თბილისის მერიის განცხადება

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა თბილისის მერთან მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. ასევე, გამოქვეყნდა ინტერვიუ აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარესთან, რომელიც ინტერვიუში გარკვეული პროექტებისა და ინიციატივების შესახებ საუბრობს. მათ შორის, საუბარია იმაზეც, რომ მერია უახლოეს დღეებში ვარდების მოედნიდან ველოსიპედის ძეგლის სხვა ტერიტორიაზე გადატანას გეგმავს.

გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის მერიაში მერთან არსებული მრჩეველთა საბჭო არ შექმნილა. წინადადება ამგვარი საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ საინიციატივო ჯგუფისგან მოდიოდა, თუმცა, დედაქალაქის მერს მისი შექმნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, არც იმ ინიციატივებზეა გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც აღნიშნულმა ჯგუფმა მერთან შეხვედრისას დააყენა, მათ შორის, არც ველოსიპედის გადატანის იდეის შესახებ.

 

09 მარტი 2015