პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ფაზაში შედის

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაიგება გზის ზედა, საბოლოო ფენა და დასრულდება საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები.  

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე სრულად  ჩაიკეტება პეკინის ქუჩა - ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე. გასათვალისწინებელია, რომ ჩაიკეტება ეზოებიდან გამოსასვლელებიც. ანა კალანდაძისა და ცინცაძის ქუჩებზე მოძრაობა არ შეიზღუდება. 

5 სექტემბრის 22:00 საათიდან 6 სექტემბრის 08:00 საათამდე კი, ჩაიკეტება ცინცაძის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთი და აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე შიდა ეზოების შესასვლელები. 

პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. ბოლო 50-60 წლის განმავლობაში, ქუჩაზე მსგავსი მასშტაბური  სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. 

თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისას გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის.

 

 

04 სექტემბერი 2017