თბილისის მერიის განცხადება

მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ გამოსახლებული 2 ოჯახისთვის, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ საცხოვრებელი ფართი უკვე გამონახა და ისინი ბინაში დღესვე შევლენ.
რაც შეეხება დანარჩენ 10 ოჯახს, როგორც მთაწმინდის, ისე თბილისის სხვა რაიონების გამგეობები მზად არიან, აღნიშნულ ოჯახები ბინის ქირით უზრუნველყონ. ამისათვის, გამოსახლებულებმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უნდა მონახონ 300 ლარამდე ღირებულების გასაქირავებელი ბინა, რომლის ქირასაც შესაბამისი გამგეობა გადაიხდის.
მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ კერძო მესაკუთრის მოთხოვნით 12 ოჯახი იქნა გამოსახლებული. მესაკუთრემ შენობაში უკანონოდ შეჭრილები გასახლების თაობაზე წინასწარ გააფრთხილა, ხოლო მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, ამ ოჯახების პრობლემის მოგვარების მიზნით, მათ მუნიციპალურ თავშესაფარში გადასვლა შესთავაზა. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, გამოსახლებულმა ოჯახებმა  თავშესაფარში ცხოვრებაზე უარი თქვეს.

29 მარტი 2015