თბილისის მერიის განცხადება ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

ხანძრის შესახებ შეტყობინების შესვლისთანავე სამაშველო და სასწრაფო სამსახურებთან ერთად ადგილზე მივიდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, მერიის სტრუქტურაში შემავალი სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები.

შესაძლებლობისთანავე დაიწყება ტერიტორიის დასუფთავება.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია და  ბრალდებები, რომ თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, არ ჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს და სხვა მსგავსი სიცრუეა.

განვითარებული მოვლენების ფონზე,  მაშინ, როდესაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაჟღერდა პირდაპირი ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები, რაც ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია.

გვსურს მოვუწოდოთ ყველას, რომ მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის  არ გამოიყენონ.

რაც შეეხება დაზიანებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, დაზარალებულ მეწარმეებს საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.

ხანძრის გაჩენის შემდეგ სულ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

03 ივლისი 2017