109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში წლების წინ დახურული ფლიგელი გაიხსნა

ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში წლების წინ დახურული ფლიგელი გაიხსნა.  ბაღის დახურულ ნაწილს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა, მოეწყო სააღმზრდელო ოთახები, სამზრეულო და სველი წერტილები. აქედან გამომდინარე, ბაღი, რომელშიც ამჟამად 460 ბავშვი დადის, დამატებით 300-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დახურული ფლიგელის გახსნით, კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება შესრულდა.

„ამ უბანში კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება შევასრულეთ და საბავშვო ბაღი, რომელიც წლების განმავლობაში ბავშვებისთვის  იყო გამოუყენებელი და დახურული, გავხსენით. ჩავატარეთ სარემონტო სამუშაოები, 300 000 ლარზე მეტი დავხარჯეთ და ხედავთ, რომ კეთილმოწყობილი ბაღი მივიღეთ, რომელშიც ორშაბათიდან უკვე დაიწყებენ ბავშვები სიარულს. საბავშვო ბაღი ყველა იმ აუცილებელ პირობას აკმაყოფილებს, რომელიც შესაბამი სტანდარტებით არის დადგენილი“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას განცხადებით, მიმდინარე შემოდგომაზე დასრულდა 3 დახურული ბაღის რემონტი. ამ მიმართულებით მუშაობა კი 2016 წელსაც გაგრძელდება.

„აღნიშნული შენობა წლების განმავლობაში იყო დახურული და მასში ცხოვრობდნენ სოციალურად დაუცველები. ჩვენ, ახალმა ადმინისტრაციამ, მერიასთან და საკრებულოსთან ერთად გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ აღნიშნულ საბავშვო ბაღა- ბაღში სააღმზრდელო პროცესი აღდგენილიყო. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, ვაშენებთ ახალ საბავშო ბაღებს, ვარემონტებთ და ვიბრუნებთ დახურულ ბაღებს “- განაცხადა თემურ თორდინავამ.

ბაგა-ბაღის დახურული ნაწილის აღსადგენად თბილისის ბიუჯეტიდან 325 000 ლარი გამოიყო. ორი კვირის წინ, ჩუღურეთის რაიონში მდებარე დახურული 132-ე საბავშვო ბაღიც გაიხსნა. ბაღი რამდენიმე წლის წინ დაიხურა, შენობაში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი იყო განთავსებული.

თბილისის მერია წლების წინ დახურული საბავშვო ბაღების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესს ეტაპობრივად განაგრძობს.

 

 

 

 

09 დეკემბერი 2015