თბილისში ვაცლავ ჰაველის ძეგლი გაიხსნა

თბილისში  ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დრამატურგის და დისიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი გაიხსნა. ძეგლი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ გახსნეს. მონუმენტი ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში მდებარე განახლებულ სკვერში დაიდგა.

ვაცლავ ჰაველის ძეგლის გახსნის  ცერემონიალს  საქართველოს მთავრობის წევრები,  პარლამენტის დეპუტატები, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,  ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი, კონსული საბინა ცინგროშოვა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და  ჩეხური დიასპორის წარმომადგენლები  დაესწრნენ.

ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლის შესაქმნელად თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიამ გაიმარჯვა.

ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი, დრამატურგი, ესეისტი და დისიდენტი იყო. პრეზიდენტ ჰაველის მმართველობის 13 წლის განმავლობაში ქვეყანამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. მათ შორისაა ნატოს წევრობის მოპოვება და ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება, რომელიც 2004 წელს ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.   

 

 

 

 

 

 

22 ივნისი 2017