თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძემ ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე და საავტომობილო მოძრაობის ახალ სქემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან იმ ადამიანებს, ვისაც ახალი სამოძრაო სქემის ამოქმედების პირველ დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება მოუწია, ბოდიში მოუხადა.

„მინდა დავიწყო თემით, რომელიც საკმაოდ აქტუალურია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ თბილისისთვის და თბილისელებისთვის. მინდა დავიწყო შაბათით, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე ახალი გადაწყობილი სისტემით დაიწყო.

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ავტომანქანის მძღოლს, ვინც კონკრეტულად ამ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე ან მის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებოდა და მოუწია გარკვეული დროით „საცობში“ დგომა. ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი. მეც რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და ყოველდღიურად ქალაქში გადავაადგილდები. თქვენს ადგილას, მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მესმის თითოეული თქვენგანის და მინდა ბოდიში მოგიხადოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე, კახა კალაძემ თანამოქალაქეების წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში წლების განმავლობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მისმა გუნდმა კონკრეტული ხედვები და ქმედითი ნაბიჯები წარმოადგინა.

„ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ვიყავი, როდესაც გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატობა შემომთავაზა, ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, ამის შემდეგ, მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ვითხოვე, რადგან კარგად მესმის ქვეყანაში არსებული მიგრაციისა და პოლიტიკური ვნებების ფონზე, რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა. ჩემი გუნდის წევრებთან ერთად ვისაუბრე და მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს პასუხისმგებლობა აგვეღო. ასევე, ჩვენ ვთქვით, რომ ვერ ვიქნებოდით ის ადამინები, რომლებიც მხოლოდ გზას დააგებდნენ, ორმოულებს ამოავსებდნენ და ა.შ. არამედ, ჩვენ ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებდნენ. შეიძლება ზოგისთვის მტკივნეულს და არაპოპულარულს, მაგრამ ჩვენი ქალაქის, შვილებისა და მომავალი თაობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს.

ჩვენ, როდესაც საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა დავიწყეთ, შვიდი ძირითადი მიმართულება წარმოვადგინეთ. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ლამაზად შეფუთული საარჩევნო კამპანია, ეს იყო კონკრეტული ხედვა, გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯები, რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ თბილსიში, 30 წლის განმავლობაში დაგროვილი ერთი და იგივე პრობლემა მოგვეგვარებინა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო რეფორმაზე და მასში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ სატრანსპორტო პოლიტიკაა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

„როდესაც დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, მოვიძიეთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპანიები, ექსპერტები, ვისაც ანალოგიური პროექტები ჰქონდა გაკეთებული. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის ჩემი ახირება ან ჩემი „ხუშტურები“. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემს ქალაქშიც განხორციელდეს. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გათვლით, სტრატეგიებით და კონკრეტული პროექტებით. კომპანიები, რომლებიც ჩვენ მოვიძიეთ, მსოფლიოში უძლიერესი კომპანიებია. ესენია ბრიტანული კომპანია „მოტ მაკდონალდი“, დანიური კომპანია „რამბოლი“, ფრანგული კომპანია „სისტრა“ და გერმანული „გოპა“.

ამ კომპანიების კონსორციუმით ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგია-დაგეგმვაზე და ის რეფორმა, რომელიც წამოვიწყეთ, სწორედ მათი დახმარებით ხორციელდება. როდესაც ჩვენ შევხვდით, მათ გაგვიკეთეს პრეზენტაცია და გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო თბილისზე ანალიზისა და შეფასების გასაკეთებლად. რამდენიმე თვეში მოხდა შეხვედრა და ამ ადამიანებმა გვითხრეს, რომ რეფორმა აუცილებლად ჩასატარებელია, იმისთვის, რომ ეს ქალაქი გადარჩეს. მათ დასვეს მხოლოდ ორი შეკითხვა: ვიყავით თუ არა მზად ამისთვის? პირადად მე დამისვეს ეს შეკითხვა, რადგან მე გარდა ქალაქის მერობისა, პოლიტიკოსიც ვარ და ეს შეკითხვა მათი მხრიდან ობიექტური იყო. ასევე, მათი მთავარი პირობა იყო, რომ ამ პროცესში პოლიტიკა არ უნდა შემოგვეტანა. თავიდან გამიკვირდა, თუ რატომ წამოაყენეს ეს წინაპირობები, მაგრამ როდესაც დეტალებში შევედით, ყველაფერს მივხვდი. პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი მომავლისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

„მე გეტყვით ციფრებს - 2012 წელს 180 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2020 წელს კი ქალაქში 600 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება და ყოველწლიურად ეს მზარდი ციფრია. შესაბამისად, ქალაქს ვერ გავბერავთ, ვერ გავზრდით. გზების გაფართოება გამოსავალი არ არის, ეს პირიქით, ავტომობილების რაოდენობის გაზრდის წახალისებაა. შესაბამისად, რეფორმა, რომელიც წამოვიწყეთ, უალტერნატივოა და ერთადერთი გზა, რომ არსებული პრობლემა მომდევნო წლების განმავლობაში ეტაპობრივად იქნას მოგვარებული. ჩვენ ამის შედეგებს დღეს და ხვალ ვერ დავინახავთ, მე და ჩემი თანაგუნდელები შეიძლება გავილანძღოთ, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რადგან ამ რეფორმის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა ისიც, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის სამოძრაო ახალი სქემის ამოქმედების მიზანი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილება კომფორტული და სწრაფი გახდეს.

მისი განმარტებით, ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას და მან ამისი ამსახველი შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა.

„საზოგადოებირივი ტრანსპორტით, დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ვსაუბრობთ მის პრივილეგიებსა და განახლებაზე. მინდა, შედარება წარმოვადგინო. დაახლოებით, ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას. წარმოიდგინეთ, გამონაბოლქვის თვალსაზრისითაც, 55 ავტომობილს რამდენი პრობლემა მოაქვს. წლების მიხედვით, თბილისში არსებული ავტომობილების 47% არის 11-დან 20 წლამდე, 44% - 20 წლის ზემოთ. გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაზეც საზოგადოება ძალიან წუხს და მესმის მათი, შემთხვევითი არ არის ამდენი დაავადება, ჯანმრთელობის პრობლემები. ეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. ჩვენ ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდა, რის შედეგადაც, თბილისს 454 ახალი, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსი ჰყავს, დანარჩენი - 188 ავტობუსი კი, წლის ბოლომდე შეიცვლება.

კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის უპირატესობებზე საუბრის ფარგლებში, აღნიშნა ისიც, რომ რეფორმის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე 70 000 მგზავრის გადაადგილება 3-ჯერ ნაკლებ დროშია შესაძლებელი, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

„მუნიციპალურ ტრანსპორტს 8 წუთი სჭირდება ვარაზისხევიდან ვაკის პარკამდე გადაადგილებისთვის, მაშინ, როდესაც საცობში გავლას 24-25 წუთი სჭირდებოდა. ეს კი, მგზავრებისთვის დამატებით პრობლემას ქმნიდა, ისინი 20-30 წუთი ელოდნენ ტრანსპორტს. ამ პრობლემას ავტობუსების დამატებით ვერ მოვაგვარებთ. პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში გადაადგილება საცობების გამო პრობლემურია. ამიტომ, ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თავისი ზოლი მგზავრების უსაფრთხოდ გადასაყვანად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ანალოგიური სამუშაოები ვეკუა-ხიზანიშვილის, ასევე, კანდელაკის ქუჩებზე განხორციელდა. დახაზვის სამუშაოები კი, თამარაშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას ქუჩებზე, ქეთევან წამებულის გამზირსა და რუსთაველის გამზირზეც გაგრძელდება.

ამასთანავე, კახა კალაძის განცხადებით, ის, რაც დღეს დედაქალაქში გასაკეთებელია, მიუხედავად სირთულისა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. სწორედ ამისკენ არის მიმართული მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა. ჭავჭავაძის გამზირის პროექტის განხორციელების შემდეგ, ადამიანების განაწყენება და გაღიზიანება სამართლიანად ესმის, თუმცა მისივე თქმით, საინტერესოა რას გააკეთებდა რიგითი მოქალაქე იმისთვის, რომ დედაქალაქში არსებული პრობლემები მოეგვარებინა.

„შეიძლება სადღაც რომელიღაც განვითარებულ ქალაქში „საცობის“ პრობლემა გარკვეული პროექტით მოაგვარეს, თუმცა ჩვენ იმას ვერ გადმოვიტანთ, ვერ დავაკოპირებთ. შეუძლებელია ამის გაკეთება. თბილისი თავისი რელიეფიდან გამომდინარე სპეციფიურია, თითოეულ ქუჩას დამუშავება და დაგეგმარება სჭირდება, რაზეც შესაბამისი ექსპერტები და კომპანიები მუშაობენ.

მინდა, არა როგორც ქალაქის მერმა, არამედ როგორც რიგითმა მოქალაქემ, დავუსვა იმ ადამიანებს შეკითხვა, ვინც რაღაცით განაწყენდნენ ან გაღიზიანდნენ სამართლიანად. მე აბსოლუტურად მესმის თქვენი და კიდევ ერთხელ მინდა მოგიბოდიშოთ შაბათს მომხდარი შეფერხებისთვის. თუმცა თქვენ, რიგითი თბილისელები, ჩემს ადგილას რომ იყოთ, რას გააკეთებდით? აირჩევდით იმას, რომ მოდი, არაფერი გავაკეთოთ, მერე ვიღაცა მოვა და ის მიხედავს, მე თავი რატომ ავიტკივოო? ეს დამოკიდებულება გექნებოდათ ჩემს ადგილას? მე ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს და არ მინდა ჩემს რომელიმე თანამშრომელს ჰქონდეს. პირიქით, თუ გასაკეთებელია დღეს, გავაკეთოთ იმიტომ, რომ ეს ხვალ წაადგება ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა და მის ფარგლებში განხორციელებული თუ განსახორციელებელი ყველა რეფორმა ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ის ადამიანები კი, ვინც დღეს უკმაყოფილოები არიან, მომავალში თავად დაინახავენ რეფორმის შედეგებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც და ჩვენი შვილებიც, ჩვენს მიერ წამოწყებული რეფორმის სიკეთეებს მოვესწრებით. ის ადამიანები, ვინც დღეს გვლანძღავენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, მადლობას გადაგვიხდიან. ეს პროექტი ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

05 აგვისტო 2020