თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება

თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ცალკეული ჯგუფების მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, საქმე ეხება საინფორმაციო, ფოტო და ვიდეო მომსახურების გაწევის შესახებ გამგეობებსა და  საინფორმაციო სააგენტოებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი მომსახურების შეძენა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაობის შემადგენელი ნაწილია და საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წლის განმავლობაში გამგეობების მიერ არაერთი პროექტი ხორციელდება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება საჭიროდ მიგვაჩნია.

აღსანიშნავია, რომ გამგეობებში არ არსებობს ოპერატორის შტატი, ასევე, მათ არ გააჩნიათ საკუთარი აპარატურა. შესაბამისად, ისინი ზემოთხსენებულ მომსახურებას საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით იღებენ. გამგეობების მიერ აღნიშნული სერვისის გამოყენება გაცილებით ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

მსგავსი  განცხადებები მიზანმიმართულად  ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.

11 თებერვალი 2016