ცხელი ხაზი 272 22 22
14:55 19/04/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერი დავით ნარმანია „საბა გარდენში“ ნერგების ფესტივალს - Green Fest დაესწრო და იქ წარმოდგენილი მცენარეები დაათვალიერა. ფესტივალში მონაწილეობა იმ სანერგეებმა და კომპანიებმა მიიღეს, რომლებიც გამწვანების მიმართულებით მუშაობენ. თბილისის მერის განცხადებით,  ფესტივალი კარგად ორგანიზებულია და მოქალაქეებს ადგილზე ეძლევათ საშუალება, მათთვის სასურველი მცენაარეები შეიძინონ და მათი მოვლის ინსტუქციები ადგილზე მიიღონ.
„თბილისი ნამდვილად კარგი გარემოა და შესაბამისი კლიმატია იმისათვის, რომ ბევრი სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგას. მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, დაინტერედეს ამ გამოფენით და გაალამაზოს მისი მიმდენარე ტერიტორია. რაც შეეხება საჯარო სივრცეს, რა თქმა უნდა, ამაზე ქალაქის მერია იზრუნებს და ასე ერთობლივი ზრუნვით, საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშობით მივაღწევთ იმას, რომ ხვალ უკეთესი ქალაქი გვექნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის მხარდაჭერით ნერგების ფესტივალი პირველად გაიმართა. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა სარწყავი სისტემების, სასუქი საშუალებებისა და ხელსაწყო იარაღების ნიმუშებს გაცნობოდნენ.
ნერგების ფესტივალი Green Fest ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

სიახლე
18 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ოლიმპიური ობიექტების დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში სამშენებლო ნარჩენებისგან დასუფთავდა დიღომში არსებული ოლიმპიური კომპლექსის ტერიტორია. აქციაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი - 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები, სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ტერიტორია წლების განმავლობაში ნაგავსაყრელად იყო ქცეული. დავით ნარმანიას თქმით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და დასუფთავების  პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, ასევე, ეტაპობრივად სრულდება ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა.
დასუფთავების აქციაზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ მობილიზებული იყო სპეცტექნიკა. ადგილზე, ასევე, განთავსდა 50-მდე ნაგავშეკრები კონტეინერი.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ: ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი - 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ დარჩია, „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკური დირექტორი დავით დოლიძე და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი.

სიახლე
18 აპრილი 2015  
 
 

მახათას მთაზე, მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღი გაშენდება.
ნერგების დარგვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სანერგე ორმოების ამოღების პროცესს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანებისა საქალაქო სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი გაეცნო.
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 000 ძირი ზეთისხილი დაირგვება. ნერგების დარგვის ინიციატივა თბილისის მერიას, ფონდ „ივერიისას“ და საპატრიარქოს ეკუთვნის.
ზეთისხილის ნერგების დარგვის პროცესი ერთ კვირაში დაიწყება და მაისის ბოლოს დასრულდება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერიასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოაწერეს. 
დავით ნარმანიას განცხადებით, მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით თბილისში ტურიზმის განვითარება და ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
„ჩვენი უმთავრესი მიზანია თბილისი გახდეს ჩვენი რეგიონის ტურისტული ცენტრი, რისთვისაც ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. დედაქალაქის ფარგლებში ვაწესრიგებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, გვაქვს ტურიზმის ხელშემწყობი პროექტები და პროგრამები. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ორგანიზება გავუწიეთ და დღესაც მიმდინარეობს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა, რაც ძალიან საინტერესოა როგორც ტუროპერატორებისთვის, ისე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ტურიზმთან დაკავშირებული რეწვით არიან დაკავებული. ჩვენ მათ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. მეტი ტურისტი ჩვენი ქალაქისთვის ნიშნავს თბილისის ცნობადობის ამაღლებას, მეტ შემოსავალს დედაქალაქისთვის და პირადპირ დაკავშირებულია ჩვენს ეკონომიკურ განვითარებასთან. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარების ახალ საფეხურზე ავიდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
მემორანდუმის მიხედვით, თბილისის მერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დედაქალაქში ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის ერთობლივ ღონისძიებებს დაგეგმავენ და განახორციელებენ.
„დღეს მოეწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც თბილისის მერიასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. ჩვენ არ ველოდებოდით ამ მემორანდუმის ხელმოწერას, უკვე მიმდინარე და შერულებული პროექტებიც გვაქვს. რაც მთავარია გვაქვს სამომავლო პროექტები, რომელიც გულისხმობს თბილისის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენას, იმ ინფრასტრუქტურის ხელშეწყობასა და განვითარებას, რომელიც ტურისტებისთვის საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, მერიასთან ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვექნება“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

სიახლე
18 აპრილი 2015  
 
 

თბილისს ახალი - ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი შეემატა. თავისუფალი თეატრის  მიმდებარე ტერიტორიაზე, მსახიობისა და პოეტის სახელობის ახალი სკვერის გახსნას თბილისის მერი  დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ნიკო გომელაურის ოჯახის წევრები და ახლობლები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, თავისუფალი თეატრის მსახიობები და ნიკო გომელაურის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
ახალ სკვერში ნიკო გომელაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენაც გაიმართა. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ნიკო გომელაურის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ საქმეში.
„ნიკო გომელაური სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, მაშინ, როდესაც შემოქმედებითი სიმწიფის ასაკში შედიოდა. ასაკის მიუხედავად, მან ღრმა კვალი დატოვა ქართულ კულტურაში, ადამიანთა გულებში, დამსახურებულად მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა როგორც ხელოვანმა, მოქალაქემ და  მეგობარმა. ამდენად, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნდა ნიკო გომელაურის სახელის უკვდავყოფა დედაქალაქში, იმ ადგილას, სადაც იგი მოღვაწეობდა - თავისუფალ თეატრთან, რომელიც, ალბათ, ყველაზე უკეთ და სრულად გამოხატავდა ამ ადამიანის სულისკვეთებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკო გომელაურმა ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი სკვერი შესძინა, რომელიც თბილისელების საყვარელ  ადგილად იქცევა.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ნიკო გომელაურის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები  თბილისის განვითარების ფონდმა  2014 წლის ზაფხულში დაიწყო და 2015 წლის აპრილის დასაწყისში დაასრულა. პროექტის ავტორია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე.  მსახიობის მონუმენტი მოქანდაკე როკო ირემაშვილის ავტორობით დაიდგა.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, სკვერის ტერიტორია მოპირკეთდა მაღალი ხარისხის ბაზალტის ფილებით,  ირგვლივ ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, კიბეებზე დამაგრდა რკინის მოაჯირები, დაიდგა სკამები, სკვერში ასევე დამონტაჟდა სანათები და  გაკეთდა თეატრის აფიშის დაფა. პროექტის მეორე ეტაპზე ნიკო გომელაურის ლექსები ლითონის ასოებით დაიწერა და  სკვერის საფეხმავლო მონაკვეთზე, სკამებსა  და კედელზე განთავსდა. 

სიახლე
15 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერია დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსს აცხადებს.  სუვენირი უნდა შეესაბამებოდეს თბილისის ისტორიულ, კულტურულ, ტრადიციულ ღირებულებებსა და თავისებურებებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს; კონკურსი ერთი თვე გაგრძელდება და  საუკეთესო ნამუშევარს  საკონკურსო კომისია შეარჩევს.
სუვენირი, რომელიც კომისიის წევრების უმაღლეს შეფასებას მიიღებს, დაჯილდოვდება 5 000 ლარით. შესაძლებელია გამოვლინდეს რამდენიმე ბრენდული სუვენირიც. ასეთ შემთხვევაში, საკონკურსო პრიზი გამარჯვებული სუვენირების ავტორებზე განაწილდება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს.

სრული ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
 

თბილისის გარე-განათების ქსელში კიდევ ერთი პილოტ პროექტი განხორციელდა. „სინათლის ქალაქის“ დახმარებით, ყაზახურმა კომპანია „SD Group”-მა ჯავახიშვილის ქუჩაზე, საცდელი ვადით, 17 LED სანათი დაამონტაჟა. დიოდური სანათების მონტაჟისა და განათების ჩართვის პროცესს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობა დაესწრო.
„სინათლის ქალაქის დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისში 4 პილოტ პროექტი ხორციელდება. მისი თქმით, დიოდური სანათები დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ბარათაშვილის ხიდზე, აეროპორტის შესასვლელთან და ახლა უკვე ჯავახიშვილის ქუჩაზე. როგორც ხორავამ განაცხადა, მიმდინარე პილოტ პროექტებს სპეციალისტები აკვირდებიან, რომლებიც მათი ეფექტურობის შესახებ დასკვნას წარმოადგენენ.
საპილოტე პროექტები „სინათლის ქალაქმა“ პოლონურ კომპანიებთან „ბიო სულოშენ“ და „ევოლუცია პოლანდ“ ერთობლივად განახორციელა, მათ რიცხვს, ამჯერად, ყაზახური „SD Group”-მა დაემატა.
დიოდური სანათები  ელექტროენერგიის 60–70 %-იან ეკონომიას გასწევს.

სიახლე
8 აპრილი 2015  
 
 

საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძისა და ზაქარიაძის ქუჩებს შორის მდებარე კორპუსების შიდა კვარტალური გზების მოასფალტება გრძელდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს საბურთალოს რაიონის გამგებელმა დაათვალიერა. ბექა მიქაუტაძეს შემსრულებელი კომპანიისა და ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ და მიმდინარე და უკვე დასრულებულ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ნუცუბიძისა და ზაქარიაძის ქუჩებს შორის არსებული დასახლების შიდა კვარტალური გზების მოწესრიგება თვეზე მეტია მიმდინარეობს.
ასფალტობეტონის საფარი უკვე მოეწყო ნუცუბიძის ქ. N 32, N34, N42-1-დან N48-მდე და ზაქარიაძის N8-ში; მოწესრიგდა სადარბაზოებთან მისასვლელი გზები, ბორდიურები და მიწისქვეშა კომუნიკაციები.
ამასთან, უკვე დაიგო ასფალტობეტონის საფარის პირველი ფენა ნუცუბიძისა და ზაქარიაძის დამაკავშირებელ ქუჩაზე.
ამ ტერიტორიაზე ასფალტი სულ 9,500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე დაიგება. პროექტის ღირებულება 451,992 ლარია.

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
 

გლდანის რაიონის 59-ე საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სამინისტროს თანამშრომლებმა, მანდატურებმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.
თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების პროცესში უშუალოდ სკოლის მოსწავლეები არიან ჩართული.

"თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებიული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ იმ სკოლების ეზოებში, სადაც გვაქვს თავისუფალი სივრცე, ვრგავთ ხეებს. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანების თვალსაზრისით და ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მოსწავლეები არიან ჩართული ამ პროცესში და სწავლობენ, როგორ დარგონ ხეები და როგორ მოუარონ მას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, სკოლის მოსწავლეები თავად იზრუნებენ ნერგების მოვლა-პატრონობაზე, რაც მათი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

"სკოლები ძალიან აქტიურად ჩაებნენ გამწვანების პროგრამაში. დღეს ჩვენ ვართ 59-ე სკოლაში, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს და ერთ-ერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტი სწორედ აქ განხორციელდება, იმიტომ, რომ 1400 ნერგი უნდა დავრგოთ. ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან, ჩართულები არიან ასევე პედაგოგები, გვეხმარებიან მანდატურები. მნიშვნელოვანია, რომ ჩართულები არიან ბავშვები, რაც მათი განვითარებისთვის ძალია ნ კარგია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

სკოლის ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე, 500 კვიპაროსის, 100 იფანისა და 100 ნეკერჩხლის ნერგი დაირგო. პროექტის მეორე ეტაპზე, სკოლის ეზოში დაახლოებით 800 ძირი ხე დაირგვება.

საჯარო სკოლების ეზოების გამწვანების პროექტის ფარგლებში, რომელიც თბილისში მდებარე 60 საჯარო სკოლას მოიცავს, ამ დროისთვის დარგულია 6 100 ფოთლოვანი და 1000 წიწვოვანი ჯიშის ნერგი. პროექტის მიხედვით, ჯამში, საჯარო სკოლების ეზოები 10 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხე-მცენარით განაშენიანდება.

როგორც საჯარო სკოლებში, ასევე სხვა ობიექტებზე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობას ამავე სამსახურის კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. ისინი, ვალდებული არიან, ხმობის შემთხვევაში, ნარგავები შესაბამის სეზონზე ახალი ნერგებით ჩაანაცვლონ.

სიახლე
5 აპრილი 2015  
 
 

ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სართულშუა ნაპრალების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მარტში შემოსული განცხადებებიდან, ნაძალადევის რაიონის გამგეობა 9 პროექტს დააფინანსებს. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 ობიექტზე მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, კორპუსებზე გაჩენილი ნაპრალების ამოვსება ხდება, რაც კორპუსის მდგრადობას შეუწყობს ხელს. ნაძალადევის რაიონის გამგეობა ექვსივე მისამართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს 184 185 ლარით დააფინანსებს.

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ,  2015 წლის პირველ კვარტალში, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის შესახებ სულ 14 განცხადება დააკმაყოფილა. პროექტების საერთო ღირებულება 473 978 ლარია. აქედან 5 მაღალსართულიან სახლში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია დასრულდა. ამ 5 ობიექტზე შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 154 625 ლარით დააფინანსა.

2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს მოთხოვნით შემოტანილი განცხადებებიდან, სულ 116 განაცხადი დააკმაყოფილა. პროექტების საერთო ღირებულება 1 546 647 ლარია.

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
 

მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ გამოსახლებული 2 ოჯახისთვის, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ საცხოვრებელი ფართი უკვე გამონახა და ისინი ბინაში დღესვე შევლენ.
რაც შეეხება დანარჩენ 10 ოჯახს, როგორც მთაწმინდის, ისე თბილისის სხვა რაიონების გამგეობები მზად არიან, აღნიშნულ ოჯახები ბინის ქირით უზრუნველყონ. ამისათვის, გამოსახლებულებმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უნდა მონახონ 300 ლარამდე ღირებულების გასაქირავებელი ბინა, რომლის ქირასაც შესაბამისი გამგეობა გადაიხდის.
მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ კერძო მესაკუთრის მოთხოვნით 12 ოჯახი იქნა გამოსახლებული. მესაკუთრემ შენობაში უკანონოდ შეჭრილები გასახლების თაობაზე წინასწარ გააფრთხილა, ხოლო მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, ამ ოჯახების პრობლემის მოგვარების მიზნით, მათ მუნიციპალურ თავშესაფარში გადასვლა შესთავაზა. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, გამოსახლებულმა ოჯახებმა  თავშესაფარში ცხოვრებაზე უარი თქვეს.

 

 

 

სიახლე
29 მარტი 2015  
 
 

თბილისში, ზაარბრუკენის მოედანზე მარიოტის ქსელის  ბრენდის - მოქსის (MOXY) ახალი სასტუმრო აშენდება. პროექტის პრეზენტაციას დღეს, „თბილისი მარიოტში“ თბილისის ვიცე-მერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. როგორც პრეზენტაციაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, „მარიოტის“ ქსელის კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა მნიშვნელოვანია დედაქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ვიცე-მერის თქმით, პროექტის განხორციელება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
„თბილისში აშენდება კიდევ ერთი სასტუმრო, განხორციელდება ახალი ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ მოქსი (MOXY) საშუალო და დაბალბიუჯეტიანი მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. გარდა ამისა, აღნიშნული სასტუმრო შენდება ქალაქის ისტორიულ მოედანზე, გათვალისწინებულია სავაჭრო სივრცე და საოფისე ფართი, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ამ ნაწილის შემდგომ განვითარებას“,  - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოქსი სპეციალურად შეიქმნა საშუალო და დაბალბიუჯეტიანი მომხმარებლის  დასაკმაყოფილებლად. პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 130 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.
პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და მის განხორციელებაში მონაწილეობას იღებს აშშ-ს სამთავრობო სააგენტო „ოპიკი“ , რომელიც „ჯი-ემ-თი“ ჯგუფის სტრატეგიული პარტნიორია და მის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში მონაწილეობს.
ახალი პროექტის დასრულება ჯი-ემ-თი ჯგუფს 2017 წელს აქვს დაგეგმილი.

 

 

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერიაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ავტოპარკი არ განახლებულა. მერიის ბალანსზე ამჟამად ირიცხება 267 ავტომანქანა, საიდანაც 239 ოპერატიულია და სხვადასხვა საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების თანამშრომლები, ობიექტებზე გასასვლელად, მონიტორინგისა და სხვა სამსახურეობრივი საჭიროებისთვის იყენებენ.
„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიამ ფინანსთა სამინისტროს უკვე გადაუგზავნა ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება 1 800 000 ლარამდე იგეგმება.
შემცირება ძირითადად ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის, ასევე საპრემიო ფონდის ხარჯზე იგეგმება. გარდა ამისა, ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში იგეგმება საბიუჯეტო ცვლილებები, რომელთა შედეგად გამოთავისუფლებული რესურსები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

 

სიახლე
27 მარტი 2015  
 
 

გლდანის რაიონის ოთხივე ტერიტორიულ ერთეულში (მუხიანი, ავჭალა-გლდანის ხევი, გლდანის კენტი და ლუწი მიკრო რაიონები) შიდაკვარტალური გზებისა და ეზოების მოასფალტება დაიწყო. სამუშაოების მოცულობა 1734,7 კვ.მ.-ია და მისი  საერთო სავარაუდო ღირებულება 52 020 ლარს შეადგენს. აღნიშნულ მისამართზე 50 ოჯახი ცხოვრობს.
გლდანის რაიონში შიდაკვარტალური გზებისა და ეზოების მოწყობისა და რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 32  მისამართზე განხორციელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას ზედამხედველობას უწევს ქალაქის მერიის აიპ ,,მუნიციპალური ლაბორატორია“ და გლდანის რაიონის ინფრასტრუქტურული განყოფილება.

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და დიდუბის  რაიონის გამგებლის მოადგილე თეა დარახველიძემ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის  განკუთვნილი უფასო კვების სასადილოების  მონიტორინგი განახორციელეს და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, სასადილოების მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, უფასო კვების სასადილოებში  მონიტორინგი ხორციელდება. გელა ჩივიაშვილმა ბენეფიციარებს იმ სიახლეეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც უახლოეს მომავალში ყველა რაიონში დაინერგება.
„უახლოეს მომავალში გადავდივართ ბენეფიციართა აღრიცხვიანობის ელექტრონულ სისტემაზე. საპილოტე პროგრამა უკვე ვაკის რაიონში მიმდინარეობს და მისი დამთავრებისთანავე განხორციელდება ყველა იმ უფასო სასადილოში, რომლითაც ტენდერით გამარჯვებული ორგანიზაციები უწევენ მომსახურეობას  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს,“- განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილის თქმით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა  საკვების გაცემისა და დამზადების ხარისხი, აგრეთვე მოწესრიგდა სანიტარული ნორმები. მისივე თქმით, დიდუბის რაიონის გამგეობა მომავალშიც იზრუნებს ბენეფიციართათვის საკვების გაუმჯობესების ხარისხზე.
დიდუბის რაიონში სულ 4 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, სადაც 2000 ბენეფიციარს  ხარისხიანი და მრავალფეროვანი საკვებით ემსახურებიან.
2015 წლის დასაწყისიდან დიდუბის რაიონში დამატებით 2 უფასო სასადილო გაიხსნა და დღეს სოციალურად დაუცველებს თანამედროვე ტიპის კვების ობიექტებში ემსახურებიან. სოციალურად დაუცველებისთვის გარემო პირობებისა და მენიუს გაუმჯობესებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „თარი-08“ უზრუნველყოფს.

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
იხილეთ მეტი