ცხელი ხაზი 272 22 22
15:04 03/03/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, თითქოსდა თბილისის მერიას 1.1. მილიონი ლარი სასტუმროს მომსახურებისთვის დაუხარჯავს.
სამწუხაროდ, აღნიშნული ორგანიზაციის  მიერ ჩატარებული კვლევა არ არის კვალიფიციური, ვინაიდან მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამას და არა მერიის მიერ დედაქალაქის სტუმრებისთვის გაწეულ ხარჯს.
შშმ მოზარდების სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ბავშვები ბორჯომსა და ურეკში სარეაბილიტაციო კურსს გადიან. 2013-2014 წელს ამ პროგრამით ჯამში 6070-მა მოზარდმა ისარგებლა. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და გამართლებული პროგრამაა, რომელიც შშმ მოზარდების მხარდასაჭერად ხორციელდება.
ორგანიზაცია საკუთარ კვლევაში საერთოდ არ საუბრობს ამ საკითხზე და საზოგადოებას აწვდის მცდარ ინფორმაციას მერიის მიერ „არაგონივრულად“ დახარჯულ თანხებზე.
რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ ჯამში სტუმრების სასტუმროს მომსახურებისთვის 178 000 ლარი დახარჯა.
თბილისის მერია მზად არის, ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორთან და მიაწოდოს მათთვის საინტერესო ყველა სახის საჯარო ინფორმაცია, თუმცა, ამავდროულად, მოვუწოდებთ როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ისე ყველა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და კვალიფიციურობა ამა თუ იმ საკითხის შესწავლისას.

 

 

 

სიახლე
2 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

„2008 წლის აგვისტოს ომმა და კრიზისმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია სამშენებლო სექტორზე,  ბევრი მშენებლობა დღემდე გაჩერებულია. საქმე უმეტესწილად დედაქალაქში შეჩერებულ მშენებლობებს ეხება, რომელმაც  წინ ვერ წაიწია. სამშენებლო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია წახალისება და სხვადასხხვა სტიმულირების ინსტრუმენტები, რათა შეძლონ შეჩერებული მშენებლობების დასრულება. ამიტომ, საგადასახადო სტიმულირებასთან ერთად, აუცილებელია კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გათავისუფლება და მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, რაც სამშენებლო კომპანიებს ფინანსური რესურსების გამოთავისუფლების დამატებით შესაძლებლობას  მისცემს, რათა შეძლონ მათი ჩადება მშენებლობის პროცესში.  დედაქალაქის მერია აქტიურად იყო ჩართული და ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ საკითხს. თბილისის მთავრობა  მზად არის, კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გაათავისუფლოს და მშენებლობის ნებართვების ვადა გაუგრძელოს 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ და ამ დრომდე დაუსრულებელ მშენებლობებს, რისთვისაც შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მოსაკრებლისგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს მოგვცემს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 

 

სიახლე
19 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ პარკირების მოსაწყობად მიმდინარე სამუშაოები და ახლად გახსნილი სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“ დაათვალიერა.
ორდონიანი, 160 ავტომობილზე გათვლილი პარკირების ადგილის მოწყობას  კომპანია  „გლდანი მოლი“  2015 წლის სექტემბრამდე უზრუნველყოფს. თბილისის მერის განცხადებით, პარკირების საკითხი მერიის ხელშეწყობით გადაწყდა და სექტემბრისთვის დასრულდება. კომპანია მის მოსაწყობად 1 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
მეტროსადგურის მიმდებარედ უკვე გახსნილია სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლის“ ოთხი სართული. “გლდანი მოლი” სრული დატვირთვით გახსნას, რაც სავაჭრო ცენტრის შვიდივე სართულის და მიწისქვეშა ავტოსადგომის ფუნქციონირების დაწყებას გულისხმობს, 2015 წლის სექტემბერში გეგმავს.
კომპანიამ სამუშაოები ახმეტელის მეტროს მიმდებარედ 2012 წელს დაიწყო. ამ დრომდე პროექტში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობამ 10,7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
პარკირების მოწყობის ვალდებულების შესრულებისა და შენობის ექსპლოატაციაში მისაღებად, კომპანიას ესაჭიროებოდა მუნიციპალიტეტის, როგორც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, თანხმობა.
მერიის შესაბამისი სამსახურების აქტიური მუშაობის შედეგად, მერიაში შექმნილი ქონების განკარგვის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციით მიიღეს გადაწყვეტილება, განხორციელებულიყო მიწის ნაკვეთების გაერთიანება და შენობის დარეგისტრირება,  ვალდებულების შესრულების შედეგად მიღებული აქტივები კი შეტანილ იქნა კომპანიის კაპიტალში, რის სანაცვლოდაც კომპანიას 2017 წლიდან მართვის საზღაური 50%-ით გაეზრდება.
ამჟამად “გლდანი მოლში”  56 სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს. დასაქმებულია 371 ადამიანი.  სავაჭრო ცენტრის სრული დატვირთვით გახსნის შემდეგ კი დასაქმებულთა რაოდენობა 700-მდე  გაიზრდება.

 

სიახლე
2 მარტი 2015  
 
 

მეტროსადგურმა „ღრმაღელე“ მუშაობა განაახლა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მეტროპოლიტენის დაკეტილ მონაკვეთზე  მატარებლების მოძრაობა 14:00 საათიდან აღდგა. მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ სანიაღვრე კოლექტორის დაზიანების გამო, რამაც გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია, მეტროსადგური 18 თებერვალს, საღამოს 20:30 საათიდან დაიკეტა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში  მუშაობდნენ და მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულეს გვირაბის დაზიანებული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე კომპანია „GWP“-ს ბრიგადები, რომლებმაც ასევე დაასრულეს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

სიახლე
19 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის არქიტექტურის სამსახური და ინვესტორი კომპანია - შპს „აპოლო გ.ს.“ თბილისში მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის შექმნაზე კონკურსს აცხადებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ განაცხადა, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. კონკურსი ღიაა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისათვის, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.
ნინო ღოღობერიძის თქმით, იმის გამო, რომ მირზა შაფის ქუჩა ძველი თბილისის ნაწილია, მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. ბოლო წლების განმავლობაში თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქუჩის განვითარების არაერთი კონცეფცია წარედგინა, თუმცა, არც ერთი მათგანი მოცემულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.
„არქიტექტურის სამსახურისა და ინვესტორი კომპანიის რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, მიმდინარე წლის 23 თებერვალს, მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის კონკურსის გზით შერჩევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელს აწერენ თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს „აპოლო გ.ს.“-ს წარმომადგენლები. მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არქიტექტორთა ასოციაციის, „ტფილისის ჰამქრისა“ და შპს „აპოლო გ.ს.“-ს წარმომადგენლები, აგრეთვე, ცნობილი არქიტექტორები და ურბანისტები. კომისიამ შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები“ - განაცხადა ნინო ღოღობერიძემ.
მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომისიამ გადაწყვიტა, მოაწყოს საკონკურსო ნამუშევრების საჯარო გამოფენა, რათა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, გაეცნონ წარმოდგენილ ნამუშევრებს და საკონკურსო კომისიას წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები. საკონკურსო ნამუშევრების საჯაროდ გამოფენა და მათი საკონკურსო კომისიის სხდომებზე განხილვა იწარმოებს ანონიმურობის პრინციპის დაცვით, ხოლო კონკურსში მონაწილე ესკიზური პროექტების ავტორების ვინაობა ცნობილი მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ გახდება.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 საუკეთესო ესკიზური პროექტი. I, II და III ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ჯილდოს სახით 20 000, 7 000 და 3 000 აშშ დოლარი გადაეცემა. ესკიზური პროექტების მიღება კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. საუკეთესო საკონკურსო კონცეფციის საფუძველზე თბილისის არქიტექტურის სამსახური დაამუშავებს განაშენიანების რეგულირების გეგმას და გასცემს შესაბამისი მშენებლობის ნებართვას.  

სიახლე
2 მარტი 2015  
 
 

დასრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსი. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და გამოსცა შესაბამისი ოქმი. მერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპზე - გასაუბრება. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი დარჩა ვაკანტური, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. აღსანიშნავია, რომ კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტური ადგილების  40% ახალი კადრებით დაკომპლექტდა.
გარდა ამისა, ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შესრულების ვადის გასვლის გამო მერიის სისტემაში თანამდებობიდან გათავისუფლდა 445 თანამშრომელი. დროებით მოვალეობის შემსრულებელთა ის ნაწილი, ვინც წარმატებით გაიარა კონკურსი, დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე.
რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის, დავით მედულაშვილისა და ამავე სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის, თამაზ ცერცვაძის შესახებ, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირები იყვნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლები. დავით მედულაშვილი, ვადის გასვლის გამო, დაკავებული თანამდებობიდან 16 თებერვალს გათავისუფლდა, ხოლო თამაზ ცერცვაძე არ გამოცხადდა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, რის გამოც, ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნისთანავე, გათავისუფლდება სამსახურიდან.
აქვე, გაცნობებთ, რომ თბილისის მერია თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც, მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მათთვის აუცილებელ ინფორმაციას. ამ შემთხვევაშიც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ამ ორი პირის შესახებ ინფორმაცია მომთხოვნს მიეწოდა. აქვს თუ არა რომელიმე მათგანს შეხება ჯოკია ბოდოკიას საქმესთან, ამაზე პასუხის გასაცემად თბილისის მერია არ არის კომპეტენტური, ვინაიდან ის არ არის საგამოძიებო ორგანო.

 

 

სიახლე
17 თებერვალი 2015  
 
 

ჩუღურეთის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, აღმაშენებლის გამზირზე მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ მოეწყო. მარათონმა სტარტი N24 სკოლიდან აიღო და მარჯანიშვილის მოედანზე დასრულდა.
მარათონში ჩუღურეთის რაიონის 14 სკოლის 280 მოსწავლესთან ერთად თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე, ტრანსპორტის სამსახურის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი რიმა ბერაძე მონაწილეობდნენ. 
მერის მოადილემ გიორგი სოლომონიამ რაიონის ახალგაზრდობას და მთელ საქართველოს გაზაფხულის დადგომა მიულოცა. „მარათონი გაზაფხულის პირველი დღის დადგომას უკავშირდება. გვინდოდა, მოზარდთათვის, სწორედ, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით მიგველოცა ეს დღე“,- განაცხადა გიორგი სოლომონიამ.
ჩუღურეთის გამგებელმა კი აღნიშნა, რომ მარათონი „ჩემი გაზაფხული“ ერთგვარ ტრადიციად უნდა იქცეს.
„გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, ადამიანების განწყობაც ამაღლებულია, დღევანდელი მარათონით გვინდა მაგალითი მივცეთ ჩვენს თანაქალაქელებს, უბნელებს, რომ უფრო მეტად დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ მუდმივად ფორმაში და აიმაღლონ განწყობა“,- განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩუღურეთის გამგეობა მსგავსი აქციების მოწყობას მომავალშიც გეგმავს.

სიახლე
1 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის ბაღში) მედიათეკის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტისათვის 2 548 000 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო განაცხადების მიღება შესაძლებელია 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით. სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 450 დღეში დასრულდება.
„კიკვიძის ბაღის“ მედიათეკის პროექტი შპს „არქიტექტურის ლაბორატორია #3“-ს ეკუთვნის. ბიბლიოთეკის  გარდა, ერთ სივრცეში საგამოფენო, საპრეზენტაციო და კულტურული აქტივობებისათვის განკუთვნილი დარბაზები განთავსდება.
თბილისში 2013 წლის მარტიდან  უკვე ორი - ვაკისა და ვარკეთილის მედიათეკა ფუნქციონირებს. 

სიახლე
16 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი  დენდროლოგიურ პარკში, საგაზაფხულო რგვების წინ მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, საგაზაფხულო რგვებისთვის  მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ამოღებულია ორმოები, შემოღობილია ტერიტორია. "მარტიდან დაიწყება მასიური გამწვანება არა მხოლოდ დენდროლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ დიდ დიღომშიც. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით, ხეები დაირგვება საჯარო სკოლების ეზოებშიც" - განაცხადა თბილისის მერმა.
დენდროლოგიურ პაკში ამ დროისთვის უკვე შემოღობილია დაახლოებით 23 ჰექტარი  მიწის ნაკვეთი, ამოღებულია 50 ათასამდე ორმო და  ტერიტორია მომზადებულია საგაზაფხულო რგვებისთვის.  ორმოების ამოღება, ტერიტორიის შემოღობვა და შემდგომში დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა სოფლის მეურნეობის შპს „მექანიზატორთან“ და ქალაქ თბილისის მერიის  მიერ დაფუძნებულ შპს „მცენარეთა დაცვის საწარმოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე  ხორციელდება.
დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად  ხორციელდება.
თბილისის დენდროლოგიური პარკი  1956 წელს დაარსდა.

 

სიახლე
28 თებერვალი 2015  
 
 

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ინფორმაცია მერიის თანამშრომლების სახელფასო დანამატების შესახებ, რომლითაც კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო, თბილისის მერიის თანამშრომლებს - მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, მერის მრჩეველსა და მერიის ადმინისტრაციის უფროსის აპარატის უფროსს 2015 წლის 1 იანვრიდან ეძლევათ ხელფასის ერთმაგი ოდენობის დანამატი.
ამასთან, დედაქალაქის მთავრობამ, განსხვავებით თბილისის წინა მთავრობისგან, უარი თქვა პრემირების მანკიერ სისტემაზე და ის მკაცრი რეგულაციის ქვეშ მოაქცია. შევახსენებთ როგორც ნიკანორ მელიას, ისე მის თანაპარტიელებს, რომ 2014 წლის აგვისტომდე მერიაში თანამშრომლები ყოველთვიურად იღებდნენ როგორც ხელფასს, ისე დანამატსა და დიდი ოდენობით პრემიებს. მათ შორის, მაგალითად, მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, ყოველთვიურ ხელფასთან და დანამატთან ერთად, მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, საშუალოდ 8-10 ათასი ლარის ოდენობის პრემია აქვთ მიღებული.
თბილისის მერიის ახალმა მთავრობამ, უფლებამოსილების ცნობისთანავე, უარი თქვა იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რაც წლების განმავლობაში მელიამ, აბესაძემ, უგულავამ და მათმა თანამოაზრეებმა სისტემის ნაწილად აქციეს. ამიტომაც, მოვუწოდებთ ამ ადამიანებს, ნუ დაივიწყებენ საკუთარ დანაშაულებს და ნუ ეცდებიან, მიზანმიმართული ბინძური კამპანია აწარმოონ თბილისის მერიის წინააღმდეგ.

სიახლე
14 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია,  ფიდეს მსოფლიო გრან-პრის ვაჟთა შორის ტურნირის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ტურნირის ფინალისტები ფულადი პრემიითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა განაცხადა,  ფიდეს გადაწყვეტილება, გრან პრის გათამაშების თბილისში ჩატარების თაობაზე, არა მხოლოდ დროული, არამედ ისტორიულად სამართლიანიც იყო იმ უდიდესი საჭადრაკო ტრადიციების გათვალისწინებით, რაც საქართველოს დედაქალაქს აქვს და რითაც ყველანი ვამაყობთ.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა თბილისელის სახელით განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს დიდ მოჭადრაკე ქალბატონებს, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს მსოფლიოს საჭადრაკო ისტორიაში, აგრეთვე ყველას, ვინც ქმნიდა და ამკვიდრებდა ამ ტრადიციას" - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით,  გრან პრი, რომელიც პირველად ჩატარდა თბილისში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს დიდი ტრადიცია გრძელდება, ხოლო საქართველოს დედაქალაქი ინარჩუნებს მსოფლიო ჭადრაკის ერთ–ერთი ცენტრის ფუნქციას.
ფიდეს მსოფლიოს თბილისი გრან-პრი  დედაქალაქის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და  ის 2014 – 2015 წლების გათამაშების ციკლის მესამე ეტაპია. ასეთი მასშტაბისა და სიძლიერის ტურნირი საქართველოში პირველად ჩატარდა და მის ფარგლებში ერთმანეთს ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე ეპაექრებოდა.
დაჯილდოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები,  დეპუტატები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ცნობილი მოჭადრაკეები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე საქართველოში სპეციალურიად ფიდეს ვიცე პრეზიდენტი ისრაელ გელფერი ჩამოვიდა.

 

 

სიახლე
28 თებერვალი 2015  
 
 

გარკვეული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას ადვოკატი დავით ნარმანიას ძმა ირაკლი ნარმანიაა.
აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, ამ ისედაც მძიმე საკითხთან დაკავშირებით ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
თბილისის მერია მზად არის, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, მედიის დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხოს.

სიახლე
12 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო InterContinental Tbilisi-ს მშენებლობისთვის სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერას დაესწრო. 24 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ბანკმა, Adjara group Hospitality-მ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) .
თბილისის მერმა პროექტს წარმატება უსურვა და ქალაქის მთავრობის მხრიდან თანადგომა აღუთქვა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ბიზნესის მხრიდან სწორად გაკეთებული აქცენტია. "იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი წელს და მომავალ წლებში ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას და ძალიან ბევრ სტუმარს უმასპინძლებს, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება აქტუალურია, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში" - განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება კარგია ეკონომიკური განვითარების და თანამოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები დასაქმდებიან როგორც მშენებლობის, ისე სასტუმროს ექსპლუატაციის პროცესში, ბიუჯეტში კი გადასახადები შევა.
სასტუმრო InterContinental Tbilisi დედაქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავას 14-ში, ყოფილი გამომცემლობის შენობაში განთავსდება. სასტუმროს გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.
როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე ითქვა, პროექტის საერთო ღირებულება 53 მლნ აშშ დოლარია. მიმდინარე ეტაპზე მშენებლობაზე დასაქმებულია 150 ადამიანი, ხოლო დასრულების შემდეგ, სასტუმროში 350 თანამშრომელი დასაქმდება.

 

სიახლე
27 თებერვალი 2015  
 
 

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმე აღძრულია 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, ამიტომაც თბილისის მერია მიმდინარე გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს.
ამასთან, მინდა მივმართო თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. თბილისის მთავრობა არ დაუშვებს და რეაგირების გარეშე არ დატოვებს კორუფციის ან სხვა რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს.  

სიახლე
11 თებერვალი 2015  
 
 

კრწანისის რაიონის გამგეობამ რაიონში არსებულ გზებზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, მიმდინარე წელს კრწანისის რაიონის მასშტაბით, 61 ქუჩაზე 42 270 კვ.მ გზის საფარს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. მათ შორის, I ხეივნის, II ხეივნისა და III ხეივნის ქუჩებს, ვეზიროვის ქუჩას, რაჭის უბანს, კრწანისის I ჩიხსა და მიმდებარე ტერიტორიას.
სამუშაოების ფარგლებში მოხდება გზის საფარის როგორც ფრაგმენტული, ისე კაპიტალური შეკეთება. საავტომობილო სავალ ნაწილთან ერთად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებს, მოეწყობა ბორდიურები.
სატენდერო განაცხადების მიღება 23 თებერვალს დაიწყო და 16 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება სამუშაოები.

 

 

სიახლე
27 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია „ თბილისი ცენტრალის“ სავაჭრო ცენტრში ტექნიკის ფესტივალის საზეიმო გახსნას დაესწრო.  ფესტივალის ფარგლებში, ტექნიკის ბაზრის წამყვანი ხუთი კომპანია  - „ოქეი“, „ალტა“, „არაი“, „მეტრო მარტი“ და “სმაილი“  11-დან 22 თებერვლამდე მომხმარებელს ყველა სახის ტექნიკაზე  განსაკუთრებულ შეთავაზებებს გაუკეთებს.
როგორც ფესტივალის საზეიმო გახსნაზე თბილისის მერმა განაცხადა,  “ტექნიკის ფესტივალი” ძალზე მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. „ტექნიკის ბაზარზე მოქმედი ხუთი წამყვანი კომპანია ამით ამკვიდრებს ბაზრის სუბიექტებს შორის თანამშრომლობისა და თანამედროვე მარკეტინგის ცივილიზებულ, ევროპულ სტანდარტს. ასეთი ფესტივალი და მომხმარებლებისადმი სოლიდარული დამოკიდებულება ზრდის მოხმარების კულტურას თბილისსა და მთელს საქართველოში“ - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ტექნიკის ფესტივალი მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის ზრდის კუთხითაც. „საქართველოში ვაჭრობის სფეროში არსებული მაღალი კონკურენცია, აგრეთვე, ხელოვნების, კულტურისა და ტურისტული დაწესებულებების სიმრავლე, თბილისს ანიჭებს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაატაროს შოპინგფესტივალები არა მხოლოდ ტექნიკის, არამედ სხვა სავაჭრო, კულტურისა თუ ხელოვნების სფეროში.
ამდენად, ჩნდება შანსი, რომ თბილისის შოპინგფესტივალმა რეგიონული მნიშვნელობა შეიძინოს და მიმზიდველი გახდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შოპინგფესტივალის მონაწილეთა  შენაძენები გაზრდის ქალაქის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საინვესტიციო პოტენციალს.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია მზადაა, კვლავაც ხელი შეუწყოს კერძო ინიციატივებს, რომელიც უზრუნველყოფს თბილისისათვის რეგიონის ბიზნეს და ეკონომიკური ცენტრის ფუნქციის დაბრუნებას.  დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი არ იქნება ერთადერთი და მსგავს ღონისძიებაში  ჩაერთვებიან ვაჭრობის სხვა სფეროების წარმომადგენლები.
ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ წამოწყება მთელ საქართველოს მოიცავს. 

 

სიახლე
11 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე, კერძოდ კი მიწის ეროზიისგან დაცვის, ზედაპირული წყლებისა და ატმოსფერული დაბინძურების შესწავლის ასევე გამწვანების სამსახურის სპეციალისტების გადამზადებასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა მარტის დასაწყისში გაიმართება, სადაც გადაწყდება, კონკრეტულად რომელ სფეროში ითანამშრომლებენ.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ბიომრავალფეროვნების პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებში გაკეთდა ქარსაცავი ზოლები. გარდა ამისა, ორგანიზაციამ გადაამზადა გამწვანების სფეროში დასაქმებული პერსონალი.

 

სიახლე
27 თებერვალი 2015  
 
 

ბოლო დღეების განმავლობაში მედიით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თბილისის მერიაში მუშაობს ზვიად ღონიაშვილი. აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ზვიად ღონიაშვილი მერიის არც ერთ სტრუქტურაში არ არის დასაქმებული.

 

სიახლე
10 თებერვალი 2015  
 
იხილეთ მეტი