თბილისის მერმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო „თბილისი  მარიოტში“ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

დედაქალაქის მერმა დეტალურად ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გასულ წელს განხორციელდა. კერძოდ: დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მათ შორის კრწანისი შინდისის და სამება-მახათას ახალი გზაზე,   კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი მონაკვეთის პროექტზე, ასევე პუშკინის ესტაკადაზე.

თბილისის მერმა 2016 წლის მნიშვნელოვან პროექტებს შორის გამოყო „ახალი ტფილისი“. 

პრეზენტაციაზე საუბარი  შეეხო მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 2017 წლის მარტის ბოლომდე თბილისს “ Man Truck and Bus AG”-ის 143 ახალი ავტობუსი ეყოლება. გარდა ამისა, 2017 წელს თბილისს ექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო. ტრანსპორტის ნაწილში თბილისის მერმა ხაზი გაუსვა საბაგირო გზების განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში უფუნქციო კუს ტბის საბაგიროს აღდგენა. ყურადღება გამახვილდა  გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც. 

როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა განაცხადა, 2017 წელს თბილისს ექნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც. 

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ 2016 წელს გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი, რის შედეგადაც 3000-ზე მეტმა ბავშვმა შეძლო დარეგისტრირება. გარდა ამისა, 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

 

20 მარტი 2017