ცხელი ხაზი 272 22 22
07:57 27/02/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

პუშკინის ქუჩის N 19-სა და N25-ში არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში გაზიფიცირება დასრულდა. ქ.თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა და კომპანია „ყაზტრანსგაზის“ ხელმძღვანელმა გია ბენაშვილმა განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
დედაქალაქის მთავრობის დავალებით, თბილისის განვითარების ფონდმა პუშკინის N19-სა და N25-ში მობინადრეების მიმართ აღებული ვალდებულებები შეასრულა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და გაზიფიცირების შემდეგ,  საკუთარ სახლებში 30-მდე ოჯახი დააბრუნა.
პუშკინის ქუჩაზე გაზიფიცირების პროცესი 2014 წლის დეკემბერში დაიწყო.  სამუშაოები  კომპანია „ყაზტრანსგაზმა“ ეტაპობრივად განახორციელა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, თბილისის განვითარების ფონდი კვლავაც აქტიურად აგრძელებს მუშაობას. „წელს ჩვენ ქალაქის ისტორიულ ნაწილში 160-მდე ოჯახს მოვუწესრიგებთ საბინაო ფონდთან დაკავშირებულ პრობლემებს. ყველა პროექტი, რომელიც ხარვეზიანი იყო და წინა მმართველობისგან გადმოვიბარეთ დასრულდება, ისევე, როგორც 2015 წლის ბიუჯეტიდან განხორციელდება ახალი პროექტები და ოჯახების საბინაო პირობები გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ეს წინა პერიოდში იყო“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თემურ ხომერიკის თქმით, ფონდმა აღებული ვალდებულებები შეასრულა, პუშკინის ქუჩაზე  გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა და ყველა ოჯახი დაუბრუნდა თავის საცხოვრისს. „ყაზტრანსგაზის“ ხელმძღვანელის გია ბენაშვილის თქმით, კომპანია კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს დედაქალაქის მერიასთან და თბილისის განვითარების ფონდთან. მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით სამუშაოები გრძელდება. პუშკინის ქუჩის N 6-8, 9, 10, 11, 13,15, 19, 21, 23, 25 და დიუმას 28-ის საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და შიდა რემონტი თბილისის განვითარების ფონდმა ჩაატარა. შეიცვალა, ასევე, საკომუნიკაციო სისტემები და სანიაღვრე ქსელი. მთლიანობაში საცხოვრებელი პირობები 48 ოჯახს გაუუმჯობესდა.
ამასთან, მიმდინარე წელს პუშკინის ქუჩის N19-ში დაგეგმილია ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

 

 

 

სიახლე
26 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

„2008 წლის აგვისტოს ომმა და კრიზისმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია სამშენებლო სექტორზე,  ბევრი მშენებლობა დღემდე გაჩერებულია. საქმე უმეტესწილად დედაქალაქში შეჩერებულ მშენებლობებს ეხება, რომელმაც  წინ ვერ წაიწია. სამშენებლო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია წახალისება და სხვადასხხვა სტიმულირების ინსტრუმენტები, რათა შეძლონ შეჩერებული მშენებლობების დასრულება. ამიტომ, საგადასახადო სტიმულირებასთან ერთად, აუცილებელია კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გათავისუფლება და მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, რაც სამშენებლო კომპანიებს ფინანსური რესურსების გამოთავისუფლების დამატებით შესაძლებლობას  მისცემს, რათა შეძლონ მათი ჩადება მშენებლობის პროცესში.  დედაქალაქის მერია აქტიურად იყო ჩართული და ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ საკითხს. თბილისის მთავრობა  მზად არის, კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გაათავისუფლოს და მშენებლობის ნებართვების ვადა გაუგრძელოს 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ და ამ დრომდე დაუსრულებელ მშენებლობებს, რისთვისაც შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მოსაკრებლისგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს მოგვცემს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 

 

სიახლე
19 თებერვალი 2015  
 
 

თბილისი საერთაშორისო პროექტ “Morgenstadt City Challenge”-ში ჩაერთვება. “მომავლის ქალაქი” - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ქალაქებს შორის მასშტაბურ კონკურსს გულისხმობს. პროექტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. ქალაქებს, რომლებიც ურბანული გამოწვევებისათვის მზადყოფნას გამოთქვამენ, კონკურსში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
აღნიშნულ კონკურსში თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მონაწილეობა 2014 წელს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისს წილად მესამე ადგილი ხვდა, ქალაქისადმი დიდი ინტერესის გამო ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისი „მომავლის ქალაქების“ ქსელში ჩაერთო. ჟიურის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (KFW), რომლებმაც პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ ეტაპზე თბილისსა და გერმანულ მხარეს შორის საბოლოო საკითხების შეთანხმება მიმდინარეობს, ხოლო პროექტი სტარტს გაზაფხულიდან აიღებს. თბილისის ახალი ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი პირველი „მომავლის ქალაქი“ იქნება რეგიონში.

 

 

 

სიახლე
26 თებერვალი 2015  
 
 

მეტროსადგურმა „ღრმაღელე“ მუშაობა განაახლა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მეტროპოლიტენის დაკეტილ მონაკვეთზე  მატარებლების მოძრაობა 14:00 საათიდან აღდგა. მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ სანიაღვრე კოლექტორის დაზიანების გამო, რამაც გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია, მეტროსადგური 18 თებერვალს, საღამოს 20:30 საათიდან დაიკეტა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში  მუშაობდნენ და მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულეს გვირაბის დაზიანებული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე კომპანია „GWP“-ს ბრიგადები, რომლებმაც ასევე დაასრულეს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

სიახლე
19 თებერვალი 2015  
 
 

დედაქალაქის მერიაში მარტის პირველი ნახევრიდან „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ ამოქმედდება.  როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის მერიაში ეკონომიკური განვითარების მიმართულება ძლიერდება. იქმნება ორგანიზაცია, რომელიც ბიზნეს-აქტივობის, ინვესტორთა მხარდაჭერის, მეწარმეობის განვითარებისა და ახალი, წარმატებული კომპანიების შექმნის წახალისების საკითხებზე იმუშავებს.
„მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ მოემსახურება და წაახალისებს ინვესტორებს დედაქალაქში ახალი სამრეწველო, სამშენებლო, ტურისტული და მომსახურებების სხვა დარგებში კაპიტალდაბანდებების, პირველ რიგში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობის მიმართულებით. ცენტრი, ასევე, ხელს შეუწყობს დამწყებ მეწარმეებს ბიზნეს-უნარების განვითარებაში“  - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, ეკონომიკური და, პირველ რიგში, ბიზნეს-საქმიანობის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს თბილისისთვის, რადგან მთლიანობაში დადაქალაქის განვითარებისა და წარმატების განმაპირობებელი სწორედ კერძო სექტორის გაძლიერება უნდა გახდეს.
„მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს“ ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. დავით ნარმანიას თქმით, ცენტრის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ძალაში შესვლის მომენტიდან იგი აღარ შეასრულებს თბილისის ვიცე-მერის მოვალეობას.

 

 

სიახლე
25 თებერვალი 2015  
 
 

დასრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსი. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და გამოსცა შესაბამისი ოქმი. მერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპზე - გასაუბრება. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი დარჩა ვაკანტური, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. აღსანიშნავია, რომ კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტური ადგილების  40% ახალი კადრებით დაკომპლექტდა.
გარდა ამისა, ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შესრულების ვადის გასვლის გამო მერიის სისტემაში თანამდებობიდან გათავისუფლდა 445 თანამშრომელი. დროებით მოვალეობის შემსრულებელთა ის ნაწილი, ვინც წარმატებით გაიარა კონკურსი, დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე.
რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის, დავით მედულაშვილისა და ამავე სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის, თამაზ ცერცვაძის შესახებ, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირები იყვნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლები. დავით მედულაშვილი, ვადის გასვლის გამო, დაკავებული თანამდებობიდან 16 თებერვალს გათავისუფლდა, ხოლო თამაზ ცერცვაძე არ გამოცხადდა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, რის გამოც, ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნისთანავე, გათავისუფლდება სამსახურიდან.
აქვე, გაცნობებთ, რომ თბილისის მერია თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც, მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მათთვის აუცილებელ ინფორმაციას. ამ შემთხვევაშიც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ამ ორი პირის შესახებ ინფორმაცია მომთხოვნს მიეწოდა. აქვს თუ არა რომელიმე მათგანს შეხება ჯოკია ბოდოკიას საქმესთან, ამაზე პასუხის გასაცემად თბილისის მერია არ არის კომპეტენტური, ვინაიდან ის არ არის საგამოძიებო ორგანო.

 

 

სიახლე
17 თებერვალი 2015  
 
 

ილია ჭავჭავაძისა და სანდრო ეულის ქუჩებზე ხეების თვითნებურად ჭრის ფაქტებზე მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება.  
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ჭავჭავაძის ქუჩაზე თვითნებურად მოჭრილია 34 ძირი მწვანე ნარგავი, რის შედეგადაც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 10 176 ლარს შეადგენს.
ხეების უნებართვო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა ასევე სანდრო ეულის ქუჩაზე, სადაც თვითნებურად მოჭრილია ოთხი წიწვოვანი ნარგავი (ფიჭვი). ამ შემთხვევაში ზიანის ოდენობა 2 976 ლარს შეადგენს.
„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. საქმე რეაგირებისთვის უკვე გადაეცა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, თბილისის ტერიტორიაზე ხეების უნებართვო ჭრა მკაცრად გაკონტროლდება და ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

 

სიახლე
24 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის ბაღში) მედიათეკის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტისათვის 2 548 000 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო განაცხადების მიღება შესაძლებელია 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით. სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 450 დღეში დასრულდება.
„კიკვიძის ბაღის“ მედიათეკის პროექტი შპს „არქიტექტურის ლაბორატორია #3“-ს ეკუთვნის. ბიბლიოთეკის  გარდა, ერთ სივრცეში საგამოფენო, საპრეზენტაციო და კულტურული აქტივობებისათვის განკუთვნილი დარბაზები განთავსდება.
თბილისში 2013 წლის მარტიდან  უკვე ორი - ვაკისა და ვარკეთილის მედიათეკა ფუნქციონირებს. 

სიახლე
16 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური 2 კვირის მანძილზე სერვისის მომწოდებელი კომპანიებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს.
მონიტორინგის მიზანია 2014 წელს გაცემული ნებართვების ფარგლებში კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემოწმება. აღმოჩენილი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, რაზეც ეს უკანასკნელი კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით გზების მშენებლობაში ჩართული ყველა კონტრაქტორის შესრულებული სამუშაოები მოთხოვნილ სტანდარტებსა და ნორმებს უნდა პასუხობდეს.
„მოვუწოდებთ თბილისში მიწისქვეშა კომუნიკაციების მფლობელ კომპანიებსა და სხვა კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, გადაამოწმონ და უმოკლეს ვადებში აღმოფხვრან დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია მათი საქმიანობიდან გამომდინარე“.

 

 

 

 

 

სიახლე
24 თებერვალი 2015  
 
 

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ინფორმაცია მერიის თანამშრომლების სახელფასო დანამატების შესახებ, რომლითაც კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო, თბილისის მერიის თანამშრომლებს - მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, მერის მრჩეველსა და მერიის ადმინისტრაციის უფროსის აპარატის უფროსს 2015 წლის 1 იანვრიდან ეძლევათ ხელფასის ერთმაგი ოდენობის დანამატი.
ამასთან, დედაქალაქის მთავრობამ, განსხვავებით თბილისის წინა მთავრობისგან, უარი თქვა პრემირების მანკიერ სისტემაზე და ის მკაცრი რეგულაციის ქვეშ მოაქცია. შევახსენებთ როგორც ნიკანორ მელიას, ისე მის თანაპარტიელებს, რომ 2014 წლის აგვისტომდე მერიაში თანამშრომლები ყოველთვიურად იღებდნენ როგორც ხელფასს, ისე დანამატსა და დიდი ოდენობით პრემიებს. მათ შორის, მაგალითად, მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, ყოველთვიურ ხელფასთან და დანამატთან ერთად, მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, საშუალოდ 8-10 ათასი ლარის ოდენობის პრემია აქვთ მიღებული.
თბილისის მერიის ახალმა მთავრობამ, უფლებამოსილების ცნობისთანავე, უარი თქვა იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რაც წლების განმავლობაში მელიამ, აბესაძემ, უგულავამ და მათმა თანამოაზრეებმა სისტემის ნაწილად აქციეს. ამიტომაც, მოვუწოდებთ ამ ადამიანებს, ნუ დაივიწყებენ საკუთარ დანაშაულებს და ნუ ეცდებიან, მიზანმიმართული ბინძური კამპანია აწარმოონ თბილისის მერიის წინააღმდეგ.

სიახლე
14 თებერვალი 2015  
 
 

დედაქალაქში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ისნის რაიონში მშენებარე ბაგა-ბაღის შენობის საფუძველში დღეს კაფსულა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო. 
თბილისის მერის განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი არ იყო და მშობლებს ბავშვების ბაღში ტარება შორს უწევდათ. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი აღნიშნული პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას მოეხსნება. 
თემურ თორდინავას თქმით, ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 12 ჯგუფი გაიხსნება, სადაც 450-მდე ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღებას შეძლებს.
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა ონაშვილის ქუჩა N1-ში ყოფილი 37-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე დაიწყო. 4 700 კვ.მ მიწის ფართობზე 2 300 კვ.მ ორსართულიანი შენობა აშენდება. საბავშვო ბაღის ეზოში ბავშვებისათვის გასართობი ცენტრები მოეწყობა, გამწვანდება ეზო. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. 
საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლოატაციაში 2015 წლის ბოლოსთვის შევა. მშენებლობაზე 50-მდე ადამიანი, საბავშვო ბაგა-ბაღში კი 75-მდე ადამიანი დასაქმდება.
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ტრანსმშენი’’ აწარმოებს. ჯამში, დედაქალაქის ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 3 393 000 ლარი დაიხარჯება.

 

სიახლე
23 თებერვალი 2015  
 
 

გარკვეული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას ადვოკატი დავით ნარმანიას ძმა ირაკლი ნარმანიაა.
აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, ამ ისედაც მძიმე საკითხთან დაკავშირებით ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
თბილისის მერია მზად არის, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, მედიის დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხოს.

სიახლე
12 თებერვალი 2015  
 
 

ნაძალადევის გამგეობა, რაიონში მცხოვრები მოქალაქეების გადამზადებისა და დასაქმების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს კერძო საწარმოებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან. ნაძალადევის რაიონის გამგებლის ზაზა გაბუნიას რეკომენდაციის საფუძველზე, სამკერვალო საწარმო "ელსელემა"- ს ხელმძღვანელობამ  3 ადამიანი დაასაქმა. გამგებელმა მათთან ერთად საწარმო მოინახულა და პერსონალის მუშაობის პირობებს გაეცნო.
დასაქმებულთაგან ორმა პროფესიული გადამზადების კურსი საზოგადოებრივ კოლეჯ "მერმისში" გაიარა და სამკერვალო ნაწარმის სპეციალობა შეისწავლა.
სასწავლებლის კურსდამთავრებულების დასაქმება გამგეობისა და "მერმისის" თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა.
ნაძალადევის რაიონის გამგებელი მომავალშიც ხელს შეუწყობს დასაქმების კუთხით კოლეჯის კურსდამთავრებულების დახმარებას და სწორედ ამ მიზნით, ზაზა გაბუნიამ და სასწავლებლის ხელმძღვანელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
გამგებელმა კოლეჯის უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო. ზაზა გაბუნიას თქმით, ნაძალადევის რაიონის გამგეობა აქტიურად ცდილობს ხელი შეუწყოს რაიონის მოსახლეობის პროფესიულ გადამზადებას და დასაქმებას. 

სიახლე
22 თებერვალი 2015  
 
 

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმე აღძრულია 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, ამიტომაც თბილისის მერია მიმდინარე გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს.
ამასთან, მინდა მივმართო თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. თბილისის მთავრობა არ დაუშვებს და რეაგირების გარეშე არ დატოვებს კორუფციის ან სხვა რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს.  

სიახლე
11 თებერვალი 2015  
 
 

კონკურსის - „რა ძეგლს ვისურვებდი ჩემს ქალაქში“ გამარჯვებულები გამოვლენილია. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გოჩა ელიზბარაშვილი, ელენე ბახტაძე და ვაჟა ებრალიძე გახდნენ. მათ მიერ შესრულებული ქანდაკებები დედაქალაქის სკვერებში დაიდგმება, რასაც თბილისის მერია უზრუნველყოფს.
საბავშვო კონკურსში გამარჯვებული თბილისის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის 13 მოსწავლის 17 ნამუშევარი,  დღეს საკრებულოს შენობის ფოიეში გამოიფინა. იქვე გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოება. სპეციალური დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები მათ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „ტფილისის ჰამქარისა“ დასკოლა-სახელოსნო „ტემპერას“ წარმომადგენლებმა გადასცეს.  
„დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ ბავშვებს, რომლებმაც თავისი ასაკის მიუხედავად, უკვე შეიტანეს წვლილი დედაქალაქის გალამაზებაში. ამ კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო - ბავშვობიდან შევაყვაროთ ჩვენს შვილებს ჩვენი ქალაქი, ვასწავლოთ მასზე ზრუნვა. მინდა მადლობა ვუთხრა ამ შესანიშნავი იდეისა და წამოწყების ავტორებს - „ტფილისის ჰამქარსა“ და სკოლა-სახელოსნო „ტემპერას“, ჟიურის წევრებს, საკრებულოს თავმჯდომარეს  გიორგი ალიბეგაშვილს, კონკურსში მონაწილე ყველა ბავშვსა და მათ მშობლებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული ჩვენგანის ჩართულობით ეს კონკურსი შედგა“ - განაცხადა თბილისის მერმა.  მან გამარჯვება მიულოცა კონკურსანტებს და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
დავით ნარმანიას თქმით, საუკეთესო ნამუშევრების დედაქალაქის სკვერებში დადგმას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
კონკურსი 2014 წლის ბოლოს ჩატარდა და მასში მონაწილეობის მიღება I-IV კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. კონკურსის პირობების თანახმად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს პლასტელინში შესრულებული ნამუშევარი უნდა შეექმნათ და მისი ფოტო მერიის ოფიციალურ facebook-გვერდზე აეტვირთათ.
გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ: ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, ურბანისტი ლადო ვადოსანიძე, მხატვარი მამუკა ცეცხლაძე, მსახიობი ნატა მურვანიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიგებაშვილი.
კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრების თიხაში შესრულება ხელოვნების სახელოსნო „ტემპერამ“ უზრუნველყო. დაჯილდოებას თბილისის მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და გამარჯვებულთა ახლობლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

სიახლე
21 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია „ თბილისი ცენტრალის“ სავაჭრო ცენტრში ტექნიკის ფესტივალის საზეიმო გახსნას დაესწრო.  ფესტივალის ფარგლებში, ტექნიკის ბაზრის წამყვანი ხუთი კომპანია  - „ოქეი“, „ალტა“, „არაი“, „მეტრო მარტი“ და “სმაილი“  11-დან 22 თებერვლამდე მომხმარებელს ყველა სახის ტექნიკაზე  განსაკუთრებულ შეთავაზებებს გაუკეთებს.
როგორც ფესტივალის საზეიმო გახსნაზე თბილისის მერმა განაცხადა,  “ტექნიკის ფესტივალი” ძალზე მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. „ტექნიკის ბაზარზე მოქმედი ხუთი წამყვანი კომპანია ამით ამკვიდრებს ბაზრის სუბიექტებს შორის თანამშრომლობისა და თანამედროვე მარკეტინგის ცივილიზებულ, ევროპულ სტანდარტს. ასეთი ფესტივალი და მომხმარებლებისადმი სოლიდარული დამოკიდებულება ზრდის მოხმარების კულტურას თბილისსა და მთელს საქართველოში“ - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ტექნიკის ფესტივალი მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის ზრდის კუთხითაც. „საქართველოში ვაჭრობის სფეროში არსებული მაღალი კონკურენცია, აგრეთვე, ხელოვნების, კულტურისა და ტურისტული დაწესებულებების სიმრავლე, თბილისს ანიჭებს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაატაროს შოპინგფესტივალები არა მხოლოდ ტექნიკის, არამედ სხვა სავაჭრო, კულტურისა თუ ხელოვნების სფეროში.
ამდენად, ჩნდება შანსი, რომ თბილისის შოპინგფესტივალმა რეგიონული მნიშვნელობა შეიძინოს და მიმზიდველი გახდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შოპინგფესტივალის მონაწილეთა  შენაძენები გაზრდის ქალაქის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საინვესტიციო პოტენციალს.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია მზადაა, კვლავაც ხელი შეუწყოს კერძო ინიციატივებს, რომელიც უზრუნველყოფს თბილისისათვის რეგიონის ბიზნეს და ეკონომიკური ცენტრის ფუნქციის დაბრუნებას.  დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი არ იქნება ერთადერთი და მსგავს ღონისძიებაში  ჩაერთვებიან ვაჭრობის სხვა სფეროების წარმომადგენლები.
ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ წამოწყება მთელ საქართველოს მოიცავს. 

 

სიახლე
11 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის სპორტის სასახლე შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენებს მასპინძლობს. ტურნირი სპორტის ამ სახეობაში ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მებრძოლის, გასული წლის ნოემბერში ტრაგიკულად დაღუპული გურამ გუგენიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ტურნირის დაწყებამდე  სპორტსმენებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ უმასპინძლა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში სპორტის ამ სახეობის მსგავსი მასშტაბის ტურნირი პირველად ტარდება და ქართველი მებრძოლებისთვის ეს იქნება ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება.
როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, ტურნირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია დედაქალაქის იმიჯისთვის, იმდენად, რამდენადაც თბილისს ათასამდე უცხოელი სტუმარი ეწვევა - ცნობილი სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები, გულშემატკივრები, საორგანიზაციო კომიტეტი და ტექნიკური პერსონალი. დავით ნარმანიას თქმით, ღონისძიების წარმატებით ჩატარება ასევე მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდობისთვის ცხოვრების სპორტული სტილის პოპულარიზაციის მიზნით.
ტურნირის ოქროს სპონსორია თბილისის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. "M-1 Challenge  55 Tbilisi" 21 თებერვალს 17:00-ზე სპორტის სასახლეში დაიწყება და მასში 15 ქვეყნის სპორტსმენები  მიიღებენ მონაწილეობას.

 

სიახლე
21 თებერვალი 2015  
 
 

ბოლო დღეების განმავლობაში მედიით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თბილისის მერიაში მუშაობს ზვიად ღონიაშვილი. აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ზვიად ღონიაშვილი მერიის არც ერთ სტრუქტურაში არ არის დასაქმებული.

 

სიახლე
10 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერიის ორგანიზებით, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე  მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩენილი აზერბაიჯანელი მომღერლის და საზოგადო მოღვაწის ბულბულის სკულპტურული პორტრეტი გაიხსნა.
ქანდაკების გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი, მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები, ასოციაცია „კულტურათა დიალოგი 21-ე საუკუნის“ პრეზიდენტი ვალერი ასათიანი და „ბულბულის“ შვილი, აზერბაიჯანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი ფოლად ბულბულ-ოღლი დაესწრნენ.
ცნობილი ტენორი, მურთუზა მამადოვი,  1897 წელს აზერბაიჯანში დაიბადა. მუსიკალური ნიჭისა და ვოკალური მონაცემების გამო, მას აზერბაიჯანელმა ხალხმა ადრეული ასაკიდან „ბულბული“ უწოდა, რაც მომდევნო წლებში მომღერალმა ფსევდონიმად აიღო.

 

 

სიახლე
20 თებერვალი 2015  
 
 

ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია მადრიდის მერს, ანა ბოტელას შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქალაქს შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი სპორტისა და ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდა. მადრიდს ორივე მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია და ამიტომაც, როგორც მადრიდის მერმა განაცხადა, ის მზადაა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს თბილისს და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ, როგორც ტურიზმისა და სპორტის, ისე ეკონომიკის, ქალაქგეგმარებისა და სხვა მიმართულებით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით უფრო დეტალურად იმუშავებენ.
ორი ქალაქის მერმა ასევე განიხილა ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავების საკითხი და თბილისსა და მადრიდს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივა.
დავით ნარმანიამ მადრიდის მერი საქართველოში ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე დასასწრებად მიიპატიჟა.

 

 

სიახლე
10 თებერვალი 2015  
 
იხილეთ მეტი