ცხელი ხაზი 272 22 22
23:55 03/05/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა. დედაქალაქის მერი მონაწილეობას მიიღებს კრაკოვში დაგეგმილ ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესში, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის - ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით ტარდება. კონგრესს სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან. კონგრესზე დავით ნარმანია სიტყვით გამოვა. თბილისის მერი თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს დედაქალაქის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრებს.

ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია ასევე შეხვდება კრაკოვის მერს იაჩეკ მაიხროვსკის, რომელთანაც პარტნიორობის გაგრძელების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. კრაკოვსა და თბილისს შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას 2009 წელს მოეწერა ხელი.
თბილისის მერთან ერთად პოლონეთში გაემგზავრნენ საკრებულოს წევრები: დავით უთმელიძე და სოსო მანჯავიძე.

სიახლე
3 მაისი 2015  
 
 

”ქოლგა თბილისი ფოტო 2015” დაჯილდოების ცერემონიით და სასტუმრო "რუმსის" ეზოში განთავსებული გრანდიოზული ექსპოზიციით გაიხსნა. 
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იქ მაქაცარია დაესწრნენ. თბილისის მერის მოადგილემ დააჯილდოვა გამარჯვებული ნომინაციაში "რეპორტაჟი" - ვალერი მელნიკოვი, პროექტით "უკრაინის შავი დღეები", რომელიც გადმოსცემს ომს, როგორც ყოველი მოქალაქის პირად ტრაგედიას.
ფოტო-კონკურსი წელს უკვე მე-14-ე წელია, რაც იმართება და მისი მთავარი მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია დააკავშიროს საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. 
”ქოლგა თბილისი ფოტო 2015”-ის ფარგლებში, თბილისი უმასპინძლებს ფოტოკონკურსის საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას და 7 მაისის ჩათვლით მოეწყობა, როგორც  საერთაშორისო ისე ადგილობრივი გამოფენები.  

გამოფენებზე დასწრება თავისუფალია. პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.kolga.ge

სიახლე
2 მაისი 2015  
 
 

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-3 კორპუსისა და ქურდიანის ქუჩა N 19-ის  ტერიტორიაზე შიდა კვარტალურ გზებზე ასფალტის საფარი იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს  დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა,  გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად დაათვალიერა. 
სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში სულ მიწის ზედაპირი 1700 კვ მეტრი ფართობის  გზის მონაკვეთზე მოიჭრა, მოეწყო ბორდიურები და  5 სანტიმეტრიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 54 900 ლარია.
დიდუბის რაიონის გამგეობის დაფინანსებით 4 მისამართზე უკვე დაიგო  600 კვ მეტრი მოცულობის ასფალტო ბეტონის საფარი, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან  21 853 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-14 კორპუსთან ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.
შიდა კვარტალური გზების მოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს „საგზაო კომპანია“ ახორციელებს.
 
 

სიახლე
2 მაისი 2015  
 
 

დიდი დიღმის მიმდებარე 17 ქუჩასა და სოფელ დიღომში გარე-განათების 160 ახალი საყრდენი ბოძი და 760-მდე სანათი წერტილი  დამონტაჟდა. ჩატარებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, ადმინისტრაციის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა და „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა ვასილ ხორავამ დაათვალიერეს.
დავით ნარმანიას თქმით, დიდი დიღმის ახალ დასახლებასა და სოფელ დიღომში გარე-განათების დაყენების თხოვნით თბილისის მერიას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის დავალებით გარე განათების ქსელი „სინათლის ქალაქმა“ დაამონტაჟა.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, გარე-განათების ქსელი 21 კილომეტრიან მონაკვეთზე გაკეთდა. მისივე თქმით, ამით დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გარე-განათების ქსელის განვითარების მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.

 

 

 

სიახლე
2 მაისი 2015  
 
 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები თბილისის გამწვანების აქციაში - „მე ვამწვანებ ქალაქს“ - ჩაერთნენ. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელებთან ერთად, დიდ დიღომში კიპარისის ნერგები დარგეს. აქციაში, ასევე, მონაწილეობდა საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.
აღნიშნული აქციის მიზანი შშმ ბავშვების საზოგადოებაში მაქსიმალური ინტეგრაცია, მათი მოტივაციის გაზრდა და თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების დემონსტრაცია იყო. თბილისის მერიამ ამ კატეგორიის ბავშვებს ქალაქისთვის სასიკეთო საქმეში მონაწილეობის საშუალება მისცა და ე.წ. სიცოცხლის ხეების დარგვის აქციაში ჩართვით მათ ერთი პოზიტიური დღე აჩუქა.
„აისის“, „ანიკას“, „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“, „პირველი ნაბიჯისა“ და „მშობლების თანადგომას“ აღსაზრდელებმა დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მოსახლეობას თუნდაც ერთი ხის დარგვისკენ მოუწოდეს და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს აქციაში მათი მონაწილეობა მაგალითი გახდეს შშმ პირებისთვის და საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობაში დარწმუნდეს.
„თბილისის მერია განაგრძობს გამწვანების ღონისძიებებს თბილისის ყველა უბანში და მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ჩართული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ბავშვებს აუხსნეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ დარგულ თითოეულ ნერგს თბილისისა და მათი ჯანმრთელობისთვის. მისი თქმით, მსგავსი მნიშვნელობის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
„მერიასთან ერთად დავრგეთ ხეები, რაც ძალზე სასიხარულოა და ამაღლებულ განწყობას ქმნის თითოეულ ჩვენგანში. ძალიან პოზიტიური დღე იყო და რაც უფრო ბევრი იქნება ასეთი დღეები ჩვენი ბავშვებისთვის, უკეთესია, რადგან მათ ძალიან უყვართ ქველმოქმედება და სიკეთის კეთება“, - განაცხადა ასოციაცია „ანიკას“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ სეფერთელაძემ.

სიახლე
30 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია „თბილისი მოლში“ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეცხრე საერთაშორისო ოლიმპიადის გახსნას დაესწრო. ოლიმპიადა 1-დან 3 მაისის ჩათვლით იმართება და მასში 100-ზე მეტი პროექტი და 300 -მდე გამომგონებელია წარმოდგენილი.
თბილისის მერმა ოლიმპიადის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს თვითრეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს.
„ოლიმპიადა დაეხმარება მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, საკუთარი ინოვაციური გამოგონებები გააცნონ ფართო საზოგადოებას, განავითარონ კრეატიული ბიზნეს-იდეები და დაამყარონ კავშირები თანატოლებთან. სულითა და გულით ვუსურვებ წარმატებას ოლიმპიადის ყველა მონაწილეს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  
ორი დღის განმავლობაში ჟიური დეტალურად გაეცნობა ახალგაზრდების გამოგონებებს და კვლევის შედეგებს. საუკეთესო პროექტების ავტორები 3 მაისს გამოვლინდებიან. თითოეულ სექციაში გამარჯვებულს სხვადასხვა პრიზი და ოქროს, ვერცხლი ან ბრინჯაოს მედალი გადაეცემათ.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სიახლე
1 მაისი 2015  
 
 

მთაწმინდის რაიონში, წავკისში, რუსთაველის ქუჩაზე 5700 კვადრატული მეტრის ფართობზე ასფალტის საფარი იგება. სამუშოებისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 140 000 ლარია გამოყოფილი. რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.  სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. “ბლექ სი გრუპი”  აწარმოებს,  აპრილის ბოლომდე დასრულდება.
გარდა ამისა,  მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილებამ,  გზის საფარი წავკისი-შინდისი-ტაბახმელას მუნიიპალიტეტში სამ ქუჩაზე 2 770 კვ მეტრის ფართობზე დააგო, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან  54 000 ლარი გამოიყო. 

სიახლე
27 აპრილი 2015  
 
 

თბილისის ბოტანიკურ ბაღს სტატუსის მინიჭებიდან 170 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დაესწრნენ.
ვიზიტორთა სახლში, რომელიც დღეს თბილისის მერმა გახსნა, დეკორატიული მცენარეებისა და ყვავილების ფესტივალი გაიმართა, სადაც ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთებიდან საქართველოს იშვიათი ენდემური და წითელი ნუსხის მცენარეები და 54 ჯიშის იასამანი იყო წარმოდგენილი. იქვე გამოიფინა თბილისის ბოტანიკური ბაღის თემაზე გადაღებული პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრები. თბილისის მერმა ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობასთან ერთად ბაღის ტერიტორიაზე მდებარე სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, ბოტანიკური ბაღი გაზაფხულიდან უფრო მეტ ტურისტს, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით მოემსახურება.  “ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ვიზიტორთა ახალი ცენტრი, რათა გაზაფხულიდან უფრო მეტ ტურისტს მოვემსახუროთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  თბილისის მერი მოუწოდებს ტურისტებს, აუცილებლად ეწვიონ ბოტანიკურ ბაღს.
დღესვე, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე „საქართველოს (თბილისის) ბოტანიკური ბაღის წარსული, აწმყო და მომავალი“. გარდა ამისა, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საპატრიარქოსთან არსებულ დეკორატიული მებაღეობის კოლეჯთან.
ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციის მიზნით,  მთელი დღის განმავლობაში მცირე ექსკურსიები მოეწყობა. ვიზიტორებს  სირინგარიუმის (იასამნების საკოლექციო ნაკვეთი) დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.
170 წლის წინ, 1845 წლის 1 მაისს მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით,  იმდროინდელ „სააფთიაქო ბაღს“ ოფიციალურად მიენიჭა „ბოტანიკური ბაღის“ სტატუსი.

 

 

სიახლე
1 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად მეწარმეობის მსურველ ქალებს  სასწავლო პროგრამის "დაიწყე შენი ბიზნესი" ფარგლებში გადაამზადებს.
სასწავლო პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც უკვე აქვს  ბიზნეს იდეა და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს. ტრენინგკურსი მეწარმეობის მსურველებს საკუთარი ბიზნეს იდეის  მიხედვით ბიზნესგეგმის შედგენასა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაში დაეხმარება.
ტრენინგი 28-30 აპრილს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში (ბელიაშვილის ქ.#8) ჩატარდება. მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ  სერტიფიკატებს მიიღებენ. 

ტრენინგკურსი "დაიწყე შენი ბიზნესი"  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე  ბიზნესის  განვითარებას. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია შვედეთის მეწარმეთა კონფედერაციის მიერ და ორიენტირებულია მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეების მოთხოვნებზე.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ  ანკეტა  და შემოიტანონ ქ.თბილისის მერიაში (შარტავას ქ.# 7).

იხილეთ ანკეტა 

სიახლე
22 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად სოფელ დიდ ლილოში მიმდინარე მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, 240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება, მუშაობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ობიექტი დროულად ჩაბარდეს. მისივე თქმით, მოსკოვის გამზირზე მდებარე თავშესაფარში  ამჟამად მცხოვრებ  ბენეფიციარებს ახალ თავშესაფარში  საცხოვრებლად ყველა საჭირო პირობა ექნებათ.
პროექტის მიხედვით, შენდება ერთსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება საძინებლები, სამრეცხაო, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, მედპუნქტი, სტაციონარი, ფსიქოლოგის კაბინეტი. საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა შიდა და გარე კანალიზაციისა და წყალსადენის ქსელები, გათბობის სისტემა, ვენტილაცია. თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, ხანძარსაქრობითა და საქვაბით. პროექტით გათვალისწინებულია  შიდა ეზოს კეთილმოწყობაც. კომპლექსს ეყოლება დაცვა და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „RSP 40“ 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს.

 

სიახლე
1 მაისი 2015  
 
 

თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი განმეორებითი კონკურსი საკონკურსო კომისიამ მიმდინარე ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში არსებულ ნაშთზე ყველაზე მაღალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი საბანკო დაწესებულება გამოავლინა.
განმეორებითი კონკურსი 2015 წლის 29 აპრილს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ექვსმა პრეტენდენტმა მიიღო. კერძოდ: ბანკმა „რესპუბლიკა“, „ლიბერთი ბანკმა“, „ქართუ ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“, „ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“ და „თიბისი ბანკმა“. კონკურსის შედეგებით გამოვლინდა, რომ მიმდინარე ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში არსებულ ნაშთზე დასარიცხი ყველაზე მაღალი წლიური სარგებელი - 9.3% სს „ლიბერთი ბანკმა“ დააფიქსირა.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 16 აპრილის N16.01.440 განკარგულებით დამტკიცებული მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისია თბილისის მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით საუკეთესო წინადადების წარმომდგენი საბანკო დაწესებულების გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ. თბილისის მთავრობა გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

 

სიახლე
30 აპრილი 2015  
 
 

მახათას მთაზე, მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღი გაშენდება.
ნერგების დარგვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სანერგე ორმოების ამოღების პროცესს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანებისა საქალაქო სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი გაეცნო.
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 000 ძირი ზეთისხილი დაირგვება. ნერგების დარგვის ინიციატივა თბილისის მერიას, ფონდ „ივერიისას“ და საპატრიარქოს ეკუთვნის.
ზეთისხილის ნერგების დარგვის პროცესი ერთ კვირაში დაიწყება და მაისის ბოლოს დასრულდება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
 

თბილისში საქართველოს სახალხო არტისტის ზინაიდა კვერენჩხილაძის მემორიალური დაფა  გაიხსნა. მსახიობის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. ღონისძიებას ზინაიდა კვერენჩხილაძის ოჯახის წევრები, რუსთაველის თეატრის მსახიობები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ზინაიდა კვერენჩხილაძემ თავისი მრავალწლიანი შემოქმედებით საქართველოს უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა. მისივე თქმით, მემორიალური დაფის გახსნით, დედაქალაქის მერიამ მსახიობის უკვდავსაყოფად მოკრძალებული წვლილი შეიტანა.
საქართველოს სახალხო არტისტის კახი კავსაძის თქმით, ზინაიდა კვერენხილაძე იყო ქართული თეატრის ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული, განსაკუთრებულად ძლიერი ტრაგიკოსი მსახიობი.
ზინაიდა კვერენჩხილაძე 1956 წლიდან რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა.  1968 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1976 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ათეულობით თეატრალურ როლთან ერთად შესრულებული აქვს რამდენიმე კინო-როლიც. ზინაიდა კვერენჩხილაძე გარდაიცვალა 2011 წლის 2 სექტემბერს. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში. 

სიახლე
30 აპრილი 2015  
 
 

თბილისს ახალი - ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი შეემატა. თავისუფალი თეატრის  მიმდებარე ტერიტორიაზე, მსახიობისა და პოეტის სახელობის ახალი სკვერის გახსნას თბილისის მერი  დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ნიკო გომელაურის ოჯახის წევრები და ახლობლები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, თავისუფალი თეატრის მსახიობები და ნიკო გომელაურის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
ახალ სკვერში ნიკო გომელაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენაც გაიმართა. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ნიკო გომელაურის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ საქმეში.
„ნიკო გომელაური სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, მაშინ, როდესაც შემოქმედებითი სიმწიფის ასაკში შედიოდა. ასაკის მიუხედავად, მან ღრმა კვალი დატოვა ქართულ კულტურაში, ადამიანთა გულებში, დამსახურებულად მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა როგორც ხელოვანმა, მოქალაქემ და  მეგობარმა. ამდენად, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნდა ნიკო გომელაურის სახელის უკვდავყოფა დედაქალაქში, იმ ადგილას, სადაც იგი მოღვაწეობდა - თავისუფალ თეატრთან, რომელიც, ალბათ, ყველაზე უკეთ და სრულად გამოხატავდა ამ ადამიანის სულისკვეთებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკო გომელაურმა ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი სკვერი შესძინა, რომელიც თბილისელების საყვარელ  ადგილად იქცევა.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ნიკო გომელაურის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები  თბილისის განვითარების ფონდმა  2014 წლის ზაფხულში დაიწყო და 2015 წლის აპრილის დასაწყისში დაასრულა. პროექტის ავტორია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე.  მსახიობის მონუმენტი მოქანდაკე როკო ირემაშვილის ავტორობით დაიდგა.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, სკვერის ტერიტორია მოპირკეთდა მაღალი ხარისხის ბაზალტის ფილებით,  ირგვლივ ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, კიბეებზე დამაგრდა რკინის მოაჯირები, დაიდგა სკამები, სკვერში ასევე დამონტაჟდა სანათები და  გაკეთდა თეატრის აფიშის დაფა. პროექტის მეორე ეტაპზე ნიკო გომელაურის ლექსები ლითონის ასოებით დაიწერა და  სკვერის საფეხმავლო მონაკვეთზე, სკამებსა  და კედელზე განთავსდა. 

სიახლე
15 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერიას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს  და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ის ტექნიკურ სამდივნოს შორის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის მიზნით თანამშრომლობის შესახებ  მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელმა ადრიან ტუმმა მოაწერეს.
ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის ძირითადი მიზანი მდგრადი ენერგეტიკის პოპულარიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
თბილისის მერმა წარმატებები უსურვა მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება არაერთი საჭირო და აუცილებელი პროექტის განსახორციელებლად. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ცენტრი აქტიურად იმუშავებს დონორ ორგანიზაციებთან და მოიზიდავს საგრანტო დაფინანსებას ენერგოეფექტური და მდგრადი ენერგეტიკის სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების დასაფინანსებლად.
„თბილისი ევროკავშირის ინიციატივის - „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი ქალაქია, შესაბამისად, მთელი რიგი ვალდებულებები გვაქვს აღებული. მათ შორის, ერთ-ერთ ვალდებულებაა მდგრადი ენერგეტიკის პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობის შესახებ. მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის გახსნა  მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება „მერების შეთანხმების“ ვალდებულების ფარგლებში“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, ცენტრის გახსნით შეიქმნება სივრცე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და გარკვეული კონსულტაციის მიღება. ასევე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, მოწყობილობების, ექსპონატების, საინფორმაციო მასალების ადგილზე გაცნობა და დათვალიერება.
ცენტრი ფუნქციონირებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყებს. 

სიახლე
30 აპრილი 2015  
 
 

თბილისის გარე-განათების ქსელში კიდევ ერთი პილოტ პროექტი განხორციელდა. „სინათლის ქალაქის“ დახმარებით, ყაზახურმა კომპანია „SD Group”-მა ჯავახიშვილის ქუჩაზე, საცდელი ვადით, 17 LED სანათი დაამონტაჟა. დიოდური სანათების მონტაჟისა და განათების ჩართვის პროცესს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობა დაესწრო.
„სინათლის ქალაქის დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისში 4 პილოტ პროექტი ხორციელდება. მისი თქმით, დიოდური სანათები დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ბარათაშვილის ხიდზე, აეროპორტის შესასვლელთან და ახლა უკვე ჯავახიშვილის ქუჩაზე. როგორც ხორავამ განაცხადა, მიმდინარე პილოტ პროექტებს სპეციალისტები აკვირდებიან, რომლებიც მათი ეფექტურობის შესახებ დასკვნას წარმოადგენენ.
საპილოტე პროექტები „სინათლის ქალაქმა“ პოლონურ კომპანიებთან „ბიო სულოშენ“ და „ევოლუცია პოლანდ“ ერთობლივად განახორციელა, მათ რიცხვს, ამჯერად, ყაზახური „SD Group”-მა დაემატა.
დიოდური სანათები  ელექტროენერგიის 60–70 %-იან ეკონომიას გასწევს.

სიახლე
8 აპრილი 2015  
 
იხილეთ მეტი