თბილისის მთავრობამ ორი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული სსპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და მუნიციპალიტეტის 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაცია დაიწყება. ამისათვის, თბილისის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, შეიქმნა ინვენტარიზაციის კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხებს შეისწავლის.

ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მართვისა და საინვეტარიზაციო  მუდმივმოქმედ კომისიას თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაია უხელმძღვანელებს. კომისიის  შემადგენლობაში შედიან თბილისის მერიის საფინანსო, იურიდიული, აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურების, ასევე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

კომისიას დაევალა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2014 წლის 30 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მერიის ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებითვე, თბილისის გამგეობებს დაევალა, 2014 წლის 25 ოქტომბრამდე უზრუნველყონ ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. აგრეთვე, რეკომენდაცია მიეცათ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირებს, არასამეწარმეო (არაკომეციულ)  იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტის 100% წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, 2014 წლის 25 ოქტომბერამდე უზრუნველყონ დებიტორული და  კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაცია.

დღევანდელ სხდომაზე, ასევე, დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელსაც თბილისის მერის პირველი მოადგილე, ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან ქონების მართვის სააგენტოს, იურიდიული, არქიტექტურის, კეთილმოწყობის, ზედამხედველობის, ეკოლოგიისა და გამწვანების, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურების უფროსები, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საგადასახადო ომბუდსმენი და სსიპ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე.

03 სექტემბერი 2014