ცხელი ხაზი 272 22 22
00:11 06/03/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერია ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან - "თბილისი 2015“-თან დაკავშირებით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების გადამზადებას იწყებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
„ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის“ სასწავლო ინსტიტუტის სერტიფიცირებული პროგრამების მიხედვით, სასწავლო კურსს კომპანია „McInerney Hospitality International“ კომპანია „KMS Georgia“-სთან თანამშრომლობით ჩაატარებს.
ზოგადი სერვისის დონისა და პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით გადამზადდებიან თბილისში არსებული სასტუმროების საოპერაციო განყოფილების თანამშრომლები. გადამზადების კურსების გავლა შეუძლია იმ სასტუმროების პერსონალსაც, რომელთა გახსნაც ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე იგეგმება.
მენეჯმენტისა და მომსახურების მიმართულებით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების გადამზადების კურსები 10 მარტიდან დაიწყება და მაისის ბოლომდე გასტანს. მსურველებს პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში შეუძლიათ. 

 

 

სიახლე
4 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

„2008 წლის აგვისტოს ომმა და კრიზისმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია სამშენებლო სექტორზე,  ბევრი მშენებლობა დღემდე გაჩერებულია. საქმე უმეტესწილად დედაქალაქში შეჩერებულ მშენებლობებს ეხება, რომელმაც  წინ ვერ წაიწია. სამშენებლო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია წახალისება და სხვადასხხვა სტიმულირების ინსტრუმენტები, რათა შეძლონ შეჩერებული მშენებლობების დასრულება. ამიტომ, საგადასახადო სტიმულირებასთან ერთად, აუცილებელია კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გათავისუფლება და მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, რაც სამშენებლო კომპანიებს ფინანსური რესურსების გამოთავისუფლების დამატებით შესაძლებლობას  მისცემს, რათა შეძლონ მათი ჩადება მშენებლობის პროცესში.  დედაქალაქის მერია აქტიურად იყო ჩართული და ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ საკითხს. თბილისის მთავრობა  მზად არის, კოეფიციენტის მოსაკრებლისგან გაათავისუფლოს და მშენებლობის ნებართვების ვადა გაუგრძელოს 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ და ამ დრომდე დაუსრულებელ მშენებლობებს, რისთვისაც შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მოსაკრებლისგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს მოგვცემს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 

 

სიახლე
19 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მთავრობის სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში არსებული ვითარება შეისწავლა და სამსახურის ეფექტიანობის გასაზრდელად საინტერესო კონცეფცია წარმოადგინა. მისი თქმით, გადაიხედება არსებული და ჩამოყალიბდება ახალი, ქმედითი და ეფექტიანი სტრუქტურა; ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, შეიქმნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ქვეფილიალები, გადამზადდება პერსონალი, განახლდება სამედიცინო და სხვა აპარატურა, ინვენტარი, მანქანები, გამკაცრდება კონტროლი როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალის და მენეჯმენტის  მიმართულებით და სხვა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თემურ ბარკალაია გამოძახების ოპერატიულობასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად პრობლემებს შორის ასახელებს ზარის განხორციელებისას პრიორიტეტების არასწორ მინიჭებას, არამიზნობრივ გამოძახებებს, არაკეთილსინდისიერ მძღოლებს, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ბრიგადებს გზას არ უთმობენ,  მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობას, თბილისის  მოსახლეობის ზრდას, მისამართების უზუსტობას, კლინიკებთან და სხვა სტრუქტურებთან რთულ კომუნიკაციას და სხვა.
თემურ ბარკალაიას თქმით, უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრები თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსთან და თბილისის საპატრულო პოლიციასთან, ასევე სხვადასხვა კლინიკების ხელმძღვანელებთან. მისივე თქმით, არსებული ფილიალების ოპტიმიზაციისა და ახალი ქვეფილიალების დამატების მიზნით, მუშავდება თბილისის ახალი სამედიცინო-გეოგრაფიული რუკა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არსებული საკითხების შესწავლა და მოგვარება თბილისის მერმა ცენტრის ახალ ხელმძღვანელობას ორი კვირის წინ დაავალა.

 

 

 

სიახლე
4 მარტი 2015  
 
 

მეტროსადგურმა „ღრმაღელე“ მუშაობა განაახლა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მეტროპოლიტენის დაკეტილ მონაკვეთზე  მატარებლების მოძრაობა 14:00 საათიდან აღდგა. მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ სანიაღვრე კოლექტორის დაზიანების გამო, რამაც გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია, მეტროსადგური 18 თებერვალს, საღამოს 20:30 საათიდან დაიკეტა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში  მუშაობდნენ და მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულეს გვირაბის დაზიანებული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე კომპანია „GWP“-ს ბრიგადები, რომლებმაც ასევე დაასრულეს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

სიახლე
19 თებერვალი 2015  
 
 

დედაქალაქში გაზაფხულისთვის დაგეგმილი და უკვე შესრულებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები 10 ობიექტზე, ჯამური ღირებულებით 5,6 მილიონი ლარი, უკვე დაიწყო. „ზამთრის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა დავიწყეთ. ორი დღის განმავლობაში საგზაო ტექნიკა 10-ზე მეტ ქუჩაზე შევიდა და სამუშაოები მიმდინარეობს. სულ შეკეთებას დაექვემდებარება 22 000-ზე მეტი კვადრტული მეტრი. უკვე დასრულდა 9 მილიონი ლარის ღირებულების გარდამავალი პროექტები, რომელიც 23 ქუჩაზე მიმდინარეობდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, გაზაფხულზე აქტიურად იმუშავებს როგორც კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური, ისე რაიონული გამგეობები იმ მცირე ქუჩებსა და ეზოებში, რომლებიც მათ კომპეტენციას განეკუთვნება. მისივე თქმით, ტენდერების შედეგად გაწეული ეკონომიიდან მიღებული თანხები დამატებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე იქნება მიმართული.
გზების კაპიტალური შეკეთება უკვე დაწყებულია: დიდუბის რაიონში, გიული ჭოხონელიძის ქუჩასა და ჩიხში; წყნეთში ჩოლოყაშვილისა და ახალდაბის ქუჩებზე; ისნისა და გლდანის რაიონებში არსებულ გზებზე; პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარედ; გომარეთის ქუჩაზე, დადიანის ქუჩის ნაწილზე - ე.წ. მალაკნების ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე. სულ მალე დასრულდება ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც საყრდენი კედლის ჩამოშლის გამო მოძრაობა ორმხრივად დაიკეტა.
დედაქალაქის მასშტაბით, აგრეთვე, დაწყებულია გზის ორმოული შეკეთებები, რომელზეც 1,3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. საგზაო სამუშაოები ტენდერების დასრულების შემდეგ უფრო აქტიურ ფაზაში შევა.

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
4 მარტი 2015  
 
 

დასრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსი. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და გამოსცა შესაბამისი ოქმი. მერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპზე - გასაუბრება. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი დარჩა ვაკანტური, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. აღსანიშნავია, რომ კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტური ადგილების  40% ახალი კადრებით დაკომპლექტდა.
გარდა ამისა, ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შესრულების ვადის გასვლის გამო მერიის სისტემაში თანამდებობიდან გათავისუფლდა 445 თანამშრომელი. დროებით მოვალეობის შემსრულებელთა ის ნაწილი, ვინც წარმატებით გაიარა კონკურსი, დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე.
რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის, დავით მედულაშვილისა და ამავე სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის, თამაზ ცერცვაძის შესახებ, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირები იყვნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლები. დავით მედულაშვილი, ვადის გასვლის გამო, დაკავებული თანამდებობიდან 16 თებერვალს გათავისუფლდა, ხოლო თამაზ ცერცვაძე არ გამოცხადდა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, რის გამოც, ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნისთანავე, გათავისუფლდება სამსახურიდან.
აქვე, გაცნობებთ, რომ თბილისის მერია თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც, მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მათთვის აუცილებელ ინფორმაციას. ამ შემთხვევაშიც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ამ ორი პირის შესახებ ინფორმაცია მომთხოვნს მიეწოდა. აქვს თუ არა რომელიმე მათგანს შეხება ჯოკია ბოდოკიას საქმესთან, ამაზე პასუხის გასაცემად თბილისის მერია არ არის კომპეტენტური, ვინაიდან ის არ არის საგამოძიებო ორგანო.

 

 

სიახლე
17 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მთავრობამ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის    მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“  წესდება დაამტკიცა.  შესაბამისი განკარგულება მთავრობის სხდომაზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა წარადგინა. განკარგულების  მიხედვით, "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“  2015 წლის 9 მარტიდან დაფუძნდება.
"საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ დღეს იქნა წარმოდგენილი  განკარგულების პროექტი, რომლითაც შეთავაზებული იყო "თბილისის მეწარმეობის  ხელშეწყობის ცენტრის" დაფუძნება. პროექტი თბილისის მთავრობამ მოიწონა. შესაბამისად, 9 მარტიდან ამოქმედდება მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც  მეწარმეებისთვის კონკრეტულ პროექტებს შეიმუშავებს. მისი დაფინანსება მერიის ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთიდან მოხდება და მისი დაფუძნების გამო თანხა არ მოაკლდება პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან პროექტს", - განაცხადა ირაკლი ბერეკაშვილმა.

 

 

სიახლე
4 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის ბაღში) მედიათეკის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტისათვის 2 548 000 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო განაცხადების მიღება შესაძლებელია 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით. სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 450 დღეში დასრულდება.
„კიკვიძის ბაღის“ მედიათეკის პროექტი შპს „არქიტექტურის ლაბორატორია #3“-ს ეკუთვნის. ბიბლიოთეკის  გარდა, ერთ სივრცეში საგამოფენო, საპრეზენტაციო და კულტურული აქტივობებისათვის განკუთვნილი დარბაზები განთავსდება.
თბილისში 2013 წლის მარტიდან  უკვე ორი - ვაკისა და ვარკეთილის მედიათეკა ფუნქციონირებს. 

სიახლე
16 თებერვალი 2015  
 
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. მსჯავრდებულ ქალებს დედის დღე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა  კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ და ქართველმა მომღერლებმა მიულოცეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია მუდმივად მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება.
სპეციალურად დედის დღესთან დაკავშირებით ცნობილმა ქართველმა ქალმა მომღერლებმა დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს.
კონცერტის წამყვანი, მსახიობი ნიკა წულუკიძე იყო. მერიის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.
დედის დღისა და ქალთა დღის აღსანიშნავად კულტურული ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოეზიის საღამო, ქალი რეჟისორის სპექტაკლი და კინოჩვენება. კვირეული 8 მარტს მხატვარ ქალთა გამოფენით დაიხურება.  ქალთა კვირეული ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად აღინიშნება. 

 

 

სიახლე
3 მარტი 2015  
 
 

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ინფორმაცია მერიის თანამშრომლების სახელფასო დანამატების შესახებ, რომლითაც კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო, თბილისის მერიის თანამშრომლებს - მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, მერის მრჩეველსა და მერიის ადმინისტრაციის უფროსის აპარატის უფროსს 2015 წლის 1 იანვრიდან ეძლევათ ხელფასის ერთმაგი ოდენობის დანამატი.
ამასთან, დედაქალაქის მთავრობამ, განსხვავებით თბილისის წინა მთავრობისგან, უარი თქვა პრემირების მანკიერ სისტემაზე და ის მკაცრი რეგულაციის ქვეშ მოაქცია. შევახსენებთ როგორც ნიკანორ მელიას, ისე მის თანაპარტიელებს, რომ 2014 წლის აგვისტომდე მერიაში თანამშრომლები ყოველთვიურად იღებდნენ როგორც ხელფასს, ისე დანამატსა და დიდი ოდენობით პრემიებს. მათ შორის, მაგალითად, მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, ყოველთვიურ ხელფასთან და დანამატთან ერთად, მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, საშუალოდ 8-10 ათასი ლარის ოდენობის პრემია აქვთ მიღებული.
თბილისის მერიის ახალმა მთავრობამ, უფლებამოსილების ცნობისთანავე, უარი თქვა იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რაც წლების განმავლობაში მელიამ, აბესაძემ, უგულავამ და მათმა თანამოაზრეებმა სისტემის ნაწილად აქციეს. ამიტომაც, მოვუწოდებთ ამ ადამიანებს, ნუ დაივიწყებენ საკუთარ დანაშაულებს და ნუ ეცდებიან, მიზანმიმართული ბინძური კამპანია აწარმოონ თბილისის მერიის წინააღმდეგ.

სიახლე
14 თებერვალი 2015  
 
 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, თითქოსდა თბილისის მერიას 1.1. მილიონი ლარი სასტუმროს მომსახურებისთვის დაუხარჯავს.
სამწუხაროდ, აღნიშნული ორგანიზაციის  მიერ ჩატარებული კვლევა არ არის კვალიფიციური, ვინაიდან მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამას და არა მერიის მიერ დედაქალაქის სტუმრებისთვის გაწეულ ხარჯს.
შშმ მოზარდების სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ბავშვები ბორჯომსა და ურეკში სარეაბილიტაციო კურსს გადიან. 2013-2014 წელს ამ პროგრამით ჯამში 6070-მა მოზარდმა ისარგებლა. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და გამართლებული პროგრამაა, რომელიც შშმ მოზარდების მხარდასაჭერად ხორციელდება.
ორგანიზაცია საკუთარ კვლევაში საერთოდ არ საუბრობს ამ საკითხზე და საზოგადოებას აწვდის მცდარ ინფორმაციას მერიის მიერ „არაგონივრულად“ დახარჯულ თანხებზე.
რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ ჯამში სტუმრების სასტუმროს მომსახურებისთვის 178 000 ლარი დახარჯა.
თბილისის მერია მზად არის, ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორთან და მიაწოდოს მათთვის საინტერესო ყველა სახის საჯარო ინფორმაცია, თუმცა, ამავდროულად, მოვუწოდებთ როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ისე ყველა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და კვალიფიციურობა ამა თუ იმ საკითხის შესწავლისას.

 

 

 

სიახლე
2 მარტი 2015  
 
 

გარკვეული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას ადვოკატი დავით ნარმანიას ძმა ირაკლი ნარმანიაა.
აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, ამ ისედაც მძიმე საკითხთან დაკავშირებით ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
თბილისის მერია მზად არის, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, მედიის დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხოს.

სიახლე
12 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ პარკირების მოსაწყობად მიმდინარე სამუშაოები და ახლად გახსნილი სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“ დაათვალიერა.
ორდონიანი, 160 ავტომობილზე გათვლილი პარკირების ადგილის მოწყობას  კომპანია  „გლდანი მოლი“  2015 წლის სექტემბრამდე უზრუნველყოფს. თბილისის მერის განცხადებით, პარკირების საკითხი მერიის ხელშეწყობით გადაწყდა და სექტემბრისთვის დასრულდება. კომპანია მის მოსაწყობად 1 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
მეტროსადგურის მიმდებარედ უკვე გახსნილია სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლის“ ოთხი სართული. “გლდანი მოლი” სრული დატვირთვით გახსნას, რაც სავაჭრო ცენტრის შვიდივე სართულის და მიწისქვეშა ავტოსადგომის ფუნქციონირების დაწყებას გულისხმობს, 2015 წლის სექტემბერში გეგმავს.
კომპანიამ სამუშაოები ახმეტელის მეტროს მიმდებარედ 2012 წელს დაიწყო. ამ დრომდე პროექტში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობამ 10,7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
პარკირების მოწყობის ვალდებულების შესრულებისა და შენობის ექსპლოატაციაში მისაღებად, კომპანიას ესაჭიროებოდა მუნიციპალიტეტის, როგორც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, თანხმობა.
მერიის შესაბამისი სამსახურების აქტიური მუშაობის შედეგად, მერიაში შექმნილი ქონების განკარგვის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციით მიიღეს გადაწყვეტილება, განხორციელებულიყო მიწის ნაკვეთების გაერთიანება და შენობის დარეგისტრირება,  ვალდებულების შესრულების შედეგად მიღებული აქტივები კი შეტანილ იქნა კომპანიის კაპიტალში, რის სანაცვლოდაც კომპანიას 2017 წლიდან მართვის საზღაური 50%-ით გაეზრდება.
ამჟამად “გლდანი მოლში”  56 სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს. დასაქმებულია 371 ადამიანი.  სავაჭრო ცენტრის სრული დატვირთვით გახსნის შემდეგ კი დასაქმებულთა რაოდენობა 700-მდე  გაიზრდება.

 

სიახლე
2 მარტი 2015  
 
 

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმე აღძრულია 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, ამიტომაც თბილისის მერია მიმდინარე გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს.
ამასთან, მინდა მივმართო თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. თბილისის მთავრობა არ დაუშვებს და რეაგირების გარეშე არ დატოვებს კორუფციის ან სხვა რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს.  

სიახლე
11 თებერვალი 2015  
 
 

თბილისის არქიტექტურის სამსახური და ინვესტორი კომპანია - შპს „აპოლო გ.ს.“ თბილისში მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის შექმნაზე კონკურსს აცხადებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ განაცხადა, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. კონკურსი ღიაა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისათვის, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.
ნინო ღოღობერიძის თქმით, იმის გამო, რომ მირზა შაფის ქუჩა ძველი თბილისის ნაწილია, მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. ბოლო წლების განმავლობაში თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქუჩის განვითარების არაერთი კონცეფცია წარედგინა, თუმცა, არც ერთი მათგანი მოცემულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.
„არქიტექტურის სამსახურისა და ინვესტორი კომპანიის რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, მიმდინარე წლის 23 თებერვალს, მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის კონკურსის გზით შერჩევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელს აწერენ თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს „აპოლო გ.ს.“-ს წარმომადგენლები. მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არქიტექტორთა ასოციაციის, „ტფილისის ჰამქრისა“ და შპს „აპოლო გ.ს.“-ს წარმომადგენლები, აგრეთვე, ცნობილი არქიტექტორები და ურბანისტები. კომისიამ შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები“ - განაცხადა ნინო ღოღობერიძემ.
მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომისიამ გადაწყვიტა, მოაწყოს საკონკურსო ნამუშევრების საჯარო გამოფენა, რათა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, გაეცნონ წარმოდგენილ ნამუშევრებს და საკონკურსო კომისიას წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები. საკონკურსო ნამუშევრების საჯაროდ გამოფენა და მათი საკონკურსო კომისიის სხდომებზე განხილვა იწარმოებს ანონიმურობის პრინციპის დაცვით, ხოლო კონკურსში მონაწილე ესკიზური პროექტების ავტორების ვინაობა ცნობილი მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ გახდება.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 საუკეთესო ესკიზური პროექტი. I, II და III ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ჯილდოს სახით 20 000, 7 000 და 3 000 აშშ დოლარი გადაეცემა. ესკიზური პროექტების მიღება კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. საუკეთესო საკონკურსო კონცეფციის საფუძველზე თბილისის არქიტექტურის სამსახური დაამუშავებს განაშენიანების რეგულირების გეგმას და გასცემს შესაბამისი მშენებლობის ნებართვას.  

სიახლე
2 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია „ თბილისი ცენტრალის“ სავაჭრო ცენტრში ტექნიკის ფესტივალის საზეიმო გახსნას დაესწრო.  ფესტივალის ფარგლებში, ტექნიკის ბაზრის წამყვანი ხუთი კომპანია  - „ოქეი“, „ალტა“, „არაი“, „მეტრო მარტი“ და “სმაილი“  11-დან 22 თებერვლამდე მომხმარებელს ყველა სახის ტექნიკაზე  განსაკუთრებულ შეთავაზებებს გაუკეთებს.
როგორც ფესტივალის საზეიმო გახსნაზე თბილისის მერმა განაცხადა,  “ტექნიკის ფესტივალი” ძალზე მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. „ტექნიკის ბაზარზე მოქმედი ხუთი წამყვანი კომპანია ამით ამკვიდრებს ბაზრის სუბიექტებს შორის თანამშრომლობისა და თანამედროვე მარკეტინგის ცივილიზებულ, ევროპულ სტანდარტს. ასეთი ფესტივალი და მომხმარებლებისადმი სოლიდარული დამოკიდებულება ზრდის მოხმარების კულტურას თბილისსა და მთელს საქართველოში“ - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ტექნიკის ფესტივალი მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის ზრდის კუთხითაც. „საქართველოში ვაჭრობის სფეროში არსებული მაღალი კონკურენცია, აგრეთვე, ხელოვნების, კულტურისა და ტურისტული დაწესებულებების სიმრავლე, თბილისს ანიჭებს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაატაროს შოპინგფესტივალები არა მხოლოდ ტექნიკის, არამედ სხვა სავაჭრო, კულტურისა თუ ხელოვნების სფეროში.
ამდენად, ჩნდება შანსი, რომ თბილისის შოპინგფესტივალმა რეგიონული მნიშვნელობა შეიძინოს და მიმზიდველი გახდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შოპინგფესტივალის მონაწილეთა  შენაძენები გაზრდის ქალაქის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და საინვესტიციო პოტენციალს.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია მზადაა, კვლავაც ხელი შეუწყოს კერძო ინიციატივებს, რომელიც უზრუნველყოფს თბილისისათვის რეგიონის ბიზნეს და ეკონომიკური ცენტრის ფუნქციის დაბრუნებას.  დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი არ იქნება ერთადერთი და მსგავს ღონისძიებაში  ჩაერთვებიან ვაჭრობის სხვა სფეროების წარმომადგენლები.
ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ წამოწყება მთელ საქართველოს მოიცავს. 

 

სიახლე
11 თებერვალი 2015  
 
 

ჩუღურეთის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, აღმაშენებლის გამზირზე მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ მოეწყო. მარათონმა სტარტი N24 სკოლიდან აიღო და მარჯანიშვილის მოედანზე დასრულდა.
მარათონში ჩუღურეთის რაიონის 14 სკოლის 280 მოსწავლესთან ერთად თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე, ტრანსპორტის სამსახურის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი რიმა ბერაძე მონაწილეობდნენ. 
მერის მოადილემ გიორგი სოლომონიამ რაიონის ახალგაზრდობას და მთელ საქართველოს გაზაფხულის დადგომა მიულოცა. „მარათონი გაზაფხულის პირველი დღის დადგომას უკავშირდება. გვინდოდა, მოზარდთათვის, სწორედ, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით მიგველოცა ეს დღე“,- განაცხადა გიორგი სოლომონიამ.
ჩუღურეთის გამგებელმა კი აღნიშნა, რომ მარათონი „ჩემი გაზაფხული“ ერთგვარ ტრადიციად უნდა იქცეს.
„გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, ადამიანების განწყობაც ამაღლებულია, დღევანდელი მარათონით გვინდა მაგალითი მივცეთ ჩვენს თანაქალაქელებს, უბნელებს, რომ უფრო მეტად დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ მუდმივად ფორმაში და აიმაღლონ განწყობა“,- განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩუღურეთის გამგეობა მსგავსი აქციების მოწყობას მომავალშიც გეგმავს.

სიახლე
1 მარტი 2015  
 
 

ბოლო დღეების განმავლობაში მედიით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თბილისის მერიაში მუშაობს ზვიად ღონიაშვილი. აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ზვიად ღონიაშვილი მერიის არც ერთ სტრუქტურაში არ არის დასაქმებული.

 

სიახლე
10 თებერვალი 2015  
 
იხილეთ მეტი