ცხელი ხაზი 272 22 22
09:12 28/03/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერიაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ავტოპარკი არ განახლებულა. მერიის ბალანსზე ამჟამად ირიცხება 267 ავტომანქანა, საიდანაც 239 ოპერატიულია და სხვადასხვა საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების თანამშრომლები, ობიექტებზე გასასვლელად, მონიტორინგისა და სხვა სამსახურეობრივი საჭიროებისთვის იყენებენ.
„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიამ ფინანსთა სამინისტროს უკვე გადაუგზავნა ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება 1 800 000 ლარამდე იგეგმება.
შემცირება ძირითადად ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის, ასევე საპრემიო ფონდის ხარჯზე იგეგმება. გარდა ამისა, ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში იგეგმება საბიუჯეტო ცვლილებები, რომელთა შედეგად გამოთავისუფლებული რესურსები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

 

სიახლე
27 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერიაში კომპანია GWP-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და დედაქალაქის რაიონების გამგებლებმა GWP-ის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ომარ გოცირიძესთან ერთად განიხილეს ახალი უბნების დაქსელვის, მილების მოწყობის და აბონირების საკითხები.
დედაქალაქის მთავრობის წევრებმა კომპანია GWP-ს იმ ქუჩების ჩამონათვალი მიაწოდეს, სადაც თბილისის მერიასა და გამგეობებს საგზაო სამუშაოები აქვთ დაგეგემილი, მანამდე კი აღნიშნულ მისამართებზე სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიამ უნდა დაასრულოს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან - „თბილისი - 2015“ დაკავშირებით თბილისის მერიასა და კომპანია GWP-ს შორის მემორანდუმი გაფორმდება.
მორიგი სამუშაო შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება.

 

 

სიახლე
27 მარტი 2015  
 
 

მეტეხის გვირაბთან არსებული ხიდის კაპიტალური შეკეთება დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.
დავით ნარმანიას განცხადებით, ხიდი ლაბორატორიულად შემოწმდა და, არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, მისი აღდგენა უმოკლეს ვადებში გახდა აუცილებელი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხიდს, რომელსაც წლების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია, დაზიანებული აქვს სადეფორმაციო ნაკერები და ბურჯის რიგელები. მოშლილია, ასევე, ჰიდროიზოლაცია, მოაჯირები და დამცავი პარაპეტები, რაც უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევაა.
"2 თვის განმავლობაში ძირითადი სამუშაოები დასრულდება, პირველ რიგში, ხიდი სრულად გამაგრდება, რომ გადაადგილება უსაფრთხო გახდეს. მთლიანად შეიცვლება ხიდის საფარი და მოწესრიგდება ტროტუარები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიდის ექსპლოატაციის ვადა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავთანდილ სუდაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის  გზის მხოლოდ ერთი ნაწილია დაკეტილი. მისი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ხიდის მეორე ნაწილის კაპიტალური შეკეთება დაიწყება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია იალბუზის ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. შეცვლილი მარშრუტით მოძრაობს როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

სიახლე
27 მარტი 2015  
 
 

წითელი საღებავითაა დასვრილი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილი და სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიას საღებავისგან წმენდენ.
შევახსენებთდღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ ქალაქის იერ-სახის დამახინჯება ისჯება კანონით. ამიტომაც მოვუწოდებთ მათ, დაიცვან სისუფთავე და არ დასვარონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. 

სიახლე
21 მარტი 2015  
 
 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, უსინათლოთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიასა და  უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში გადაადგილებისას უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტით იქნებიან უზრუნველყოფილი. აღნიშნული მომსახურებით თვეში საშუალოდ 80 უსინათლო ისარგლებლებს.  პროექტის ღირებულება 12 150 ლარია.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ ფრიდონ ლობჟანიძემ.
შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში 400 000 ლარია გათვალისწინებული. თანხა წლის განმავლობაში შშმ პირთათვის სხვადასხვა პროექტების განცორციელებას მოხმარდება.

 

 

 

 

სიახლე
27 მარტი 2015  
 
 

21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. ამ კამპანიას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი არეშიძესთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად შეუერთდა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაგა-ბაღებში მიღების შესაძლებლობაა, რომლებიც გასულ წლებში ვერ რეგისტრირდებოდნენ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში, თუ მათი ასაკი აღემატებოდა 6 წელს. 2014 წლის სექტემბრიდან მშობლის სურვილისა და ექიმის დასკვნა/რეკომენდაციის საფუძელზე უკვე შესაძლებელია საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 6-დან 7 წლამდე ასაკის გსმ (განსაკუთრებული საჭიროების მქონე) ბავშვები ჩაერთონ სააღმზრდელო პროცესში. 
ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის დაგეგმვისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ინკლუზიური გარემოს შექმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 300-მდე გსმ აღსაზრდელია რეგისტრირებული, მათგან დაუნის სინდრომის მქონე 17 ბავშვია.

სიახლე
21 მარტი 2015  
 
 

ცოტა ხნის წინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე 30 ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რომელიც, როგორც ჩანს, სააგენტოს დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად გავრცელდა.  
დღეს მოქალაქე ირაკლი კუტალიამ ნუცუბიძის ქუჩაზე გამოიძახა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეაგირების ჯგუფი. შეტყობინება ეხებოდა 6 უპატრონო ძაღლს. ადგილზე მისვლის შემდეგ ჯგუფმა, იმის გამო, რომ ძაღლები იყვნენ აგრესიულები, ისინი დააძინა და თავშესაფარში გადაიყვანა.
ამ დროისთვის ძაღლები იმყოფებიან თავშესაფარში, აქვთ საკვები და თავს კარგად გრძნობენ. უახლოეს დღეებში მათ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, გაუკეთდებათ სტერილიზაცია-კასტრაცია, რის შემდეგაც დაუბრუნდებიან ბუნებრივ არეალს.
თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიმართავენ მედია საშუალებებს, კერძო პირების მიერ გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასევე, ცხოველთადამცველ ორგანიზაციებს შეუძლიათ ნუცუბიძის ქუჩიდან აყვანილი ძაღლების თავშესაფარში მონახულება.

 

 

 

სიახლე
25 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერია ახალ პროექტს - "ჩემი ეზო" იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს.

პროექტის მიზანია დედაქალაქის თითოეული უბნის განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეები, სადაც გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, თეატრალური და საცირკო წარმოდგენები, მცირე გამოფენები. პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან სახელოვნებო სკოლები, სპორტული და ახალგაზრდული საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამხატვრო აკადემიის, სამხატვრო სახელოსნოების სტუდენტები და მოსწავლეები, თეატრები და ა.შ.

"პროექტი "ჩემი ეზო" თბილისის მერიის ახალი ინიციატივაა. პროექტის მიხედვით, ყველა უბანში მოეწყობა მინიმუმ ერთი საზოგადოებრივი, საერთო სარგებლობის  სივრცე, რომელიც კეთილმოწყობის, გამწვანების  სამსახურისა და ადგილობრივი გამგეობის მიერ იქნება კეთილმოწყობილი და ადაპტირებული, იმისათვის რომ ადამიანებს შეეძლოთ შეკრება, გარკვეული სანახაობების, შეჯიბრების, სპორტული ღონისძიების მოწყობა. ვფიქრობ თბილისელები პროექტს მოიწონებენ და აქტიურად ჩაერთვებიან. რაც შეეხება ბიუჯეტს,  "ჩემი ეზოს" ბიუჯეტი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა ტიპის კეთილმოწყობის სამუშაოები იქნება თითოეულ უბანში საჭირო",-განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა.

პროექტის ფარგლებში ღონისძიებები შაბათ-კვირას გაიმართება. პროექტი თავდაპირველად დიდუბის რაიონში განხორციელდება.  კონკრეტულ ტერიტორიას დიდუბის  რაიონის გამგეობა შეარჩევს.

პროექტში ჩართული მერიის რამდენიმე სამსახური იქნება: გამწვანების საკითხთან დაკავშირებული ღონისძიებების  განხორციელებას  მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, შერჩეულ ტერიტორიის კეთილმოწყობას კი კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფენ. პროექტის ფარგლებში შესაბამის ღონისძიებებს კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებენ.

სიახლე
18 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნას დაესწრო.  თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მრავალპროფილიანი კლინიკა დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებთან დავით სერგეენკოსთან და თამარ სანიკიძესთან ერთად გახსნა.
185 საწოლზე გათვლილი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო აპარატურით.
კლინიკაში  6000-ზე მეტი ქართველი და 2000-მდე უცხოელი სტუდენტი მომზადდება. სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარჩვევებსაც შეიძენენ, აკადემიურ პერსონალს კი თანამედროვე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემა.

 

 

სიახლე
25 მარტი 2015  
 
 

დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ, ივერთუბნის დასახლებაში გარე-განათება დამონტაჟდა. შპს "სინათლის ქალაქის" მიერ დამონტაჟებული ლამპიონები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ, შპს "სინათლის ქალაქის" დირექტორმა ვასილ ხორავამ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძეემ დაათვალიერეს.
დავით ნარმანია ადგილობრვ მოსახლეობასაც შეხვდა და დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა. მოსახლეობას ყველაზე მეტად გზისა და საკომუნიკაციო სისტემის არარსებობა აწუხებს, რომლის მოგვარების პირობა მათ თბილისის მერისგან და ჩუღურეთის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძისგან მიიღეს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დასახლებაში წლების განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. "პირველ რიგში მოწესრიგდა გარე-განათება, არის სხვა ტიპის საჭიროებებიც, არ არის ქუჩების სახელდება, მოსაწესრიგებელია გზა და სხვა ინფრასტრუაქტურა, რაც ეტაპობრივად გაკეთდება, რათა ამ ადამიანების ყოფითი პირობები უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი," - განაცხადა დავით ნარმანიამ.  მისი თქმით, სამუშაოების ნაწილი გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ნაწილს კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან მერიის საქალაქო სამსახურები უზრუნველყოფენ.
"სინათლის ქალაქის" დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, გარე განათების დაყენების თხოვნით მათ მოსახლეობამ  მიმართა. "დასახლებაში გარე-განათების დაახლოებით 400-მდე წერტილია გაკეთებული, რასაც კიდევ რამოდენიმე ათეული წერტილი დაემატა. 2015 წელს  ტერიტორიას მთლიანად ავითვისებთ, ვინაიდან აქ მოსახლეობა ინტენსიურად გადმოდის სახცოვრებლად და მათ აუცილებლად სჭირდებათ გარე-განათება" - განაცხადა ვასილ ხორავამ.

 

 

 

სიახლე
16 მარტი 2015  
 
 

32 ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება.  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ გამაგრებით სამუშაოებზე უკვე დახარჯულია 15 მილიონ ლარზე მეტი.
დავით ნარმანიას თქმით, ავარიული კორპუსების გამაგრების პროცესი გაზაფხულის დადგომასთან  ერთად კიდევ უფრო გააქტიურდა.  მისივე თქმით,  სამ  სართულამდე  ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოებს დამატებით  რაიონული გამგეობები ასრულებენ.
„ასეთი სახლების გამაგრების სამუშაოები გამგეობების მხრიდან საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა ნარმანიამ.
ავარიული კორპუსების აღდგენის სამუშაოები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. მათ შორის - გრიბოედოვის ქ. №20-ში, თევდორე მღვდლის ქ.  № 5ბ-ში, უზნაძის ქ №79/81-ში, ვაზისუბნის დასახლების  15ა, 16ა, 9ა კორპუსებში; აეროპორტის დასახლება№ 36, 39, 40 კორპუსებში, ასევე გამრეკელის ქ. №7-ში, იოსებიძის ქ. 69-ში, პეკინის ქ. №28სა და დები იშხნელების ქ. № 3-ში.  

სიახლე
25 მარტი 2015  
 
 

დღეს თბილისის მერიასთან იპოთეკარებისა და ე.წ. ატსტუპნიკების სახელით აქცია გაიმართა, რომელზეც აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეთა უმეტესობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები წარმოადგენდნენ. გამომდინარე აქედან, თბილისის მერია მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქცია, ისევე, როგორც გასულ დღეებში სხვადასხვა მუნიციპალურ შენობებთან გამართული აქციები, პოლიტიკურად მართულია და მიზნად უწყების დეზორგანიზებას ისახავს.
რაც შეეხება ზოგადად იპოთეკით დაზარალებულთა საკითხს, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მუნიციპალიტეტს ამგვარი პრობლემის მოგვარების ბერკეტი არ გააჩნია. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გამართეს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრა და მათ აღნიშნულის შესახებ განემარტათ.
თბილისის მერია მოუწოდებს დღევანდელი აქციის მონაწილეებს, ნუ იქცევიან პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად და იმოქმედონ კანონის შესაბამისად.   

სიახლე
13 მარტი 2015  
 
 

დედაქალაქის მთავრობა 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს ამზადებს. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, საბიუჯეტო ცვლილებებით 1 800 000 ლარი დაიზოგება. აქედან  300 000 ლარი ადმინისტრაციული ხარჯებია, ხოლო 1 553 000 ლარი საპრემიო ფონდი.
"2015 წლის ბიუჯეტში საკმაოდ შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები ჩავდეთ. მიუხედავად ამისა, დედაქალაქის ბიუჯეტს რევიზია კვლავ ჩავუტარეთ და ჯამში მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დანაზოგი გავაკეთეთ, საიდანაც 300 000 ლარი უშუალოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაა, 1 მილიონ 553 ათასი ლარი კი საპრემიო ფონდის შემცირება”- განახადა დავით ნარმანიამ.
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, იგეგმება სხვა საბიუჯეტო ცვლილებებიც, რომლის ფარგლებში ცალკეული მუხლებიდან დაიზოგება რამდენიმე მილიონი ლარი და  ინფრასტრუქტურის ხარჯებში გადავა.  

სიახლე
25 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერის საკრებულოში დაბარების მოთხოვნით დეპუტატთა ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატების ერთკვირიანი მონდომება გაუგებარი და ფუჭია, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პირდაპირ ითვალისწინებს დედაქალაქის მერის საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგენის ვალდებულებას.

სწორედ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის მერი საკრებულოში მისვლასა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას მიმდინარე წლის აპრილის პირველ კვირაში გეგმავს. მერი საკრებულოს წევრებს წარუდგენს ინფორმაციას, თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა დედაქალაქის ახალ ხელისუფლებას მერიაში, რა პროექტები და პროგრამები განხორციელდა დღემდე და როგორია დედაქალაქის აღმასრულებელი ორგანოს სამომავლო გეგმები. ცხადია, ანგარიშის წარდგენის შემდეგ ნებისმიერ დეპუტატს ექნება შესაძლებლობა, მერის წინაშე დასვას მისთვის საინტერესო საკითხი.

გამომდინარე იქედან, რომ კოდექსი მკაფიოდ არ განსაზღვრავს ვადებს, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით ყოველი წლის აპრილის პირველ კვირას წარსდგება. 

სიახლე
9 მარტი 2015  
 
 

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სამგორის რაიონის გამგებლის მამუკა ჩოქურის ავტომანქანის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფაქტი ძალიან მძიმეა. დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ მომხდარზე გამოძიება საინტერესო შედეგს დადებს.
„სამგორის რაიონის გამგებლის პირად ავტომანქანას გუშინ ღამე ვიღაცამ ცეცხლი წაუკიდა. მიმდინარეობს გამოძიება. მე შეფასებისგან თავს შევიკავებ.  დარწმუნებული ვარ, გამოძიება საინტერესო შედეგს დადებს, თუმცა ფაქტი არის ძალიან მძიმე და რთული“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

 

სიახლე
25 მარტი 2015  
 
 

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა თბილისის მერთან მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. ასევე, გამოქვეყნდა ინტერვიუ აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარესთან, რომელიც ინტერვიუში გარკვეული პროექტებისა და ინიციატივების შესახებ საუბრობს. მათ შორის, საუბარია იმაზეც, რომ მერია უახლოეს დღეებში ვარდების მოედნიდან ველოსიპედის ძეგლის სხვა ტერიტორიაზე გადატანას გეგმავს.
გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის მერიაში მერთან არსებული მრჩეველთა საბჭო არ შექმნილა. წინადადება ამგვარი საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ საინიციატივო ჯგუფისგან მოდიოდა, თუმცა, დედაქალაქის მერს მისი შექმნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, არც იმ ინიციატივებზეა გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც აღნიშნულმა ჯგუფმა მერთან შეხვედრისას დააყენა, მათ შორის, არც ველოსიპედის გადატანის იდეის შესახებ.

 

 

 

სიახლე
9 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და მერებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო თვითმმართველობის კოდექსსა და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებები, რომელიც სამომავლოდ გააიოლებს მუნიციპალიტეტების  საქმიანობას.  შეხვედრაზე გამოიკვეთა თვითმმართველობისთვის პრობლემური ათამდე საკითხი. ძირითადი შენიშვნები შესყიდვების კანონმდებლობასთან დაკავშირებით გამოითქვა. გარკვეული შენიშვნები არსებობს ასევე თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებითაც.
აღნიშნული შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება რეგიონების გუბერნატორებთან, ქალაქების მერებთან და გამგებლებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 11 მარტს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული.
როგორც დავით ნარმანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სავარაუდოდ ერთ კვირაში ანალოგიური შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და მერებთანაც ჩატარდება, რის შემდეგაც მომზადდება იმ კანონებში შესატანი ცვლილებები, რომელიც თვითმმართველობის წარმომადგენელთა აზრით, გააუმჯობესებს ადგილობრივი ხელისუფლებების საქმიანობას.
ცვლილებებზე მუშაობას საქართველოს ადგილობრივ  თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და თბილისის მერი მარტის ბოლომდე დაიწყებენ, რის შემდეგაც ინიციატივას განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ.

 

 

სიახლე
24 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

„2008 წლის აგვისტოს ომმა და კრიზისმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია სამშენებლო სექტორზე,  ბევრი მშენებლობა დღემდე გაჩერებულია. საქმე უმეტესწილად დედაქალაქში შეჩერებულ მშენებლობებს ეხება, რომელმაც  წინ ვერ წაიწია. სამშენებლო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია წახალისება და სხვადასხხვა სტიმულირების ინსტრუმენტები, რათა შეძლონ შეჩერებული მშენებლობების დასრულება. ამიტომ, საგადასახადო სტიმულირებასთან ერთად, აუცილებელია კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გათავისუფლება და მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, რაც სამშენებლო კომპანიებს ფინანსური რესურსების გამოთავისუფლების დამატებით შესაძლებლობას  მისცემს, რათა შეძლონ მათი ჩადება მშენებლობის პროცესში.  დედაქალაქის მერია აქტიურად იყო ჩართული და ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ საკითხს. თბილისის მთავრობა  მზად არის, კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გაათავისუფლოს და მშენებლობის ნებართვების ვადა გაუგრძელოს 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ და ამ დრომდე დაუსრულებელ მშენებლობებს, რისთვისაც შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მოსაკრებლისგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს მოგვცემს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 

 

სიახლე
19 თებერვალი 2015  
 
იხილეთ მეტი