დავით ნარმანიამ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და პირველსემესტრელებს სწავლის დაწყება მიულოცა. თბილისის მერმა სტუდენტებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატება უსურვა.

„მე დღეს მოვედი და მივულოცე თითოეულ სტუდენტს სასწავლო წლის დაწყება, ვინაიდან მათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჩაბარდებათ მომავალში. ეს არის ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მათი ხარისხიანი განათლება, მათი განსაკუთრებული მონდომება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ჯანმრთელი და ჯანსაღი თაობა გვყავდეს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რომლებსაც თბილისის მერია და სამედიცინო უნივერსიტეტი ერთობლივად ახორციელებენ. ამ პროგრამებიდან დავით ნარმანიამ განსაკუთრებით ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული ახალგაზრდული პროგრამები გამოყო. თბილისის მერის თქმით, მსგავს პროგრამებსა და პროექტებში სტუდენტების აქტიური ჩართულობა  ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაკეთდეს ის საქმე, რომელიც სასიკეთო იქნება, როგორც თავად ახალგაზრდებისთვის, ასევე დედაქალაქისთვის.  

19 სექტემბერი 2016