ცხელი ხაზი 272 22 22
00:45 01/03/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი  დენდროლოგიურ პარკში, საგაზაფხულო რგვების წინ მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, საგაზაფხულო რგვებისთვის  მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ამოღებულია ორმოები, შემოღობილია ტერიტორია. "მარტიდან დაიწყება მასიური გამწვანება არა მხოლოდ დენდროლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ დიდ დიღომშიც. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით, ხეები დაირგვება საჯარო სკოლების ეზოებშიც" - განაცხადა თბილისის მერმა.
დენდროლოგიურ პაკში ამ დროისთვის უკვე შემოღობილია დაახლოებით 23 ჰექტარი  მიწის ნაკვეთი, ამოღებულია 50 ათასამდე ორმო და  ტერიტორია მომზადებულია საგაზაფხულო რგვებისთვის.  ორმოების ამოღება, ტერიტორიის შემოღობვა და შემდგომში დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა სოფლის მეურნეობის შპს „მექანიზატორთან“ და ქალაქ თბილისის მერიის  მიერ დაფუძნებულ შპს „მცენარეთა დაცვის საწარმოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე  ხორციელდება.
დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად  ხორციელდება.
თბილისის დენდროლოგიური პარკი  1956 წელს დაარსდა.

 

სიახლე
28 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

„2008 წლის აგვისტოს ომმა და კრიზისმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია სამშენებლო სექტორზე,  ბევრი მშენებლობა დღემდე გაჩერებულია. საქმე უმეტესწილად დედაქალაქში შეჩერებულ მშენებლობებს ეხება, რომელმაც  წინ ვერ წაიწია. სამშენებლო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია წახალისება და სხვადასხხვა სტიმულირების ინსტრუმენტები, რათა შეძლონ შეჩერებული მშენებლობების დასრულება. ამიტომ, საგადასახადო სტიმულირებასთან ერთად, აუცილებელია კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გათავისუფლება და მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, რაც სამშენებლო კომპანიებს ფინანსური რესურსების გამოთავისუფლების დამატებით შესაძლებლობას  მისცემს, რათა შეძლონ მათი ჩადება მშენებლობის პროცესში.  დედაქალაქის მერია აქტიურად იყო ჩართული და ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ საკითხს. თბილისის მთავრობა  მზად არის, კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გაათავისუფლოს და მშენებლობის ნებართვების ვადა გაუგრძელოს 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ და ამ დრომდე დაუსრულებელ მშენებლობებს, რისთვისაც შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მოსაკრებლისგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს მოგვცემს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 

 

სიახლე
19 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია,  ფიდეს მსოფლიო გრან-პრის ვაჟთა შორის ტურნირის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ტურნირის ფინალისტები ფულადი პრემიითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა განაცხადა,  ფიდეს გადაწყვეტილება, გრან პრის გათამაშების თბილისში ჩატარების თაობაზე, არა მხოლოდ დროული, არამედ ისტორიულად სამართლიანიც იყო იმ უდიდესი საჭადრაკო ტრადიციების გათვალისწინებით, რაც საქართველოს დედაქალაქს აქვს და რითაც ყველანი ვამაყობთ.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა თბილისელის სახელით განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს დიდ მოჭადრაკე ქალბატონებს, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს მსოფლიოს საჭადრაკო ისტორიაში, აგრეთვე ყველას, ვინც ქმნიდა და ამკვიდრებდა ამ ტრადიციას" - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით,  გრან პრი, რომელიც პირველად ჩატარდა თბილისში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს დიდი ტრადიცია გრძელდება, ხოლო საქართველოს დედაქალაქი ინარჩუნებს მსოფლიო ჭადრაკის ერთ–ერთი ცენტრის ფუნქციას.
ფიდეს მსოფლიოს თბილისი გრან-პრი  დედაქალაქის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და  ის 2014 – 2015 წლების გათამაშების ციკლის მესამე ეტაპია. ასეთი მასშტაბისა და სიძლიერის ტურნირი საქართველოში პირველად ჩატარდა და მის ფარგლებში ერთმანეთს ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე ეპაექრებოდა.
დაჯილდოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები,  დეპუტატები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ცნობილი მოჭადრაკეები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე საქართველოში სპეციალურიად ფიდეს ვიცე პრეზიდენტი ისრაელ გელფერი ჩამოვიდა.

 

 

სიახლე
28 თებერვალი 2015  
 
 

მეტროსადგურმა „ღრმაღელე“ მუშაობა განაახლა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მეტროპოლიტენის დაკეტილ მონაკვეთზე  მატარებლების მოძრაობა 14:00 საათიდან აღდგა. მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ სანიაღვრე კოლექტორის დაზიანების გამო, რამაც გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია, მეტროსადგური 18 თებერვალს, საღამოს 20:30 საათიდან დაიკეტა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში  მუშაობდნენ და მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულეს გვირაბის დაზიანებული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე კომპანია „GWP“-ს ბრიგადები, რომლებმაც ასევე დაასრულეს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

სიახლე
19 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო InterContinental Tbilisi-ს მშენებლობისთვის სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერას დაესწრო. 24 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ბანკმა, Adjara group Hospitality-მ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) .
თბილისის მერმა პროექტს წარმატება უსურვა და ქალაქის მთავრობის მხრიდან თანადგომა აღუთქვა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ბიზნესის მხრიდან სწორად გაკეთებული აქცენტია. "იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი წელს და მომავალ წლებში ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას და ძალიან ბევრ სტუმარს უმასპინძლებს, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება აქტუალურია, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში" - განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება კარგია ეკონომიკური განვითარების და თანამოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები დასაქმდებიან როგორც მშენებლობის, ისე სასტუმროს ექსპლუატაციის პროცესში, ბიუჯეტში კი გადასახადები შევა.
სასტუმრო InterContinental Tbilisi დედაქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავას 14-ში, ყოფილი გამომცემლობის შენობაში განთავსდება. სასტუმროს გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.
როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე ითქვა, პროექტის საერთო ღირებულება 53 მლნ აშშ დოლარია. მიმდინარე ეტაპზე მშენებლობაზე დასაქმებულია 150 ადამიანი, ხოლო დასრულების შემდეგ, სასტუმროში 350 თანამშრომელი დასაქმდება.

 

სიახლე
27 თებერვალი 2015  
 
 

დასრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსი. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და გამოსცა შესაბამისი ოქმი. მერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპზე - გასაუბრება. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი დარჩა ვაკანტური, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. აღსანიშნავია, რომ კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტური ადგილების  40% ახალი კადრებით დაკომპლექტდა.
გარდა ამისა, ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შესრულების ვადის გასვლის გამო მერიის სისტემაში თანამდებობიდან გათავისუფლდა 445 თანამშრომელი. დროებით მოვალეობის შემსრულებელთა ის ნაწილი, ვინც წარმატებით გაიარა კონკურსი, დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე.
რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის, დავით მედულაშვილისა და ამავე სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის, თამაზ ცერცვაძის შესახებ, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირები იყვნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლები. დავით მედულაშვილი, ვადის გასვლის გამო, დაკავებული თანამდებობიდან 16 თებერვალს გათავისუფლდა, ხოლო თამაზ ცერცვაძე არ გამოცხადდა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, რის გამოც, ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნისთანავე, გათავისუფლდება სამსახურიდან.
აქვე, გაცნობებთ, რომ თბილისის მერია თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც, მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მათთვის აუცილებელ ინფორმაციას. ამ შემთხვევაშიც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ამ ორი პირის შესახებ ინფორმაცია მომთხოვნს მიეწოდა. აქვს თუ არა რომელიმე მათგანს შეხება ჯოკია ბოდოკიას საქმესთან, ამაზე პასუხის გასაცემად თბილისის მერია არ არის კომპეტენტური, ვინაიდან ის არ არის საგამოძიებო ორგანო.

 

 

სიახლე
17 თებერვალი 2015  
 
 

კრწანისის რაიონის გამგეობამ რაიონში არსებულ გზებზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, მიმდინარე წელს კრწანისის რაიონის მასშტაბით, 61 ქუჩაზე 42 270 კვ.მ გზის საფარს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. მათ შორის, I ხეივნის, II ხეივნისა და III ხეივნის ქუჩებს, ვეზიროვის ქუჩას, რაჭის უბანს, კრწანისის I ჩიხსა და მიმდებარე ტერიტორიას.
სამუშაოების ფარგლებში მოხდება გზის საფარის როგორც ფრაგმენტული, ისე კაპიტალური შეკეთება. საავტომობილო სავალ ნაწილთან ერთად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებს, მოეწყობა ბორდიურები.
სატენდერო განაცხადების მიღება 23 თებერვალს დაიწყო და 16 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება სამუშაოები.

 

 

სიახლე
27 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის ბაღში) მედიათეკის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტისათვის 2 548 000 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო განაცხადების მიღება შესაძლებელია 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით. სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 450 დღეში დასრულდება.
„კიკვიძის ბაღის“ მედიათეკის პროექტი შპს „არქიტექტურის ლაბორატორია #3“-ს ეკუთვნის. ბიბლიოთეკის  გარდა, ერთ სივრცეში საგამოფენო, საპრეზენტაციო და კულტურული აქტივობებისათვის განკუთვნილი დარბაზები განთავსდება.
თბილისში 2013 წლის მარტიდან  უკვე ორი - ვაკისა და ვარკეთილის მედიათეკა ფუნქციონირებს. 

სიახლე
16 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე, კერძოდ კი მიწის ეროზიისგან დაცვის, ზედაპირული წყლებისა და ატმოსფერული დაბინძურების შესწავლის ასევე გამწვანების სამსახურის სპეციალისტების გადამზადებასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა მარტის დასაწყისში გაიმართება, სადაც გადაწყდება, კონკრეტულად რომელ სფეროში ითანამშრომლებენ.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ბიომრავალფეროვნების პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებში გაკეთდა ქარსაცავი ზოლები. გარდა ამისა, ორგანიზაციამ გადაამზადა გამწვანების სფეროში დასაქმებული პერსონალი.

 

სიახლე
27 თებერვალი 2015  
 
 

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ინფორმაცია მერიის თანამშრომლების სახელფასო დანამატების შესახებ, რომლითაც კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო, თბილისის მერიის თანამშრომლებს - მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, მერის მრჩეველსა და მერიის ადმინისტრაციის უფროსის აპარატის უფროსს 2015 წლის 1 იანვრიდან ეძლევათ ხელფასის ერთმაგი ოდენობის დანამატი.
ამასთან, დედაქალაქის მთავრობამ, განსხვავებით თბილისის წინა მთავრობისგან, უარი თქვა პრემირების მანკიერ სისტემაზე და ის მკაცრი რეგულაციის ქვეშ მოაქცია. შევახსენებთ როგორც ნიკანორ მელიას, ისე მის თანაპარტიელებს, რომ 2014 წლის აგვისტომდე მერიაში თანამშრომლები ყოველთვიურად იღებდნენ როგორც ხელფასს, ისე დანამატსა და დიდი ოდენობით პრემიებს. მათ შორის, მაგალითად, მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, ყოველთვიურ ხელფასთან და დანამატთან ერთად, მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, საშუალოდ 8-10 ათასი ლარის ოდენობის პრემია აქვთ მიღებული.
თბილისის მერიის ახალმა მთავრობამ, უფლებამოსილების ცნობისთანავე, უარი თქვა იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რაც წლების განმავლობაში მელიამ, აბესაძემ, უგულავამ და მათმა თანამოაზრეებმა სისტემის ნაწილად აქციეს. ამიტომაც, მოვუწოდებთ ამ ადამიანებს, ნუ დაივიწყებენ საკუთარ დანაშაულებს და ნუ ეცდებიან, მიზანმიმართული ბინძური კამპანია აწარმოონ თბილისის მერიის წინააღმდეგ.

სიახლე
14 თებერვალი 2015  
 
 

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან ერთად მოინახულა.
ამჟამად მიმდინარეობს სავალი ნაწილის საფუძვლის მოწყობა. სამფენიანი საფუძვლის შემდეგ, მოეწყობა ბორდიურები. დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარის ორი ფენა. მათ შორის ზედა ფენა მოდიფიცირებული ასფალტით გაკეთდება, მოეწყობა ტროტუარები. მიწის სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს საყრდენი კედლის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შემდეგ კი მოეწყობა არმირების ბადე. რაც შეეხება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოებს, უკვე მოეწყო წყალსადენის ორი ხაზი, სადრენაჟე, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ასევე, „ახალი ქსელების“,  „თელასის“, „სილქნეტის“, „დელტაკომის“ ქსელები.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე 24-საათიანი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.  
„კედელი რომელიც ჩამოიშალა, აღდგენილია და ძალიან მყარი ბეტონის მასით შეივსო. ახლა, პრაქტიკულად, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ფაზა, გზის საფარის ქვედა ნაწილის მომზადება, რის შემდეგაც დაიგება ასფალტი. ჯავახიშვილის ქუჩაზე მინიმუმ, ათი წლის განმავლობაში რაიმე სახის მიწისქვეშა სამუშაო საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, უკვე დასრულებულია საყრდენი კედლის გამაგრების სამუშაოები. „თუ ამინდი ხელს არ შეგვიშლის, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად ერთ კვირაში აღდგება. ქუჩაზე დაიგება მოდიფიცირებული ასფალტი, რაც თბილისში ჯერ არსად გამოყენებულა.  ქუჩას ექნება ლამაზი იერსახე, გვექნება ძალიან კარგი საფარი, რომელიც იქნება უფრო მეტად გამტარუნარიანი და მეტი გამძლეობის“, - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი 12 იანვარს ჩამოიშალა. 

 

 

 

სიახლე
27 თებერვალი 2015  
 
 

გარკვეული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას ადვოკატი დავით ნარმანიას ძმა ირაკლი ნარმანიაა.
აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, ამ ისედაც მძიმე საკითხთან დაკავშირებით ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
თბილისის მერია მზად არის, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, მედიის დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხოს.

სიახლე
12 თებერვალი 2015  
 
 

პუშკინის ქუჩის N 19-სა და N25-ში არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში გაზიფიცირება დასრულდა. ქ.თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა და კომპანია „ყაზტრანსგაზის“ ხელმძღვანელმა გია ბენაშვილმა განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
დედაქალაქის მთავრობის დავალებით, თბილისის განვითარების ფონდმა პუშკინის N19-სა და N25-ში მობინადრეების მიმართ აღებული ვალდებულებები შეასრულა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და გაზიფიცირების შემდეგ,  საკუთარ სახლებში 30-მდე ოჯახი დააბრუნა.
პუშკინის ქუჩაზე გაზიფიცირების პროცესი 2014 წლის დეკემბერში დაიწყო.  სამუშაოები  კომპანია „ყაზტრანსგაზმა“ ეტაპობრივად განახორციელა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, თბილისის განვითარების ფონდი კვლავაც აქტიურად აგრძელებს მუშაობას. „წელს ჩვენ ქალაქის ისტორიულ ნაწილში 160-მდე ოჯახს მოვუწესრიგებთ საბინაო ფონდთან დაკავშირებულ პრობლემებს. ყველა პროექტი, რომელიც ხარვეზიანი იყო და წინა მმართველობისგან გადმოვიბარეთ დასრულდება, ისევე, როგორც 2015 წლის ბიუჯეტიდან განხორციელდება ახალი პროექტები და ოჯახების საბინაო პირობები გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ეს წინა პერიოდში იყო“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თემურ ხომერიკის თქმით, ფონდმა აღებული ვალდებულებები შეასრულა, პუშკინის ქუჩაზე  გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა და ყველა ოჯახი დაუბრუნდა თავის საცხოვრისს. „ყაზტრანსგაზის“ ხელმძღვანელის გია ბენაშვილის თქმით, კომპანია კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს დედაქალაქის მერიასთან და თბილისის განვითარების ფონდთან. მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით სამუშაოები გრძელდება. პუშკინის ქუჩის N 6-8, 9, 10, 11, 13,15, 19, 21, 23, 25 და დიუმას 28-ის საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და შიდა რემონტი თბილისის განვითარების ფონდმა ჩაატარა. შეიცვალა, ასევე, საკომუნიკაციო სისტემები და სანიაღვრე ქსელი. მთლიანობაში საცხოვრებელი პირობები 48 ოჯახს გაუუმჯობესდა.
ამასთან, მიმდინარე წელს პუშკინის ქუჩის N19-ში დაგეგმილია ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

 

 

 

სიახლე
26 თებერვალი 2015  
 
 

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმე აღძრულია 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, ამიტომაც თბილისის მერია მიმდინარე გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს.
ამასთან, მინდა მივმართო თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. თბილისის მთავრობა არ დაუშვებს და რეაგირების გარეშე არ დატოვებს კორუფციის ან სხვა რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს.  

სიახლე
11 თებერვალი 2015  
 
 

თბილისი საერთაშორისო პროექტ “Morgenstadt City Challenge”-ში ჩაერთვება. “მომავლის ქალაქი” - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ქალაქებს შორის მასშტაბურ კონკურსს გულისხმობს. პროექტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. ქალაქებს, რომლებიც ურბანული გამოწვევებისათვის მზადყოფნას გამოთქვამენ, კონკურსში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
აღნიშნულ კონკურსში თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მონაწილეობა 2014 წელს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისს წილად მესამე ადგილი ხვდა, ქალაქისადმი დიდი ინტერესის გამო ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისი „მომავლის ქალაქების“ ქსელში ჩაერთო. ჟიურის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (KFW), რომლებმაც პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ ეტაპზე თბილისსა და გერმანულ მხარეს შორის საბოლოო საკითხების შეთანხმება მიმდინარეობს, ხოლო პროექტი სტარტს გაზაფხულიდან აიღებს. თბილისის ახალი ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი პირველი „მომავლის ქალაქი“ იქნება რეგიონში.

 

 

 

სიახლე
26 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია „ თბილისი ცენტრალის“ სავაჭრო ცენტრში ტექნიკის ფესტივალის საზეიმო გახსნას დაესწრო.  ფესტივალის ფარგლებში, ტექნიკის ბაზრის წამყვანი ხუთი კომპანია  - „ოქეი“, „ალტა“, „არაი“, „მეტრო მარტი“ და “სმაილი“  11-დან 22 თებერვლამდე მომხმარებელს ყველა სახის ტექნიკაზე  განსაკუთრებულ შეთავაზებებს გაუკეთებს.
როგორც ფესტივალის საზეიმო გახსნაზე თბილისის მერმა განაცხადა,  “ტექნიკის ფესტივალი” ძალზე მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. „ტექნიკის ბაზარზე მოქმედი ხუთი წამყვანი კომპანია ამით ამკვიდრებს ბაზრის სუბიექტებს შორის თანამშრომლობისა და თანამედროვე მარკეტინგის ცივილიზებულ, ევროპულ სტანდარტს. ასეთი ფესტივალი და მომხმარებლებისადმი სოლიდარული დამოკიდებულება ზრდის მოხმარების კულტურას თბილისსა და მთელს საქართველოში“ - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ტექნიკის ფესტივალი მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის ზრდის კუთხითაც. „საქართველოში ვაჭრობის სფეროში არსებული მაღალი კონკურენცია, აგრეთვე, ხელოვნების, კულტურისა და ტურისტული დაწესებულებების სიმრავლე, თბილისს ანიჭებს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაატაროს შოპინგფესტივალები არა მხოლოდ ტექნიკის, არამედ სხვა სავაჭრო, კულტურისა თუ ხელოვნების სფეროში.
ამდენად, ჩნდება შანსი, რომ თბილისის შოპინგფესტივალმა რეგიონული მნიშვნელობა შეიძინოს და მიმზიდველი გახდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შოპინგფესტივალის მონაწილეთა  შენაძენები გაზრდის ქალაქის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საინვესტიციო პოტენციალს.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია მზადაა, კვლავაც ხელი შეუწყოს კერძო ინიციატივებს, რომელიც უზრუნველყოფს თბილისისათვის რეგიონის ბიზნეს და ეკონომიკური ცენტრის ფუნქციის დაბრუნებას.  დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი არ იქნება ერთადერთი და მსგავს ღონისძიებაში  ჩაერთვებიან ვაჭრობის სხვა სფეროების წარმომადგენლები.
ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ წამოწყება მთელ საქართველოს მოიცავს. 

 

სიახლე
11 თებერვალი 2015  
 
 

დედაქალაქის მერიაში მარტის პირველი ნახევრიდან „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ ამოქმედდება.  როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის მერიაში ეკონომიკური განვითარების მიმართულება ძლიერდება. იქმნება ორგანიზაცია, რომელიც ბიზნეს-აქტივობის, ინვესტორთა მხარდაჭერის, მეწარმეობის განვითარებისა და ახალი, წარმატებული კომპანიების შექმნის წახალისების საკითხებზე იმუშავებს.
„მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ მოემსახურება და წაახალისებს ინვესტორებს დედაქალაქში ახალი სამრეწველო, სამშენებლო, ტურისტული და მომსახურებების სხვა დარგებში კაპიტალდაბანდებების, პირველ რიგში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობის მიმართულებით. ცენტრი, ასევე, ხელს შეუწყობს დამწყებ მეწარმეებს ბიზნეს-უნარების განვითარებაში“  - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, ეკონომიკური და, პირველ რიგში, ბიზნეს-საქმიანობის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს თბილისისთვის, რადგან მთლიანობაში დადაქალაქის განვითარებისა და წარმატების განმაპირობებელი სწორედ კერძო სექტორის გაძლიერება უნდა გახდეს.
„მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს“ ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. დავით ნარმანიას თქმით, ცენტრის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ძალაში შესვლის მომენტიდან იგი აღარ შეასრულებს თბილისის ვიცე-მერის მოვალეობას.

 

 

სიახლე
25 თებერვალი 2015  
 
 

ბოლო დღეების განმავლობაში მედიით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თბილისის მერიაში მუშაობს ზვიად ღონიაშვილი. აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ზვიად ღონიაშვილი მერიის არც ერთ სტრუქტურაში არ არის დასაქმებული.

 

სიახლე
10 თებერვალი 2015  
 
იხილეთ მეტი