დავით ნარმანია კანადაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით კანადის ქალაქ მონრეალში იმყოფება, სადაც   ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს. გენერალურ ასამბლეაზე ასოციაციის სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული წარმატებული პროექტები და  რეგიონული ინტეგრაციისთვის  ქალთა ინიციატივების საკითხები განიხილება.  

კანადაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი მონრეალის მეტროპოლისის მსოფლიო კონგრესის გახსნის საზეიმო ღონისძიებასაც  დაესწრო.  ასამბლეისა და კონგრესის მუშაობის ფარგლებში, დავით ნარმანიამ მსოფლიო ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები, ასევე, შეხვდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის“ (IFC) ვიცე-პრეზიდენტ დიმიტრის ციცაროგოსა და IFC-ის ქალაქების პროგრამის ხელმძღვანელ ელენა ბურგანსკაიას. დიმიტრი ციცაროგო  კორპორაციის საინვესტიციო ოპერაციებსა და  ახალი ბიზნესის განვითარების პროექტებს ხელმძღვანელობს.  შეხვედრაზე ქალაქ თბილისსა და IFC-ს შორის სამომავლო  თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  მხარეებმა თბილისის მთავარ  გამოწვევებსა და მათ დაძლევაში  კერძო სექტორის როლზე, ასევე, ამ პროცესში  ახალი სამუშაო ადგილებისა და შესაძლებლობების შექმნის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.  

ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანიამ  თბილისთან 1979 წელს დაძმობილებული საფრანგეთის ქალაქ  ნანტის საკრებულოს წევრს, ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის ინოვაციების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს, რაშელ ბოშესთანაც გამართა შეხვედრა, სადაც მხარეებმა თბილისსა და ნანტს შორის ფრანკოფონურ ასოციაციასთან ინოვაციების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

დავით ნარმანია ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა პარიზის მერს - ანნ იდალგოს, მონრეალის მერს - დენი კოდერს, სტრასბურგის მერს - როლანდ რიესს, ბეირუთის მერს - ზიად ჩებიბის. შეხვედრებზე საუბარი ორმხრივი პარტნიორობის საკითხებს შეეხო. 

აღსანიშნავია, რომ ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ დაფინანსებული რესტავრატორთა მოსამზადებელი პროექტი ქ. თბილისში აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დაფინანსებისთვის თბილისის მერმა პირადად გადაუხადა მადლობა ასოციაციის პრეზიდენტს, პარიზის მერს ანნ იდალგოს, ხოლო ასოციაციის მუდმივ მდივანთან პიერ ბაილესთან შეხვედრისას განხილული იქნა რამდენიმე სამომავლო პროექტი (მ.შ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პროექტი).

21 ივნისი 2017