თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საკონკურსო წინადადებების განხილვა გრძელდება

თბილისის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საკონკურსო წინადადებების განხილვა გრძელდება. დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საკონკურსო კომისიამ კიდევ სამი კონკურსანტის საკონკურსო ნამუშევარი განიხილა.  

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლების პროცესში ჩაერთო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და რომელსაც 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ ორლეანის და რიჰარდის გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მიღებული მონაწილეობა. ამასთან, ამ დროისთვის PWC ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს.

PWC მონაწილეობას მიიღებს საკონკურსო კომისიის სხდომებში, დაესწრება პრეზენტაციების განხილვებს, ჩაერთვება გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში.

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა დედაქალაქის სივრცითი განვითარების უზრუნველსაყოფად, სტრატეგიული ხედვისა და პრიორიტეტების განხორციელების გზების განსაზღვრის მიზნით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსანტთა პროექტების პრეზენტაციები, განხილვის დასრულების შემდგომ გახდება საჯარო და აიტვირთება ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე - www.tas.ge.

19 მაისს გამოაცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს როგორც საქართველოს, ისე, სხვა ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას, იურიდიულ პირთა გაერთიანებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

საკონკურსო წინადადებების მიღება 2015 წლის 01 აგვისტოს დასრულდა. ამის შემდეგ  კომისიის ყველა წევრს, განსახილვევლად დაეგზავნა შემოსული თერთმეტივე  საკონკურსო წინადადება.

კომისიის წევრები არიან ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელობა, სხვადასხვა სამსახურის უფროსები ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არქიტექტორთა კავშირის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის წარმომადგენლები. 

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების შეფასების შედეგად გამოავლინოს 3 (სამი) გამარჯვებული. 

წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს: I ადგილისათვის - 50 000 ლარს, II ადგილისათვის - 30 000 ლარს, III ადგილისათვის - 20 000 ლარს. 

გამარჯვებულ კონკურსანტთან, რომელსაც მიენიჭება I ადგილი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების მიზნით, გაფორმდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. 

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების ფასი, შესრულების ვადა და ხელშეკრულების სხვა პირობები განისაზღვრება კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადების შესაბამისად.

 

 

27 აგვისტო 2015