თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა.

მისი თქმით, ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან დიდია.

„მინდა, მივმართო ყველა აბიტურიენტს, რა პროფესიაც უნდა აირჩიოთ, იცოდეთ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. მჯერა, თქვენი არჩევანი იქნება წარმატებული არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რასაც ვშრომობთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, შვილებისთვის კეთდება. ზოგადად, ახალგაზრდების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან დიდია. მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში საბაგიროს ორი - სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის პროექტები განხორციელდება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის ძალიან ბევრი კომპონენტისგნ შედგება. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი მოწესრიგებული და განახლებული იყოს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად ჩანაცვლებული გვექნება ყვითელი ავტობუსები. ასევე, მეტროს მიმართულებით გვაქვს დაწყებული მთელი რიგი პროექტები - მეტროს ვაგონების განახლება, ახალი შემადგენლობების შესყიდვა. ზოგადად, როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და მიმართულება, ესაა საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წელს, მერიის დაკვეთით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „სისტრამ“ საბაგირო ტრანსპორტის შესახებ მთელი ქალაქის მასშტაბით კვლევა ჩაატარა. მისი მიზანი იყო, პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირება მომხდარიყო, რომელიც თბილისში საბაგირო ხაზების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ როდესაც მუშაობა დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, გამოვიყენეთ ეს კვლევა და ადგილობრივ კომპანია „გეოგრაფიკს“ დავუკვეთეთ კონკრეტული დერეფნების გამოყოფა, სადაც შესაძლებელია, საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. ამ 12 დერეფნიდან გამოიკვეთა ორი კონკრეტული არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია ახალი საბაგირო პროექტების განხორციელება. ეს არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტის განსახორციელებლად, თანხები უკვე გამოყოფილია.

„ამ ორი პროექტის განხორციელება მოხდება ეტაპობრივად. პირველი განხორციელდება სამგორი-ვაზისუბნის პროექტი. აქ თანხები უკვე გამოყოფილია. დაახლოებით, 30 მლნ ევროზეა საუბარი. მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისთვის. სამგორი-ვაზისუბნის ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს, რომელიც 40 ათასზე მეტ მცხოვრებს ითვლის, მეტროსადგურ „სამგორთან“
დააკავშირებს, რაც მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს. რაც შეეხება სარაჯიშვილი-ზღვისუბნის ხაზს, ის მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიას ზღვისუბნის დასახლებასთან დააკავშირებს. აქ საბაგიროს სადგური აუცილებლად უნდა განთავსდეს თემქის ხევში. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ თემქის ხევის რეაბილიტაციას და პროექტში ესეც გათვალისწინებული იქნება, რომ სადგურის შენობა-ნაგებობა, აქ იყოს განთავსებული. სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო განთავსდება მეტროსადგურ „სამგორის“ ტერიტორიაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, სამგორი-ვაზისუბნის პროექტთან დაკავშირებით, მერია ივლისში უკვე კონსულტანტ კომპანიას აიყვანს, რომელიც პროექტის დეტალების დამუშავებაში დაეხმარება, მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, უკვე წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება. ცოტა მოგვიანებით კი, მეორე პროექტის განხორციელებაც იქნება შესაძლებელი.

„ძალიან მიხარია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქალაქში გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული, მოსახერხებელი და თავისუფლად შესაძლებელი. ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელსაც ქალაქში ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, ყველგან გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შესაბამისი ზოლები, რათა ავტობუსებს და მიკროავტობუსებს გადაადგილება თავისუფლად შეეძლოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ საბაგიროს პროექტების განხორციელებისას ამ ორი მეტროს ტერიტორიაზე მოეწყობა სატრანსპორტო ჰაბები. ასევე, გათვალისწინებულია სპეციალური ზოლები 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის. ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი შინაარსი არის ის, რომ მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, საბაგიროები ისე იყოს ერთმანეთთან შეთავსებული, რომ ადამიანისთვის გადაჯდომა კომფორტული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერია საინვესტიციო ვალდებულებითა და არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით, მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს. აღნიშნული შენობების საპრივატიზაციოდ მომზადება კახა კალაძემ თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

„მუნიციპალურ პოლიკლინიკებში საშინელი მდგომარეობა გვაქვს. აღნიშნული შენობები ათეულობით წლის წინ აშენდა და დღემდე, არც ნორმალური რეკონსტრუქცია, რემონტი და სამედიცინო მოწყობილობების განახლება არ მომხდარა. აპარატურა ფაქტობრივად, არ არსებობს. აღნიშნული პრობლემა მოსაგვარებელია. არ არის სახარბიელო მდგომარეობა და იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს. ერთი - თავად მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს ყველაფერი და აიღოს ვალდებულება, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ პროექტს მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს. მეორე შესაძლებლობაა ის, რომ ამ შენობების პრივატიზაცია განვახორციელოთ. მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პრივატიზება უნდა მოხდეს ისე, რომ აღნიშნული შენობების პროფილი და თანამშრომლები მუდმივად შენარჩუნდეს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პოლიკლინიკების გასხვისება მოხდეს ისე, რომ სტატუსი და თანამშრომლები აუცილებლად იყოს შენარჩუნებული. დაიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებას გეგმავს, რის შემდეგაც ორივე პარკს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დედაქალაქისთვის და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. რამდენიმე ხნის წინ, „მზიურის“ პარკი გაიხსნა. ასევე ვარკეთილში, სამგორის რაიონში გავხსენით პარკი. გასულ წელს, გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში მოეწყო დიდი საპარკე ზონა. მომავალ კვირას კი ოფიციალურად გავხსნით ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკს, რომელიც ძალიან მაგარი გამოვიდა. ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პროექტები, რადგან ძალიან დიდი პოზიტივია და მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელისთვის. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისში საპარკე კულტურა შემოდის. ძალიან ბევრი ადამიანი რეკრეაციული სივრცეებით სარგებლობს. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მსგავსი სივრცე გავაჩინოთ, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს. ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაციას ვაპირებთ და წლის ბოლოს, უშუალოდ სამუშაოები დაიწყება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისთვის ფინანსების მოძიება დაავალა, რომ შემდგომში მათი სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია მოხდეს.

„მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტების დამუშავება და შემდეგ მათი განხორციელება შევძლოთ. ვერის ბაღი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა, სრულ განახლებას საჭიროებს. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის წინასაპროექტო კვლევა და დეტალური პროექტი უნდა მომზადდეს. საჭიროა ასევე თანხების მოძიება. დენდროლოგიური პარკი კი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაა, დაახლოებით, 150 ჰექტარზეა გადაჭიმული და აქაც შესაძლებელია საქალაქო დონის პარკის მოწყობა, სადაც ადამიანებს ყველა რაიონიდან ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, დაისვენონ. გავაკეთოთ საპიკნინე ადგილები, გასართობი ზონები. რაც კი თანამედროვეობასთან არის კავშირში, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები უნდა ჩატარდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შესაბამისი თანხების მოძიება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით, ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის საპროექტო სამუშაოებს დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განახორციელებს.

08 ივლისი 2020