ცხელი ხაზი 272 22 22
23:22 02/06/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

კრწანისის რაიონში, გორგასლის მე-3 შესახვევში გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს.  სამუშაოების ფარგლებში  3 700 კვ.მ ფართობზე დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი, მოეწყობა  ტროტუარები და ბორდიურები. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 225 000 ლარია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, კრწანისის რაიონში მდებარე სხვა ქუჩების შეკეთებასაც უზრუნველყოფს.
მიმდინარე სამუშაოები დღეს, კრწანისის რაიონის გამგებელმა, გიორგი კოპალეიშვილმა დაათვალიერა.

სიახლე
2 ივნისი 2015  
 
 

თბილისი 21 ივნისს იოგას საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით დღეს სიანფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საქართველოსა და სომხეთში ინდოეთის ელჩი, გაეროს ელჩი საქართველოში და იოგას ცენტ „ანანდას“  წარმომადგენლები დაესწრნენ.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, 21 ივნისს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, რიყის პარკში იოგას საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება, ჩატარდება მასტერ-კლასები, სემინარები და გამოფენები.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცადებით, დედაქალაქის მერია ყველა იმ ღონისძიებას დაუჭერს მხარს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„საქართველოში იოგით ბევრი ადამიანია დაკავებული. ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, ამიტომ თბილისის მერია ყველა მსგავსი ღონისძიების მხარდამჭერი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
„ინდოეთს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ პირველად მიეცა შესაძლებლობა იოგას შესახებ ინფორმაცია მსოფლიოში გაავრცელოს. იოგა,  ეს არის უძვირფასესი საჩუქარი,  რაც კაცობრიობას დაუტოვა ინდოეთის კულტურამ და ტრადიციამ“, -  განაცხადა საქართველოსა და სომხეთში ინდოეთის ელჩმა  სურეშ  ბაბუმ.
საქართველოსთან ერთად ამ დღეს მსოფლიოს 50 ქვეყანაში აღნიშნავენ, რადგან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ის გაეროს მიერ აღიარებული დღეების ჩამონათვალში შევიდა.
„თქვენ იცით, რომ გაეროს ერთ-ერთი ძირითადი მანდატი მთელს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა. მშვიდობა კი მეტწილად უკავშირდება იოგას, რადგან მშვიდობა არის არა მარტო ჩვენს გარეთ,  პირველ რიგში მშვიდობა უნდა იყოს ჩვენს შიგნით და იოგა სწორედ ამის ერთ-ერთი გზაა“, - განაცხადა გაეროს ელჩმა  საქართველოში ნილ სკოტმა.
21 ივნისს იოგას საერთაშორისო დღის ორგანიზატორები და მხარდამჭერები თბილისის მერია,  საქართველოსა და სომხეთში ინდოეთის საელჩო,  საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და იოგას ცენტრი „ანანდაა“. რიყის პარკში დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 

სიახლე
2 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრების 18 წლის ასაკის ზემოთ ბენეფიციარებს დაეხმარება. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და თბილისის შშმ პირთა 11 დღის ცენტრის ხელმძღვანელმა 2 ივნისს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, 2015 წლის ივნისიდან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური „შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ 101 ბენეფიციარის „დღის ცენტრებით“ სარგებლობას ვაუჩერული ფორმით დააფინანსებს, რისთვისაც ყოველთვიურად 5 600 ლარი გამოიყოფა.
„დღის ცენტრების“ ხელმძღვანელთა განცხადებით, შშმ პირთა დღის ცენტრების სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში, 2015 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს 100%-ით, ხოლო 18 წლის ზემოთ დიფერენცირებულად აფინანსებს. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები 100%-იან დაფინანსებას იღებენ, ხოლო სხვა დანარჩენი პირები - 75%-ს. დარჩენილი 25%-ის დაფარვის თხოვნით თბილისის მერიას დახმარებისთვის დღის ცენტრების ხელმძღვანელებმა მშობლების თხოვნის საფუძველზე მიმართეს.
თბილისის მერიასა და დღის ცენტრებს შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ მომსახურება გაუმჯობესდება და ბენეფიციარებს სრულყოფილი სერვისი მიეწოდება.

 

 

სიახლე
2 ივნისი 2015  
 
 

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის „თბილის-2015“-ის ფარგლებში დიღმის ჭალებში მშენებარე ტანვარჯიშის დარბაზში სატესტო შეჯიბრება „საქართველოს ღია ჩემპიონატი ტანვარჯიშში“ გაიმართა. 28 მაისს ტანვარჯიშის სატესტო ტურნირს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ესწრებოდნენ. შეჯიბრებაში რუსეთის, ბელორუსიის, ხორვატიის, შვედეთისა და საქართველოს სპორტსმენები მონაწილეობდნენ. როგორც ტანვარჯიშის მწვრთნელმა რუსუდან სიხარულიძემ აღნიშნა: „სატესტო შეჯიბრება მსაჯებისა და საოგანიზაციო კომიტეტისთვის წარმოადგენს მოსამზადებელ ეტაპს მომავალი ოლიმპიური ფესტივალისთვის“.
ღონისძიებას საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან ერთად თბილისის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე კახა ცეცხლაძე ესწრებოდა.
სატესტო ტურნირი 30 მაისს დასრულდება.

სიახლე
28 მაისი 2015  
 
 

ჩუღურეთის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. წინამძღვრიშვილის  N44/46 -სა და ჩიტაიას N4-ში  საცხოვრებელ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება. 59 495 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში სახლის საძირკველი გამაგრდება და კედელი ლითონის ბადით მოიჭიმება.
სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 20%-ს გადაიხდის. აღნიშნულ მისამართებზე 31 ოჯახი ცხოვრობს.
ამ დროისთვის ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახლების საძირკვლის გამაგრების სამუშაოები   30 მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტებზე 1 054 204 ლარზე მეტი დაიხარჯება.

ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად სულ 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სიახლე
2 ივნისი 2015  
 
 

კრწანისის რაიონს კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონა შეემატება. გორგასლის შესახვევში მდებარე N2 კორპუსის მაცხოვრებლებმა 2015 წლის 7 მაისს  სსიპ  „ქონების მართვის სააგენტოს“ მიმართეს თხოვნით, რათა მათი კორპუსის მიმდებარედ არსებულ 2 005კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მინიჭებოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული მოედანი და მოსახლეობას სურს, მის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერი გაკეთდეს.
ქონების მართვის სააგენტომ, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსთან ერთად, განიხილა აღნიშნული საკითხი და  დააკმაყოფილა მოსახლეობის მოთხოვნა აღნიშნული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე.                                                                 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი ზონის ნაცვლად, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარჩება განუსხვისებელ (ძირითად) ქონებად და საერთო სარგებლობის ფართად.

 

 

 

 

სიახლე
20 მაისი 2015  
 
 

საბურთალოზე შიდა ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. რამდენიმე მისამართზე სამუშაოები უკვე დასრულდა. ბახტრიონის ქ. N26-ის ეზოში 600კვ.მ ასფალტი დაიგო. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ბორდიურები და სადარბაზოებთან მისასვლელი გზები.
1 330კვ.მ ასფალტი დაიგო გრიგოლ ფერაძის N2-ის N10 კორპუსში. ამ კორპუსში საბურთალოს რაიონის უფასო სასადილო მდებარეობს. ეზოში გზის საფარი სრულად დაზიანებული იყო და სასადილოსთან მისვლა მოხუცებს უჭირდათ. პროექტის განხორციელების შემდეგ, კორპუსის მთელ პერიმეტრზე გზის საფარი მოეწყო. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ბორდიურებიც.
ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-8 ჩასახვევიდან გრ. ფერაძის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე. ამ მისამართზე სულ 4 200 კვ.მ ორფენოვანი ასფალტი არა მარტო ცენტრალურ გზებზე, არამედ შემაერთებელ ქუჩებზეც დაიგება. პროექტის ღირებულება 272 563 ლარია.
3 900 კვ.მ შიდა ეზოს რეაბილიტაცია უკვე დაიწყო ალექსიძის ქ N2-ის მიმდებარედ. რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსის წინ ძველი ასფალტის საფარი უკვე მოხსნილია და ახლა მიწისქვეშა კომუნიკაციების კვანძების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ მისამართზე მიმდინარე პროექტის ღირებულება 256 423 ლარია.
დიდ დიღომში, მირიან მეფის N15-თან კი ასფალტის დაგებამდე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. 431 კვ.მ-ზე ახალი სკვერის პროექტის ღირებულება 35 880 ლარია.

 

 

სიახლე
2 ივნისი 2015  
 
 

დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თამაზ შოშიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის მერიას მრჩევლის 5 ახალი შტატი დაემატება.
თბილისის მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, წლების განმავლობაში მრჩევლის შტატი მერის, ვიცე-მერისა და მერიის სხვადასხვა სამსახურის აპარატებში იყო გადანაწილებული, რაც თავად მრჩევლის ინსტიტუტის ფუნქციას არაეფექტურს ხდიდა.
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით, თბილისის მერიის საჯარო თანამდებობებში განისაზღვრა მერის მრჩევლის თანამდებობა.
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიის სისტემაში გადანაწილებული მრჩევლის შტატები უქმდება და მერიის ადმინისტრაციის ქვეშ ერთიანდება. ამით მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა შესაბამისობაში მოვა საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან. ინიციატივაც, რომელიც თბილისის საკრებულოში შევიდა, აღნიშნული საკითხის დარეგულირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ცვლილება ბიუჯეტში დამატებით ასიგნების გამოყოფას არ გამოიწვევს.
სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრთა ერთი ნაწილი კვლავაც სიცრუის ტირაჟირებით მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სიახლე
20 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია გერმანელი მეცნიერის, კრისტიან კოხის გამოგონების - ICR რეაქტორის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.
გამოგონება, რომელიც გერმანელი მეცნიერის მიერაა დაპატენტებული, ICR რეაქტორის  საშუალებით ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მავნე გამონაბოლქვის და გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას და საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს.
თბილისის მერის განცხადებით, გერმანელი მეცნიერის გამოგონებას ექსპერტებთან და  შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავენ და შესაძლოა სიახლე სამომავლოდ დაინერგოს.  

„გერმანელმა მეცნიერმა ძალიან საინტერესო გამოგონება შემოგვთავაზა, რომელიც გამოცდილი და აპრობირებულია. გამოგონება უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას და მავნე გამონაბოლქვის შემცირებას. ჩვენ დავნიშნეთ ექპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც დადასტურდა როგორც საწვავის ეკონომია, ასევე ჰაერში მავნე გამონაბოლქვის მოცულობის შემცირება. შესაბამისი დასკვნა გადავუგზავნეთ სამინისტროებს, რომლებიც ამ საკითხებზე არიან პასუხისმგებლები. მათი და ექსპერტების მონაწილეობით ვიხილავთ  გამოგონების დადებით მხარეებს და მისი დანერგვის შესაძლებლობებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

კრისტიან კოხის განცხადებით, ICR რეაქტორის დახმარებით საწვავის მოხმარება 12-დან 20 პროცენტამდე შემცირდება, გამონაბოლქვის დონე კი 65-დან 90 პროცენტამდე დაიკლებს. 
„რეაქტორი აჩქარებს საწვავის გადამუშავების პროცესს და ასრულებს კატალიზატორის როლს, რათა გამონაბოლქვი იყოს სუფთა. ის 90%-ით ამცირებს მავნე ნივთიერებებს გამონაბოლქვში. ამასთან, ზრდის საწვავის ეფექტურობას და ვიღებთ ეკონომიას. გარდა ამისა, ძველი მანქანის ძრავში წვის პროცესი უარესდება. ამ რეაქტორის საშუალებით კი წვის პროცესი უმჯობესდება და მანქანის გამოყენების ხანგრძლივობაც იზრდება“, - განაცხადა კრისტიან კოხმა. 

გერმანელი გამომგონებლის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, სატრანსპორტო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. 

სიახლე
2 ივნისი 2015  
 
 

13-22 მაისს, ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. 
ფესტივალი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ტარდება. იდეის ავტორი ამირან შალიკაშვილი უმცროსია, რომელიც წლებია ამ სფეროში მოღავწეობს და მშობლებთან ერთად აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელმაც არაერთხელ მოუტანა უდიდესი წარმატება არამარტო ამ თეატრს, არამედ საქართველოს.
ჩარლი ჩაპლინისა და მარსელ მარსოს შემდეგ ამირან შალიკაშვილი, საკუთარი ინდივიდუალურობითა და ამ სფეროსათვის ნაკლებად დამახასიათებლი დრამტულობის განცდით, ხელოვნების ამ მიმართულების ერთადერთ გამგრძელებლად ითვლება მსოფლიოში. ფესტივალის მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ ახალგაზრდა მსახიობებმა, რომლებიც ეწვევიან საქართველოს ფესტივალის ფარგლებში, გაიზიარონ მაესტროს გამოცდილება და შეეცადონ არ დაკარგონ ტრადიცია, რომელსაც თითქმის უკვე საუკუნის წინ, ზემოთჩამოთვლილმა კორიფეებმა, ჩარლი ჩაპლინმა და მარსელ მარსომ ჩაუყარეს საფუძველი.

სიახლე
14 მაისი 2015  
 
 

თბილისის N23-ე  საბავშვო ბაგა-ბაღში ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა  მიწისძვრის სიმულაციური თამაში  წარმოადგინეს. აჩვენეს, როგორ უნდა დატოვო შენობა მიწისძვრის დროს და დახმარებისათვის გამოიძახო შესაბამისი სამსახურები. საჩვენებლ თამაშებში ჩართული იყო სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო დახმარების მანქანები. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა თოჯინების  წარმოდგენაც გამართეს.  

ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან“ ხორციელდება „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამის  მიმდინარეობას აქტიურად უჭერს მხარს  თბილისის მერია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან 2015 წლის თებერვალში გაფორმებული  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

„ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ პროგრამას გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB)  „ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტისა“ (ECHO) და „კოალიცია - გერმანია ეხმარებას“ (Aktion Deutschland Hilft)  ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.  

სიახლე
2 ივნისი 2015  
 
 

საბურთალოს რაიონში შიდა ეზოებისა და კვარტალური გზების მოასფალტება გრძელდება. ბალანჩივაძის ქ.N40-ში მიმდინარე სამუშაოები დღეს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა. ამ მისამართზე ასფალტის საფარი 1 650 კვ.მ ფართობზე დაიგება.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო ახალი ბორდიურები.
ამასთან, კორპუსის უკანა ეზოს ქვეშ მიწისქვეშა ავტოფარეხებია, რის გამოც ეს მონაკვეთი სპეციალური ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარა, მოიხრეშა და ახლა აქ ასფალტის საფარი მოეწყობა. პროექტის ღირებულება 60308,21 ლარია.
ბექა მიქაუტაძეს კორპუსის მაცხოვრებლებიც შეხვდნენ და მიმდინარე სამუშაოები ერთად  დაათვალიერეს.

 

სიახლე
8 მაისი 2015  
 
 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს თბილისის მერმა ოჯახთან ერთად ზოოპარკში მიულოცა. დავით ნარმანია ზოოპარკში სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. თბილისის მერის განცხადებით, ზოოპარკში  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები ეწყობა, სადაც სტუმრად მისულ ბავშვებს სასიამოვნო დროის გატარება სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობით შეუძლიათ.

„თბილისის ზოოპარკი დღეს პატარებს მასპინძლობს. აქ უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი. სტუმრებს ზოოპარკის ტერიტორიაზე  ცხოველებისა  და ფრინველების  დათვალიერების გარდა, გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ. დარწმუნებული ვარ,  რომ დღევანდელი დღე თითოეული ბავშვისთვის დაუვიწყარი იქნება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის ზოოპარკში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ სპორტული აკრობატიკის საჩვენებელი ნომრები და ილუზიონისტის შოუ, მოუსმინონ ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებს, საბავშვო ბაღების კოლექტივებს, „ბასტი ბუბუს“ სტუდიის მოსწავლეებსა და საბავშვო სტუდია „სახეს“ წევრებს. იმართება სახალისო ვიქტორინები.

თბილსის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, 1 ივნისს თბილისის ზოოპარკი ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს, რადგან ზოოპარკის მთავარი ფუნქცია  სწორედ ბავშვებთან მუშაობა და ბუნების მიმართ მათი ცნობიერების სწორად ჩამოყალიბებაა.

„წელს განსაკუთრებით მასშტაბურად აღვნიშნავთ ამ დღეს. რამდენიმე ადგილზე იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. არის სპექტაკლები და სხვადასხვა სახის  წარმოდგენები. ასეთ ღონისძიებებში ზოოპარკის ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც  ზოოპარკის პოპულარიზაციისთვის, ისე საქმისთვის, რასაც  ჩვენ  ვემსახურებით“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ზოოპარკში, გლდანის, დედაენისა და სამგორის პარკებში მისულ ბავშვებს ფურცლებზე მსოფლიოს ბავშვებისადმი წერილების დაწერის შესაძლებლობაც აქვთ. ასეთი ჩანაწერი დღეს ზოოპარკში  თბილისის მერის უფროსმა ვაჟმაც დატოვა. წერილები დღეს 18:00 საათზე დიდ საჰაერო ბუშტთან ერთად, ოთხივე პარკიდან ერთდროულად ცაში აფრინდება. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება თბილისის ყველა უბანში ტარდება. გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობა ბავშვებს ვაკის, მუშთაიდის, დედაენის, გლდანის, კიკვიძის, სამგორის პარკებსა და „მზიურში“ მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

 

 

სიახლე
1 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი “მზიურში” ყოველწლიურ „მზის ფესტივალს“ დაესწრო. იდეის ავტორი ანა გოგუაძეა, რომელიც ფესტივალს ყოველწლიურად მეგობრებთან ერთად მართავს. პროექტის უმთავარი მიზანი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
„მზის ფესტივალი“ წელს მეათედ იმართება და ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. 

სიახლე
1 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი მსახიობისა და საბავშვო პოეტის, გივი ჭიჭინაძის მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო. თბილისის მერის მოადგილემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და გივი ჭიჭინაძის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გივი ჭიჭინაძის მემორიალური დაფა ლუარსაბ ბოცვაძის  ქუჩაზე გაიხსნა. ღონისძიებას საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, ასევე გივი ჭიჭინაძის  ოჯახის წევრები, მეგობრები  და ახლობლები დაესწრნენ.
პოეტი და მსახიობი გივი ჭიჭინაძე 1934 წლის 12 აგვისტოს თბილისში დაიბადა. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გივი ჭიჭინაძემ მუშაობა დაიწყო სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში, 1960 წლიდან კი მოღვაწეობა თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში განაგრძო. გივი ჭიჭინაძეს მრავალი როლი აქვს შესრულებული რუსთაველისა და სოხუმის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში.
სამსახიობო მოღვაწეობის პარალელურად, გივი ჭიჭინაძე წერდა საბავშვო ლექსებს. პირველი კრებული მან 1955 წელს გამოსცა. მომდევნო წლებში მისი ლექსები ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ქართველ ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი პოემები და კრებულები: „წია-წია პაწია“, „წყაროსთვალი“, „დათუნია-დრუნჩა“, „ია, მზე და იამზე“, „თაგვმა კატა დაიჭირა“, „ვინ დახატავს ცხრათვალა მზეს“ და სხვა.
გივი ჭიჭინაძის პიესები წარმატებით იდგმებოდა თეატრის სცენაზე.
პოეტი და მსახიობი გივი ჭიჭინაძე თბილისში 1999 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

სიახლე
1 ივნისი 2015  
 
იხილეთ მეტი