კახა კალაძე: ჩვენ არავის კერძო საკუთრებას არ შევხებივართ - დატაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოვახდინეთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია არავის კერძო საკუთრებას არ ეხება და კერძო საკუთრება დღეს ხელშეუხებელია.

მისივე თქმით, მუნიციპალური ინსპექცია მიტაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟს კანონის ფარგლებში ახორციელებს.

„ჩვენ არავის კერძო საკუთრებას არ შევხებივართ. დატაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული კონკრეტული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოვახდინეთ. მოსახლეობამ გაფრთხილების მიუხედავად, შენობების დემონტაჟი არ განახორციელა. სამწუხაროდ, დედაქალაქში გვაქვს ბევრი ისეთი ლოკაცია, სადაც მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდგომში პატარა ნაგებობების განთავსება ხდება, იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიწების დაკანონება მოხდეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში, ამას არ დავუშვებთ და ყოველთვის კანონის ფარგლებში მოვიქცევით. თავს ვიკავებ კონკრეტული ადამიანების არსებული მდგომარეობა წარმოვადგინო. თუ ამის საჭიროება იქნება, საზოგადოებას ინდივიდუალურად, ყველა იქ მყოფი ადამიანის არსებულ მდგომარეობას წარვუდგენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გუშინ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის აგვისტოში მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა.

16 სექტემბერი 2020