თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები საკვები პროდუქტის ტენდერის გზით შესყიდვაზე გადადის

საკვები პროდუქტების შესყიდვის თემა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი წესდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.  ,,კვებითი უსაფრთხოების, სახელმწიფო ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის და  ჯანსაღი კონკურენციის განვითარების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკვები პროდუქტების შესყიდვა განხორციელდეს ერთობლივი ტენდერის გზით’’, ამბობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა.

ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდზე, tenders.procurement.gov.ge თბილისის თითოეული რაიონის ბაგა-ბაღის საჭიროებისამებრ ცალცალკე (სულ 10 რაიონი). ამასთან, საკვები პროდუქტები დაყოფილი იქნება სახეობებად (ბურღლეული, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, თევზის ფილე, პური, ხილი და სხვა).

შესყიდვის პროცედურების ჩატარებას უზრუნველყოს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შევლენ ბაგა-ბაღების დირექტორები. ტენდერის ყველა პირობა შემუშავდება ერთობლივად, რაც გამორიცხავს ბაღის დირექტორების უფლებების შეზღუდვას. ბაგა-ბაღებსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს შორის ხელშეკრულებები გააფორმდება ინდივიდუალურად. აღნიშნული პროცედურის მეშვეობით საკვები პროდუქტების შესყიდვის სისტემა გახდება მოწესრიგებული, დახვეწილი და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი.

17 ივლისი 2015