თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი, ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად, აცხადებს კონკურსს საველე სკოლის პროექტში მონაწილეობისთვის

საველე სკოლის პროექტი, რომელიც ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ და „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ თანადაფინანსებით, იწვევს 17-დან 40 წლამდე რესტავრაციისა და ქვის თლის სფეროთი დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამის სფეროში გადამზადების მიზნით.

პროექტის მიზანია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენარჩუნების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია.

აღნიშნული პროექტი მოიცავს, ფრანგი რესტავრატორი/ინსტრუქტორის მიერ თეორიული და პრაქტიკული კურსის საფუძველზე, პროექტში მონაწილე პირთა გადამზადებას.

კურსის სამუშაო ენას წარმოადგენს ფრანგული, რომელიც ითარგმნება ქართულ ენაზე თარჯიმნის საშუალებით.

პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული ნაწილი მოიცავს, ქალაქ თბილისში, ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას.

პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილის წაკითხვა მოხდება, როგორც ფრანგი ინსტრუქტორის, ასევე,  ქართველი ლექტორების მიერ.

პროექტში მონაწილე პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, განახორციელონ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რესტავრაციისთვის  საჭირო სხვადასხვა სამუშაოები: ძველი შენობის შეფასება, მასალის ხელახალი გამოყენება, გამაგრება და აღდგენა,  ქვის თლის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების შესწავლა, ტექნიკური ნახაზის შედგენა ძველი თბილისის ზოგიერთი ქუჩის მაგალითზე,  სამუშაოებისა და ხელსაწყოების, ქვის თლის  აღმნიშვნელი ტერმინების დამუშავება ქართულ-ფრანგულ-ინგლისურ ენებზე.

აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე.  ყოველდღიური დასწრება სავალდებულოა. განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 1 საათი. 

პროექტისათვის შერჩეულ პირებს დაენიშნებათ სტიპენდია.

პროექტში მონაწილეობისათვის საჭირო სავალდებულო მოთხოვნები:

ა) საქართველოს მოქალაქე, 17-დან 40 წლამდე;

ბ) ფიზიკურად მუშაობის უნარი;

გ)პროექტის მიმდინარეობისას ყოველდღიურ რეჟიმში სრულად დასწრების შესაძლებლობა;

დ)ინტერესი და მიზანსწრაფვა კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენარჩუნების მიმართ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა მიმდინარე წლის 17 მარტის ჩათვლით, ელ-ფოსტაზე chantier-ecole@tbilisi.gov.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) სამოტივაციო წერილი;

პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე.

მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას არაუგვიანეს 2017 წლის 1 აპრილისა.

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N7.

კონკურსანტის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე, გათვალისწინებული იქნება ასევე კონკურსანტის შესაბამისობა პროექტით წინასწარ დასახულ მიზანთან.

 

10 მარტი 2017