ანდრია ბასილაია ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობას გაეცნო

დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად, გლდანში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ესტუმრა, მიმდინარე სამედიცინო მომსახურების პროცესს და მატერიალურ ტექნიკურ ბაზას გაეცნო.

შეხვედრაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, განხორციელებულ აქტივობეზე, კიბოს სკრინინგის პროგრამის შესრულების თავისებურებებზე, არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარადგინა.

“ჩვენი სურვილი არის, რომ პროგრამაში უფრო მეტი მოქალაქე ჩაერთოს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რადგან სკრინინგი ონკოლოგიური დაავადებების ყველაზე ეფექტური პრევენციაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არაერთ უბანში ვართ წარმოდგენილი. დაგეგმილი გვაქვს, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე გავხსნათ ახალი ფილიალი. რაც შეეხება გლდანის ცენტრს, აქ წარმოდგენილია საუკეთესო ხარისხის აპარატურა და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს უახლესი ტექნოლოგიებით და მეთოდოლოგიით სერვისის მიღების შესაძლებლობა აქვთ“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ეროვნული სკრინინგ ცენტრი თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ერთ-ერთი მიმწოდებელია. პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის გამოკვლევები სრულად ფინანსდება.

უფასო გამოკვლევები მოიცავს:
ძუძუს კიბოს სკრინინგს ქალებისთვის 40-დან 70 წლის ჩათვლით;
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს ქალებისთვის 25-დან 60 წლის ჩათვლით;
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს ქალებისა და მამაკაცებისთვის 50-დან 70 წლის ჩათვლით;
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვას ქალებისთვის 25-დან 70 წლის ჩათვლით.
პროსტატის კიბოს მართვას მამაკაცებისთვის 50-დან 70 წლის ჩათვლით.

05 აგვისტო 2020