ირაკლი ბენდელიანმა ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩის რამდენიმე წუთით დატბორვის მიზეზი განმარტა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ვეკუას ქუჩის ის მონაკვეთი დაათვალიერა, სადაც უხვი ნალექის გამო დღეს რამდენიმე წუთით წყლის ნაკადი დაგროვდა.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა მედიასთან საუბრისას განმარტა, მიზეზი ცენტრალურ ქუჩასთან დამაკავშირებელი, ბოჭორიშვილის ქუჩის პრობლემური სანიაღვრე ქსელია, რომლის მოწყობისთვის უკვე პროექტი მზადდება და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რეაბილიტირებულ ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე ჩვენს მიერ ახლადმოწყობილი 800 და 1200-იანი მოცულობის სანიაღვრე ქსელი, ამაზე ბევრად მეტ ნალექს მიიღებს და შეტბორვა არ მოხდება. აქვე განვმარტავ, რომ რეაბილიტაციის დროს არსებული შეზღუდვებისთვის კიდევ ერთი ქუჩის დაკეტვა გამოიწვევდა კოლაფსს, ამიტომაც, თანმიმდევრულად ვატარებთ სამუშაოებს. პროექტირების დასრულების შემდეგ, ბოჭორიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობას დავიწყებთ. ხიზანიშვილი -ვეკუას ქუჩებს, სადაც დღეს ბოჭორიშვილის ქუჩიდან ჩამონადენი წყლის გამო მხოლოდ ათი წუთით შეიტბორა წყალი, პრობლემა არ აქვს “,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

26 ივნისი 2020