განცხადება ქალაქ თბილისის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 5 ივნისის N20.582.735 განკარგულების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აცხადებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევ კონკურსს.

კონკურსის საგანია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ეროვნული ვალუტის ანგარიშზე არსებული ნაშთის სრულ მოცულობაზე დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა.

კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საბანკო დაწესებულებებმა, რომლებიც საკონკურსო კომისიის სამდივნოში წარმოადგენენ კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებას და საკონკურსო დოკუმენტაციას.

1. კონკურსის ჩატარების თარიღი განისაზღვროს 2020 წლის 12 ივნისი; კონკურსის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7, მე-20 სართული.

2. კონკურსის ჩატარების ზოგადი პირობები:

ა) საკონკურსო განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2020 წლის  8 ივნისიდან 2020 წლის 10 ივნისის ჩათვლით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე: ქ. თბილისი. ჟ. შარტავას ქ. N7, მე-12 სართული, ოთახი 1204, ტელ: 032 237 84 93, 577 15 70 57.

ბ) საბუთების მიღება საკონკურსო კომისიის სამდივნოში იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. პრეტენდენტის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზიის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ბ) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან, რომ საბანკო დაწესებულება არ იმყოფება დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში;

გ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ე) საკონკურსო პირობების შესრულების უზრუნველყოფის ორთვიანი უპირობო გამოუთხოვადი წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც ბანკი იღებს ვალდებულებას კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადარიცხოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სახაზინო ანგარიშზე 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;

ვ) საბანკო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობის შემთხვევაში, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი);

ზ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს (დანართი N2), რომლის ყველა გვერდი უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და კომისიის სამდივნოს ჩაბარდეს  დალუქული ფორმით. პრეტენდენტი შეზღუდული არ არის კონკურსის პირობებით დადგენილზე უკეთესი პირობა შესთავაზოს საკონკურსო კომისიას. პრეტენდენტს არ აქვს უფლება დადგენილი პირობები გააუარესოს.

4. პრეტენდენტის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის (დედანის) სახით ან ნოტარიულად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამოწმებული ასლის სახით.

5. პრეტენდენტის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით.

6. პრეტენდენტი კონკურსზე დაიშვება კომისიის სამდივნოში განცხადებისა და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში სრულად წარმოდგენისა და რეგისტრაციის შემთხვევაში.

7. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ერთი მონაწილე მაინც მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.

8. კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად.

9. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საჯაროდ - ვებ-გვერდზე - www.tbilisi.gov.ge-ზე.

შენიშვნა: პრეტენდენტი სრულიად აგებს პასუხს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობაზე.

05 ივნისი 2020