბელორუსიის, ხორვატიის, შვედეთისა და საქართველოს სპორტსმენები მონაწილეობდნენ. როგორც ტანვარჯიშის მწვრთნელმა რუსუდან სიხარულიძემ აღნიშნა: „სატესტო შეჯიბრება მსაჯებისა და საოგანიზაციო კომიტეტისთვის წარმოადგენს მოსამზადებელ ეტაპს მომავალი ოლიმპიური ფესტივალისთვის“.
ღონისძიებას საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან ერთად თბილისის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე კახა ცეცხლაძე ესწრებოდა.
სატესტო ტურნირი 30 მაისს დასრულდება.

სიახლე
28 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერია 1 ივლისიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პილოტური პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამის ბიუჯეტი 500 000 ლარია და მისი მიზანია აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვთა განვითარების სტიმულირება, ადაპტაციური ფუნქციონირების გაუმჯობესება და სოციალური ინტეგრაცის ხელშეწყობა სპეციფიკური აბილიტაციისა და ბავშვისა და ოჯახის  მხარდაჭერის გზით.

პროგრამა ითვალისწინებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასებას და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა-განხორციელებას, ერთი ან საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის მიერ, მოსარგებლისთვის კომპლექსური თერაპიის თვეში არაუმეტეს 20 ინდივიდუალური სეანსის ჩატარებას, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის  თერაპიას, საჭიროებისამებრ მეტყველებისა და ოკუპაციურ თერაპიას და სხვა თერაპიას. პროგრამა, ასევე ითვალისწინებს ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მომზადება-კონსულტაციას საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, 6 თვეში ერთხელ მოსარგებლისთვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასებას და ანგარიშის წარდგენას. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება, ჩატარებული სეანსების მიხედვით, დაფინანსდება თვეში  არაუმეტეს 420  ლარისა.

პროგრამით ისარგებლებენ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ჰქონდათ თბილისში 12 თვის ხანგრძლივობით რეგისტრაცია და პროგრამაში ჩართვის დროისთვისაც თბილისში არიან რეგისტრირებული.

პროგრამაში ბავშვების ჩართვა 2 ეტაპად განხორციელდება, კერძოდ, პირველ ეტაპზე მიმწოდებელ დაწესებულებებში აღრიცხვაზე მყოფი ის პირები ჩაერთვებიან, რომლებიც პროგრამით განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ისინი პროგრამით 1 ივლისიდან ისარგებლებენ. მეორე ეტაპზე ჩართვა განხორციელდება მიმწოდებელ დაწესებულებაში ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მოსარგებლეები შეირჩევიან თბილისის მერიაში 2015 წლის 1 ივლისიდან შემოსული განცხადებების საფუძველზე შედგენილი მომლოდინეთა სიიდან. უპირატესობა მიენიჭება ჩართვის დროისთვის სიაში მყოფ ასაკით ყველაზე პატარას. 

სიახლე
3 ივნისი 2015  
 
 

კრწანისის რაიონს კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონა შეემატება. გორგასლის შესახვევში მდებარე N2 კორპუსის მაცხოვრებლებმა 2015 წლის 7 მაისს  სსიპ  „ქონების მართვის სააგენტოს“ მიმართეს თხოვნით, რათა მათი კორპუსის მიმდებარედ არსებულ 2 005კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მინიჭებოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული მოედანი და მოსახლეობას სურს, მის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერი გაკეთდეს.
ქონების მართვის სააგენტომ, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსთან ერთად, განიხილა აღნიშნული საკითხი და  დააკმაყოფილა მოსახლეობის მოთხოვნა აღნიშნული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე.                                                                 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი ზონის ნაცვლად, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარჩება განუსხვისებელ (ძირითად) ქონებად და საერთო სარგებლობის ფართად.

 

 

 

 

სიახლე
20 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერიის ორი ახალი პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველმა უსინათლო და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მაისში, თბილისის მერიისგან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ფულადი დახმარება მიიღეს. სულ, ფულადი დახმარება 1 494 პირზე გაიცა.
„სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე უსინათლო პირთა დახმარება 2015 წლის განმავლობაში 900 ლარს შეადგენს. თანხის მეორე და მესამე ნაწილი მათ ანგარიშზე აგვისტოსა და დეკემბერში ჩაირიცხება. პროგრამის ბიუჯეტი 1 000 000 ლარია.
რაც შეეხება 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს, „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ თანახმად, მათი დახმარება 800 ლარია და ორჯერ - მაისსა და დეკემბერში ჩაირიცხება. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 800 000 ლარს შეადგენს.

 

სიახლე
3 ივნისი 2015  
 
 

დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თამაზ შოშიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის მერიას მრჩევლის 5 ახალი შტატი დაემატება.
თბილისის მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, წლების განმავლობაში მრჩევლის შტატი მერის, ვიცე-მერისა და მერიის სხვადასხვა სამსახურის აპარატებში იყო გადანაწილებული, რაც თავად მრჩევლის ინსტიტუტის ფუნქციას არაეფექტურს ხდიდა.
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით, თბილისის მერიის საჯარო თანამდებობებში განისაზღვრა მერის მრჩევლის თანამდებობა.
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიის სისტემაში გადანაწილებული მრჩევლის შტატები უქმდება და მერიის ადმინისტრაციის ქვეშ ერთიანდება. ამით მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა შესაბამისობაში მოვა საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან. ინიციატივაც, რომელიც თბილისის საკრებულოში შევიდა, აღნიშნული საკითხის დარეგულირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ცვლილება ბიუჯეტში დამატებით ასიგნების გამოყოფას არ გამოიწვევს.
სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრთა ერთი ნაწილი კვლავაც სიცრუის ტირაჟირებით მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სიახლე
20 მაისი 2015  
 
 

დიდუბის რაიონში ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ბელიაშვილის N5-ში  სპორტული მოედნის აღდგენის სამუშაოები უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული ამორტიზებული საფარის დემონტაჟი და მოეწყო  კომბინირებული ხელოვნური საფარი. მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის სტანდარტული ფარი და ფეხბურთის კარი, აგრეთვე  გარე-განათების ბოძები.
დიდუბის რაიონში ამ ეტაპზე დამატებით 10 არსებული სპორტული მოედნის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ბელიაშვილის N5-ში  არსებული სპორტული მოედნის აღდგენის სამუშაოები დიდუბის რაიონის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს „ დოკასპორტმა“ განახორციელა და მისი ღირებულება 93 399.52 ლარია.

სიახლე
3 ივნისი 2015  
 
 

13-22 მაისს, ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. 
ფესტივალი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ტარდება. იდეის ავტორი ამირან შალიკაშვილი უმცროსია, რომელიც წლებია ამ სფეროში მოღავწეობს და მშობლებთან ერთად აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელმაც არაერთხელ მოუტანა უდიდესი წარმატება არამარტო ამ თეატრს, არამედ საქართველოს.
ჩარლი ჩაპლინისა და მარსელ მარსოს შემდეგ ამირან შალიკაშვილი, საკუთარი ინდივიდუალურობითა და ამ სფეროსათვის ნაკლებად დამახასიათებლი დრამტულობის განცდით, ხელოვნების ამ მიმართულების ერთადერთ გამგრძელებლად ითვლება მსოფლიოში. ფესტივალის მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ ახალგაზრდა მსახიობებმა, რომლებიც ეწვევიან საქართველოს ფესტივალის ფარგლებში, გაიზიარონ მაესტროს გამოცდილება და შეეცადონ არ დაკარგონ ტრადიცია, რომელსაც თითქმის უკვე საუკუნის წინ, ზემოთჩამოთვლილმა კორიფეებმა, ჩარლი ჩაპლინმა და მარსელ მარსომ ჩაუყარეს საფუძველი.

სიახლე
14 მაისი 2015  
 
 

კრწანისის რაიონში, გორგასლის მე-3 შესახვევში გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს.  სამუშაოების ფარგლებში  3 700 კვ.მ ფართობზე დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი, მოეწყობა  ტროტუარები და ბორდიურები. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 225 000 ლარია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, კრწანისის რაიონში მდებარე სხვა ქუჩების შეკეთებასაც უზრუნველყოფს.
მიმდინარე სამუშაოები დღეს, კრწანისის რაიონის გამგებელმა, გიორგი კოპალეიშვილმა დაათვალიერა.

სიახლე
2 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრების 18 წლის ასაკის ზემოთ ბენეფიციარებს დაეხმარება. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და თბილისის შშმ პირთა 11 დღის ცენტრის ხელმძღვანელმა 2 ივნისს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, 2015 წლის ივნისიდან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური „შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ 101 ბენეფიციარის „დღის ცენტრებით“ სარგებლობას ვაუჩერული ფორმით დააფინანსებს, რისთვისაც ყოველთვიურად 5 600 ლარი გამოიყოფა.
„დღის ცენტრების“ ხელმძღვანელთა განცხადებით, შშმ პირთა დღის ცენტრების სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში, 2015 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს 100%-ით, ხოლო 18 წლის ზემოთ დიფერენცირებულად აფინანსებს. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები 100%-იან დაფინანსებას იღებენ, ხოლო სხვა დანარჩენი პირები - 75%-ს. დარჩენილი 25%-ის დაფარვის თხოვნით თბილისის მერიას დახმარებისთვის დღის ცენტრების ხელმძღვანელებმა მშობლების თხოვნის საფუძველზე მიმართეს.
თბილისის მერიასა და დღის ცენტრებს შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ მომსახურება გაუმჯობესდება და ბენეფიციარებს სრულყოფილი სერვისი მიეწოდება.

 

 

სიახლე
2 ივნისი 2015  
 
 

ჩუღურეთის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. წინამძღვრიშვილის  N44/46 -სა და ჩიტაიას N4-ში  საცხოვრებელ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება. 59 495 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში სახლის საძირკველი გამაგრდება და კედელი ლითონის ბადით მოიჭიმება.
სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 20%-ს გადაიხდის. აღნიშნულ მისამართებზე 31 ოჯახი ცხოვრობს.
ამ დროისთვის ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახლების საძირკვლის გამაგრების სამუშაოები   30 მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტებზე 1 054 204 ლარზე მეტი დაიხარჯება.

ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად სულ 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სიახლე
2 ივნისი 2015  
 
 

საბურთალოზე შიდა ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. რამდენიმე მისამართზე სამუშაოები უკვე დასრულდა. ბახტრიონის ქ. N26-ის ეზოში 600კვ.მ ასფალტი დაიგო. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ბორდიურები და სადარბაზოებთან მისასვლელი გზები.
1 330კვ.მ ასფალტი დაიგო გრიგოლ ფერაძის N2-ის N10 კორპუსში. ამ კორპუსში საბურთალოს რაიონის უფასო სასადილო მდებარეობს. ეზოში გზის საფარი სრულად დაზიანებული იყო და სასადილოსთან მისვლა მოხუცებს უჭირდათ. პროექტის განხორციელების შემდეგ, კორპუსის მთელ პერიმეტრზე გზის საფარი მოეწყო. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ბორდიურებიც.
ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-8 ჩასახვევიდან გრ. ფერაძის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე. ამ მისამართზე სულ 4 200 კვ.მ ორფენოვანი ასფალტი არა მარტო ცენტრალურ გზებზე, არამედ შემაერთებელ ქუჩებზეც დაიგება. პროექტის ღირებულება 272 563 ლარია.
3 900 კვ.მ შიდა ეზოს რეაბილიტაცია უკვე დაიწყო ალექსიძის ქ N2-ის მიმდებარედ. რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსის წინ ძველი ასფალტის საფარი უკვე მოხსნილია და ახლა მიწისქვეშა კომუნიკაციების კვანძების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ მისამართზე მიმდინარე პროექტის ღირებულება 256 423 ლარია.
დიდ დიღომში, მირიან მეფის N15-თან კი ასფალტის დაგებამდე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. 431 კვ.მ-ზე ახალი სკვერის პროექტის ღირებულება 35 880 ლარია.

 

 

სიახლე
2 ივნისი 2015  
 
იხილეთ მეტი