თბილისის მერი ირანის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ირანის ელჩს საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა თეირანსა და  თბილისს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო  თბილისსა და ირანის სხვა ქალაქებს შორის ერთობლივი პროგრამების განხორციელებას, მათ შორის, გამწვანების სფეროში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს.

დავით ნარმანიას  თქმით, თეირანსა და თბილისს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება მნიშვნელოვანია და ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება.

„მოხარული ვარ, რომ თბილისსა და თეირანს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს და სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. გასულ წელს მე ოფიციალური ვიზიტით გახლდით თეირანში და ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ირანის დედაქალაქის გამწვანებამ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ გამწვანების პროექტები ერთობლივად განვახორციელოთ, რისთვისაც  თეირანიდან ურბანული გამწვანების სპეციალისტები მოვიწვიეთ.  ვფიქრობ, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება,“ - განაცხადა  თბილისის მერმა.

ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით და მზად არის, მხარი დაუჭიროს ურთიერთსასარგებლო  პროექტების განხორციელებას. 

სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოში ირანის ელჩის  პოზიციას მიმდინარე წლის მარტიდან იკავებს.

 

 

 

17 მარტი 2017