ცხელი ხაზი 272 22 22
22:06 29/05/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის მიმდებარედ, აბო თბილელის 3/8-ში მდებარე შენობა-ნაგებობა,  მისი  მძიმე კონსტრუქციული მდგომარეობიდან გამომდინარე, გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად დაზიანდა და  ფასადის კედელი ჩამოინგრა.
შექმნილი სიტუაციის გამო, თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა, კონტრაქტორ  ფირმასთან და ექსპერტებთან ერთად, აბო  თბილელის N3/8-ში მდებარე შენობის ამჟამინდელი მდგომარეობა შეისწავლა.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ შენობა-ნაგებობა მისი მძიმე ავარიულობის გამო აღდგენასა და გამაგრებას აღარ ექვემდებარება, ამიტომ გადაწყდა, იქ მცხოვრები მოსახლეობისა და მომიჯნავე შენობების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოხდეს აბო თბილელის 3/8-ში მდებარე შენობის დემონტაჟი, ხოლო მისი მშენებლობა გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის გეგმის მიხედვით განხორციელდეს. აღნიშნული ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით  დამცავი ღობით უკვე შემოიფარგლა.
თბილისის განვითარების ფონდმა ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის კონსერვაციის გეგმაზე კონკურსი სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. გამარჯვებულ კომპანია „საქართველოს ICOMOSI-ის კავშირთან“ ხელშეკრულება 2 კვირის წინ გაფორმდა და კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის კონსერვაციის გეგმას „საქართველოს ICOMOSI-ის კავშირი“ 6 თვის ვადაში მოამზადებს, რაც გუდიაშვილის მოედნის გარშემო მდებარე თითოეული საცხოვრებელი სახლის კვლევასა და აღდგენა-რეაბილიტაციის პრინციპების ჩამოყალიბებას გულისხმობს. გეგმის მიხედვით შექიმნება სახელმღვანელო, რომლითაც ამ ისტორიული უბნის რეაბილიტაციის კრიტერიუმები ზუსტად განისაზღვრება.
აბო თბილელის N3/8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ჩასატარებლად  მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ხოლო შენობის დაშლა რამდენიმე დღეში დაიწყება.

 

 

 

 

სიახლე
29 მაისი 2015  
 
 

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის „თბილის-2015“-ის ფარგლებში დიღმის ჭალებში მშენებარე ტანვარჯიშის დარბაზში სატესტო შეჯიბრება „საქართველოს ღია ჩემპიონატი ტანვარჯიშში“ გაიმართა. 28 მაისს ტანვარჯიშის სატესტო ტურნირს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ესწრებოდნენ. შეჯიბრებაში რუსეთის, ბელორუსიის, ხორვატიის, შვედეთისა და საქართველოს სპორტსმენები მონაწილეობდნენ. როგორც ტანვარჯიშის მწვრთნელმა რუსუდან სიხარულიძემ აღნიშნა: „სატესტო შეჯიბრება მსაჯებისა და საოგანიზაციო კომიტეტისთვის წარმოადგენს მოსამზადებელ ეტაპს მომავალი ოლიმპიური ფესტივალისთვის“.
ღონისძიებას საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან ერთად თბილისის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე კახა ცეცხლაძე ესწრებოდა.
სატესტო ტურნირი 30 მაისს დასრულდება.

სიახლე
28 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ბერეკაშვილი ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრა მერიის პროგრამის "თბილისი-ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი" ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, განათლების სამინისტროს, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის და ტურისტული ინდუსტრიის  სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.
სამუშაო შეხვედრის მიზანი თბილისში ტურისტული მიმართულებით არსებული პრობლემებისა და სამომავლო ტურისტული პროექტების განხილვა იყო.
შეხვედრის მონაწილეებმა ტურისტული ობიექტების სერვისის ამაღლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირების გადამზადება, ტურისტული ავტობუსებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები.
ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს მერიის მიერ დაგეგმილი პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა იმ ახალ პროექტსა და ინიციატივას, რომელიც თბილისის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
"შეხვედრის შედეგად გამოკვეთილ პრობლემებზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება და ამ მიზნით მიმდინარე და სამომავლო სამოქმედო გეგმაში შესაბამისი კორექტირება იქნება შეტანილი. მსგავსი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. დარგის მოთამაშეებთან უწყვეტი კომუნიკაცია მიზნობრივი პროგრამების მომზადებისა და განხორციელების საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა ირაკლი ბერეკაშვილმა.

 

სიახლე
29 მაისი 2015  
 
 

კრწანისის რაიონს კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონა შეემატება. გორგასლის შესახვევში მდებარე N2 კორპუსის მაცხოვრებლებმა 2015 წლის 7 მაისს  სსიპ  „ქონების მართვის სააგენტოს“ მიმართეს თხოვნით, რათა მათი კორპუსის მიმდებარედ არსებულ 2 005კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მინიჭებოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული მოედანი და მოსახლეობას სურს, მის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერი გაკეთდეს.
ქონების მართვის სააგენტომ, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსთან ერთად, განიხილა აღნიშნული საკითხი და  დააკმაყოფილა მოსახლეობის მოთხოვნა აღნიშნული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე.                                                                 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი ზონის ნაცვლად, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარჩება განუსხვისებელ (ძირითად) ქონებად და საერთო სარგებლობის ფართად.

 

 

 

 

სიახლე
20 მაისი 2015  
 
 

კრწანისის რაიონის გამგეობა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე. კონკურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის გადაწყვეტის საუკეთესო წინადადების გამოვლენა.
განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნარიყალას ციხეზე გააკეთა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან, არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ნინო ღოღობერიძესთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ნიკა ანთიძესთან და არქიტექტორ-რესტავრატორებთან - ტარიელ კიპაროიძესთან, ზურაბ ვახტანგაძესთან და იოსებ ბანძელაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ნარიყალას ციხეს ბოლო სარესტავრაციო სამუშაოები ფრაგმენტულად გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაუტარდა, თუმცა, მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ეს ნაწილები ზიანდება. სწორედ ამიტომ,  მიღებულია გადაწყვეტილება და საუკეთესო სარესტავრაციო პროექტის გამოსავლენად საჯარო კონკურსი ცხადდება. მნიშვნელოვანია, მაქსიმალური კონკურენცია იყოს, ამიტომ მოვუწოდებთ არქიტექტორ-რესტავრატორებს, საუკეთესო პროექტის შესარჩევად ჩვენს მიერ გამოცხადებული წესების შესაბამისად შემოიტანონ განაცხადები. აუცილებელია, ციხის აღდგენა მოხდეს მისი ისტორიული ღირებულებების შენარჩუნებით და ვიზიტორებისთვის უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი ადგილი გვქონდეს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, სარესტავრაციო სამუშაოები მომდევნო წლიდან დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტში დაფინანსება იქნება გათვალისწინებული.
IV საუკუნის ციხესიმაგრე ფრაგმენტულად (კედლების ზედა ნაწილები) გასული საუკუნის 90-იან წლებშია აღდგენილი, თუმცა, მისი ახლანდელი მდგომარეობა მძიმე ავარიული და საფრთხის შემცველია. თითქმის დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში მოქცეული კოშკები. აუცილებელი სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებებია შესასრულებელი ნარიყალას თითქმის ყველა კედელ-ბურჯზე.
საპროექტო დოკუმენტაციით განისაზღვრება რეაბილიტაციის მიმართულებები, რაც ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველია.
საკონკურსო პირობების მიხედვით, ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე, მეთოდოლოგია უნდა მოხდეს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
კონკურსანტმა, სხვა სავალდებულო დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ, მათ შორის, შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალი ამა თუ იმ პროექტში საკუთარი პოზიციის მითითებით. მან, ასევე, უნდა წარმოადგინოს სადემონსტრაციო მასალა: ძეგლის არსებული მდგომარეობის აღწერა, ფოტოფიქსაცია, დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შეფასება; ძეგლის დაზიანებებისა და არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად გამოვლენილი ვითარების ანალიზზე დაყრდნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიის განსაზღვრა და კონცეფციის შემუშავება, რეკომენდაციები დაზიანებათა აღმოფხვრისათვის.
კონკურსში მონაწილეთა შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით მოხდება:

  • სპეციალისტის კვალიფიკაცია - 0,4;
  • საკონკურსო წინადადება (სადემონსტრაციო მასალა) - 0,4;
  • საკონკურსო წინადადების ფასი - 0.2.

საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2015 წლის 15 ივნისია.
გამარჯვებულ კონკურსანტთან დაიდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს მიმწოდებლის მიერ ჩასაბარებელი საბოლოო პროდუქტის - კვლევითი-საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებას, რომლის ზუსტი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.

 

 

 

 

 

 

სიახლე
29 მაისი 2015  
 
 

დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თამაზ შოშიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის მერიას მრჩევლის 5 ახალი შტატი დაემატება.
თბილისის მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, წლების განმავლობაში მრჩევლის შტატი მერის, ვიცე-მერისა და მერიის სხვადასხვა სამსახურის აპარატებში იყო გადანაწილებული, რაც თავად მრჩევლის ინსტიტუტის ფუნქციას არაეფექტურს ხდიდა.
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით, თბილისის მერიის საჯარო თანამდებობებში განისაზღვრა მერის მრჩევლის თანამდებობა.
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიის სისტემაში გადანაწილებული მრჩევლის შტატები უქმდება და მერიის ადმინისტრაციის ქვეშ ერთიანდება. ამით მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა შესაბამისობაში მოვა საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან. ინიციატივაც, რომელიც თბილისის საკრებულოში შევიდა, აღნიშნული საკითხის დარეგულირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ცვლილება ბიუჯეტში დამატებით ასიგნების გამოყოფას არ გამოიწვევს.
სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრთა ერთი ნაწილი კვლავაც სიცრუის ტირაჟირებით მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სიახლე
20 მაისი 2015  
 
 

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მოვალეობაა მოსახლეობის, როგორც აგრესიული და დაავადებული ცხოველების, ისე ქვეწარმავლებისგან დაცვა. ამ მიზნით ფუნქციონირებს გველდამჭერთა ჯგუფი, რომელიც ჰუმანური მეთოდით ქვეწარმავალთა დაჭერას და შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვებას ან იზოლაციას უზრუნველყოფს.
ჯგუფის მობილურობის ამაღლების მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება გველდამჭერებით დაკომპლექტებული ცალკე ეკიპაჟის ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც საკუთარი სატრანსპორტო საშუალება გამოეყო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ქვეწარმავლის დანახვისას მოერიდონ მას და დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს.

 

 

სიახლე
28 მაისი 2015  
 
 

13-22 მაისს, ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. 
ფესტივალი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ტარდება. იდეის ავტორი ამირან შალიკაშვილი უმცროსია, რომელიც წლებია ამ სფეროში მოღავწეობს და მშობლებთან ერთად აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელმაც არაერთხელ მოუტანა უდიდესი წარმატება არამარტო ამ თეატრს, არამედ საქართველოს.
ჩარლი ჩაპლინისა და მარსელ მარსოს შემდეგ ამირან შალიკაშვილი, საკუთარი ინდივიდუალურობითა და ამ სფეროსათვის ნაკლებად დამახასიათებლი დრამტულობის განცდით, ხელოვნების ამ მიმართულების ერთადერთ გამგრძელებლად ითვლება მსოფლიოში. ფესტივალის მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ ახალგაზრდა მსახიობებმა, რომლებიც ეწვევიან საქართველოს ფესტივალის ფარგლებში, გაიზიარონ მაესტროს გამოცდილება და შეეცადონ არ დაკარგონ ტრადიცია, რომელსაც თითქმის უკვე საუკუნის წინ, ზემოთჩამოთვლილმა კორიფეებმა, ჩარლი ჩაპლინმა და მარსელ მარსომ ჩაუყარეს საფუძველი.

სიახლე
14 მაისი 2015  
 
 

ძველ თბილისში  კალაუბნის  სარეაბილიტაციო პროექტი დასკვნით ფაზაში შედის. ისტორიულ უბანში არსებულ სხვადასხვა ქუჩებზე სამშენებლო სამუშაოები, დაახლოებით, 2 თვეში დასრულდება. კალაუბნის შენობათა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ მისამართებზე გრძელდება: სამღებროს ქ.N5, ჯვარედინის ქ.N10, 4/6 და 2, გომის ქ.N6, 7, 8, 9,  17 და 18, ბეთლემის ქ. N23, 25, 2/6, 15, 17, 19, 19ა და ბეთლემის ჩიხი N9. აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციის ღირებულება 451 963 ლარია.
თბილისის განვითარების ფონდმა კალაუბნის პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ხარვეზებიც შეისწავლა და მიმდინარე პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოების დასრულებასთან ერთად, სამშენებლო ხარვეზების აღმოფხვრა კონტრაქტორ  კომპანიებს დაავალა.  
სამღებროს, გომის, ჯვარედინისა და ბეთლემის ქუჩებზე, ბინათმესაკუთრეებს პროექტით გათვალისწინებული რეაბილიტირებული საცხოვრებელი სახლები ჩაბარდებათ, რითაც მერიის მიერ მოსახლეობის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულდება.
ძველი თბილისის აღნიშნულ ისტორიულ უბანში ავარიულ შენობა-ნაგებობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე განხორციელდა წყალკანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფრგლებში მოწესრიგდა საფეხმავლო და სამანქანო გზები, დამონტაჟდა გარე-განათების სისტემა და მთლიანად  მოწესრიგდა უბნის ინფრასტრუქტურა.
ისტორიული კალაუბნის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდის მიერ 2009 წელს დაიწყო და ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე განხორციელდა.  

სიახლე
28 მაისი 2015  
 
 

საბურთალოს რაიონში შიდა ეზოებისა და კვარტალური გზების მოასფალტება გრძელდება. ბალანჩივაძის ქ.N40-ში მიმდინარე სამუშაოები დღეს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა. ამ მისამართზე ასფალტის საფარი 1 650 კვ.მ ფართობზე დაიგება.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო ახალი ბორდიურები.
ამასთან, კორპუსის უკანა ეზოს ქვეშ მიწისქვეშა ავტოფარეხებია, რის გამოც ეს მონაკვეთი სპეციალური ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარა, მოიხრეშა და ახლა აქ ასფალტის საფარი მოეწყობა. პროექტის ღირებულება 60308,21 ლარია.
ბექა მიქაუტაძეს კორპუსის მაცხოვრებლებიც შეხვდნენ და მიმდინარე სამუშაოები ერთად  დაათვალიერეს.

 

სიახლე
8 მაისი 2015  
 
 

28 მაისს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, „დინამო არენის“ აკადემიაში, საზეიმოდ გაიხსნა ნოდარ ახალკაცის სახელობის VIII–ე საერთაშორისო ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი.
ნ. ახალკაცის სახელობის VIII–ე საერთაშორისო ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის საზეიმო გახსნას მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არველაძეების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, როგორც განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ კახა ცეცხლაძემ განაცხადა „ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა საქართველოში საფეხბურთო სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. მადლობა ჩამოსულ სტუმრებს და თითოეულ მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას.“
ტურნირი სამ ასაკობრივ ჯგუფში: 9,10 და 11 წლის ბავშვთა გუნდებს შორის მიმდინარეობს. ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალში საქართველოს გარდა საზღვარგარეთიდან სომხეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საფეხბურთო კლუბები მონაწილეობენ.
ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის ფინალური მატჩები 1 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე გაიმართება.

სიახლე
28 მაისი 2015  
 
 

ჩუღურეთის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრუკენის მოედნამდე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა  2 კვირით, დღის 10სთ-დან საღამოს 6 საათამდე შეიზღუდება. შეზღუდვა არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას. დავით აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთება მიმდინარეობს.
2 500 კვ. მეტრის ფართობის საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთებას შპს „დრო“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს. ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სიახლე
28 მაისი 2015  
 
 

ქალაქის გამწვანების პროექტის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და გამგეობის თანამშრომლებმა ხუდადოვის ქუჩაზე კიპარისის ნერგები დარგეს.
„თბილისის გამწვანების აქციაში აქტიურად ვართ ჩართულები. ხუდადოვის ქუჩის ამ მონაკვეთზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ნაგავსაყრელი იყო. თებერვალში „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით ხევი დასუფთავდა და შემდეგ გადაწყდა კიდეც მისი გამწვანება,“ -განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
გამწვანების აქციის ფარგლებში, ხუდადოვის ქუჩაზე 120 კიპაროსი დაირგო.

სიახლე
5 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერიაში QMATIC-ის რიგის მართვის სისტემა დამონტაჟდა. დროული სერვისი, გამარტივებული მენეჯმენტი (Management Portal), პერსონალის მუშაობის ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ზრდა, მოლოდინის დროისა და კონფლიქტები შემცირება, მოქალაქეების  კმაყოფილების დონის მატება, იმ შედეგების მხოლოდ ნაწილია, რომელთაც  ელექტრონული რიგის დამონტაჟება გამოიღებს. პროექტი, კავკასიაში QMATIC-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, Ngt Group-მა განახორციელა, მასვე დაევალა სისტემის მონიტორინგი და ტექნიკური მხარდაჭერა.
QMATIC-ი შვედური კომპანიაა, რომელმაც  მსოფლიოში პირველმა დანერგა რიგის მართვის სისტემები და  დღემდე 122 ქვეყანაში 65 ათასი ინსტალაციით ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს. 2007 წელს კავკასიაში მისი პრემიუმ პარტნიორი Ngt Group გახდა. საქართველოში რიგის მართვის სისტემების 95% QMATIC-თან თანამშრომლობით სწორედ Ngt Group-ის დანერგილია. 8 წლის განმავლობაში შვედური რიგის მართვის სისტემა დაინსტალირდა 400-ზე მეტ ობიექტში, მათ შორის იუსტიციის სახლში(თბილისი, რუსთავი, ახალციხე, ოზურგეთი, ბათუმი, მარნეული, ქუთაისი, თელავი, გურჯაანი, გორი, ყვარელი), TBC-ში, საქართველოს, Liberty, ProCredit და VTB  ბანკებში, ჯეოსელისა და ბილაინის ოფისებში, შემოსავლების სამსახურში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ალდაგი BCI-ში. სამედიცინო სექტორში Qmatic-ის რიგის მართვის სისტემით სარგებლობენ კურაციო, სამედიცინო კორპორაცია-ევექსი, ჩიჩუას თვალის კლინიკა, გორის სამხედრო ჰოსპიტალი, ჟვანიას კლინიკა და ა.შ.

 

 

 

სიახლე
28 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერი წიგნის 17-ე საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო. დავით ნარმანიამ ფესტივალზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ  ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად წიგნი თავის მნიშვნელობას არ კარგავს.
„ძალიან ბევრი ხალხია დღეს აქ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას,რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა და დღესაც გვაქვს წიგნების მიმართ დიდი ინტერესი. მიხარია, რომ წიგნის ფესტივალი ტრადიციად იქცა და ყოველ წელს აქ უფრო მეტი სტუმარი მოდის. მისასალმებელი ფაქტია, რომ წელს ფორმატი გაფართოვდა და ადგილობრივ გამომცემლებთან ერთად უცხოური გამომცემლობებიც მონაწილეობენ ფესტივალში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
წიგნის ფესტივალს, რომელიც დღეს გაიხსნა, სამი დღის განმავლობაში „ექსპო ჯორჯიას“ 11-ე პავილიონი უმასპინძლებს. ფესტივალში 53 გამომცემლობა, წიგნის მაღაზია და საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ახალი წიგნების პრეზენტაციები; შეხვედრები ქართველ და უცხოელ ავტორებთან; საჯარო კითხვა; გასართობი პროგრამები პატარა მკითხველებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სტენდთან.
თბილისის წიგნის ფესტივალს ათამდე უცხოელი სტუმარი ეწვევა. დღეს ფესტივალის სტუმარი იყო გამოჩენილი სერბი მწერლის - მილორად პავიჩის მეუღლე, მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი და მისი ლიტერატურული აგენტი იტალიიდან სტეფანო ბისაჩი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს პრეზიდენტის ფონდი,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 

 

სიახლე
28 მაისი 2015  
 
იხილეთ მეტი