თბილისის მერიის განცხადება

დღეს თბილისის მერიასთან იპოთეკარებისა და ე.წ. ატსტუპნიკების სახელით აქცია გაიმართა, რომელზეც აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. 

აქციის მონაწილეთა უმეტესობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები წარმოადგენდნენ. გამომდინარე აქედან, თბილისის მერია მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქცია, ისევე, როგორც გასულ დღეებში სხვადასხვა მუნიციპალურ შენობებთან გამართული აქციები, პოლიტიკურად მართულია და მიზნად უწყების დეზორგანიზებას ისახავს.

რაც შეეხება ზოგადად იპოთეკით დაზარალებულთა საკითხს, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მუნიციპალიტეტს ამგვარი პრობლემის მოგვარების ბერკეტი არ გააჩნია. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გამართეს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრა და მათ აღნიშნულის შესახებ განემარტათ.

თბილისის მერია მოუწოდებს დღევანდელი აქციის მონაწილეებს, ნუ იქცევიან პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად და იმოქმედონ კანონის შესაბამისად.   

13 მარტი 2015