დიაბეტიანი ბავშვები ყვარლის საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ

ამერიკული არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ე ქოლ თუ სერვ ჯორჯიას“ ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 50 დიაბეტით დაავადებული ბავშვი ყვარელში გაემგზავრა, სადაც ისინი სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკში ერთი კვირის განმავლობაში დაისვენებენ.

წელს ბანაკი 7 აგვისტოს, ყვარელში,  საპატრიარქოს გიმნაზიის შენობაში გაიხსნება.  დიაბეტური  ბანაკის გახსნის ცერემონია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა, საიდანაც პროექტის ბენეფიციარი ბავშვები ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ბანაკში დასასვენებლად გააცილეს.  

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, ზურაბ ვადაჭკორიასა და  „ე ქოლ თუ სერვ ჯორჯია“-ს პრეზიდენტთან,  გიორგი წილოსანთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  დიმიტრი ხუნდაძე, დიაბეტიანი ბავშვები,  მშობლები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ე ქოლ თუ სერვ ჯორჯია“ საქართველოში 1992 წელს დაარსდა და დიაბეტიანი ბავშვების საზაფხულო ბანაკებში დასვენების  ჰუმანიტარულ პროექტს 1995 წლიდან ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს  დიაბეტიანი ბავშვების სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.  “დიაბეტურ ბანაკში” ბავშვების სწავლება და  დამოუკიდებელი თანაარსებობის პირობებში ადაპტაცია   სპეციალურად მომზადებული პერსონალის (ექიმები, მედდები, მოზრდილი დიაბეტიანები) მეშვეობით ხდება. 

07 აგვისტო 2017