თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ეზოების კეთილმოწყობა დაიწყო

ახალი სააღმზრდელო წლიდან თბილისის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს კეთილმოწყობილი ეზოები დახვდებათ.  პირველ ეტაპზე,  31-მდე საბავშვო ბაღის ეზო კეთილმოეწყობა, სადაც ყველაზე მწვავე პრობლემაა ამ მიმართულებით. მოპირკეთდება ეზოს ზედაპირი, მოეწყობა სპორტულ-გასართობი მოედნები. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე კაუჩუკის ფილები დაიგება. დაიდგმება საბავშვო ატრაქციონი (სასრიალო პლატფორმითა და გასაძრომებით), აიწონა-დაიწონა, ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქცია.

,,საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების დიდ ნაწილში გასართობი კონსტრუქციები - საქანელები და სასრიალოები, სპორტული მოედნები,  საკმაოდ ძველია ან საერთოდ არ არსებობს.  სწორედ ამიტომ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ეზოების  მოწყობა გადაწყვიტა. პირველ ეტაპზე, ამ მხრივ ყველაზე პრობლემური ბაღები შევარჩიეთ, დანარჩენებში  კი აღნიშნული საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება,''- განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

ეზოების კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გამოიყო.   სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული  ფირმა  ,,აისი’’  აწარმოებს.

29 ივლისი 2015