ცხელი ხაზი 272 22 22
17:06 21/04/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია. საბჭოების საბოლოო დაკომპლექტებამდე  მოქალაქეების მიერ წარდგენილ განცხადებებს სპეციალური კომისია განიხილავს და თითოეული უბნიდან ათ ადგილობრივ მცხოვრებს შეარჩევს.
საბჭოს წევრობის სურვილი 88 პირმა გამოთქვა. საბურთალოს რაიონის გამგებლის ბრძანების შესაბამისად, კონკურსის პირველ ეტაპზე მათ ტერიტორიული მართვის ერთეულებში კანდიდატად დასარეგისტრირებლად წარადგინეს განცხადებები, მხარდამჭერთა სიები და სამოტივაციო წერილები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპი იქნება გასაუბრება, რის შემდეგაც კომისია გამოაქვეყნებს შერჩეულ წევრთა საბოლოო სიას.
საბჭოში სულ 21 წევრი შევა, რომელთაგან 10 იქნება შესაბამის ტერიტორიული მართვის ერთეულში რეგისტრირებული მოქალაქე, 2 ბიზნესის, 2 მედიის, 2 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი და უშუალოდ გამგეობის მიერ შერჩეული 5 პირი. საბოლოოდ, შეიქმნება სამი საზოგადოებრივი საბჭო საბურთალოს რაიონის სამ ტერიტორიულ ერთეულში:

  • დიღომი, ვაშლიჯვარი
  • ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს ქუჩა
  • კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ქუჩა

საზოგადოებრივი საბჭო იქნება მოქალაქეთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც საშუალებას აძლევს რაიონის მცხოვრებ მოქალაქეებს ჩაერთონ მათი უბნის, ქუჩის, ქალაქის მართვაში, გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რაიონისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში.
საბურთალოს რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის მიერ ინიცირებული საზოგადოებრივი საბჭოების პროექტი თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ ამ რაიონში განხორციელდება. საზოგადოებრივი საბჭოების პირველი შეხვედრა მაისისთვის იგეგმება.
პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან: ფონდ ღია საზოგადოება საქართველო და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს.

სიახლე
21 აპრილი 2015  
 
 

თბილისის განვითარების ფონდმა თბილისის ისტორიულ ნაწილში, ქვემო კალაში ბეთლემის ქუჩა N10-ის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. მიუხედვად იმისა, რომ ბეთლემის ქ.N10-ის სახლის მშენებლობა 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო, ფონდმა საკუთარი სახსრებიდან მიღებული ეკონომიით და ფონდის მიმართ დებიტორული დავალიანებებიდან შემოსული თანხებით, მოახდინა სახლის მშენებლობისთვის საჭირო თანხის მობილიზება. საბოლოო ჯამში, ბეთლემის ქუჩა N10-ის მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობაში დაახლოებით 1 063 588 ლარი დაიხარჯება. მშენებლობა უკვე არსებული, შეთანხმებული პროექტის მიხედვით განხორციელდება და  2015 წლის 1 დეკემბრამდე დასრულდება.  პროექტის ავტორია არქიტექტორი მაია ბუხაიძე, ხოლო კონსტრუქციული ნაწილი  გია ცომაიას ეკუთვნის.
 
ბეთლემის ქუჩის N10-ში მდებარე 2 სართულიანი სახლი, რომელიც  კულტურული მემკვიდრობის ძეგლს წარმოადგენდა, დემონტაჟი 2014 წლის ზაფხულში  განხორციელდა.  სახლი მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო და 2013 წლის ოქტომბრის თვიდან თბილისის განვითარების ფონდმა მოსახლეობის ეტაპობრივი, დროებით ქირით გამოყვანა დაიწყო.  ამჟამად   13 ოჯახი სარგებლობს ბინის ქირით.
ბეთლემის ქუჩა N10-ის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დასრულებისთანავე,  მაცხოვრებლები  ახლადაშენებულ, კეთილმოწყობილ სახლებს დაუბრუნდებიან.

 

სიახლე
21 აპრილი 2015  
 
 

მახათას მთაზე, მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღი გაშენდება.
ნერგების დარგვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სანერგე ორმოების ამოღების პროცესს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანებისა საქალაქო სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი გაეცნო.
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 000 ძირი ზეთისხილი დაირგვება. ნერგების დარგვის ინიციატივა თბილისის მერიას, ფონდ „ივერიისას“ და საპატრიარქოს ეკუთვნის.
ზეთისხილის ნერგების დარგვის პროცესი ერთ კვირაში დაიწყება და მაისის ბოლოს დასრულდება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
 

24-26 აპრილს თბილისში ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, წოლჭიმში, ამოწევასა და ძალისმიერ ორჭიდში, ეკიპირებულ და არაეკიპირებულ დივიზიონში მოეწყობა. ჩემპიონატთან დაკავშირებით დღეს ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციას თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე დაესწრო. პროექტს თბილისის მერიის მხარდაჭერით საქართველოს ძალისმიერი სამჭიდის ეროვნული ალიანსი ახორციელებს. ჩემპიონატის მასპინძელია ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჩემპიონატში მონაწილეობას 25-მდე ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი, ასევე 10 საერთაშორისო და სერთიფიცირებული მსაჯი მიიღებს.
სპორტის აღნიშნულ სახეობაში შეჯიბრი საქართველოში პირველად იმართება.

სიახლე
21 აპრილი 2015  
 
 

თბილისს ახალი - ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი შეემატა. თავისუფალი თეატრის  მიმდებარე ტერიტორიაზე, მსახიობისა და პოეტის სახელობის ახალი სკვერის გახსნას თბილისის მერი  დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ნიკო გომელაურის ოჯახის წევრები და ახლობლები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, თავისუფალი თეატრის მსახიობები და ნიკო გომელაურის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
ახალ სკვერში ნიკო გომელაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენაც გაიმართა. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ნიკო გომელაურის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ საქმეში.
„ნიკო გომელაური სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, მაშინ, როდესაც შემოქმედებითი სიმწიფის ასაკში შედიოდა. ასაკის მიუხედავად, მან ღრმა კვალი დატოვა ქართულ კულტურაში, ადამიანთა გულებში, დამსახურებულად მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა როგორც ხელოვანმა, მოქალაქემ და  მეგობარმა. ამდენად, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნდა ნიკო გომელაურის სახელის უკვდავყოფა დედაქალაქში, იმ ადგილას, სადაც იგი მოღვაწეობდა - თავისუფალ თეატრთან, რომელიც, ალბათ, ყველაზე უკეთ და სრულად გამოხატავდა ამ ადამიანის სულისკვეთებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკო გომელაურმა ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი სკვერი შესძინა, რომელიც თბილისელების საყვარელ  ადგილად იქცევა.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ნიკო გომელაურის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები  თბილისის განვითარების ფონდმა  2014 წლის ზაფხულში დაიწყო და 2015 წლის აპრილის დასაწყისში დაასრულა. პროექტის ავტორია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე.  მსახიობის მონუმენტი მოქანდაკე როკო ირემაშვილის ავტორობით დაიდგა.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, სკვერის ტერიტორია მოპირკეთდა მაღალი ხარისხის ბაზალტის ფილებით,  ირგვლივ ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, კიბეებზე დამაგრდა რკინის მოაჯირები, დაიდგა სკამები, სკვერში ასევე დამონტაჟდა სანათები და  გაკეთდა თეატრის აფიშის დაფა. პროექტის მეორე ეტაპზე ნიკო გომელაურის ლექსები ლითონის ასოებით დაიწერა და  სკვერის საფეხმავლო მონაკვეთზე, სკამებსა  და კედელზე განთავსდა. 

სიახლე
15 აპრილი 2015  
 
 

22 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით თბილისის საგუნდო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალი იწყება, რომელიც უკვე მეხუთე წელია წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ქალაქის საფესტივალო ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის პროფესიონალთა და მოყვარულთა შორის. ფესტივალთან დაკავშირებით დღეს ორგანიზატორებმა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი დაესწრო.
ტრადიციულად ფესტივალში მონაწილეობას იღებენ აკადემიური და საბავშვო საგუნდო კოლექტივები მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე პროფესიული გუნდები უცხოეთიდან.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი პოლონეთის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის კამერული გუნდი, რომელიც განსხვავებულ და საინტერესო პროგრამას სთავაზობს მსმენელს, პოლონეთის გუნდის გამოსვლა წარმოდგენილი იქნება პერფორმანსის სახით. ასევე ჩამოდიან მუსიკოსები ციურიხიდან, რომლებიც ითანამშრომლებენ საქართველოს სახელმწიფო კაპელასთან .
თბილისის საგუნდო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 22 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში. საფესტივალო კონცერტები გაიმართება რუსთაველის აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში, თბილისის ისტორიის მუზეუმში ქარვასლაში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, თბილისის კონსერვატორიასა და მეექვსე საავტორო სკოლაში.
ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში მონაწილე ყველა საგუნდო კოლექტივი, გაიმართება 2015 წლის 2 მაისს თბილისის ისტორიის მუზეუმში - ქარვასლაში და ბოლო ნომრად, ტრადიციულად, გუნდები ერთად შეასრულებენ ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებებს.

 

 

სიახლე
21 აპრილი 2015  
 
 

თბილისის გარე-განათების ქსელში კიდევ ერთი პილოტ პროექტი განხორციელდა. „სინათლის ქალაქის“ დახმარებით, ყაზახურმა კომპანია „SD Group”-მა ჯავახიშვილის ქუჩაზე, საცდელი ვადით, 17 LED სანათი დაამონტაჟა. დიოდური სანათების მონტაჟისა და განათების ჩართვის პროცესს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობა დაესწრო.
„სინათლის ქალაქის დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისში 4 პილოტ პროექტი ხორციელდება. მისი თქმით, დიოდური სანათები დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ბარათაშვილის ხიდზე, აეროპორტის შესასვლელთან და ახლა უკვე ჯავახიშვილის ქუჩაზე. როგორც ხორავამ განაცხადა, მიმდინარე პილოტ პროექტებს სპეციალისტები აკვირდებიან, რომლებიც მათი ეფექტურობის შესახებ დასკვნას წარმოადგენენ.
საპილოტე პროექტები „სინათლის ქალაქმა“ პოლონურ კომპანიებთან „ბიო სულოშენ“ და „ევოლუცია პოლანდ“ ერთობლივად განახორციელა, მათ რიცხვს, ამჯერად, ყაზახური „SD Group”-მა დაემატა.
დიოდური სანათები  ელექტროენერგიის 60–70 %-იან ეკონომიას გასწევს.

სიახლე
8 აპრილი 2015  
 
 

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი საუბნო სამსახურის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ ბექაური არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ წარმომადგენელ ლევან ხაბეიშვილს ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივლებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და მერიის ყოფილი თანამშრომელი ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს, რომ ბექაური მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული. ხაბეიშვილის ბრალდების ერთადერთი არგუმენტი საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენში მოხსენიებულია ვინმე ვასილ ბექაური, სულ სხვა პიროვნება, რომლის პირადი მონაცემები არ ემთხვევა ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლის, ვასილ ბექაურის პირად მონაცემებს. ემთხვევა მხოლოდ ამ ორი პიროვნების სახელი და გვარი. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენში დასახელებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების ნაწილი წაშლილია, მაინც გარკვევით იკითხება, რომ გასამართლებული ვასილ ბექაური ცხოვრობს საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში და დაბადებულია მარტის თვეში. გამგეობის თანამშრომელი ვასილ ბექაური კი დაბადებულია მაისში და დაბადებიდან დღემდე თბილისში ცხოვრობს. ასევე არ ემთხვევა ამ ორი პიროვნების მამის სახელები. შესაბამისად, აღნიშნული სასამართლოს განაჩენი არ ეხება ნაძალადევის გამგეობის თანამშრომელ ვასილ ბექაურს და საქმეში ფიგურირებს სხვა პიროვნება.
ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მთავრობისა და თავად ვასილ ბექაურის დისკრედიტაციის მიზნით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ბექაურს გამგეობაში წარდგენილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ცნობა ნასამართლეობის შესახებ, რომელშიც წერია, რომ იგი არ არის ნასამართლევი. 
მიუხედავად ამ გარემოებებისა, ვინაიდან მედია საშუალებებით გავრცელდა ამგვარი ინფორმაცია, თბილისის მერია ვალდებულია, გადაამოწმოს ნებისმიერი ფაქტი. ამიტომაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს საკითხის მოკვლევა უკვე დაავალა.
ვასილ ბექაური გამგეობის ნაძალადევის საუბნო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 2014 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. 

სიახლე
20 აპრილი 2015  
 
 

დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  საქართველოს მთავრობის სხდომაზე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  ფონდ „ქართუს“ მიერ 10 000 000 ლარის გრანტის სახით გამოყოფის საკითხი წარადგინა. მთავრობამ ფონდიდან თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა. 
10 მილიონიანი გრანტის ფარგლებში დედაქალაქის მერია სხვადასხვა სპორტულ ობიექტებთან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს. შეიძენს პროექტებსა და საექსპერტო მომსახურებას, ასევე, პროექტების განხორციელების მომსახურებას. 
გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მოხდება სპორტული ობიექტების - მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის, შ. ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის, მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის, ააიპ "ჩოგბურთის განვითარების" ელექტროენერგიის სიმძლავრეების გაზრდა. პროექტის განხორციელების სავარაუდო თანხა  340 000 ლარს შეადგენს.  
ასევე განხორციელდება ბელიაშვილის ქუჩიდან ძიუდოს ფედერაციის ცენტრალური შესასვლელის კეთილმოწყობა და შიდა ეზოში ორგანული ნარჩენისაგან ნიადაგის საფარის დაგება. პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრულია 30 000 ლარი. 96 329 ლარია გათვლილი  შ. ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის ეზოს შესასვლელამდე ასფალტის საფარის დასაგებად. მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის უკანა შესასვლელთან ასფალტის საფარის დაგებისათვის განსაზღვრულია  7 341 ლარი. გრანტის ფარგლებში მოხდება თბილისის ზღვის გარშემო გზის ასფალტის საფარის კაპიტალური შეკეთება, რომლის  საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისთვის 75 000 ლარი, პროექტის განხორციელებლად კი  5 304 879 ლარია განასზღვრული.  
ოლიმპიური ფესტივალისთვის განხორციელდება მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონის გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია. მოწესრიგდება გზის საფარი და ავტოსადგომი, რისთვისაც 1 150 000 ლარია განსაზღვრული.  14 000 ლარამდე დაიხარჯება მიხელ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის გაზმომარაგების გარე ქსელის მოწყობისათვის. განხორციელდება ჩოგბურთის კორტებთან გაზმომარაგების, საკანალიზაციო და გარე ქსელის მოწყობა, რომლისთვისაც 39 500 ლარია განსაზღვრული.  
ასევე მოხდება ე.წ დიღმის ჭალების მიმდებარე პერიმეტრის კეთილმოწყობა, რომლის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის 25 000, პროექტის განსახორციელებლად კი 690 355 ლარია განსაზღვრული. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა წყალმომარაგების სისტემა, რომელზეც 604 596 ლარი დაიხარჯება. გრანტის ფარგლებში მოეწყობა ოლიმპიური სოფლის კანალიზაციის გარე ქსელი, რომილსთვისაც 1 000 000 ლარია განსაზღვრული.  სავარაუდოდ, 623 000 ლარი დაიხარჯება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მრავაფუნქციური სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრის გარე კომუნიკაციების - წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად. 
13 ობიექტზე სამუშაოები ეტაპობრივად ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე დასრულდება. 

სიახლე
20 აპრილი 2015  
 
 

გლდანის რაიონის 59-ე საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სამინისტროს თანამშრომლებმა, მანდატურებმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.
თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების პროცესში უშუალოდ სკოლის მოსწავლეები არიან ჩართული.

"თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებიული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ იმ სკოლების ეზოებში, სადაც გვაქვს თავისუფალი სივრცე, ვრგავთ ხეებს. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანების თვალსაზრისით და ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მოსწავლეები არიან ჩართული ამ პროცესში და სწავლობენ, როგორ დარგონ ხეები და როგორ მოუარონ მას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, სკოლის მოსწავლეები თავად იზრუნებენ ნერგების მოვლა-პატრონობაზე, რაც მათი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

"სკოლები ძალიან აქტიურად ჩაებნენ გამწვანების პროგრამაში. დღეს ჩვენ ვართ 59-ე სკოლაში, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს და ერთ-ერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტი სწორედ აქ განხორციელდება, იმიტომ, რომ 1400 ნერგი უნდა დავრგოთ. ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან, ჩართულები არიან ასევე პედაგოგები, გვეხმარებიან მანდატურები. მნიშვნელოვანია, რომ ჩართულები არიან ბავშვები, რაც მათი განვითარებისთვის ძალია ნ კარგია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

სკოლის ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე, 500 კვიპაროსის, 100 იფანისა და 100 ნეკერჩხლის ნერგი დაირგო. პროექტის მეორე ეტაპზე, სკოლის ეზოში დაახლოებით 800 ძირი ხე დაირგვება.

საჯარო სკოლების ეზოების გამწვანების პროექტის ფარგლებში, რომელიც თბილისში მდებარე 60 საჯარო სკოლას მოიცავს, ამ დროისთვის დარგულია 6 100 ფოთლოვანი და 1000 წიწვოვანი ჯიშის ნერგი. პროექტის მიხედვით, ჯამში, საჯარო სკოლების ეზოები 10 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხე-მცენარით განაშენიანდება.

როგორც საჯარო სკოლებში, ასევე სხვა ობიექტებზე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობას ამავე სამსახურის კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. ისინი, ვალდებული არიან, ხმობის შემთხვევაში, ნარგავები შესაბამის სეზონზე ახალი ნერგებით ჩაანაცვლონ.

სიახლე
5 აპრილი 2015  
 
 

დინამო სტადიონის რეაბილიტაციისთვის დამატებით 6 მილიონი ლარი გამოიყოფა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს. რეაბილიტაციისთვის დამატებით გამოყოფილი თანხით განხორციელდება „დინამო არენას“ სკამების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება, ასევე, ჰიდროიზოლაცია და შეღებვა, რისთვისაც 4 339 143,41ლარია გამოყოფილი.ამასთან, დაგეგმილია გადახურვის კონსოლურ ელემენტებს შორის ნალესის მოხსნა, კონსოლის ქვედა სიბრტყის შეღებვა და I და II იარუსის კიბის შუბლების მონიშვნა, რაზეც   237 778 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, ოთხი ტემპერატურული ნაკერის ქვეშ მდებარე ე.წ. სქაიბოქსების გადახურვის ნაწილობრივი ჰიდროიზოლაცია განხორციელდება, რისთვისაც 41 762,92 ლარია გამოყოფილი. დაგეგმილია, ასევე, უეფას ოფისების კეთილმოწყობა, რაზეც 100 000 ლარი დაიხარჯება. განხორციელდება გამაგრებითი სამუშაოების მესამე ეტაპი, რისთვისაც  704 304 ლარია გამოყოფილი. გასახდელების განყოფილებასა და VIP ლოჟაში უზრუნველყოფილი იქნება, ასევე, ელექტროგაყვანილობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილიაცია და სახანძრო სიგნალიზაცია, რაზეც 577 011ლარი დაიხარჯება. 

სიახლე
20 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მეტრო თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემით აღიჭურვა. ახალი სისტემის მუშაობა დღეს ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ შეამოწმეს. თბილისის მერის განცხადებით, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის თანამედროვე სისტემების დანერგვა აუცილებელია. „სადისპეტჩერო  სადგურის  უმთავრესი ფუნქციაა, თანამედროვე ელექტრონულ სისტემაზე მატარებლების მოძრაობის გადასვლა. ეს სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს მართვის პროცესს. გათვალისწინებულია მოძრაობასთან და მის უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული  ყველა სიახლე. მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით, თანამედროვე სისტემების არსებობა  მნიშვნელოვანია და სისტემის განახლების  გადაწვვეტილებაც სწორედ ამიტომ მივიღეთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოდერნიზაციის შედეგად, თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემით, მოხდა არსებული ამორტიზებული და მოძველებული სადისპეტჩეროს ჩანაცვლება. პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა კომპანიის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულის აღმოსავლეთ ფლიგელის რეკონსტრუქცია, სადაც განლაგდა მეტროს მოძრაობის და ელმომარაგების, აგრეთვე, ავტობუსების სადისპეტჩერო ცენტრები. აღნიშნული ფლიგელი ადაპტირებულია როგორც მიმდინარე სამუშაო პროცესისათვის, ისე საგანგებო სიტუაციებში ოპერატიული მართვისთვის. პროექტი რამდენიმე ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე განხორციელდა ქვედა დონეზე, მეტროპოლიტენის სადგურებში, მოძველებული, რელეებზე დამყარებული სადისპეტჩერო კვანძების შეცვალა თანამედროვე, მიკროპროცესორული სისტემით; მეორე ეტაპზე, საკომუნიკაციო დონეზე, ათეული კილომეტრი მრავალძარღვიანი სპილენძის კაბელების ნაცვლად კავშირი დამყარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით, რის შედეგადაც, ერთი მხრივ, გამარტივდა მისი ექსპლუატაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ოპტიკური ქსელის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გაიზარდა მისი გადაზღვევის და, შესაბამისად, საიმედოობის ხარისხი. ასევე, ზედა დონეზე, ნახევარგამტარებზე და რელეებზე დამყარებული ცენტრალური ნაწილი შეიცვალა თანამედროვე სერვერებით; სადისპეტჩერო მართვის ოთახში დამონტაჟდა თანამედროვე კომპიუტერები და ვიდეოკედელი. სრულად შეიცვალა, ასევე, 70-იანი წლების ცენტრალური სასაათე მეურნეობა.
თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახალი სადისპეტჩერო სისტემა ითვალისწინებს ახალი ფუნქციების დამატებას, რაც უფრო მოქნილს გახდის მართვას და უფრო დეტალურად ასახავს ინფორმაციას. მეტროს სამატარებლო შემადგენლობის სადისპეტჩერო სისტემა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მეტროს ფუნქციონირებაში. ის უზრუნველყოფს მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას, არეგულირებს მატარებელთა შორის ინტერვალებს და უსაფრთხოების სხვა ქვესისტემებს, უზრუნველყოფს ხაზზე მატარებელთა მოძრაობის დინამიკას და მასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის დეტალურ ასახვას ცენტრალურ სადისპეტჩეროში.

 

სიახლე
20 აპრილი 2015  
 
 

დიდუბის  რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
ამ ეტაპზე სადარბაზოების შიდა რემონტი 21 ობიექტზე მიმდინარეობს, მათ შორის ჭიაურელის  ქუჩა N3-ში, სამტრედის ქუჩაზე კორპუს 3ა-ში, რობაქიძის გამზირის  7 ნომერში და სხვ. პროექტის ფარგლებში, მაღალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს,დაზიანებული კედლების დამუშავების შემდგომ, შეიღებება სადარბაზოს კედლები.
დიდუბის რაიონის გამგეობამ ამხანაგობის მიერ ინიცირებული პროექტი  504 267  ლარით დააფინანსა.
თბილისის მთავრობის ინიციატივით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შედეგად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროცენტულმა მონაწილეობამ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვნად დაიკლო. საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, სამუშაოების 20%-ს იხდის. აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ნაკლები დანახარჯით მოაწესრიგოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები.

 

 

 

სიახლე
20 აპრილი 2015  
 
იხილეთ მეტი