დავით ნარმანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს დაესწრო

თბილისის მერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის 2016 წლის  კურსდამთავრებულთა  გამოშვების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. 

ღონისძიებას  თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე,  საქართველოს ფინანსთა მინისტრი  ნოდარ ხადური,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე,  აკადემიური საბჭოს წევრები და  ფაკულტეტების დეკანები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა  და მათ წარმატებები უსურვა.  „თქვენთვის, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისთვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო დღეა. მიხარია, რომ ჩემს უნივერსიტეტელებს  დღეს ასე ლამაზად შემოსილებს და ბედნიერებს ვხედავ. თქვენ  დღეს დაასრულეთ  ერთი  სერიოზული საფეხური,  მაგრამ წინ გაქვთ   მნიშვნელოვანი წარმატებები  შემდგომ საფეხურებზე.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვის იზრდებოდნენ და დღესაც იზრდებიან აქტიური ახალგაზრდები,  რომლებიც იღებენ შესაბამის განათლებას,  გამოცდილებას და არაფერს არ იშურებენ იმისთვის, რომ იყვნენ  უკეთესები  და წინ მიიწევდეს ჩვენი ქვეყანა.   ის, რაც  ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და მოგვიტანეს აქამდე, ერთსაუკუნოვანი უნივერსიტეტის,  ჩვენი უძველესი დედაქალაქისა და სახელმწიფოს სახით, მჯერა, ხვალ და ზეგ თქვენ ჩაიბარებთ წარმატებით ამ  სადავეებს და  წლების შემდეგ  ღირსეულ შემცვლელებს გადასცემთ. დარწმუნებული ვარ,  ბევრი თქვენგანი დარჩება უნივერსიტეტში,  ბევრი  კიდევ სხვაგან გააგრძელებს სწავლას, მუშაობას, საზოგადოებრივ საქმიანობას. ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, მინდა გისურვოთ განსაკუთრებული წარმატებები“ - განაცხადა დავით ნარმანიამ

თსუ-ს ბაკალავრიატი 2016 წელს 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა.  თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და   ოცი ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016-2017 სასწავლო წელს 3300-ზე მეტი პირველკურსელს მიიღებს.

საზეიმო ღონისძიება მუსიკალური ჯგუფ „TSU ART” -ის კონცერტით დასრულდა. 

22 ივლისი 2016