თბილისის მერის მოადგილე და მერიის ადმინისტრაციის უფროსი ვიზიტით ვარშავაში იმყოფებიან
თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ვიზიტით ვარშავაში იმყოფებიან.
 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ვარშავის ვიცე-მერ მიხაილ ოლშევსკისთან.
 
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პოლონეთში, კერძოდ ვარშავაში, ერთ-ერთ ქუჩას ქართული სახელწოდება მიენიჭება.
ასევე, ვარშავაში დაიგეგმა თბილისის დღეეების გამართვა, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა პავილიონი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ასევე, მოეწყობა საინფორმაციო დაფა. აღსანიშნავია, რომ ვარშავა 2010 წლიდან თბილისის პარტნიორი ქალაქია და ეს ურთიერთობები თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე გადადის.
 
გარდა ამისა, შეხვედრა შედგა ვარშავის ზოოპარკის ხელმძღვანელთან ანდრეი კრუშევიჩთან. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, პოლონეთის მხარე თბილისის ზოოპარკს საჩუქრად ცხოველებს და ფრინველებს გადასცემს. ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერის მოადგილემ და მერიის ადმინისტრაციის უფროსმა დაათვალიერეს ვარშავაში მდინარეების სანაპიროების დასუფთავების ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარე, ასევე გაეცნენ სანაპირო ზოლის მოწყობის სპეციფიკას.
 
გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ხუცურაული ქალაქის ბიალისტოკის მერს -ტადეუშ ტრუსკოლასკის შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ქალაქის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, დაათვალიერეს ტექნოლოგიური პარკი და გამწვანების მიმართულებით მასპინძლების გამოცდილებას გაეცნენ.
24 ივნისი 2017