ცხელი ხაზი 272 22 22
11:05 01/02/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის რაიონში, მიხეილ ჭიაურელის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგებისა და გიული ჭოხონელიძის ქუჩასა და ჩიხში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, ჭიაურელის ქუჩაზე შეიცვალა სასმელი წყლის სისტემა, დაიდგა წყლის მრიცხველები, მოეწყო საფუძველი და დაიგო ასფალტის ქვედა ფენა. მისივე თქმით, ქუჩის ერთ ნაწილზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარის ზედა ფენაც, მეორე ნაწილზე კი ახლა მიმდინარეობს დაგება, რის შემდეგაც ქუჩა ჩაბარდება მოსახლეობას.
ჭიაურელის ქუჩის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის თებერვალში დასრულდება. 3 330 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გერლი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 270 000 ლარია. 
გიული ჭოხონელიძის ქუჩისა და ჩიხის კაპიტალური შეკეთება 2015 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება, სულ 5 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამუშაოებს კომპანია „ენკი“ აწარმოებს. რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ტერიტორიის ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი. დარჩენილია ერთი ნაწილის საფუძვლის მოწყობის, ასფალტის ფენებისა და ბორდიურის მოწყობის სამუშაოები. 
გ. ჭოხონელიძის ქუჩისა და ჩიხის კაპიტალური შეკეთებისთვის ერთად 618 000 ლარი დაიხარჯება.

სიახლე
31 იანვარი 2015  
 
 

31 იანვრის  24.00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე 5 ხიდი-გზაგამტარის გამოცდა იწყება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე  ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. დაიკეტება გზატკეცილის მთავარი ზოლი და მოძრაობა სავალი ნაწილის მეორეხარისხოვანი ზოლების საშუალებით იქნება შესაძლებელი.
გამოცდის სამუშაოები გზაგამტარებზე ეტაპობრივად, 15 თებერვლის ჩათვლით  ჩატარდება შემდეგ გზაგამტარებზე: კახეთის გზატკეცილიდან ვაზისუბნის დასახლებაში გადასასვლელთან არსებული ხიდი; ე.წ. ვარკეთილის ხიდი; ე.წ. ორხევის ხიდი;  ე.წ. აეროპორტის ხიდები.
თითოეული გზაგამტარის გამოცდა  ღამის საათებში, მონაცველობით მოხდება. გამოცდის პროცესში მთელი ღამის განმავლობენ ნაგებობებზე განთავსებული სატვირთო მანქანები მოახდენენ მანევრირებას. კვლევითი სამუშაოების მიზანია დადგინდეს ნაგებობების მდგომარეობა.  ასევე,  გაიცემა რეკომენდაციები,  რა ტიპისა და ღირებულების სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს გამოცდილ და გამოკვლეულ ობიექტებს.
კვლევით სამუშაოები, რომელსაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდსაცდელი ცენტრი აწარმოებს,  2015 წლის მაისში დასრულდება.  პროექტი  ითვალისწინებს მეტეხის გვირაბისა და დედაქალაქის მასშტაბით  20 ხიდის გამოცდა-გამოკვლევას. დღეისათვის უკვე  შემოწმდა გვირაბი და 6 ხიდი. 

 

 

სიახლე
31 იანვარი 2015  
 
 

თბილისის მერიაში, უეფას სუპერთასის მატჩის დღეს გზების გადაკეტვის სქემის განსახილველად პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქ. თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას წარმომადგენლები. 
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გამართავენ კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას, სადაც შეირჩევა გზების გადაკეტვის რამდენიმე სქემიდან ისეთი, რომელიც საუკეთესო იქნება უეფას სუპერთასის მასშტაბის ღონისძიებისთვის.
2015 წლის 11 აგვისტოს უეფას სუპერთასის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან თბილისში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის 29 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.
მსგავსი მასშტაბის საფეხბურთო მატჩი საქართველოში არასდროს არ გამართულა და აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობა უდიდესი პატივია ჩვენი ქვეყნისათვის.

სიახლე
30 იანვარი 2015  
 
 

მიმდინარე წლის 29 იანვარს,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის გასაუბრებაზე, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოქმედი თანამშრომელი, კონკურსანტი კახაბერ ბუსკივაძე აწარმოებდა ფარულ ვიდეოგადაღებას.
კომისიის წევრებს აღნიშნულის თაობაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ბუსკივაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადეკვატურ ქმედებებს. კერძოდ, კომისიის წევრთა განცხადებით,  გასაუბრების პროცესში კახაბერ ბუსკივაძე არ პასუხობდა დასმულ ცალკეულ შეკითხვებს, მოქმედებდა გამომწვევად და პროვოკაციულად.  გასაუბრების დასრულებისას, არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მან არ დატოვა გასაუბრების ოთახი და დაჟინებით ითხოვდა, მისთვის დამატებით დაესვათ შეკითხვები.
კომისიის წევრებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კახაბერ ბუსკივაძე  ფარულ გადაღებას აწარმოებდა მაჯის საათზე დამონტაჟებული  ვიდეოკამერის მეშვეობით. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, გამოძახებული იქნა პატრული. კახაბერ ბუსკივაძის ქმედების შედეგად,  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობა ჩაიშალა, რის გამოც დარჩენილ კანდიდატურებთან გასაუბრება გადაიდო.
კომისიის წევრთა აზრით, კახაბერ ბუსკივაძის ქმედება მიზნად ისახავდა კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას.
ის, რომ აღნიშნული ინციდენტიდან უმოკლეს პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წევრები ადგილზე იყვნენ მობილიზებული, ცხადყოფს რომ ეს ქმედება მათ მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი.
მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, დეტალურად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

 

 

 

სიახლე
29 იანვარი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა გახსნეს.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას და საქართველოს 10 წლიანი პარტნიორობა აკავშირებს. კორპორაციისაგან პირველი, 395 აშშ მილიონი დოლარის კომპაქტი საქართველომ 2005 წელს,   ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარების   მიზნით მიიღო.
კორპორაციამ 2013 წელს საქართველოს მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი დაუმტკიცა. საქართველო მსოფლიოს ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალშია, რომელმაც მეორედ მიიღო კომპაქტი. მეორე კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

სიახლე
29 იანვარი 2015  
 
 

საქართველოს სახალხო არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის 83 წლისთავზე, დღეს 9 აპრილის ბაღში ცნობილი მსახიობის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა. ძეგლის ავტორი, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს. 9 აპრილის ბაღში ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახის წევრები, მეგობრები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
„დღეს ღირსეული პატივი მივაგეთ ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს. ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი შემოქმედება და მემკვიდრეობა დაგვიტოვა. რამდენიმე თვის წინ, როდესაც მისი სახელობის მემორიალური დაფა გავხსენით, პირობა დავდეთ, რომ 83 წლის იუბილეზე, 9 აპრილის ბაღს ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დაამშვენებდა და ამით პატივს მივაგებდით მის უკვდავ სახელს, რაც შევასრულეთ. ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელი შთამომავლობას შემორჩება, როგორც ნათელი მაგალითი ჭეშმარიტი ხელოვანისა, ღირსეული ქართველისა და სამაგალითო მოქალაქისა. თითოეული ჩვენგანის ვალია, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ მისი სახელის უკვდავყოფაში, ჩვენი შვილები მოვიყვანოთ ამ ადგილზე და მოვუყვეთ მისი ღვაწლისა და შემოქმედების შესახებ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერია ყოველთვის მზად არის, მხარში დაუდგეს ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, ოთარ მეღვინეთუხუცესმა მოღვაწეობის 60 წლის განმავლობაში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი გმირი შექმნა კინოსა და თეატრში. „მქონდა ბედნიერება, პირადად ვიცნობდი ბატონ ოთარს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად უდიდესი საერთაშორისო აღიარებისა, მას ყოველთვის თავმდაბლობა ახასიათებდა და ეს მტკიცე ხასიათი ყველა გმირს ლაიტმოტივად გაჰყვებოდა. ყველაზე მთავარი, რაც მას ჰქონდა და  დღესაც აქვს, უამრავი ჯილდოს და აღიარების გარდა, არის ხალხის სიყვარული, რისი დასტურიც დღევანდელი დღეა“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წლის 9 მაისს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტს კინოსა და თეატრში რამდენიმე ათეული როლი აქვს შესრულებული. ოთარ მეღვინეთუხუცესს მინიჭებული აქვს რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. 1979 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. მსახიობი ასევე იყო არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.
ოთარ მეღვინეთუხუცესი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. გარდაცვალების შემდეგ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დიმიტრი უზნაძისა და რომის ქუჩებს შორის მდებარე მოედანს ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელი ეწოდა. მსახიობის სახლთან კი მემორიალური დაფა გაიხსნა. 

სიახლე
16 იანვარი 2015  
 
 

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ხევებს  და ფერდობებს ასუფთავებს. ზემო ვეძისის  დასახლებაში დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო. დასუფთავდა და ნარჩენებისგან მთლიანად გაიწმინდა დასახლებაში მდებარე სასაფლაოს მიმდებარე ფერდობი და ხევი. სამშენებლო  და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდაზე „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკა, მთამსვლელები და ორმოცდაათი სპეც-თანამშრომელი მუშაობდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დანაგვიანებული ტერიტორიებიდან და ყველა სამშენებლო  ნარჩენი გლდანში,  შემოვლითი გზის  მიმდებარედ განთავსდება. თბილისის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან კანონი და სამშენებლო ნარჩენი განათავსონ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე.
„გარდა ამისა, მოვუწოდებ ყველას, ნუ ენდობიან ცალკეულ ინდივიდუალურ პირებს, რომლებმაც შემოღობეს ტერიტორიები და ცდილობენ თვითნებურად დაადგინონ გარკვეული მოსაკრებელი და მისცენ ადამიანებს იქ სამშენებლო ნარჩენის განთავსების უფლება. ერთადერთი უწყება, რომელსაც თბილისში სამშენებლო ნარჩენის განთავსებაზე თანხმობის გაცემა შეუძლია, ეს არის „თბილსერვის ჯგუფი“. ყველა სხვა შემთხვევა არის უკანონო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ზემო ვეძისის დასახლებაში არსებული სასაფლაოს მიმდებარე ფერდობისა და ხევის გარდა,  სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა თბილისის ზღვაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორია და მის გარშემო ფერდობები,  ასევე ვერეს ხეობა.
დედაქალაქში არსებული ფერდობების, ხევების და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მათზე კონტროლის გამკაცრება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შპს „თბილსერვის ჯგუფს“  21 იანვრის მთავრობის სხდომაზე დაავალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
29 იანვარი 2015  
 
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, ინდივიდუალურ მეწარმეები, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც 2014 წლის 22 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე  დაერიცხათ დასუფთავების  მოსაკრებელი, გათავისუფლებული არიან ერთჯერადად დარიცხული გადასახადისგან, ხოლო მათ ვისაც უკვე გადახდილი აქვს მოსაკრებელი, გადახდილი თანხა დაუჯდებათ კრედიტში.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მიმართავს იმ აბონენტებს, რომლებსაც ზემოთ აღნიშნულ პერიოდში დაერიცხათ მოსაკრებელი, მიმდინარე წლის 5 ივნისის ჩათვლით, განცხადებით მიმართონ შპს „თბილსერვის ჯგუფს“ მისამართზე - კახეთის გზატკეცილი #67, ბელიაშვილის ქ.25.
თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა-ამოღების კონტროლის მიზნით,  შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 2014 წლის 22 სექტემბრის #02748 ბრძანებით  ქ. თბილისის პასპორტიზაციის ფარგლებში შეამოწმა დედაქალაქის 5 რაიონში მოქმედი დაწესებულებები, ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიულ პირები, ასევე ინდივიდუალური მეწარმეები.
აღნიშნულ პირებს  დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის #7-22 გადაწყვეტილებით დადგენილი წესით, რამაც ხშირ შემთხვევაში შეადგინა 2 თვიდან 18 თვემდე პერიოდი. შესაბამისად, ერთჯერადად დარიცხული მოსაკრებლის ოდენობა მერყეობს დაახლოებით 100 ლარიდან 200 000 ლარამდე.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-46 დადგენილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა  2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რის გამოც შესამოწმებლად დარჩენილ რაიონებში მოქმედ დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ინდივიდუალურ  მეწარმეებს,   დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს ახალი დადგენილების მიღების ძალაში შესვლის დღიდან - 2014 წლის 17 დეკემბრიდან.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დღემდე შემოწმებული ობიექტები აღმოჩნდნენ საკმაოდ მძიმე და არათანაბარ პირობებში, იმ პირებთან შედარებით, რომელთა შემოწმება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-46 დადგენილების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში  მოქმედი დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიულ პირების, ინდივიდუალური მეწარმეების თანაბარ პირობებში მოქცევის მიზნით, საჭიროა შემოწმებულ გადამხდელებზე (აბონენტებზე) ერთჯერედად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის კორექტირება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით “თბილსერვის ჯგუფს” ცხელ ხაზზე: 2 61 90 50.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-83 იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=2669442&lang=ge#

 

 

 

 

სიახლე
14 იანვარი 2015  
 
 

28 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონში", პროექტის „თბილისი, როგორც საერთაშორისო კინო-გადაღების ადგილი“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა წარადგინა.
"დღევანდელი პრეზენტაციის მიზანია ექსპერტებთან ერთად გავიაროთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მომავალში საერთო ღონისძიებების დაგეგმვის შედეგად თბილისი ვაქციოთ საერთაშორისო კინოწარმოებისთვის მიმზიდველ ადგილად. ეს მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ეს ძალიან კარგი სტიმულატორია ზოგადად ეკონომიკური, სოციალური  და კულტურული აქტივობის. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალაქის ბრენდინგი და მისი საერთაშორისო ასპარეზზე უკეთესი წარმოჩენა. ეს ორივე მიზანი დედაქალაქის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  შესაბამისად ვეცდებით რაც შეიძლება აქტიური როლი ვითამაშოთ ამ პროექტში და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს როგორც დარგმა, ასევე მთლიანად ქალაქმა",- განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე  ოლივერ რაიზნერი, ქართველი კინოპროდიუსერები და ექსპერტები. პროექტი ხორციელდება  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
"უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო გახდეს უცხოელი პროდუსერების გადასაღები მოედანი რადგან ამ შემთხვევაში მოხდება ტექნოლოგიების შემოდინება, კვალიფიკაციის ამაღლება,  უცხოური კაპიტალის შემოდინება. ეკონომიკასთან  ერთად ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას", -განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა.
"ძალიან მნიშვნელოვანია მერიის მხრიდან  ეს ინიციატივა,  რომ თბილისი გადაიქცეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველ ქალაქად საერთაშორისო კინომწარმოებლებისთვის.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ გატარდეს ღონისძიებები და შესაბამისი რეფორმები იმისათვის, რომ უფრო მარტივი და მიმზიდველი იყოს თბილისი ქართველი კინომწარმოებლებისთვის. ამ თვალსაზრისით საკმაოდ ბევრია გასკეთებელი  და ვთვლით,  რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაც  მისასალმებელია",- განაცხადა საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ხაბაშვილმა.
პროექტის მთავარი მიზანია ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესწავლა და საერთაშორისო კინომწარმოებელი კომპანიების მოსაზიდად შესაბამისი კონცეფციის შემუშავება. თბილისს აქვს გამორჩეული და უნიკალური მდებარეობა, კულტურულ-ისტორიული ძეგლები და თანამედროვე ნაგებობები, ასევე  ქალაქის  მრავალფეროვანი და განსხვავებული ლანდშაფტი, რაც განაპირობებს მის მიმზიდველობას.
საერთაშორისო კინო-წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა თავის მხრივ ეკონომიკური, კულტურული და სოციალური განვითარების შესაძლებლობებს ქმნის. აღნიშნული გულისხმობს ქალაქისა და ქვეყნისათვის დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რაც თავის მხრივ განაპირობებს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, ასტიმულირებს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალაქის ბრენდინგსა და მისი ტურისტული პოტენციალის  საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენას.

 

 

სიახლე
28 იანვარი 2015  
 
 

ნაძალადევის რაიონში, თიანეთის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. საერთო ფართობით 11, 634 კვადრატული მეტრის ქუჩის კაპიტალური შეკეთება 2015 წლის თებერვალში დასრულდება. პროექტის ღირებულება 615 000 ლარია.
პროექტის მიხედვით, მოიხსნა დაზიანებული საფუძველი, მოეწყო გრუნტი და საფუძვლის ზედა და ქვედა ფენა. ასევე, გათვალისწინებულია არსებული საკომუნიკაციო ჭების გზის ნიშნულამდე მოყვანა, ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. 
თიანეთის ქუჩის რეაბილიტაცია 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოებს კომპანია „გერალი“ აწარმოებს.

სიახლე
12 იანვარი 2015  
 
 

თბილისის  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, უფროსი მედდის შრომის ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება და  850 ლარს შეადგენს, ხოლო უმცროსი მედდის ხელფასი 125 ლარით, 750 ლარამდე გაიზრდება.
დავით ნარმანიას განცხადებით, ცენტრის სამედიცინო ბრიგადებისთვის ეს ხელფასების ზრდის მეორე ეტაპია. „მინდა, თითოეულ  იმ ადამიანს, ვინც ჩვენს სისტემაში, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ვუთხრა, რომ თბილისის მერია ყოველთვის იზრუნებს მათზე და მათთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს“, - განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მთავრობამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროს და უმცროს ექიმებს, ასევე მძღოლებს შრომის ანაზღაურება 2014 წლის სექტემბერში გაუზარდა. უფროსი ექიმის ხელფასი განისაზღვრა 1300 ლარამდე, უმცროსი ექიმის 1000-1100 ლარით, ხოლო მძღოლების 800-1000 ლარით, რაც დამოკიდებულია მორიგეობის საათების რაოდენობაზე. ნარმანიას თქმით, სწორედ მაშინ გაიცა დაპირება მედდებისათვის  ხელფასების გაზრდის შესახებ.

 

 

 

სიახლე
28 იანვარი 2015  
 
 

ერეკლე II-ს ქუჩაზე, ნაძვის ხეების ფესტივალი, ტელე კომპანია "GDS"-ის გამარჯვებით, დასრულდა. საუკეთესო ნაძვის ხე ხმის დამთვლელმა კომისიამ ჟურნალისტებთან ერთად გამოავლინა. კომისიის წევრები თამარ ფოცხიშვილი, მსახიობი ნიკა წულუკიძე და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ წერეთელი იყვნენ.
ნაძვის ხეების ფესტივალი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერიის ორგანიზებით, 25 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვარს დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში ერეკლე II-ს ქუჩის სტუმრებს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა სხვადასხვა წამყვანი ბიზნეს და ტელე კომპანიების მიერ წარმოდგენილი ნაძვის ხეები და ხმა მიეცათ საუკეთესოს გამოსავლენად. 
ფესტივალში მონაწილე კომპანიებს შორის იყო: ”Wissol” ჯგუფი, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”, ტელე კომპანია ”GDS”, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ”დინამო თბილისი”, კომპანია ”ახალი ქსელები”, დიზაინერი აკა ნანიტაშვილი, მაღაზია ”პროვანსი”, მაღაზია ”ქრონოგრაფი”, ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, გაზეთი ”პრაიმ ტაიმი”, კომპანია ”კაპაროლი” და კომპანია ”კონტრალო”.
გამარჯვებულ ნაძვის ხეს თბილისის მერიის მიერ დამზადებული სიმბოლური პრიზი გადაეცა.

სიახლე
7 იანვარი 2015  
 
 

დღეიდან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალურ სუბსიდიას გასულ წლებში არსებული 250 ლარის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე კომუნალური სუბსიდიის სახით 9 მილიონ 500 ათასი ლარი გაიცა. 2015 წლის ბიუჯეტიდან კი ამ მიზნით 19 მილიონი ლარი დაიხარჯება.
დღეისთვის დედაქალაქში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი ოჯახების რაოდენობა 38 ათასია.
დარიცხული სუბსიდიის თანხამ მიმდინარე თვეში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 3 მლნ. 192 ათასი შეადგინა. გასულ წელს აღნიშნულმა კატეგორიამ 1 მლნ. 914 ათას 400 ლარი მიიღო.

 

სიახლე
28 იანვარი 2015  
 
 

დღეს ერეკლე II-ის ქუჩაზე ნაძვის ხის ფესტივალი გაიხსნა. სხვადასხვა წამყვანი კომპანიის საიმიჯო ნაძვის ხეები ორი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი და მათ შორის საუკეთესო ნაძვის ხე ფესტივალის ბოლოს გამოვლინდება. გამარჯვებულ ნაძვის ხეს ერეკლე II-ის ქუჩის სტუმრები ხმის მიცემით შეარჩევენ.
ნაძვის ხეების ფესტივალი წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს და 7 იანვარს საზეიმო დაჯილდოებით დასრულდება.

სიახლე
25 დეკემბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გვიან ღამით დედაქალაქის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთდ ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის დაზიანებული მონაკვეთის მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში მუშაობს 2 აგრეგატი,  ეწყობა საყრდენი  კედელი, იბურღება ხიმინჯები,  დაბეტონდება არმატურის ნაჭრები, იცვლება კომუნიკაციები და კეთდება სანიაღვრე სისტემა. ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება ქვაფენილი.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, ხიმინჯებზე მუშაობა 5-6 დღეში დასრულდება. უახლოეს დღეებში დაიწყება კომუნიკაციის მოწესრიგება. ქვაფენილის დაგება სავარაუდოდ, ორ კვირაში დაიწყება. „თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, შევეცდებით ყველა სამუშაო მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში დავასრულოთ,“ - აღნიშნა ავთანდილ სუდაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებს.
საყრდენი კედელი მიხეილ  ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის ქუჩაზე 12 იანვარს ჩამოიშალა.

 

სიახლე
28 იანვარი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქში  მცხოვრებ სხვადახვა ქრისტიანული კონფესიის მრევლს შობა მოილოცა.
დავით ნარმანია კათოლიკურ ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძესთან ერთად დაესწრო, რის შემდეგაც შობის დღესასწაული მთავრობის წევრებთან ერთად “ორმოცდაათიანელებს” მიულოცა. 
"მოვედით, რათა  მოგილოცოთ და თქვენთან ერთად გავიზიაროთ ქრისტეშობის დღესასწაული, რომელიც ისევე, როგორც მაცხოვრის აღდგომა, ყველა ქრისტიანს გვაერთიანებს. შობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც პირველწყარო, დასაწყისი და დასაბამი ქრისტიანული რწმენისა.  შობის სასწაულით იწყება უფლის განკაცება. ეს ის დღეა, როცა სამყარო ერთად ზეიმობს, როცა კეთილმა სძლია ბოროტს. ჩვენ ვართ ერთნი და ამ ერთობით მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ"- მიმართა დავით ნარმანიამ კათოლიკური ეკლესიისა და „ორმოცდაათიანელების“ მრევლს და მათ ერთიანობა და სულის სიმტკიცე უსურვა.

სიახლე
25 დეკემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „რედისონში“ კომპანია “სენტაპეტროლიუმის“  პრეზენტაციას დაესწრო.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა,  წინა ხელისუფლების პირობებში კომპანიას ბიზნესის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა არ მიეცა და ახლა მათ შეუძლიათ საქმიანობა შეუზღუდავად გააგრძელონ. „ის, რომ კომპანია კვლავ ბაზარზე დაბრუნდა და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქმიანობას, საწინდარია იმისა, რომ კონკურენციის შედეგად ფასები დაიწევს, ადამიანები დასაქმდებიან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კომპანიამ ქართულ ბაზარზე ოპერირება დიზელის ტიპის საწვავით უკვე დაიწყო, უახლოეს პერიოდში კი ყველა ტიპის საწვავის არსებულ ფასზე უფრო იაფად რეალიზაციას გეგმავს.  “სენტაპეტროლიუმი“ თბილისში რამდენიმე ავტოგასამართი სადგურის გახსნასაც აპირებს. 

 

 

 

 

სიახლე
28 იანვარი 2015  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
გაეროს გენერალური ასამბლეის 2005 წლის რეზოლუციით, 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. ღონისძიების მონაწილეებმა მენორაზე სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს ჰოლოკოსტის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრჟეი ჩიეშკოვსკი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რაბინი ავიმელეხ როზენბლატი.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და საერთაშორისო ფონდი „ლეა“ და იგი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ (ANI) და საქართველოში ისრაელის საელჩოს  მხარდამჭერით გაიმართა.

 

 

სიახლე
27 იანვარი 2015  
 
 

ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია. რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ მოსახლეობასთან ერთად დღეს თემქაზე, 48-ე სკოლის ეზოში მდებარე განახლებული სტადიონი გახსნა. 450 კვ/მ ფართობის მოედანზე დაიგო ახალი, ხელოვნური მწვანე საფარი, განახლდა ფეხბურთისა და კალათბურთის კარები; სპორტული მოედნის გარშემო დამონტაჟდა ახალი ტექნოლოგიის ლითონის ბადე, რომელიც უსაფრთხოების მიზნით მოქცეულია პლასტმასის კონსტრუქციაში.
ნაძალადევის გამგებლის ზაზა გაბუნიას თქმით, დეკემბრის ბოლომდე კიდევ 3 სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდება.

 

სიახლე
13 დეკემბერი 2014  
 
იხილეთ მეტი