ცხელი ხაზი 272 22 22
17:01 04/05/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრაკოვში ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის - ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით ხორციელდება. კონგრესს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონგრესის მიზანია, ევროპის თვითმმართველობებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილებები, ინოვაციები და სიახლეები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის როლზე თვითმმართველობათა განვითარების პროცესში და პერსპექტივებზე, რომელსაც ევროპის კავშირი ადგილობრივ თვითმმართველობებს ფინანსური და ინსტიტუციური განვითარების მხრივ ანიჭებს.
კონგრესზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ თბილისისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და იმ რეფორმებზე, რომელიც დედაქალაქის მომავალი განვითარებისთვის იგეგმება.
თბილისის მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისის ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ ქალაქად გარდაქმნაზე. მისი თქმით, ენერგოეფექტურობა და ეკოლოგია თბილისის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. "მდგრადი საქალაქო ენერგეტიკის" თაობაზე ევროპულ ქალაქთა მერების კოვენანტის შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ, რათა შეთანხმების მონაწილე სხვა ქალაქების მსგავსად, 2020 წლისთვის 20%-ით შევამციროთ ქალაქში სათბური აირის გაფრქვევა. კოვენანტის ფარგლებში ამჟამად ხორციელდება ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა. ვგეგმავთ ასევე ავტოტრანსპორტის პარკის განახლებას ეკოლოგიური მუნიციპალური ტრანსპორტით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, პირველი რიგის ამოცანებია კეთილმოწყობილი გზები, გამართული კომუნიკაციები, ხარისხიანი ურგენტული სამედიცინო დახმარება, მავნე გარემოს ზემოქმედების შემცირება, სისუფთავე და წესრიგი. მისივე თქმით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე.
თავის გამოსვლაში დავით ნარმანიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტზე "თბილისი - მომავლის ქალაქი". "თბილისი საერთაშორისო პროექტ "Morgenstadt City Challange"-ში ჩაერთვება. "მომავლის ქალაქი" - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გერმანულ მხარესთან ერთად განახორციელებს.  პროექტის ფარგლებში თბილისის ახალი ურბანული განვითარების პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი პირველი "მომავლის ქალაქი" იქნება რეგიონში", - განაცხადა თბილისის მერმა.
ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესს ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები - დავით უთმელიძე, სოსო მანჯავიძე და შალვა ოგბაიძე.

 

 

 

სიახლე
4 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი თბილისის საგუნდო მუსიკის V საერთაშორისო ფესტივალის დახურვას და დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. საზეიმო დახურვაში მონაწილეობა მიიღო  ფესტივალში მონაწილე ყველა საგუნდო კოლექტივმა.  ბოლო ნომრად,  ტრადიციულად,  გუნდებმა ერთად შეასრულეს ქართველი და უცხოელი  კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობდა პოლონეთის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის კამერული გუნდი, რომელმაც მსმენელს განსხვავებული და საინტერესო პროგრამა შესთავაზა.
ფესტივალი, რომელიც 22 აპრილს დაიწყო  უკვე მეხუთე წელია დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის საფესტივალო ცხოვრებაში, ისე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. ტრადიციულად ფესტივალში  მონაწილეობდნენ  აკადემიური და საბავშვო საგუნდო კოლექტივები საქართველოს მასშტაბით, ასევე პროფესიული გუნდები უცხოეთიდან.

სიახლე
4 მაისი 2015  
 
 

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-3 კორპუსისა და ქურდიანის ქუჩა N 19-ის  ტერიტორიაზე შიდა კვარტალურ გზებზე ასფალტის საფარი იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს  დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა,  გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად დაათვალიერა. 
სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში სულ მიწის ზედაპირი 1700 კვ მეტრი ფართობის  გზის მონაკვეთზე მოიჭრა, მოეწყო ბორდიურები და  5 სანტიმეტრიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 54 900 ლარია.
დიდუბის რაიონის გამგეობის დაფინანსებით 4 მისამართზე უკვე დაიგო  600 კვ მეტრი მოცულობის ასფალტო ბეტონის საფარი, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან  21 853 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-14 კორპუსთან ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.
შიდა კვარტალური გზების მოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს „საგზაო კომპანია“ ახორციელებს.
 
 

სიახლე
2 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა. დედაქალაქის მერი მონაწილეობას მიიღებს კრაკოვში დაგეგმილ ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესში, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის - ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით ტარდება. კონგრესს სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან. კონგრესზე დავით ნარმანია სიტყვით გამოვა. თბილისის მერი თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს დედაქალაქის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრებს.

ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია ასევე შეხვდება კრაკოვის მერს იაჩეკ მაიხროვსკის, რომელთანაც პარტნიორობის გაგრძელების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. კრაკოვსა და თბილისს შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას 2009 წელს მოეწერა ხელი.
თბილისის მერთან ერთად პოლონეთში გაემგზავრნენ საკრებულოს წევრები: დავით უთმელიძე და სოსო მანჯავიძე.

სიახლე
3 მაისი 2015  
 
 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები თბილისის გამწვანების აქციაში - „მე ვამწვანებ ქალაქს“ - ჩაერთნენ. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელებთან ერთად, დიდ დიღომში კიპარისის ნერგები დარგეს. აქციაში, ასევე, მონაწილეობდა საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.
აღნიშნული აქციის მიზანი შშმ ბავშვების საზოგადოებაში მაქსიმალური ინტეგრაცია, მათი მოტივაციის გაზრდა და თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების დემონსტრაცია იყო. თბილისის მერიამ ამ კატეგორიის ბავშვებს ქალაქისთვის სასიკეთო საქმეში მონაწილეობის საშუალება მისცა და ე.წ. სიცოცხლის ხეების დარგვის აქციაში ჩართვით მათ ერთი პოზიტიური დღე აჩუქა.
„აისის“, „ანიკას“, „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“, „პირველი ნაბიჯისა“ და „მშობლების თანადგომას“ აღსაზრდელებმა დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მოსახლეობას თუნდაც ერთი ხის დარგვისკენ მოუწოდეს და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს აქციაში მათი მონაწილეობა მაგალითი გახდეს შშმ პირებისთვის და საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობაში დარწმუნდეს.
„თბილისის მერია განაგრძობს გამწვანების ღონისძიებებს თბილისის ყველა უბანში და მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ჩართული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ბავშვებს აუხსნეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ დარგულ თითოეულ ნერგს თბილისისა და მათი ჯანმრთელობისთვის. მისი თქმით, მსგავსი მნიშვნელობის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
„მერიასთან ერთად დავრგეთ ხეები, რაც ძალზე სასიხარულოა და ამაღლებულ განწყობას ქმნის თითოეულ ჩვენგანში. ძალიან პოზიტიური დღე იყო და რაც უფრო ბევრი იქნება ასეთი დღეები ჩვენი ბავშვებისთვის, უკეთესია, რადგან მათ ძალიან უყვართ ქველმოქმედება და სიკეთის კეთება“, - განაცხადა ასოციაცია „ანიკას“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ სეფერთელაძემ.

სიახლე
30 აპრილი 2015  
 
 

”ქოლგა თბილისი ფოტო 2015” დაჯილდოების ცერემონიით და სასტუმრო "რუმსის" ეზოში განთავსებული გრანდიოზული ექსპოზიციით გაიხსნა. 
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იქ მაქაცარია დაესწრნენ. თბილისის მერის მოადგილემ დააჯილდოვა გამარჯვებული ნომინაციაში "რეპორტაჟი" - ვალერი მელნიკოვი, პროექტით "უკრაინის შავი დღეები", რომელიც გადმოსცემს ომს, როგორც ყოველი მოქალაქის პირად ტრაგედიას.
ფოტო-კონკურსი წელს უკვე მე-14-ე წელია, რაც იმართება და მისი მთავარი მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია დააკავშიროს საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. 
”ქოლგა თბილისი ფოტო 2015”-ის ფარგლებში, თბილისი უმასპინძლებს ფოტოკონკურსის საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას და 7 მაისის ჩათვლით მოეწყობა, როგორც  საერთაშორისო ისე ადგილობრივი გამოფენები.  

გამოფენებზე დასწრება თავისუფალია. პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.kolga.ge

სიახლე
2 მაისი 2015  
 
 

მთაწმინდის რაიონში, წავკისში, რუსთაველის ქუჩაზე 5700 კვადრატული მეტრის ფართობზე ასფალტის საფარი იგება. სამუშოებისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 140 000 ლარია გამოყოფილი. რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.  სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. “ბლექ სი გრუპი”  აწარმოებს,  აპრილის ბოლომდე დასრულდება.
გარდა ამისა,  მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილებამ,  გზის საფარი წავკისი-შინდისი-ტაბახმელას მუნიიპალიტეტში სამ ქუჩაზე 2 770 კვ მეტრის ფართობზე დააგო, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან  54 000 ლარი გამოიყო. 

სიახლე
27 აპრილი 2015  
 
 

დიდი დიღმის მიმდებარე 17 ქუჩასა და სოფელ დიღომში გარე-განათების 160 ახალი საყრდენი ბოძი და 760-მდე სანათი წერტილი  დამონტაჟდა. ჩატარებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, ადმინისტრაციის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა და „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა ვასილ ხორავამ დაათვალიერეს.
დავით ნარმანიას თქმით, დიდი დიღმის ახალ დასახლებასა და სოფელ დიღომში გარე-განათების დაყენების თხოვნით თბილისის მერიას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის დავალებით გარე განათების ქსელი „სინათლის ქალაქმა“ დაამონტაჟა.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, გარე-განათების ქსელი 21 კილომეტრიან მონაკვეთზე გაკეთდა. მისივე თქმით, ამით დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გარე-განათების ქსელის განვითარების მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.

 

 

 

სიახლე
2 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად მეწარმეობის მსურველ ქალებს  სასწავლო პროგრამის "დაიწყე შენი ბიზნესი" ფარგლებში გადაამზადებს.
სასწავლო პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც უკვე აქვს  ბიზნეს იდეა და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს. ტრენინგკურსი მეწარმეობის მსურველებს საკუთარი ბიზნეს იდეის  მიხედვით ბიზნესგეგმის შედგენასა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაში დაეხმარება.
ტრენინგი 28-30 აპრილს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში (ბელიაშვილის ქ.#8) ჩატარდება. მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ  სერტიფიკატებს მიიღებენ. 

ტრენინგკურსი "დაიწყე შენი ბიზნესი"  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე  ბიზნესის  განვითარებას. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია შვედეთის მეწარმეთა კონფედერაციის მიერ და ორიენტირებულია მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეების მოთხოვნებზე.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ  ანკეტა  და შემოიტანონ ქ.თბილისის მერიაში (შარტავას ქ.# 7).

იხილეთ ანკეტა 

სიახლე
22 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია „თბილისი მოლში“ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეცხრე საერთაშორისო ოლიმპიადის გახსნას დაესწრო. ოლიმპიადა 1-დან 3 მაისის ჩათვლით იმართება და მასში 100-ზე მეტი პროექტი და 300 -მდე გამომგონებელია წარმოდგენილი.
თბილისის მერმა ოლიმპიადის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს თვითრეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს.
„ოლიმპიადა დაეხმარება მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, საკუთარი ინოვაციური გამოგონებები გააცნონ ფართო საზოგადოებას, განავითარონ კრეატიული ბიზნეს-იდეები და დაამყარონ კავშირები თანატოლებთან. სულითა და გულით ვუსურვებ წარმატებას ოლიმპიადის ყველა მონაწილეს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  
ორი დღის განმავლობაში ჟიური დეტალურად გაეცნობა ახალგაზრდების გამოგონებებს და კვლევის შედეგებს. საუკეთესო პროექტების ავტორები 3 მაისს გამოვლინდებიან. თითოეულ სექციაში გამარჯვებულს სხვადასხვა პრიზი და ოქროს, ვერცხლი ან ბრინჯაოს მედალი გადაეცემათ.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სიახლე
1 მაისი 2015  
 
 

თბილისის ბოტანიკურ ბაღს სტატუსის მინიჭებიდან 170 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დაესწრნენ.
ვიზიტორთა სახლში, რომელიც დღეს თბილისის მერმა გახსნა, დეკორატიული მცენარეებისა და ყვავილების ფესტივალი გაიმართა, სადაც ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთებიდან საქართველოს იშვიათი ენდემური და წითელი ნუსხის მცენარეები და 54 ჯიშის იასამანი იყო წარმოდგენილი. იქვე გამოიფინა თბილისის ბოტანიკური ბაღის თემაზე გადაღებული პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრები. თბილისის მერმა ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობასთან ერთად ბაღის ტერიტორიაზე მდებარე სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, ბოტანიკური ბაღი გაზაფხულიდან უფრო მეტ ტურისტს, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით მოემსახურება.  “ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ვიზიტორთა ახალი ცენტრი, რათა გაზაფხულიდან უფრო მეტ ტურისტს მოვემსახუროთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  თბილისის მერი მოუწოდებს ტურისტებს, აუცილებლად ეწვიონ ბოტანიკურ ბაღს.
დღესვე, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე „საქართველოს (თბილისის) ბოტანიკური ბაღის წარსული, აწმყო და მომავალი“. გარდა ამისა, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საპატრიარქოსთან არსებულ დეკორატიული მებაღეობის კოლეჯთან.
ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციის მიზნით,  მთელი დღის განმავლობაში მცირე ექსკურსიები მოეწყობა. ვიზიტორებს  სირინგარიუმის (იასამნების საკოლექციო ნაკვეთი) დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.
170 წლის წინ, 1845 წლის 1 მაისს მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით,  იმდროინდელ „სააფთიაქო ბაღს“ ოფიციალურად მიენიჭა „ბოტანიკური ბაღის“ სტატუსი.

 

 

სიახლე
1 მაისი 2015  
 
 

მახათას მთაზე, მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღი გაშენდება.
ნერგების დარგვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სანერგე ორმოების ამოღების პროცესს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანებისა საქალაქო სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი გაეცნო.
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 000 ძირი ზეთისხილი დაირგვება. ნერგების დარგვის ინიციატივა თბილისის მერიას, ფონდ „ივერიისას“ და საპატრიარქოს ეკუთვნის.
ზეთისხილის ნერგების დარგვის პროცესი ერთ კვირაში დაიწყება და მაისის ბოლოს დასრულდება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად სოფელ დიდ ლილოში მიმდინარე მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, 240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება, მუშაობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ობიექტი დროულად ჩაბარდეს. მისივე თქმით, მოსკოვის გამზირზე მდებარე თავშესაფარში  ამჟამად მცხოვრებ  ბენეფიციარებს ახალ თავშესაფარში  საცხოვრებლად ყველა საჭირო პირობა ექნებათ.
პროექტის მიხედვით, შენდება ერთსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება საძინებლები, სამრეცხაო, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, მედპუნქტი, სტაციონარი, ფსიქოლოგის კაბინეტი. საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა შიდა და გარე კანალიზაციისა და წყალსადენის ქსელები, გათბობის სისტემა, ვენტილაცია. თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, ხანძარსაქრობითა და საქვაბით. პროექტით გათვალისწინებულია  შიდა ეზოს კეთილმოწყობაც. კომპლექსს ეყოლება დაცვა და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „RSP 40“ 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს.

 

სიახლე
1 მაისი 2015  
 
 

თბილისს ახალი - ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი შეემატა. თავისუფალი თეატრის  მიმდებარე ტერიტორიაზე, მსახიობისა და პოეტის სახელობის ახალი სკვერის გახსნას თბილისის მერი  დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ნიკო გომელაურის ოჯახის წევრები და ახლობლები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, თავისუფალი თეატრის მსახიობები და ნიკო გომელაურის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
ახალ სკვერში ნიკო გომელაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენაც გაიმართა. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ნიკო გომელაურის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ საქმეში.
„ნიკო გომელაური სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, მაშინ, როდესაც შემოქმედებითი სიმწიფის ასაკში შედიოდა. ასაკის მიუხედავად, მან ღრმა კვალი დატოვა ქართულ კულტურაში, ადამიანთა გულებში, დამსახურებულად მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა როგორც ხელოვანმა, მოქალაქემ და  მეგობარმა. ამდენად, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნდა ნიკო გომელაურის სახელის უკვდავყოფა დედაქალაქში, იმ ადგილას, სადაც იგი მოღვაწეობდა - თავისუფალ თეატრთან, რომელიც, ალბათ, ყველაზე უკეთ და სრულად გამოხატავდა ამ ადამიანის სულისკვეთებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკო გომელაურმა ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი სკვერი შესძინა, რომელიც თბილისელების საყვარელ  ადგილად იქცევა.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ნიკო გომელაურის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები  თბილისის განვითარების ფონდმა  2014 წლის ზაფხულში დაიწყო და 2015 წლის აპრილის დასაწყისში დაასრულა. პროექტის ავტორია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე.  მსახიობის მონუმენტი მოქანდაკე როკო ირემაშვილის ავტორობით დაიდგა.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, სკვერის ტერიტორია მოპირკეთდა მაღალი ხარისხის ბაზალტის ფილებით,  ირგვლივ ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, კიბეებზე დამაგრდა რკინის მოაჯირები, დაიდგა სკამები, სკვერში ასევე დამონტაჟდა სანათები და  გაკეთდა თეატრის აფიშის დაფა. პროექტის მეორე ეტაპზე ნიკო გომელაურის ლექსები ლითონის ასოებით დაიწერა და  სკვერის საფეხმავლო მონაკვეთზე, სკამებსა  და კედელზე განთავსდა. 

სიახლე
15 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი განმეორებითი კონკურსი საკონკურსო კომისიამ მიმდინარე ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში არსებულ ნაშთზე ყველაზე მაღალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი საბანკო დაწესებულება გამოავლინა.
განმეორებითი კონკურსი 2015 წლის 29 აპრილს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ექვსმა პრეტენდენტმა მიიღო. კერძოდ: ბანკმა „რესპუბლიკა“, „ლიბერთი ბანკმა“, „ქართუ ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“, „ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“ და „თიბისი ბანკმა“. კონკურსის შედეგებით გამოვლინდა, რომ მიმდინარე ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში არსებულ ნაშთზე დასარიცხი ყველაზე მაღალი წლიური სარგებელი - 9.3% სს „ლიბერთი ბანკმა“ დააფიქსირა.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 16 აპრილის N16.01.440 განკარგულებით დამტკიცებული მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისია თბილისის მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით საუკეთესო წინადადების წარმომდგენი საბანკო დაწესებულების გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ. თბილისის მთავრობა გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

 

სიახლე
30 აპრილი 2015  
 
 

თბილისის გარე-განათების ქსელში კიდევ ერთი პილოტ პროექტი განხორციელდა. „სინათლის ქალაქის“ დახმარებით, ყაზახურმა კომპანია „SD Group”-მა ჯავახიშვილის ქუჩაზე, საცდელი ვადით, 17 LED სანათი დაამონტაჟა. დიოდური სანათების მონტაჟისა და განათების ჩართვის პროცესს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობა დაესწრო.
„სინათლის ქალაქის დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისში 4 პილოტ პროექტი ხორციელდება. მისი თქმით, დიოდური სანათები დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ბარათაშვილის ხიდზე, აეროპორტის შესასვლელთან და ახლა უკვე ჯავახიშვილის ქუჩაზე. როგორც ხორავამ განაცხადა, მიმდინარე პილოტ პროექტებს სპეციალისტები აკვირდებიან, რომლებიც მათი ეფექტურობის შესახებ დასკვნას წარმოადგენენ.
საპილოტე პროექტები „სინათლის ქალაქმა“ პოლონურ კომპანიებთან „ბიო სულოშენ“ და „ევოლუცია პოლანდ“ ერთობლივად განახორციელა, მათ რიცხვს, ამჯერად, ყაზახური „SD Group”-მა დაემატა.
დიოდური სანათები  ელექტროენერგიის 60–70 %-იან ეკონომიას გასწევს.

სიახლე
8 აპრილი 2015  
 
იხილეთ მეტი