თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერის საკრებულოში დაბარების მოთხოვნით დეპუტატთა ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატების ერთკვირიანი მონდომება გაუგებარი და ფუჭია, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პირდაპირ ითვალისწინებს დედაქალაქის მერის საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგენის ვალდებულებას.

სწორედ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის მერი საკრებულოში მისვლასა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას მიმდინარე წლის აპრილის პირველ კვირაში გეგმავს. მერი საკრებულოს წევრებს წარუდგენს ინფორმაციას, თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა დედაქალაქის ახალ ხელისუფლებას მერიაში, რა პროექტები და პროგრამები განხორციელდა დღემდე და როგორია დედაქალაქის აღმასრულებელი ორგანოს სამომავლო გეგმები. ცხადია, ანგარიშის წარდგენის შემდეგ ნებისმიერ დეპუტატს ექნება შესაძლებლობა, მერის წინაშე დასვას მისთვის საინტერესო საკითხი.

გამომდინარე იქედან, რომ კოდექსი მკაფიოდ არ განსაზღვრავს ვადებს, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით ყოველი წლის აპრილის პირველ კვირას წარსდგება. 

09 მარტი 2015