ზედამხედველობის სამსახურმა სს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიის შემოღობვა დაავალა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა და ვიზუალური დაკვირვებით დაადგინა, რომ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურებულია. არსებობს შენობის ჩამონგრევის საშიშროება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ობიექტზე სასწრაფოდ განსახორციელებელია გარკვეული სახის სამუშაოები, უპირველესად კი, რისკ-ზონების განეიტრალება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თბილისის მერიამ უკვე მიმართა წერილით სს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყარო“-ს ადმინისტრაციას და უმოკლეს ვადებში ტერიტორიაზე დროებითი სამშენებლო ღობის განთავსება დაავალა. შენობის შემოღობვა აუცილებელია, რათა ტერიტორიაზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამოირიცხოს უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა.

03 თებერვალი 2017