თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მუნიციპალურ სერვისცენტრებში რიგების მართვა იწყება. გარდა ამისა, სერვისცენტრებში მისულ მოქალაქეებს, არქონის შემთხვევაში, პირბადეები დაურიგდებათ.

„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს გარკვეული ზომების მიღება, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დავიცვათ. მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ სერვისცენტრებში მომსახურების დროს, უზრუნველყოფა გაუკეთონ არსებულ რიგებს, რომ პატარა სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანი არ იყოს შეკრებილი. ჩემი თხოვნა იქნება, ყველაფერი იყოს მოწესრიგებული - დავიცვათ რიგები და ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ ექნება პირბადე, მაქსიმალურად ვეცადოთ, დავურიგოთ, რადგან პირბადის გარეშე შენობაში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია. ამით უნდა დავიცვათ თვითონ იმ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, იმ ადამიანებისაც, რომლებიც მოქალაქეებს ემსახურებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, რომ აღნიშნულ საკითხს ზედამხედველობა გაუწიოს, რათა პირბადეები რაიონული გამგეობების უფასო სასადილოებშიც დარიგდეს.

„გარდა ამისა, მინდა დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოებში, სადაც ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავს, პირბადეები მაქსიმალურად, ყველა მოხუცებულს დავურიგოთ. ილია ელოშვილს ვავალებ, რომ ამ საკითხს ზედამხედველობა გაუწიოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემატება. ასევე, შედგება ახალი მარშრუტები, რომელზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ქალაქში მოქალაქეების გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გასამარტივებლად, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ახალი ავტობუსების შემოყვანით, თუ ახალი მიკროავტობუსების შეძენითაა განპირობებულია. ასევე, ახალ მარშრუტებს ვადგენთ, რადგან არსებობს მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მეტროსთან დუბლირების შემთხვევები. ეს ყველაფერი დარეგულირდება, მოწესრიგდება და მოსახლეობას წარვუდგენთ პრეზენტაციას, თუ როგორი იქნება ახალი მარშრუტები, რა ნომრები შემოდის, თითოეული მათგანი რა მიმართულებით იმოძრავებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს მეტი კომფორტი შევუქმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი მარშრუტების პრეზენტაცია პარასკევს, 23 ოქტომბერს გაიმართება.

დედაქალაქის მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძისა და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო პავილიონები განთავსდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასო პარკირებით სარგებლობისთვის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შეუძლია.

კახა კალაძემ აქვე, მოსახლეობას პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ უკვე კონკრეტულ უბნებში დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და ბევრი ადამიანი სარგებლობს. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ზოგადად, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველაფერი, რისგანაც შედგება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის რაიონშიც, ისევე, როგორც სხვა უბნებში, პარკირების ღირებულება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე უფასო იქნება შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. უფასო პარკირებით ისარგებლებენ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებიც, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. დანარჩენ შემთხვევაში, გადასახადი იქნება ერთი ლარი, ხოლო პირველი 15 წუთი უფასო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე, ძველ თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაკაშიძის ქ. N26-ში მიმდინარე მშენებლობა შეთანხმებული პროექტის ესკიზებს არ შეესაბამება, რის გამოც, ბოლო სართულის დემონტაჟი განხორციელდება.

„ნაკაშიძის ქ. N26-ში, ბოლო წლების განმავლობაში, დანგრეული შენობა იდგა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ ყოფილა ისტორიული ძეგლი. ამ შენობის ადგილას კონკრეტულ კომპანიას საინვესტიციო პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც მათ საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენთვის ეს პროექტი მისაღები იყო, რადგან ძველი თბილისის იერსახეს ხელს არ უშლიდა, თუმცა, მშენებლობის პროცესში განსხვავებული სურათი მივიღეთ, პროექტის ესკიზი და მშენებარე შენობა ერთმანეთს არ შეესაბამებოდა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით და კომპანიას ბოლო სართულის დემონტაჟი მოვთხოვეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობა ისტორიულ შენობებს და ძველი თბილისის იერსახეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„ჩვენ ისტორიულ შენობებს, ძველ თბილისს მოწიწებით ვუდგებით. ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში გამოიხატა. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და მისი ისტორიული სახე ნარჩუნდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელია, შევინარჩუნოთ ძვირფასი შენობა-ნაგებობები, რაც ჩვენს ქალაქს გააჩნია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ და სპეციალისტების რეკომენდაციების სრული დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. კახა კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიის დროს დადგენილი რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მსგავს შემთხვევას შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ პირბადე ყველაზე მეტად დამცავი საშუალებაა, იმისთვის, რომ არ დავინფიცირდეთ და არ დავაინფიციროთ სხვა ადამიანები. ჩემი თხოვნაა, რომ პირბადის გარეშე არ დავუშვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრის გადაადგილება. ვუწევთ კონტროლს, მაგრამ არსებობს მონაცემები მთელი დღეების განმავლობაში, თუ რა ვითარებაა, როგორც მიკროავტობუსებში, ასევე ავტობუსებში. მიკროავტობუსებს რაც შეეხება, პირბადის გარეშე მართავდა 24 მძღოლი. ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 24-ვე მძღოლის მიმართ მიღებულია შესაბამისი სანქციები. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მათ უნდა იცოდნენ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ - ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ემსახურებიან. მონიტორინგი გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიკროავტობუსებში ასევე, 224 მოქალაქეს ჰქონდა მცდელობა, პირბადის გარეშე ემგზავრათ, რომელსაც შესაბამისი რეაგირება უკვე მოჰყვა.

„იყო შემთხვევები, როდესაც პირბადე ბოლომდე არ ჰქონდათ გაკეთებული. მნიშვნელოვანია, პირბადე გავიკეთოთ ისე, როგორც ამას დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან. იყო დარღვევების შემთხვევები ავტობუსებშიც. 2 088 მგზავრი ეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. დაახლოებით, 1 500-მდე მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით. 116-ჯერ არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი პირბადეს არ იკეთებდა. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენს თანამშრომლებს ეხმარება და წესებს იცავს. მგზავრების დიდი ნაწილი ძალიან კრიტიკული იყო იმათ მიმართ, ვინც პირბადეს არ იკეთებდა. ასევე, იყო 21 შემთხვევა პატრულის გამოძახების. ჩვენ ყველა მიმართულებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და შევეცდებით, ერთმანეთის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დავიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

21 ოქტომბერი 2020