თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრასთან დაკავშირებით საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება

თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის მერიას წუხელ, გვიან ღამით ეცნობა. შეტყობინებისთანავე, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ და სიტუაციას დეტალურად გაეცნენ. თამარაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი წერეთელიც.   

დათვალიერებისას გაირკვა, რომ კომპანია „დომუსი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე მოჭრილია 1 ხე. გარდა ამისა, აღნიშნულ ნაკვეთზე არსებულ ხეებს აღენიშნება ძველი დაზიანებები, რასთან დაკავშირებითაც თავის დროზე, ასევე,  ეცნობა პოლიციას.  

უკანონოდ მოჭრილი ვერხვის დიამეტრი 80 სმ.-ია, რაც ნიშნავს, რომ  გარემოზე მიყენებული ზიანი 2000 ლარს ცდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება.

 

 

08 სექტემბერი 2017