თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის განცხადება

ქ. თბილისის ტერიტორიაზე უფასო სასადილოებთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაიმე შეფერხებაა ბენეფიციართა მომსახურებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე,თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური განმარტავს, რომ უფასო სასადილოებში ბენეფიციართა მომსახურებაზე დედაქალაქის ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე, 2014 წლის აგვისტოში ჩატარდა მონიტორინგი, რის შედეგადაც გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, კერძოდ:

  1. უფასო სასადილოებისათვის პროგრამით განსაზღვრული სამუშაო დღის ბუნდოვანი რეჟიმი;
  2. შესაბამისი სამსახურების ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის პროფესიული ინსპექტირების არარსებობა;
  3. ბენეფიციართა სიების მოუწესრიგებელი აღრიცხვიანობა;
  4. ობიექტების ფართის  შეუსაბამობა მოთხოვნებთან;
  5. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პროდუქტის რაოდენობა, რომელიც უნდა დარჩენილიყო სასადილოებში, ბენეფიციართა ხელმოწერების რაოდენობის მიხედვით, არ შეესაბამებოდა ფაქტიურად დარჩენილ რაოდენობას;
  6. ბენეფიციარები უკმაყოფილონი იყვნენ კვების რაციონით;
  7. სასადილოები არ იყო ადაპტირებული შშმ პირთათვის.

2014 წლის დეკემბერში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის მიერ რევიზია ჩაუტარდა არსებულ მენიუს და განახლდა მისი კალორაჟი და შემადგენლობა, რის შესაბამისადაც დამტკიცდა ახალი მენიუ, რომელიც ერთჯერად კვებაზე ითვალისწინებს მინიმალურ კალორაჟს (1100-1300კკალ.), ამავე დროს სატენდერო პირობებით გამკაცრდა საკვების ხარისხთან და ბენეფიციართა აღრიცხვასთან დაკავშირებული პირობები.  

ამავე პერიოდში ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე გამგეობების მიერ გამოცხადდა მრავალწლიანი ტენდერი (3 წლიანი), რომელმაც ყველა მიმწოდებლისათვის დაადგინა სატენდერო ფასი, რის მიხედვითაც მიმწოდებლები უკვე ერთი წელიწადია შეუფერხებლად ახორციელებენ ბენეფიციართა მომსახურებას გაცილებით მაღალი ხარისხით, ვიდრე ეს ხორციელდებოდა წინა წლებში. აღსანიშნავია, რომ სამწლიანი ტენდერი უზრუნველყოფს იმასაც, რომ უცვლელი რჩება დადგენილი მენიუს კალორაჟი და შემადგენლობა, მიუხედავად ვალუტის კურსის ცვლილებისა.

ამასთან, ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი მომსახურების ხარისხზე გამგეობის შესაბამისი სამსახურების მიერ და საკვების ხარისხზე სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მასშტაბით მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროგრამები:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარება;
  • სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის, შშმ პირების დახმარება წელიწადში 800 ლარის ოდენობით;
  • სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შშმ უსინათლო პირების დახმარება წელიწადში 900 ლარით;
  • სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე  ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება - 50 ლარი;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ,,ახალშობილთა” ერთჯერადი მატერიალური დახმარება - 800, 1000, 1500 ლარი;
  • სოციალურად დაუცველი ბავშვების უფასო სწავლება  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში;
  • სოციალურად დაუცველი ბავშვების უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში;
  • სოციალურად დაუცველი ბავშვების უფასო სწავლება სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში;

მთლიანობაში, აღნიშნული პროგრამების დაფინანსება 2014 წელთან შედარებით მიმდინარე წელს გაიზარდა 4,1 მილიონი ლარით და შეადგინა 9,9 მილიონი ლარი;

ხოლო „კომუნალური სუბსიდიის“ პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი (70 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე) თითოეული ოჯახისთვის წელიწადში გამოყოფილია 530 ლარი და 2015 წელს 38 000 ოჯახისთვის იხარჯება 19 მილიონი ლარი, ნაცვლად 9,5 მილიონი ლარისა, რაც იყო გათვალისწინებული 2014 წელს.

 

28 ნოემბერი 2015