თბილისის მერიის განცხადება

ამა წლის 17 ივნისს, სააღსრულებლო ფურცლის  (№4-5/ს-ვ-170-16) საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა წყნეთის გზატკეცილზე მდებარე მუნიციპალურ ტერიტორიაზე საკ. კოდი (№01.10.16.007.092) უნებართვოდ ჩადგმული ვაგონ-კონტეინერის დემონტაჟი განახორციელეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ შემოწმდა ფაქტი, რომ   ვაგონ-კონტეინერი ცარიელი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს დღეს ადგილზე ბელა გუბელაძე და მისი ოჯახის წევრები დახვდნენ.  

გუბელაძის განცხადებით, ოჯახს წასასვლელი არსად აქვს და აღნიშნული ტერიტორია მათ საკუთრებას წარმოადგენს.  

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ტერიტორია, რომელზეც ბელა გუბელაძემ ვაგონ-კონტეინერი ჩადგა, არის მუნიციპალიტეტის საკუთრება ს/კ №01.10.16.007.092.   2009 წლის 25 დეკემბერს, ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე დაგეგმილი ავტომაგისტრალის მშენებლობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მშენებლობის განმახორციელებელ კომპანია - შ.პ.ს. „კავკასუს როუდ პროჯექტ“-სა და ბელა გუბელაძეს შორის გაფორმებული  ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქემ კომპანიას თანხის სანაცვლოდ გადასცა მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობა. 

შეთანხმების თანახმად, მშენებელმა - შ.პ.ს. „კავკასუს როუდ პროჯექტ„-მა განახორციელა  მოქალაქე ბელა გუბელაძის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და მის სანაცვლოდ,  გუბელაძეს გადაუხადა  92 293,71 ლარი (67875 დოლარი). ამავე შეთანხმებით, მოქალაქემ უარი განაცხადა გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებაზე, ან ნებისმიერი გზით, შეთანხმებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შეფერხებაზე. 

დამატებით გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,რომ გაყიდული ტერიტორიის მიმდებარედ ბელა გუბელაძის საკუთრებაში 13 ივნისის სტიქიის დროს 2 მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდა, სადაც გუბელაძე გახლავთ არა ერთპიროვნული, არამედ ერთ-ერთი მესაკუთრე და თანამესაკუთრეებს შორის ამ დროისათვის დავა სასამართლოში მიმდინარეობს. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე კი თბილისის მერია მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს კომპენსაცია. 

რაც შეეხება ვაგონ-კონტეინერს, სტიქიის დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაგონ-კონტეინერი არ იდგა. 2016 წლის აპრილში წყნეთის გზატკეცილზე, საკ. კოდით (№01.10.16.007.092) და მის მიმდებარედ ბელა გუბელაძის მიერ ვაგონ-კონტეინერის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსების ფაქტთან დაკავშირებით, ზედამხედველობის სამსახურს ეცნობა 2016 წლის 11 აპრილს, ერთ-ერთი მოქალაქის  მიერ, ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციით. 

შესაბამისად, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, სამართალდარღვევის მიმართ, 2016 წლის 19 აპრილს შედგა მითითება (№001379), რომლითაც მხარეს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ობიექტის დემონტაჟისთვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენისათვის. 2016 წლის 3 მაისს სამსახურის შემოწმების აქტით (№001379) დაფიქსირდა მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა. აღნიშნულის გამო, 2016 წლის 25 მაისს, სამსახურის დადგენილებით, ბელა გუბელაძე დაჯარიმდა 10.000 ლარით და დაევალა სახელმწიფოს მიწაზე განთავსებული კონსტრუქციის დემონტაჟი. მიმდინარე წლის 27 მაისს, დემონტაჟთან დაკავშირებით გაიცა  სააღსრულებლო ფურცელი (№4-5/ს-ვ-170-16), რომლის საფუძველზეც 17 ივნისს უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ბელა გუბელაძის სახელზე საჯარო რეესტრის ამონაწერებით თბილისში სხვადასხვა ფართებია რეგისტრირებული, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გუბელაძეები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მუნიციპალიტეტის საკუთრების მითვისებას უკანონოდ ცდილობენ. 

17 ივნისი 2016