თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფორუმში. აღნიშნულ ფორუმში ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქალაქის მერებმა და მერის მოადგილეებმა ისაუბრეს ქალაქების როლზე მდგრადი განვითარების პროცესში.

მაია ბითაძემ კოლეგებს გაუზიარა თბილისის გამოცდილება, მდგრადი ურბანული მობილობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. კერძოდ, ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის ძირეულ ცვლილებაზე, რომელიც ეყრდნობა ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკას და ახალ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე.

მან ხაზი გაუსვა მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ქალაქის მნიშვნელობას, არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. კერძოდ, ადგილობრივ დონეზე სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებით შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს სათბური გაზების ემისია, რაც, ადგილობრივ დონეზე ჰაერის დაბინძურების შემცირებასთან ერთად, ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესს.

მერის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა მწვანე სივრცეების მნიშვნელობაზე, რომლის განვითარება თბილისის მერიის უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა. მისი თქმით, თბილისში დაგეგმილი ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა თბილისის არამხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.

მაია ბითაძე შეეხო ქალაქის მდგრად განვითარებაში კერძო სექტორის სოციალურ პასუხისმგებლობასაც. ამის ერთ-ერთ მაგალითად მან ფონდ „ქართუს“ მიერ იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მშენებლობის პროექტი დაასახელა.

მერის მოადგილემ ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი დემოკრატიის განვითარების მნიშვნელობასა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებულ მონაწილეობითი დემოკრატიის საპილოტე პლატფორმაზე ისაუბრა. აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას მწვანე სივრცეების დაგეგმარების პროცესში.

08 ოქტომბერი 2020