წინუბანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და სამგორის რაიონის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან  ერთად,  ახალგახსნილ საბავშვო ბაღს ესტუმრა. ბაღში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და პარლამენტის დეპუტატები მარიამ ჯაში და შოთა ხაბარელიც იმყოფებოდნენ. დავით ნარმანიამ პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საჩუქრად წიგნები გადასცა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, თბილისს შემოერთებულ სოფელში საბავშვო ბაღი 1999 წელს დაიხურა, რის შემდეგაც  ადგილობრივებს ბავშვების  ტარება  დიდი ლილოსა და ნასაგურის დასახლებაში მდებარე ბაღებში უწევდათ. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გამო გადაწყდა, წინუბნის დასახლებაში საბავშვო ბაღის გახსნა. როგორც დავით ნარმანიამ  განაცხადა,  ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და ყველა პირობა შეიქმნა იმისთვის, რომ სააღმზრდელო პროცესი მაღალ დონეზე ჩატარდეს.

ახალ ბაღში 10 ჯგუფი ფუნქციონირებს, მათ შორის, ორი-ბაგაა.  შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულია.

წინუბნის გარდა, წელს ბაღის მშენებლობა თბილისთან შემოერთებულ კიდევ ორ ტერიტორიაზე - სოფელ გლდანსა და სოფელ დიღომში მიმდინარეობს.

05 ოქტომბერი 2017