ცხელი ხაზი 272 22 22
17:08 01/04/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი  მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
ტრანსპორტით უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე შესაბამისი განკარგულება მიიღო.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, აღდგომის დღეებში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 08:00-დან 19:00 საათამდე იმოძრავებს. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან გავა. კუკიისა და მახათას სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები სადგურის მოედნიდან და მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ მოემსახურება. საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები გავა მეტროსადგურ „დელისის“ ტერიტორიიდან. თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ მოემსახურება. ველის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები ჭიჭინაძის ქ. №26-დან იმოძრავებს. ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები გავა მეტროსადგურ „ვარკეთილიდან და ასევე მისამართიდან: მე-3 მასივი, შუამთის ქ. მე-10 კვარტალი.
გარდა ამისა, აღდგომის ღამეს მეტროპოლიტენის მუშაობა 11 აპრილის 24:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება. დროის ამ მონაკვეთში მგზავრთა მომსახურება  უფასო იქნება.
ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მოწესრიგდა და ხელახლა დაიგო. მისივე თქმით,  წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვისგან გაიწმინდა სასაფლაოები და მიმდებარე ტერიტორიები.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, შპს „ჰერმესის“ საკუთრებაში არსებული 41 მუნიციპალური სასაფლაოდან  უკვე გაწმენდილია 30 სასაფლაო და მიმდებარე ფერდობები, დანარჩენი 11  ერთი კვირის განმავლობაში დასუფთავდება.
დედაქალაქში არსებული ფერდობების, ხევების და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მათზე კონტროლის გამკაცრება, თბილისის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფს" 21 იანვრის მთავრობის სხდომაზე დაავალა.

 

 

 

 

სიახლე
1 აპრილი 2015  
 
 

მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ გამოსახლებული 2 ოჯახისთვის, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ საცხოვრებელი ფართი უკვე გამონახა და ისინი ბინაში დღესვე შევლენ.
რაც შეეხება დანარჩენ 10 ოჯახს, როგორც მთაწმინდის, ისე თბილისის სხვა რაიონების გამგეობები მზად არიან, აღნიშნულ ოჯახები ბინის ქირით უზრუნველყონ. ამისათვის, გამოსახლებულებმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უნდა მონახონ 300 ლარამდე ღირებულების გასაქირავებელი ბინა, რომლის ქირასაც შესაბამისი გამგეობა გადაიხდის.
მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ კერძო მესაკუთრის მოთხოვნით 12 ოჯახი იქნა გამოსახლებული. მესაკუთრემ შენობაში უკანონოდ შეჭრილები გასახლების თაობაზე წინასწარ გააფრთხილა, ხოლო მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, ამ ოჯახების პრობლემის მოგვარების მიზნით, მათ მუნიციპალურ თავშესაფარში გადასვლა შესთავაზა. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, გამოსახლებულმა ოჯახებმა  თავშესაფარში ცხოვრებაზე უარი თქვეს.

 

 

 

სიახლე
29 მარტი 2015  
 
 

2015 წლის პირველ კვარტალში თბილისის ბიუჯეტიდან  გაწეული ხარჯები წინასწარი მონაცემებით 190 მილიონ ლარს შეადგენს. 2015 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე შეაჯამა.
დავით ნარმანიას თქმით, 2015 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 1,5-ჯერ აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მისივე თქმით, 2014 წლის  წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტით გაწეული ხარჯი 131 მილიონი ლარი იყო, 2013 წელს - 105 მილიონი ლარი, 2012 წელს - 81 მილიონი ლარი.
„დედაქალაქის ბიუჯეტიდან ათვისების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს, რაც ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია“,  - განაცხადა დავით ნარმანიამ.   თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა იმ რაიონულ გამგეობებს და სამსახურებს, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა, მისი თქმით, მეორე კვარტლის მაჩვენებელმა ასევე გადააჭარბოს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

 

სიახლე
1 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერიაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ავტოპარკი არ განახლებულა. მერიის ბალანსზე ამჟამად ირიცხება 267 ავტომანქანა, საიდანაც 239 ოპერატიულია და სხვადასხვა საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების თანამშრომლები, ობიექტებზე გასასვლელად, მონიტორინგისა და სხვა სამსახურეობრივი საჭიროებისთვის იყენებენ.
„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიამ ფინანსთა სამინისტროს უკვე გადაუგზავნა ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება 1 800 000 ლარამდე იგეგმება.
შემცირება ძირითადად ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის, ასევე საპრემიო ფონდის ხარჯზე იგეგმება. გარდა ამისა, ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში იგეგმება საბიუჯეტო ცვლილებები, რომელთა შედეგად გამოთავისუფლებული რესურსები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

 

სიახლე
27 მარტი 2015  
 
 

დიდუბის  რაიონში წყალ-კანალიზაციისა და სანიღვრე ქსელების  სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 10 მისამართზე წყალ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების შეკეთება უკვე დასრულებულია, ხოლო 4 მისამართზე  მოძველებული წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა ახლით იცვლება.
მიმდინარე და უკვე დასრულებული სამუშაოები დღეს დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა  და ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლებმა დაათვალიერეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, „ენ დე ეს მშენებლობა“ და „ბი და ბი“  ახორციელებენ. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტორები  დიდუბის რაიონში სხვადასხვა ქუჩებსა და საცხოვრებელი სახლების წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების შეკეთებას უზრუნველყოფენ.
დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  „გზებთან დაკავშირებით ამინდის პრობლემაა და შესაბამისად   ნაწილობრივი შეფერხებაა, რაც შეეხება კეთილმოწყობის სამუშაოებს 10 მისამართზე კანალიზაციის რეაბილიტაცია უკვე  დასრულებულია. ამჟამად  რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს მუშაობა, იგეგმება უფრო ინტენსიური სამუშაოები, რომ მეორე კვარტლის შესრულება მაქსიმალურად დროულად მოხერხდეს.“- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
დიდუბის რაიონის გამგეობა წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების შეკეთებას წლის განმავლობაში 81 მისამართზე  გეგმავს.  დიდუბის რაიონში  წყალ-კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 994 920 ათასი ლარია გამოყოფილი. 

 

სიახლე
1 აპრილი 2015  
 
 

წითელი საღებავითაა დასვრილი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილი და სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიას საღებავისგან წმენდენ.
შევახსენებთდღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ ქალაქის იერ-სახის დამახინჯება ისჯება კანონით. ამიტომაც მოვუწოდებთ მათ, დაიცვან სისუფთავე და არ დასვარონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. 

სიახლე
21 მარტი 2015  
 
 

ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლების სახურავების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აღმაშენებლის #51-სა და წინამძღვრიშვილის #55-ში  მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ  დაათვალიერა.
„აღმაშენებლის #51-სა  და წინამძღვრიშვილის #55-ში სახურავის შეცვლა თანადაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მოქალაქეებს ამ პროგრამის მეშვეობით ნაკლები თანხის გადახდა უწევთ. აქ მაცხოვრებლებს წლებია აწუხებთ აღნიშნული პრობლემა. მათ წერილობით მოგვმართეს ჩუღურეთის გამგეობას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა სავალალო იყო და მივიღეთ გადაწყვეტილება სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებისა,“  - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
56 065 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება სახურავის დამჭერი ხის მასალა, მოხდება თუნუქის სახურავით გადახურვა და შეიცვლება წყალსაწრეტი მილები.  ორივე სახლის სახურავის ფართობი ჯამში 2100 კვადრატული მეტრია.
აღნიშნულ მისამართებზე სახურავების შესაკეთებლად სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 20%-ს გადაიხდის. აღნიშნულ მისამართებზე 31 ოჯახი ცხოვრობს.
გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის 14 საცხოვრებელი სახლის, ჯამში 6 369კვადრატული მეტრის,  სახურავების კაპიტალური რემონტისთვის  უკვე გამოიყო 157 ათას 965 ლარი.
ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან  96 განცხადებაა შესული.

სიახლე
1 აპრილი 2015  
 
 

21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. ამ კამპანიას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი არეშიძესთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად შეუერთდა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაგა-ბაღებში მიღების შესაძლებლობაა, რომლებიც გასულ წლებში ვერ რეგისტრირდებოდნენ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში, თუ მათი ასაკი აღემატებოდა 6 წელს. 2014 წლის სექტემბრიდან მშობლის სურვილისა და ექიმის დასკვნა/რეკომენდაციის საფუძელზე უკვე შესაძლებელია საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 6-დან 7 წლამდე ასაკის გსმ (განსაკუთრებული საჭიროების მქონე) ბავშვები ჩაერთონ სააღმზრდელო პროცესში. 
ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის დაგეგმვისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ინკლუზიური გარემოს შექმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 300-მდე გსმ აღსაზრდელია რეგისტრირებული, მათგან დაუნის სინდრომის მქონე 17 ბავშვია.

სიახლე
21 მარტი 2015  
 
 

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ, თბილისისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და მის მმართველობაში არსებული ,,ა(ა)იპ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის’’ ანგარიში მოისმინა. კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ია მაქაცარიამ წარსულში არსებული სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად  გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.  კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია, საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის პროცესის შესახებ.
ია მაქაცარიას თქმით, რეორგანიზაციის შემდეგ, დაქვემდებარებული ორგანიზაციების მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა ქმედითი ნაბიჯები გადადგა, გაიზარდა დაფინანსება ხელოვნების სკოლების არამოთხოვნად სპეციალობებზე, ამავე სკოლების კომუნალური გადასახადების დაფარვა 50%-დან 100% მდე გაიზარდა. ია მაქაცარიამ მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა.
განხორციელებული პროექტების მიზნობრიობის შესახებ ანგარიში კომისიის წევრებს  ა(ა)იპ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თავმჯდომარემ, ზურაბ წერეთელმაც წარუდგინა. კერძოდ, მან ისაუბრა პროექტების განხილვის პროცესისა და კრიტერიუმების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი  ბენეფიციართა რაოდენობას ეხება.
კომისიის სხდომას საკრებულოს დეპუტატები და განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები ესწრებოდნენ. სხდომა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.
წარმოდგენილი ანგარიშები თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ  შეაჯამა.  სხდომაზე დედაქალაქის კულტურის მიმართულებით სტრატეგიის შემუშავებაზეც იმსჯელეს. 

სიახლე
31 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერია ახალ პროექტს - "ჩემი ეზო" იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს.

პროექტის მიზანია დედაქალაქის თითოეული უბნის განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეები, სადაც გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, თეატრალური და საცირკო წარმოდგენები, მცირე გამოფენები. პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან სახელოვნებო სკოლები, სპორტული და ახალგაზრდული საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამხატვრო აკადემიის, სამხატვრო სახელოსნოების სტუდენტები და მოსწავლეები, თეატრები და ა.შ.

"პროექტი "ჩემი ეზო" თბილისის მერიის ახალი ინიციატივაა. პროექტის მიხედვით, ყველა უბანში მოეწყობა მინიმუმ ერთი საზოგადოებრივი, საერთო სარგებლობის  სივრცე, რომელიც კეთილმოწყობის, გამწვანების  სამსახურისა და ადგილობრივი გამგეობის მიერ იქნება კეთილმოწყობილი და ადაპტირებული, იმისათვის რომ ადამიანებს შეეძლოთ შეკრება, გარკვეული სანახაობების, შეჯიბრების, სპორტული ღონისძიების მოწყობა. ვფიქრობ თბილისელები პროექტს მოიწონებენ და აქტიურად ჩაერთვებიან. რაც შეეხება ბიუჯეტს,  "ჩემი ეზოს" ბიუჯეტი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა ტიპის კეთილმოწყობის სამუშაოები იქნება თითოეულ უბანში საჭირო",-განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა.

პროექტის ფარგლებში ღონისძიებები შაბათ-კვირას გაიმართება. პროექტი თავდაპირველად დიდუბის რაიონში განხორციელდება.  კონკრეტულ ტერიტორიას დიდუბის  რაიონის გამგეობა შეარჩევს.

პროექტში ჩართული მერიის რამდენიმე სამსახური იქნება: გამწვანების საკითხთან დაკავშირებული ღონისძიებების  განხორციელებას  მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, შერჩეულ ტერიტორიის კეთილმოწყობას კი კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფენ. პროექტის ფარგლებში შესაბამის ღონისძიებებს კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებენ.

სიახლე
18 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე  დედაქალაქში განხორციელებულ, მიმდინარე, დაგეგმილ პროექტებსა და 2015 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ავთანდილ სუდაძის თქმით, 2014 წელს სამსახურმა წლიური გეგმა 86,8%-ით, 2015 წლის I კვარტალში კი 89%-ით შეასრულა. მისივე თქმით, გასული წლის აგვისტოდან დღემდე გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა 302 409,67 მ2  ფართს,  ჯამური ღირებულებით  16 103 274,11 ლარი.
რაც შეეხება მასშტაბურ საგზაო პროექტებს, რომლებზეც სამსახური უკვე მუშაობს (პროექტირება, სამშენებლო სამუშაოები), მათ შორისაა დადიანისა და თევდორე მღვდლის ქუჩების რეაბილიტცია, თემქიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი გზის მონაკვეთის მშენებლობა, თხინვალა-აგარაკის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური შეკეთება,  გლდანის სასაფლაო, წყაროთუბანი, გმირთა მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე ჩასასვლელი მონაკვეთის გაგანიერება, ფერმწერთა ქუჩა, გორგასლის ქუჩისა და შინდისის დამაკავშირებელი გზა.
ავთანდილ სუდაძემ კომისიის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა პარალელურ  რეჟიმში მიმდინარე 44  ავარიული შენობის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებზე. გარდა ამისა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა უკვე შესრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასა და აღდგენა–რეკონსტრუქციაზეც (პროექტირება, სამუშაოები)  ისაუბრა. მათ შორისაა მიხელ ჯავახიშვილის ქუჩა, ლილოში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა, ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელის რეაბილიტაცია, დიდი ხევძმარას სანიაღვრე კოლექტორის აღდგენა, კიკვიძის პარკში  მედიათეკის მშენებლობა,  ჭედიას და შუშის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები, ზაჰესის დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარის და ხიდი-აკვედუკის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გზაგამტარის რეკონსტრუქცია, მეტეხის საგვირაბო კომპლექსთან, მდ.მტკვარზე არსებული ხიდი ესტაკადის რეაბილიტაცია, დ. აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა-რეაბილიტაცია, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზისა და   ინტენსიფიკაციის ქუჩის და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა,  ოლიმპიური სოფლის წყალსადენისა და კანალიზაციის გარე ქსელისა და ლისის ტბის გარშემო ველოტრასის მოწყობა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო დედაქალაქში სანიაღვრე ქსელის მოვლა- პატრონობაზე. სუდაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან  2,5 მლნ  ლარია გამოყოფილი.
ავთნდილ სუდაძემ კომისიის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია გარე-განათების ქსელში არსებული სანათების დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლების ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის მზადების შესახებ. გარდა ამისა, მისი თქმით, დაწყებულია  წინადადებების მიღება მყარი საროფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ქარხნ(ებ)ის მშნებლობა/მართვისთვის ინვესტიციების მოსაზიდად.
პრეზენტაციას საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის  წევრები, ასევე ააიპ  „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“, შპს „სინათლის ქალაქისა“ და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სიახლე
31 მარტი 2015  
 
 

დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ, ივერთუბნის დასახლებაში გარე-განათება დამონტაჟდა. შპს "სინათლის ქალაქის" მიერ დამონტაჟებული ლამპიონები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ, შპს "სინათლის ქალაქის" დირექტორმა ვასილ ხორავამ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძეემ დაათვალიერეს.
დავით ნარმანია ადგილობრვ მოსახლეობასაც შეხვდა და დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა. მოსახლეობას ყველაზე მეტად გზისა და საკომუნიკაციო სისტემის არარსებობა აწუხებს, რომლის მოგვარების პირობა მათ თბილისის მერისგან და ჩუღურეთის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძისგან მიიღეს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დასახლებაში წლების განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. "პირველ რიგში მოწესრიგდა გარე-განათება, არის სხვა ტიპის საჭიროებებიც, არ არის ქუჩების სახელდება, მოსაწესრიგებელია გზა და სხვა ინფრასტრუაქტურა, რაც ეტაპობრივად გაკეთდება, რათა ამ ადამიანების ყოფითი პირობები უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი," - განაცხადა დავით ნარმანიამ.  მისი თქმით, სამუშაოების ნაწილი გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ნაწილს კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან მერიის საქალაქო სამსახურები უზრუნველყოფენ.
"სინათლის ქალაქის" დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, გარე განათების დაყენების თხოვნით მათ მოსახლეობამ  მიმართა. "დასახლებაში გარე-განათების დაახლოებით 400-მდე წერტილია გაკეთებული, რასაც კიდევ რამოდენიმე ათეული წერტილი დაემატა. 2015 წელს  ტერიტორიას მთლიანად ავითვისებთ, ვინაიდან აქ მოსახლეობა ინტენსიურად გადმოდის სახცოვრებლად და მათ აუცილებლად სჭირდებათ გარე-განათება" - განაცხადა ვასილ ხორავამ.

 

 

 

სიახლე
16 მარტი 2015  
 
 

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს გიორგი გურგენიძეს მოუსმინეს. მოსმენას  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი ალექსანდრე ჯაფარიძე ესწრებოდა.
პრეზენტაციაზე გიორგი გურგენიძემ სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმის შედგენაზე, არსებული ავტოპარკის ახლით ჩანაცვლებასა და პარკინგის მოწყობის საკითხებზე ისაუბრა.
გიორგი გურგენიძის განცხადებით, არსებული პრობლემების გათვალისწინებით, შემუშავდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმა, შემდეგი ეტაპი კი მოკლე და გრძელვადიან სტრატეგიაზე გადასვლა იქნება. რაც შეეხება პარკინგის ინფრასტრუქტურის მოწყობას, გურგენიძის განცხადებით, მზადდება ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, რომელიც თანამედროვე ტიპის და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტოსადგომების მოწყობას ითვალისწინებს.
ავტობუსების პარკის განახლებასთან დაკავშირებით გიორგი გურგენიძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს დოკუმენტის სრულყოფა, რომლის მიხედვითაც, არსებული ავტოპარკი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ავტობუსებით ჩანაცვლდება.
გიორგი გურგენიძე გამოვიდა ინიციატივით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსა და საკრებულოს შორის ჩამოყალიბდეს საკომუნიკაციო ჯგუფი, სადაც ერთობლივ იდეებსა და პროექტებს განიხილავენ. 

სიახლე
31 მარტი 2015  
 
 

დღეს თბილისის მერიასთან იპოთეკარებისა და ე.წ. ატსტუპნიკების სახელით აქცია გაიმართა, რომელზეც აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეთა უმეტესობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები წარმოადგენდნენ. გამომდინარე აქედან, თბილისის მერია მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქცია, ისევე, როგორც გასულ დღეებში სხვადასხვა მუნიციპალურ შენობებთან გამართული აქციები, პოლიტიკურად მართულია და მიზნად უწყების დეზორგანიზებას ისახავს.
რაც შეეხება ზოგადად იპოთეკით დაზარალებულთა საკითხს, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მუნიციპალიტეტს ამგვარი პრობლემის მოგვარების ბერკეტი არ გააჩნია. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გამართეს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრა და მათ აღნიშნულის შესახებ განემარტათ.
თბილისის მერია მოუწოდებს დღევანდელი აქციის მონაწილეებს, ნუ იქცევიან პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად და იმოქმედონ კანონის შესაბამისად.   

სიახლე
13 მარტი 2015  
 
 

სოლოლაკში, ასათიანის N58-ში საცხოვრებელი სახლის  სახურავს სარემონტო სამუშაოები უტარდება. სახურავის შეკეთების თხოვნით მთაწმინდის რაიონის გამგეობას ასათიანის 58-ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ „ლადო ასათიანი - 2017“ მიმართა. მიმდინარე სამუშაოებს დღეს მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელობა გაეცნო.
23 470 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, მთლიანად  გამოიცვლება სახურავის დამჭერი ხის მასალა და გადაიხურება თუნუქის სახურავით, საერთო ჯამში 645 კვადრატული მეტრი.
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს პროექტების განსახორციელებლად ნაკლებ თანხის გადახდა უწევთ. შენობის სახურავის შესაკეთებლად სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ნაცვლად 25%-ისა, სამუშაოების 20%-ს გადაიხდის. სულ აღნიშნულ მისამართზე 24 ოჯახი ცხოვრობს.
გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 13 საცხოვრებელი სახლის, ჯამში 3 896 კვადრატული მეტრის, სახურავების კაპიტალური რემონტისთვის  უკვე გამოყო 117 154, 75 ლარი.

ამ დროისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 105 განცხადებაა შესული.

 

 

სიახლე
31 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერის საკრებულოში დაბარების მოთხოვნით დეპუტატთა ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატების ერთკვირიანი მონდომება გაუგებარი და ფუჭია, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პირდაპირ ითვალისწინებს დედაქალაქის მერის საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგენის ვალდებულებას.

სწორედ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის მერი საკრებულოში მისვლასა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას მიმდინარე წლის აპრილის პირველ კვირაში გეგმავს. მერი საკრებულოს წევრებს წარუდგენს ინფორმაციას, თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა დედაქალაქის ახალ ხელისუფლებას მერიაში, რა პროექტები და პროგრამები განხორციელდა დღემდე და როგორია დედაქალაქის აღმასრულებელი ორგანოს სამომავლო გეგმები. ცხადია, ანგარიშის წარდგენის შემდეგ ნებისმიერ დეპუტატს ექნება შესაძლებლობა, მერის წინაშე დასვას მისთვის საინტერესო საკითხი.

გამომდინარე იქედან, რომ კოდექსი მკაფიოდ არ განსაზღვრავს ვადებს, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით ყოველი წლის აპრილის პირველ კვირას წარსდგება. 

სიახლე
9 მარტი 2015  
 
 

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ სპორტული მოედნების აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, ოთხი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 176 600 ლარია. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ღრმაღელეს დასახლება XVIII-XIX კორპუსებსა და მე-15 საჯარო სკოლას შორის არსებულ სპორტულ მოედანს, ც.დადიანის №189-ში, მე-10 სკოლის ტერიტორიაზე არსებულ მოედანს, ურიდიას ქ. №193-ის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანსა და თემქის დასახლება X კვ. კორპ №37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონს. სამუშაოების ფარგლებში, ოთხივე მოედანზე გამოიცვლება ხელოვნური, მწვანე საფარი, განახლდება მოედნის კარები და საკალათბურთო ფარები; სტადიონებზე არსებული ლითონის კონსტრუქცია შეიცვლება ახალი თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციით; ასევე სრულიად განახლდება ღრმაღელეს დასახლებაში მდებარე სპორტული მოედნის ტრიბუნები. აღნიშნული სტადიონი გამორჩეულად დიდი და კეთილმოწყობილი იქნება მთელი რაიონის მასშტაბით.

სიახლე
31 მარტი 2015  
 
 

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა თბილისის მერთან მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. ასევე, გამოქვეყნდა ინტერვიუ აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარესთან, რომელიც ინტერვიუში გარკვეული პროექტებისა და ინიციატივების შესახებ საუბრობს. მათ შორის, საუბარია იმაზეც, რომ მერია უახლოეს დღეებში ვარდების მოედნიდან ველოსიპედის ძეგლის სხვა ტერიტორიაზე გადატანას გეგმავს.
გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის მერიაში მერთან არსებული მრჩეველთა საბჭო არ შექმნილა. წინადადება ამგვარი საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ საინიციატივო ჯგუფისგან მოდიოდა, თუმცა, დედაქალაქის მერს მისი შექმნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, არც იმ ინიციატივებზეა გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც აღნიშნულმა ჯგუფმა მერთან შეხვედრისას დააყენა, მათ შორის, არც ველოსიპედის გადატანის იდეის შესახებ.

 

 

 

სიახლე
9 მარტი 2015  
 
იხილეთ მეტი